ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2009


ხანგრძლივი წუთი


სხეული დაბერდა,
დაკარგა ძალა,
დაკარგა სიმძიმე.
მაინც იარა,იარა,იარა,
მაგრამ ცხრა მთა და
ცხრა მინდორი
უკვე ვეღარ გადაიარა.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა.

იარა,იარა
და ის დღეც დაუდგა,
როდესაც დასჭირდა
ორი ყავარჯენი,
ორი ქუდი და ორი სათვალე.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა,
გულს არ შეხებია
სიბერის ფიფქი და
სიბერის ეკალი.

ბოლოს ისე
გამსუბუქდა და დაპატარავდა,
რომ ვეღარ გაარჩევდი,
რომელი უფრო მძიმე იყო-
ჩრდილი თუ სხეული.

მერე თანდათან
გაქრა მისი საგანძურიდან:
ჯერ-ორი ყავარჯენი,
მერე-ორი ქუდი
და ორი სათვალე
და ჩაქრა სხეულში
სითბო და ტკივილი,
ხოლო სითბოსა და ტკივილის
ჩაქრობას სიკვდილი ჰქვია.

გული ძველებურად
უცვლელი დარჩა
და მზესთან ერთად
სიყვარულის ქვეყანაში
განაგრძო ფეთქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები