ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2009


ოქროს ხელების ამბავი

როცა მწყუროდა და წყლის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
როცა მშიოდა - ხორცის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
გვალვა იყო და ჩრდილის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი,
ვიჯექ და გზაზე უხუცესმა ჩამოიარა.

ვერ გავუწოდე ვერაფერი ჩამომჯდარს გვერდით:
სხეული მქონდა დაღლილი და გაშავებული,
აბგა - ხმარებით გაცვეთილი, სისქეშეცვლილი,
შევებრალე და ერთი ნატვრის უფლება მომცა.

რა უნდა გთხოვო, უხუცესო ამაზე მეტი,
რასაც მარჯვენას შევახებდე, მქცეოდეს ოქროდ,
წყალს ვისურვებდი, მექნებოდა სისხლივით ღვინო,
პურს ვისურვებდი, სურნელოვანს შევჭამდი მწვადებს,
გვალვაში ლამაზ სასახლეში ვინებივრებდი,
და დავლოცადი ამ დღეს, როცა მზე შუბისტარზე
იდგა და მწვავდა.

არ მოეწონა ჩემი თხოვნა ალბათ უხუცესს,
გადაიქნია  ერთხელ თავი  და სადღაც გაქრა.
ავდექი ზეზე, ქვის მონამტვრევს დავტაცე ხელი -
მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი
და მზის სხივებზე აელვარდა  ჩემს ხელში ოქრო.

სიხარულისგან ირგვლივ ხეებს, ყვავილებს, მიწას,
ჩამოვუარე, ყველაფერი  მოვაოქროვე...
მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს.

იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი.
რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ,
პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში,
წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა,
ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!

ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო,
საით წახვედი, ბერიკაცო,
რად გამიჯავრდი, ბერიკაცო,
გევედრები, ერთხელაც მოდი,
დამიბრუნე ჩემი ძონძები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები