ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 იანვარი, 2010


ფიქრები მომავალზე/პუბლიცისტური წერილი/

          ახალი საუკუნის რიჟრაჟზე ვდგავართ. ადამიანს ბუნებრივად უჩნდება სურვილი გაიაზროს ის ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა, მაგრამ ამავდროულად მზერა მომავალი ბუნდოვანი და გამოუცნობი კითხვებით სავსე საუკუნისაკენ მიუპყრია. ისტორიულად დგინდება, რომ ყოველი ახალი საუკუნის დასაწყისი ინერციით აგრძელებს გასულ საუკუნეს. ასე, რომ ჩვენ, ალბათ, მინიმუმ ორი ათეული წელი მოგვიწევს მეოცე საუკუნის რიტმითა და ფსიქოლოგიით ცხოვრება. ქართველ კლასიკოსებს აკაკი წერეთელსა და ვაჟა ფშაველას, სწორედ, თავისი შემოქმედების სიმწიფის პერიოდში მოუხდათ მეოცე საუკუნეში ცხოვრება, მაგრამ ისინი მეცხრამეტე საუკუნის მწერლებად მოიხსენიებიან. არსად, არცერთ ეპოქაში არ ყოფილა სამყარო მსოფლმხედველობრივად ისე ორ მკაცრად პოლარიზებულ და ურთიერთსაპირისპირო ბანაკად გაყოფილი როგორც დღეს. რადიკალური ნაციონალიზმი და უკიდურესი კოსმოპოლიტიზმი ურთმანეთს ეძიძგილავებიან. უცნაურია მაგრამ _ მსოფლიოს მომავალი მოწყობის სტრატეგია _ ორი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული გზით ვითარდება. ერთის მხრივ კვლავ გრძელდება ცალკეულ სახელმწიფოებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლები _ დამოუკიდებლობისა და თვითმყობადობის დამკვიდრებისათვის _ ამავდროულად თანდათან უფრო ღრმავდება სახელმწიფოთა შორის ინტეგრაციის პროცესი ერთიანი ევროპისა თუ მსოფლიოს მოსააზრებლად. საით მიდის მსოფლიო? რა მიზანი აქვს კაცობრიობას? აი კითხვები, რომელიც ყველა მოაზროვნე ადამიანს აღელვებს. სამწუხაროდ, ომების ანუ კაცობრიობის ისტორია არ განვითარებულა სულიერი ჭვრეტითი ცოდნის გზით. ადამიანს ეგოზე და არა ღვთაებრივ გონზე დაყრდნობით სურს გაერკვეს იმ კითხვებში, რომლებიც მის წინაშე წარმოჩნდებიან. იქნებ სამყარო თავისი არსებობის ბოლო მესამე სიბერის ხანაში შევიდა _ ან იქნებ მიმდინარე საუკუნე მისი განახლებისა და გაახალგაზრდავების საუკუნეა. ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ აპოკალიფსიც რომ თავს გვახსენებს, ამ ნევროზულ ეპოქაში, და მძიმედ გვაშფოთებს.. ღვთაებრივის, ამაღლებულისა და დიადის რწმენის გარეშე ჯერ არცერთი გენიალური ქმნილება არ შექმნილა. ბერდიაევი ასკვნის _ რომ ხელოვნების კრიზისის საწყისად _ პიკასოს გენიალური ხელოვნება უნდა მივიჩნიოთო _ მასთან ყველაზე ცხადად ჩანს დამიწებული, ცივი გეომეტრიული ფორმები, დაშლილი, დანაკუწებული სინამდვილე _ სამყაროსეული აღსასრულის, ნგრევის აღქმა. თუ შესძლებს კაცობრიობა სულიერი აპათიის დაძლევას, ახალი ზემაღალი იდეალის დამკვიდრებას, ხელოვნების კრიზისი დაიძლევა, ადამიანი გადარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროსეული კატასტროფა გარდაუვალია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა საკუთარ თავს არ გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს. დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და ამ სახლის მომავალზე ყველა კულტურული ადამიანი უნდა ფიქრობდეს, არ შეიძლება განგაშის საფუძველი არ იყოს ის, თუ როგორ ნადგურდება თანდათან უფლის მიერ ადამიანისათვის ნაბოძები სასიცოცხლო გარემო "ბიოსფერო" _ იგი ადამიანმა თავისი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე სრულიად ახალ გარემოდ "ნოოსფეროდ" აქცია.
ე. ი. ადამიანი იწყებს შემოქმედის ხელთქმნილის რევიზიას _ ბუნებაში ღვთიური წესრიგის რღვევას.ღრმავდება კონფლიქტი ბუნებასა და ადამიანს შორის, რასაც არ შეიძლება დამანგრეველი შედეგები არ მოჰყვეს. ისახება სიტუაცია, თითქოს ხსნა და საშველი არ არის. ერნესტ ჰემინგუეის რომანს _ "ვის უხმობს ზარი" _ წამძღვარებული აქვს ჯონ დონის სიტყვები: _ "ადამიანი კუნძული როდია მარტოდ გარიყული, იგი მიწისა და ცის ნაწილია, ზღვამ რომ ერთი ბელტი წალეკოს, ქვეყანას ისიც დააკლდება, იგი შენც დაგაკლდება. ამიტომ ნურასოდეს იკითხავ, ვის უხმობს ზარი?! იგი გიხმობს შენ!" ამ ზარის მოლოდინში ადამიანი დაბნეულია. თითქოსდა ერთი შეხედვით კაცობრიობამ ცოდნა და გამოცდილება შეიძინა _ მაგრამ იმ დღიდან, როცა სოკრატე წამოიძახებს _ არაფერი არ ვიციო. ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე ადამიანს ჯერ წინ ნაბიჯიც არ წაუდგამს. უფრო მეტიც _ პოლარიზებული საზოგადოების პირობებში _ იგი გაცილებით ორჭოფულია, ვიდრე რომელიმე ეპოქაში. კულტურა სრული სახეა იმისა, რაც სამყაროში ხდება. ღვთისთაყვანისცემიდან კაცთაყვანისცემამდე არის გზა _ ჰარმონიულობის, ამაღლებულობის განცდიდან _ ნგრევამდე, აპათიამდე და ნიჰილიზმამდე. აქედან გამომდინარე _  უმეტესწილად, თანამედროვე ხელოვნების მთავარი თემა პათოლოგიაა. რაც მედიცინის სფეროს უფრო განეკუთნება, ვიდრე ხელოვნებისა. დღევანდელ კინოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ფილმებს ვამპირებზე, სადისტებსა და ქილერებზე. ამიტომ, რას მოიტანს ოცდამეერთე საუკუნე ჩვენისთანა პატარა და გეოპოლიტიკურად სახიფათო ქვეყნისათვის, შიშნარევი კითხვებით არის სავსე. რა ადგილს დაიკავებს საქართველო ახალ მსოფლიოში, იქნება იგი მყარი სახელმწიფოებრივი ერთეული, საკუთარი, მისთვის ნიშანდობლივი ფუნქციით, თუ უბრალოდ ეთნიკური ერთეული და მეტი არაფერი. ეს ერთდროულად ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: მსოფლიოს ნებასა და ჩვენს საერთო ძალისხმევაზე. მსოფლიო პროცესების რეგულირებას ჩვენ ვინ გვეკითხება, მაგრამ _ ჩვენი მზერის ორიენტირი შიგა პრობლემების მოძიებისა და ანალიზისაკენ რომ უნდა იყოს მიმართული _ უცილობელია. გურამ რჩეულიშვილი ერთგან უზენაესს ასე მიმართავს: _ "ღმერთო, რატომ სტოვებ ჩრდილში რუსთაველსა და საქართველოს!" მართლაცდა, რა არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ერთხელ შეიძინა ისტორიული ფუნქცია _ სახელმწიფოებრივი თვითმყობადობა და ისიც მცირე ხნით _ `ოქროს ხანად~ წოდებულ პერიოდში. იქნებ ქართველი საკუთარი ბუნების გამო ძნელად იგუებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, იქნებ იგი უფრო ბუნტარული, ანარქიული ბუნებისაა. 1555 წლის ირან-თურქეთის ზავის შემდეგ, როცა ორმა მტაცებელმა საქართველოზე გავლენის სფეროები გადაინაწილა _ ამან ჩვენი სახელმწიფოებრივი ცნობიერება კიდევ უფრო დააკნინა. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ სახელმწიფოებრივი ცნობიერების მკაფიო მაგალითი ისტორიიდან: როცა სოკრატესთან მივიდნენ მისი მეგობრები, იმ მიზნით, რომ იგი ციხიდან გაეპარებინათ, მან უარი განუცხადა, შემდეგი მოტივით: "იქნებ გგონიათ, რომ არ შეიძლება შეირყეს სახელმწიფო, სადაც სასამართლოს განაჩენს არავითარი ძალა არა აქვს და სადაც მისი აღსრულება და გაუქმება კერძო პირთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული". ისტორიაში სხვა არაერთი მაგალითიც არსებობს, რომელიც სახელმწიფოებრივი ცნობიერების ნიმუშად გამოგვადგება. ერთი ასეთი ეპიზოდი აბრამ ლინკოლნის ცხოვრებიდან: მას მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ჰყავდა ერთი ოპოზიციონერი, რომელიც თითქმის ყველა მის მოქმედებას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა.  როცა ლინკოლნი პრეზიდენტი გახდა, ყველა ელოდა, რომ ის ამ პიროვნებას თავიდან მოიცილებდა, მაგრამ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა თავისი ოპონენტი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრად დანიშნა. თავის გადაწყვეტილებას ის ასე ასაბუთებდა: ის კაცი ჩემი ოპოზიციონერია, მაგრამ ამავე დროს ქვეყნის პატრიოტია და სამხედრო საქმის ყველაზე საუკეთესო სპეციალისტიო. მართლაც, ამ პიროვნებამ უდიდესი ამაგი დასდო ამერიკის სამხედრო ძლიერების განმტკიცებას. ჩვენში სამწუხაროდ წაშლილია ამგვარი ცნობიერების განცდა. სხვადასხვა აზრზე დგომა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ერს ერთიანი სტრატეგიული ორიენტირი არ გააჩნდეს. ჩვენთან ყველა თავისი ვიწრო პარტიკულარული ინტერესებით საზრდოობს და თავისი ერდოდან ყეფს, მეც მიმიჩინეთ ჩემი ღირსეული, საკადრისი ადგილი, თორემ სამშობლოს ვისაც გინდათ, იმ გადამთიელს მივუგდებ საჯიჯგნადო, ქართველისათვის უმთავრესი აკვიატებული მიზანი ქართველის ძლევა. მისი დათრგუნვაა და მასზე გამარჯვებით მიღებული ტკბობაა. სანამ ჩვენში დაბუდებული ეს ნაკლი არ დაიძლევა, ჩვენი საშველი არ იქნება. ჩვენი ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და რომელიმეს გამოყოფა ჭირს. რაც ქართველს ქართველის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალა და ენერგია დაუხარჯავს, ათ კრწანისს ეყოფოდა მოსაგებად. ჭირში ქართველი თავდაუზოგავია, მოყვასს განსაცდელსა და უბედურებაში თანაუგრძნობს, მაგრამ  მასზე წინ ფეხწადგმულს გალაღებულსა და ბედნიერ თანამოძმეს ვერ იტანს _ და  სამტროდ მიუწევს გული. ყველა ქვეყნის ისტორიაში მოიძიებთ გმირობისა და ღალატის მაგალითებს, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც გამონაკლისია. როცა ქეთევან დედოფალი შაჰის კარზე ეწამებოდა რჯულისა და სამშობლოსათვის, ციციშვილი ერთ უნაგორში საკუთარ დედას სცვლიდა. იქნებ ჩვენი ხასიათის უკიდურესობის მიზეზი _ ჩვენივე გეოგრაფიული ლანდშაფტის სხვადასხვაობაში ძევს. გურული კრიმანჭულივით მიხვეულ-მოხვეული ბილიკების ზემოთ მთიდან დაშვებულ მდინარესავით ჩქარი და ფეთქებადი ხასიათისაა. კახელი _ თავისი სწორი თვალუწვდენელი ველებივით და ალაზანივით დინჯი და აუჩქარებელია. ეს პარადოქსული ნიშნით დაღდასმული ეკლექტურობა განსაზღვრავს სწორედ ქართულ ხასიათსა და ერთიან საარსებო სივრცეს. რუსი, გერმანელი ან იტალიელი თუ შეგვიძლია ერთი გამორჩეული ნიშნით დავახასიათოთ, ქართველისათვის ასეთი საზომი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს უნიტარული სახელმწიფო _ რათა შენარჩუნებულ იქნას ქართული სული. ჩვენ, ვისაც მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების წყვეტა გვაქვს, ფედერალიზმის პირობებში ერთიან სახელმწიფოს ვერ ჩამოვაყალიბებთ.
      საქართველოსთვის _ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის მისაბაძ, იდეალურ ნიმუშად იაპონია უნდა მივიჩნიოთ, სადაც თავიანთ ტრადიციულ სარწმუნოებაზე, სინტოიზმზე დაყრდნობით შეინარჩუნეს ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის ღრმად ორიგინალური თვითმყოფადობა. მათ შესაშურად დაიცვეს თავი ევროპეიზაციისა და ამერიკანიზაციის ბრმა გავლენისაგან _ ამასთან, თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციისა და ტექნიკის უმაღლეს საფეხურს დაეუფლნენ. ჩვენთან კი პირიქით, სავალალოდ, ჩამოვრჩით თანამედროვე მსოფლიო ინდუსტრიის განვითარების რიტმს და ფეოდალური ხანის ურმით მივჩანჩალებთ. 
            ნებისმიერ სახელმწიფოს სამი აუცილებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს: 1. ტერიტორიული მთლიანობა. 2. ქვეყნის ერთიანი სტრატეგიული ხაზი. 3. თავისუფლება. ჩვენთან არცერთი ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის. ტერიტორია დანაკუწებულია. ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი სტრატეგიული მიმართულება და  მესამე _ უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ ქართული პოლიტიკის მართვის სადავეების ხელში აღება.
          სახელმწიფოდ რომ ჩამოვყალიბდეთ, საჭიროა, ხელისუფლების ნება, პროფესიონალიზმი და მთელი ერის უდიდესი თავგანწირული ძალისხმევა.
          საქართველომ უნდა შესძლოს ნახტომი დროში.
                                                                                                                                      2002წელი





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები