ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2009


ილოთა ფიქრმა დიდი ჭიქებით

  მინდიხარ ახლა ისე ძალიან,
  როგორც არასდროს მდომია ქალი.
  ჰო, ყველაფერი წვიმის ბრალია,
  გადაუღებელ წვიმების ბრალი...

  მე მინდა გითხრა, როგორ მჭირდები,
  თუმცა, რასაც ვგრძნობ, უფროა მეტი.
  ილოთა ფიქრმა დიდი ჭიქებით,
  შენს გამო, შენზე და უფრო შენთვის.

  მარტოობის ძვალს ვხრავდი, თუ მხრავდა,
  სიცარიელეს არ ჰქონდა ფერი.
  და უცებ, რაღაც ვიგრძენი მხართან,
  როცა თვალები შემეხო შენი.

  არც ვიცი, ახლა რა ჰქვია ამას,
  როცა მაკლიხარ, როგორც წუთს წამი.
  ვიღაც ჩემს შიგნით უჩუმრად მალავს
  საკუთარ თავს და აბრალებს ამინდს,

  იმ მონატრებას, ასე რომ მტანჯავს,
  ყველა იმ გრძნობას, რომ დუმდა დიდხანს.
  გადაუხსნიათ ჩემს ვნებებს მაჯა
  და სურთ სათქმელი სისხლისფრად გითხრან...


          ავტოპორტრეტი

  ფიქრის სანელებლები ჩემს უმ ყოფას კაზმავენ,
  დღე ვერ მიტანს გამოსულს ღამის პახმელიიდან.
  ვერაფრით ვერ მივედი იმ კონკრეტულ აზრამდე,
  დაღამების სურვილი რატომ ჩნდება დილიდან...
  ღამის ეპატაჟებში მიყვარს ჩემი ამპლუა,
  საკუთარ თავს ვუტარებ საჩვენებელ გამოსვლებს.
  შუაღამე მიშუშებს დღემ ამკიდა თავს თუ რამ,
  მთავარია დღის საზღვრებს უვნებელი გამოვცდე.
  მაქვს მუდმივი ადგილი ღამურების ლოჟაში,
  ვერაფრით ვერ ავეწყვე საათებზე რიგიან.
  მყავს სულ უკმაყოფილო სამსახურიც, ოჯახიც,
  მე კი ყველა "ტოროლა" სულ ფეხებზე მკიდია.
  ღამეს სულ სხვა ხიბლი აქვს და სხვაგვარი განცდები,
  მიდი და აუხსენი დღეს, უნიჭო გრაფიკოსს,
  ყოველ ღამე პირისპირ რომ საკუთარ თავს ვხვდები
  და დილამდე მიყვება ჩემს ზურგს უკან რას ფიქრობს...     

              * * *
მე ყოველ დილით ვუბერდები
თვალებს უბესთან,
სიბერე ისე შემომცქერის,
როგორც თანასწორს.
მერე განწყობა მოიგონებს
მიზეზს ნუგეშის,
ახალგაზრდობამ გაჩერებაზე
რომ არ გამასწროს.
ვინ იცის, იქნებ დრო
მიტარებს რეპეტიციებს,
რომ შემაგუოს მოსალოდნელს,
უფრო უცილოს.
რომ დავბერდები, რა თქმა უნდა,
უკვე ვიცი მე.
თუმცა, სარკიდან უჩვეულო
ქალი მიცინის...


       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები