ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


ს ა კ ა რ თ ა ნ ო

(საახალწლო  ბარათი ფშავიდან)

ეს გაუმარჯოს საწუთროს-
უცნაურს,ღრუბლიანასა,
იმის გზებსა და ბილიკებს
უეკლო-ეკლიანასა,
ძმას-
ძმების გადამრჩენელსა,
ქვეყნისთვის დარდიანასა,
მტერს-
ნამდვილს,ჩვენსა საფერსა,
ჩვენსავით უშიშარასა,
ლამაზად გამცინებელსა,
კაცურად შარიანასა,
ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს
შხამში გალესილ დანასა!

ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს-
მზისფერსა,უფლისთვალასა,
სიკვდილს-ყველასთან მიმსვლელსა,
სიცოცხლის ტყუპისცალასა!..

ეს გაუმარჯოს სიყვარულს-
ცისა და მიწის ღალასა,
იმის ჩრდილსა და ნათებას,
იმის ვენახს და ყანასა,
იმის სანთელს და საკმეველს,
გუმბათებს გაუბზარავსა,
სატანჯველს ნექტარგარეულს,
სიხარულს ცრემლიანასა,
იმის უხილავ მწვერვალებს,
სამოთხის თოვლიანასა,
სასწაულს დაუსრულებელს,
ღმერთის და კაცის ძალასა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები