ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
6 იანვარი, 2010


ფუტკრის სიმღერა



ავია,თანაც როგორი,
ნესტარაული კრაზანა,
რაღას არ წაიეშმაკებს
და ჩაიფიქრებს რას არა.

ტყის პირას,სახელოსნოში,
ფუსფუსებს,რკინის ხმა ისმის,
ალუბლის კურკის ოდენა
ბომბებს აკეთებს ხალისით.

კრაზანას ბომბი შენობებს
არ ანგრევს,ოღონდ ეგ არი:
ერთი თუ დაიგრუხუნა,
ლომიც გახდება ფერმკრთალი.

ბომბი_”ბაჰ-კელა-ბუჰბუჰი”
ჩამოიკიდა სხივითა
და გაზაფხულის სივრცეში
აფრინდა ზვინის ჩრდილიდან.

*

მდინარის გაღმა,მწვანეში,
თეთრად რომ მოჩანს,სკებია,
იცინის,ხარობს წინასწარ:
“აუჰ,რას დაფეთდებიან!”

ბომბი ჩააგდო და მალე
ჭექა მოისმა იმგვარი,_
დაფრთხა მხეცი და ფრინველი:
“ცხადი არის თუ სიზმარი?!”

ბულბულს დასჩემდა ნევროზი,
ინდაურს_გულის ფრიალი,
კურდღელს_ყურების ანთება,
წრუწუნას_ძილში წრიალი.

დაყრუვდა,მწარედ აყივლდა
მამალი,ბოლოჭრელაო,
მაგრამ ქათმებმა უმღერეს
და დაუბრუნდა სმენაო.

“ვეღარ ვწერ,ვეღარც ვკითხულობ,_
დაღონებულა ვირიო,_
ეს რა ხმა იყო ასეთი,
გადამიბრუნდა ტვინიო,
წამალი ვერ მიყიდია,
ყოფილა ძვირზე ძვირიო.”

ლეკვსაო,_მითხრა ბოჩოლამ
(და მჯერა,არის მართალი),_
სიცხეს და წნევას უზომავს
ყურახვეული ბატკანი.

*

ოღონდ დღე იყოს მზიანი
და მინდორ-მინდორ იფრინოს,_
მეტი რა უნდა ინატროს
ნექტარაშვილმა ფიჭილომ?

ფიჭილოს დასაც გაგაცნობთ,
ჭეონა ჰქვია სახელად_
ენა ვერ იტყვის,სკისათვის
სიხარულია რამხელა!

აი,ეს ორი ფუტკარი_
მოსიყვარულე და_ძმანი
დარდობენ:ნესტარაულმა
შეაწუხაო მთა_ბარი.
ჩვენაც დავუშენთ ბომბებსა
და თანაც იმისთანასო,
ვეღარა სცნობდეს კრაზანა
თავის დედას და მამასო.

ფუტკრების სახელოსნოდან,
“მაისის მზე” რომ ჰქვიაო,
გაგიხარდებათ_მოისმის
ისეთი მელოდიაო…

ჭადრაკს უსხედან დათვები
ტირიფის გვერდით,მდელოზე,
გვარები?არ დაგიმალავთ:
დუდღუნაძე და სქელოძე,
არაფერს დაგიშავებენ,
მათ სიახლოვეს თუ ზიხარ,
ერთმანეთს ეკითხებიან:
“სად_ბომბი და სად_მუსიკა?!”

*

ნესტარაულის ჯაშუში_
ჩუმჩუმელაძე კრეზელო
პატრონს თვალებში შესცინის:
“ჩვენო იმედო,დღეგრძელო,
ხან ხიდან მივაყურადე,
ხან სკების ჩრდილში შევძვერო,
ომს გვიპირებენ ფუტკრები,
ვიცი,არ უნდა გვეძნელოს.
კალიები და ხვლიკები
უცნაურ რამეს ჰყვებიან:
ბომბს აკეთებენ საშიშარს,
თან მუსიკითა ტკბებიან,
სახელოსნოში ხატი აქვთ
და არც ლოცვასა სცდებიან.”

*

კრაზანამ ირონიულად
ჩაიცინ_ჩაიზუზუნა,
ფრთა ფრთას შემოჰკრა,
გამოჩნდა
მოსამსახურე ზუზულა.
“ძალიან მიყვარს,მომართვი
თაფლგარეული ნამია,
მერე გაიგე,და_ძმანი
რომელი სკიდან არიან.”

*

ჭეონა ბაღში დატოვა,
ნაზად აკოცა შუბლზედა,
თვითონ სივრცეში აიჭრა,
კრაზანას სახლ_კარს უმზერდა,
ბომბი,კვირტივით პაწია,
უციმციმებდა ზურგზედა.

ნესტარაული ჰამაკში
თავის ძმობილებს ელოდა,
უეცრად ფიჭილოს ბომბმა
ჩამოუქროლა ზემოდან,
ქვას უხმაუროდ დაეცა
და გადაიხსნა წკრიალით,
წკრიალის მერე სიმღერა
მოისმა ლამაზ ხმიანი:

“რა დაგემართა,კრაზანავ,
შენც ხომ შვილი ხარ ბუნების,
რა გემატება იმითა,
რომ აგვატკივე ყურები.
ბაყაყი_შენ რომ გიშველა,
ამოგიყვანა წყლიდანა_
სცენაზე ვეღარ გამოდის,
დაემშვიდობა გიტარას.
პეპელა_შენი ნათლია,
გვირილასავით უბრალო,
ბომბის მიზეზეით შორსაა_
ამერიკაში მკურნალობს,
ჭრიჭინა_ფოსტალიონი
გადაიკარგა უკვალოდ.”

ფიჭილოს ნიჭი დალოცა
ყველაფერმა და ყველამა,
გინდ დაიჯერეთ,გინდ_არა,
ლექსი მიუძღვნა მელამა
და გაუგზავნა ამბორი
ჭიამაია ლელამა…

ხმა_ტკბილი,აუმღვრეველი
ბევრს მოევლინა მხსნელადა,
კრაზანას გულში რაღაცა
შეირხა,თრთოდა,ღელავდა.

ფერი იცვალა ქვეყანამ,
განათდა საკვირველადა.

*

კრაზანა ნესტარაულსა
ვეღარ ახსენებ მწყრალადა,
გუშინ ფუტკრების ქორწილში
მიუწვევიათ თამადად,
ხან მთაში თესავს სიკეთეს,
ხან იხარჯება ბარადა.

სიტყვითაც,საქციელითაც
მოსაწონია,ღმერთმანი,
ღარიბი მწერებისათვის
მოაქვს ნამი და ნექტარი.

ბომბები მიუტანია,
სადაც ჯართს აბარებენო.

შენ გაიხარე,სიკეთევ,
ხმელი ხის ამყვავებელო.

ერთ სასწაულსაც გახარებთ
(უნდა მოვასწრო წასვლამდე):
სახელოსნოში კრაზანა
სათამაშოებს ამზადებს.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები