ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2009


გულში

ყველგან გაწვიმდა...სულშიც და დედამიწაზეც, თუმცა გასაკვირი არც არაფერია. ამბობენ, დედამიწა დიდი გულიაო, ხოდა გული კი ისაა ვინც სულს კარგად გრძნობსო.

***

გადახვევა მანათობელი ლამპიონისკენ, რომელიც უბრალოდ იდგა და ანათებდა.


ქუჩა, გოგო, ფილაქანი და... არაფერი უბრალოდ ვისკი. ეს ჯერ არარსებული მხატვრის მიერ შესრულებული ყველასგან უხილავი ტილო იყო... კონტურები ალაგ-ალაგ მკვეთრი, თუმცა ორ ან სამ ხაზად აცა-ბაცად ზოგან დაუყვებოდა. დეტალები მაინც კარგად იკვეთებოდა და სიცოცხლეც სადღაც, მის სიღრმეში იმალებოდა. 

საღებავებს მიღმა ისტორია იყო. დიახ, ამბავი, სადაც ლამაზი ფერებით წვიმდა. გაურკვეველი დრო, ღრუბლებში გამოკიდებული  მეტალის დიდი ციფერბლატიანი საათი და... ოქროსფერთმიანი არსება... მერე?მერე, ისევ ამბავი და უთავბოლოდ დატრიალებული ეპიზოდი...

საათის ციფერბლატზე ისრებმა ადგილი შეიცვალეს და:

,,ალბათ ისევ მეტკინა ან ეტკინა... “

და კვლავ ისრები...

,,არა! უკვე დიდი ხანია, რაც აღარაფერი მტკივა”.

,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...”

ეს ამონარიდები სხვადასხვა პერიოდიდან იყო. მაშინ ფანჯრებს მიღმა ოქროს ფოთლები ცვიოდა, ოთახში კი გოგო იჯდა და ფიქრობდა... ყველაფერი კი მხოლოდ მის წარმოსახვაში ხდებოდა. დრო ამასობაში, ცოცხალი ორგანიზმივით გაურკვეველი მიმართულებით მირბოდა.

,,ფორთოხისფერი...” ამას ხშირად იმეორებდა და თავისივე წარმოთქმულ სიტყვებს ჩუმად შლიდა. საიდან? რა მნიშვნელობა აქვს რო? შლიდა და მორჩა.


***

ბევრი დამეთანხმება, ქოლგა უცნაური ნივთია. მისი ტარება არ მიყვარს, მაგრამ ორიგინალობას ნამდვილად ვერ წავართმევ. არადა... მოკლედ, ეპიზოდი:

იგივე ქუჩა, ფილაქანი, რა თქმა უნდა ის უცნაური ნივთი და... უბრალოდ მუსიკა. მერე ვიღაცის ხმამაღალი სიცილი, გულის გამალებული გუგუნი, სუნამოს გრილი სურნელი, წვიმა და სევდანარევი ღიმილი. არ ვიცი, რატომ მაგრამ ხშირად ადამიანები ნიღბებით დადიან. ხო, სევდიანად იღიმებიან და მერე ისევ:

,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...”

საათმა ჩამოკრა და ქვაფენილით გაწყობილ ქუჩაზე კარნავალი დაიწყო. ვიღაც, ლურჯი ბუშტებით მოფრინდა, ვიღაც კი უცნაური კოსტიუმით მოაბიჯებდა და თან ფილაქნებს გამალებით ითვლიდა.

,,ერთი, ორი, სამი...ათი...ჩვიდმეტი... ოცდასამი. უკვე ოცდასამი?” იქ ბუშტიც იმდენივე იყო, რამდენიც მზე. მზე, რომელიც რატომღაც ღამითაც ანათებდა და უნცაურ განწყობას ქმნიდა.

,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...” და მოულოდნელად ოქროსფერი წვიმა ყველგან შეწყდა. კარნავალიც გაქრა. დრო თავიდან ჩაირთო, ლამპიონიც აინთო და ახალი ეპიზოდის მზადება ვირაცამ დაიწყო ...

,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...გულში”








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები