ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


იჭვნეული მოლოდინისა

/ტელეპატოგრამა  სამყაროს/ 

არიტმიულ-ალიტერაციული  სტროფმეტი  სონეტი

რა  დრო  გასულა...
მზემ  კი  ცარგვალს  კვლავ  არხეინად  გადაუარა
და  ჩაესვენა  კიდევ  ერთხელ
(თუ  -  საბოლოოდ?!.)...
დაუსაბამოვ, 
მარადისო 
და  უსასრულო  თვალსატყუარო 
- გალაქტიკათა  სათარეშოვ!.. –
აქამდე  გიცდი  -
მითხრა  უარი,
ან  დასტურჰყო 
- ისმენ  თუ  არა
ჩემი  უძილო 
(მერამდენე!..) 
ღამის  მონოლოგს?!.

შენ  კი  მდუმარი, 
იდუმალი
და  საოცარი
ხარ  ისევ...
და  ეს  დაეჭვებაც  შენ  ,,მიწყალობე’’ ...
ვით  ქარი  სანთლებს,
დათვლილ  დღეთაც  გულგრილად  მიქრობ,
შენს  წიაღ  მღოღავ  უღონო  მიკრობს...
მეც  დღემდე  ვეღარ  ამოვღერღე,
რისი  დროც  არი...
და  უღვთოდ  მღვრიე,  უღიმღამო  ღამეებიც 
დღემდე  წვალობენ...

თუმცა  ცისკრისას 
გაცივებულ  სარეცელზე  როცა  ვეცემი, 
თავადაც  დაცლილ-დაქანცული  და  შეცივნული, 
მაინც  მწირ  და  ბერწ  უმწეობას  კი  არ  ვნებდები
-  ღამის  ქვეშ  ბამბის
(ხანაც  ჯავრის...) 
საბანს  ვიფარებ...
ორიოდ  პეშვი  სისხლიც,
დღემდის  დაუყვედრები,
რომ  არ  გამყიფდეს  ნაადრევად,
როგორც  ყინული
და  რომ  არ 
მოგწყდე,
ვით
ნაყოფი,
ჯერუმწიფარი!..

რომ,  სული  უბრად  ვიდრე  გაჰყრია,
სხეულს,  თვალდახელშუა  რომ  ცვდება,
მანამ  არცერთში  არ  დავანდეს 
ღამე  საპყარი,
-  მინთია  ცეცხლი
იმ  გარდუვალ  დღეზე  ოცნების...
და  უფრო  ეჭვით,
ვიდრე  იმედით,
პირთამდე  სავსე  ჩემი  სამყაროც
დანაღმულია
მოლოდინით  და  საოცრებით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები