ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


იების ქოხი/ძველები/

* * *
და ფოთლებს იის ახურავთ ქოხი,
ქალწულის დარად ფეთქავს იელი,
დაფენილია ფერადი ნოხი,
ცას სოსნისფერი ადევს იერი.

გზაწვრილზე გარბის გოგო ნინველა,
სხეულში ჩადის ხვევნით ისხარი,
ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა,
აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი...
***
ბაღი უსმენდა ჩიტების მორზეს,
დღე ირეოდა, როგორც მორევი,
იწვა ღრუბელი ცის ფერად ნოხზე,
ცალფა მზის სხივით ნაამბორევი.

ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას,
ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი,
ტყე იმალავდა უბეში ნიავს,
თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი...
***
თოვს... გაგიჟებული ფანტელები
მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს,
ისეთი დელგმაა, ავფერები,
ქარმა არ იქნება, არ იდაოს.

ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე,
ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს _ ოჩანს,
თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე
და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...

***
უწყინარი მოწყინარი ოწინარი,
წყარო მდუმარ ველზე მდორედ მომდინარი,
მთაზე თეთრად მნათობარი თუთარჩელა,
თბილ ჩეროში მოჩურჩულე ჩუმი ჩელა...

გოგო მისდევს  წყაროს  ბილიკს ცივ სურათი,
გრილ მდელოზე ბალახი თვლემს მუნჯი,
მხატვარი ხარ?! გადმოხატე ეს სურათი,
თუ არა და არ დაღალო ფუნჯი...

* * *
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია,
და ერთად ლაღობს კაენი ყველა,
და ლოდის ქვეშაც ამოდის ია,
ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.

ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე,
/მზე თუნდაც ერთი საათით რად ღირს!/,
კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს,
და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს...
...
უმადური ხარ, სიკვდილო,
რიყისა მრუდე ქვა ხარო,
გინდა დღე გაამინდილო,
ვარდი უმზეოდ ჩახარო.

მე სიცოცხლისა ვარ ღვინო,
მიწა განძისა სალარო,
შენ როგორ შეგაჭმევინო,
ჩემი შექმნილი სამყარო...
...
ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით,
თქვი ეს და იგრძენ წამში გასრულდა,
დრო - გაცრეცილი ბინდში ნისლივით ,
დრო - მეომარი შუბი წარსულთან.

სისხლი წვეთ - წვეთად დაგდის მაჯაზე,
ღამის ცა ღრენით ხევ - ხევ ყიალობს,
დააბი ხსოვნა ყრმობის ბაგაზე
და ნუ გაუშვებ სახეტიალოდ...
***
ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ
წამოვაყოლე ვნებებად ლავა,
ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ,
უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.

ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან,
თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა,
დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან,
რომ დაიბადოს სამოთხე დილა...
. . .
ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი
და მომაგნებდი თოვაში გვიან,
დგას დეკემბერი თეთრი ქარებით
და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.

და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს
ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი,
და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს,
ატყვია შენი თითების კვალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები