ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2009


,,კონტრდაზვერვა’’

ანუ  არჩილ  ფირცხალავას  სიკვდილისწინა  მონოლოგი

(წიგნიდან  ,,ჭყონდიდური  გვირგვინი’’ /2004 წ./)


მოისაკლისებს  ცა  მობარბაცე
ხვალ  ნამთვრალევი  თვალების  მზერას...
მიმცხრალი  მთვარე  მგლისფერს  აბაცებს
და  მსტოვარივით  მიდამოს  ზვერავს...

და  მეც  კვლავ  მიკვირს  -  რად  ნათობს  მთვარე,
ანდა  ცისკრისას  ამოდის  მზე  რად...
ან  ეს  ცა,  ამდენ  მარგალიტს  მდარეს
რისთვისღა  ისხამს...  და  ავცქერ  ცერად...

რა  გითხრა,  ჩემო  მკერდმჭლე  დედილო?!.
ვერაფერს  გშველი...  ვერა  და  ვერა...
ზღვებ-და-მთებშორის  გამოკეტილო,
შენივ  შვილთა  რომ  გამხდარხარ  წერა...

მაინც  ამდენი  ალხან-ჩალხანა...
თავად  რომ  ჭრის  და  თავად  რომ  კერავს...
მზაფრა  და  მზარა  მზაკვართ  ხარხარმა...
ცრუზარზეიმთა  მომბეზრდა  მზერა...

დღემუდამ  ვიღაც  უხილავს  ვებრძვი,
არ  ვიცი  -  მწითურს,  გვრემანს  თუ  ქერას...
მე  შევიქნები  იმისი  კერძი,
თუ  იგი  ჩემი,  არ  ვიცი  ჯერაც...

მაგრამ  თავზემოთ  არაა  ძალა...
უმწეო,  სიმწრით  ჩემსავ  ყბებს  ვტკვერავ...
მგელს  ვგავარ  ბებერს,  დარჩენილს  ცალად
და  გულზე  რისხვა  გადამდის  თქერად...

ცაც,  ცეცხლმიმცხრალი  და  მობარბაცე,
კვლავ  ცალი  მარჩხი  თვალით  რომ  მზვერავს,
კვლავ  გაბზარული  ბრაზით  მაბრაზებს
და  თავადვე  მხდის  ამ  ბრაზის  წერას...

და  ჰა,  ეს  ბოლო  დღეც,  საღამოსკენ
რომ  მიბორძიკობს მისებრ  ბარბაცით,
შედგა,  რომ  სულის  ნახოს  ამოსვლა...
ან  სულის  მოთქმას  ვიღა  დამაცლის...

და  სად  ლეთა  დის,  მღვრიე,  ავნება,
მეც,  ხორცგაცლილი,  იქ  ჩავიცლები...
ღამის  გზით  იქით  მიემგზავრება
ჯვარცმული  ხსოვნაც  იმ  შავი  წლების...

თუმც  ვიცი,  მელის  კარგი  იქ  არც-რა,
ამ  ცოდვისკალოს  ხომ  გავეცლები?!.
მოწამლულ  გულს  ხომ  ვერ  დამიკაწრავს
დაშლილ  ბუდეზე  მოთქმა  მერცხლების?!.

როგორ  ვუძლებდი,  ჩემო  დედილო,
აქამდეც,  შენი  წვალების  მზერას?!.
ზღვებ-და-მთებშორის  გამოკეტილო,
ამ  ალყიდან  რომ  ხსნის  ბილიკთ  ზვერავ?!.

7. 12. 2000 წ.

არჩილ  ფირცხალავა  -  კიდევ  ერთი  ადრე  წასული  უნიჭიერესი  პოეტი,  საოცრად  კოლორიტული  და  საინტერესო,
თავისუფალი,  პირდაპირი,  უშურველი  და  უღალატო  ადამიანი  და  პიროვნება,  ძალდაუტანებლად  და  იოლად  რომ  უახლოვდებოდა  და  უმეგობრდებოდა  ყველა  თაობის  ადამიანს...  ბევრი  რამ  შეიძლება  მასზე  გავიხსენო  მომავალში...
აქ  უბრალოდ  ვცადე  წარმომედგინა  მისი  რეაქცია  იმ  უბედურებებზე  (ძმათაომი,  აფხაზეთის  დაკარგვა  და  ყველა  ის  ადამიანური  და  ეროვნული  ტრაგედიები,  რაც  ამ  ორ  -  ერთმანეთთან  გადაჯაჭვულ  - ტრაგიკულ  მოვლენას  ახლდა  და  მოჰყვა...),  რაც  მისი  სიცოცხლის  მიწურულსა  და  მას  შემდეგ  მოხდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები