ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჰენრი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

პატრიოტულები ("ნაავდრალი", "ქართული" და "დახურეთ ზეცა!")

                                    (ჩემს ძმას, გიორგი გაბაიძეს)
ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...

სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...

ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...

გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამწამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი

ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს,


ქა-რთული

ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...


დახურეთ ზეცა!
(ილიას)
წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,....
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიღრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიღრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
რა ვქნა, უფალო?!, დრო დადგა რთული -
იმედი ვთესე, ამოდის ღვია...
და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული
მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!
- ირბინე, სანამ ტყვია თბილია,
დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!
მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია,
დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!
-მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,
ჯანდაბას ჩემი გულისნადები
და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში
მომავლის რწმენად დავიბადები!...
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი,
გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...
დახურეთ კარი, დახურეთ კარი! –
ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები