ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


ვიდრე მოლოდინი ცოცხლობს...


დავიწყებისთვის  განწირული
ამდენი  წამი  -
ეს  მიბჟუტული  ნაპერწკლები
ჩანაცრულ  დღეთა... –
ვით  ჩაწოლილი  ქარით  ლერწამი,
ხსოვნაში  ვიდრე  განაგრძობს  ფეთქვას,

რიტმარეული  ფეთქავს  და  ტოკავს
შეჩვეული  ტკივილებს  გულიც,
რომელსაც  უკვე,
ვით  ნაოჭებმოჯარულ  ლოყას,
იმ  ოდინდელი  მზრუნველობით 
არავინ  უვლის...

ძნელია  უკვე  არიდებაც  ფიქრთაგან  თავის,
როგორც  დახშობა  სმენისა  და 
დაშრეტა  თვალთა...
რა  ბედენაა  თუმცა  ერთი  უნიჩბო  ნავი
შეჭიდებული
შუა  ზღვაში 
ბოგანო  ქართან?!.

ძნელია  უკვე  უქმად  ცქერაც  ერთთავად  გზისკენ,
არათუ  უგზოდ  ხეტება  მხოლოდ...
მაგრამ
ვით  ყველა  კოშმარულ  სიზმარს,
არ  შეიძლება,
ამ  ყოფასაც  არ  ექნეს  ბოლო!..

უდასასრულო  ვერ  იქნება  ვერაფრით  ტანჯვაც,
არ  ჰგავდეს  თუნდაც  ბოლო  მისი
ზღაპრების  ფინალს!..
და  ის,  რაც  დარჩა,
და  ის,  რაც  დარჩა,
იტევდეს  იქნებ
ერთ  სიცოცხლედ  ღირებულ  დილას!..

ადრე  თუ  გვიან,
არ  იქნება,
არ  გაწყდეს  ძაფი,
ჟამი  კვლავ  ფრთხილად
და  ჯიუტად  რომ  იხვევს  თითზე!..
და  ნავიც  ვიდრე  მიატანს  ნაპირს,
ვინ  იცის: -
ფარდაც  აეხადოს  ყველაფრის  მიზეზს?!.

ამის  გამოა,
იმედების  დაღლილ  ათინათს  -
მოლოდინს  -  გული  ვიდრემდის  უცემს,
ვეღარ  ელევი  სასოების  ხავსსაც  ადვილად
და  წინ  დარჩენილ  ორ  პარასკევს
რომ  ვერ  თმობ  უცებ...

და  გულს  არ  იტეხს
შეჩვეული  ტკივილებს  გულიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები