ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2008


მუჭში დამალული ნატვრა



ახალი წლის წინა დილა ასე დაიწყო:
სადღაც გაიგონეს - საახალწლოდ რასაც ჩავიფიქრებთ აგვისრულდებაო.
ალბათ აღმზრდელმა თუ თქვა.
ბავშვთაA სახლს დიდი ეზო აქვს.
ეზო დიდი ბეტონის ფილებით არის შემოსაზღვრული.
აღმზრდელი არის კავშირი სამყაროსთან.
ნათქვამს ვიღაცამ დაუმატა - რასაც ჩავიფიქრებთ, პატარა ფურცელზე უნდა დავწეროთ და ზუსტად თორმეტ  საათზე, როცა ზარი მეთორმეტედ დარეკავს, უნდა გადავყლაპოთო.
ზოგმა გაიცინა.
ზოგმა დაიჯერა.
მერე ნატვრა:
შოკოლადის ფილა.
ბურთი.
ბეტმენის ფორმა.
ველოსიპედი.
მანქანა, სათამაშო.
ნამდვილიც.
პატარა გოგოს კი დედა უნდოდა ჰყოლოდა.
დედა და მამა.
იცოდა რომ ყველა ბავშვს ჰყავს დედა და მამა.
ზოგს სახლში.
ზოგს ცაში.
ზოგს სადღაც, ამერიკაში.
თვითონ კი არაფერი იცოდა. 
არც არავინ იცოდა რამე.
ეს იცოდა მხოლოდ.
ადრე დილით დატოვეს ალაყაფთან.
ახალი წლის დილა თენდებოდა თურმე.
დიდ ხანს აძლევდნენ სიგნალს, სანამ ძია გიორგი გავიდოდა.
ბუზღუნით გაუღია ჭიშკარი, ახალი წელიც არ იციანო.
გარეთ გასულს პირველი რაც დაუნახავს:
საბავშვო ეტლი ორი-სამი თვის ფერიათი.
ბავშვი ძვირფას თეთრეულში ყოფილა გახვეული.
ხელში პატარა შეკრულა ჰქონია ჩაბღუჯული.
ნომერიც კი ვერ შეუნიშნავს ისე სწრაფად წასულა მანქანა...
მერე შეკრულა გახსნეს, ეგონათ წერილი იქნებოდა.
ფული იყო.
ბევრი არა, მაგრამ არც ცოტა ეთქმოდა.
საკმაო.
შემდეგ იყო ბავშვთაA სახლი.
გაიზარდა.
აღმზრდელებს განსაკუთრებით უყვარდათ.
ძია გიორგიც თავზე ევლებოდა.
ძალიან ლამაზი იყო. სოფელში ახლად აშენებულ-მოხატული ეკლესიის ერთ-ერთ ანგელოზს ადარებდნენ.
გადიოდა დრო.
არავის მოუკითხავს.
ბავშვის აყვანის მსურველებს თითქმის ყველას ის უნდოდათ.
აღმზრდელებს თავიდან ერიდებოდათ.
შეიძლება გამოჩნდეს ვინმეო.
მერე დატოვებული ფულიც გათავდა.
ხან რაზე, ხან რისთვის.
ბუღალტერი თანხას ამ გოგოს ახმარდა მხოლოდ.
შემდეგ ორჯერ წაიყვანეს ახალმა დედ-მამამ.
ორჯერვე უკან დააბრუნეს.
ბავშვთა სახლის ეზოს რომ გადაცდებოდა, იმის შემდეგ ტიროდა თურმე.
და არაფერს ჭამდა. ჭირვეულობდა.
შეშინებიათ... ხელში არ ჩაგვაკვდესო.
დაბრუნებულს სიხარულით ხვდებოდნენ.
ენანებოდათ, არ უნდოდათ გოგოს გაშვება.
მერე უარს ეუბნებოდნენ ყველას.
პატრონი ჰყავსო.
ამასობაში მთებზე ხუთჯერ ადნა სითეთრე და ხუთჯერ აყვავდა ბავშვთა სახლის ეზოში მდგარი ტყემალი თეთრად.
მეექვსე ახალ წელს  ხვდებოდა გოგო.
წელს არა და არ მოვიდა თოვლი.
ახალი წელი თოვლის გარეშე ერთი ჩვეულებრივი დღეა თითქოს.
ნატვრა მაინც ასრულდებოდეს.
ვინც დაიჯერა ყველამ მოამზადა პატარა წარწერა:
თოჯინა.
„ჰარი პოტერის” წიგნი.
კომპიუტერი.
თოფი, სათამაშო.
ნამდვილიც.
თვითონაც დაწერა, ოღონდ ჩუმად.
დედა და მამა.
თუნდაც ბრაზიანი.
როგორც ბავშვები ჰყვებოდნენ, სულ რომ ეჩხუბება თუნდაც ისეთი დედა და მამა.
უნდოდა დედას სათამაშოდ არ გაეშვა ეზოში სხვა ბავშვებთან, როგორც ნათიას არ უშვებდა დედა სახლში ყოფნისას.
უნდოდა მამა მთვრალი მოსულიყო და ეყვირა რამეზე. რაზე, თვითონაც რომ არ იცოდა, როგორც კახას უყვიროდნენ სახლში.
უნდოდა მასაც ჰქონოდა სახლი.
უნდოდა თვითონაც დაეძახა დედა და მამა.
ჰოდა დაწერა: „დედა” და „მამა”.
მერე მუჭში ჩამალა.
მთელი დღე ასე დადიოდა.
მუჭში Dდამალული ნატვრით.
ძია გიორგისთან მივიდა.
ძია გიორგის ყოველთვის ჰქონდა მისთვის შოკოლადი.
ეკლესიაში მინდა წასვლა და გამიშვიო.
ცრემლი მორეოდა თვალში.
გაუკვირდა ძია გიორგის.
არც ერთ ბავშვს არ უთხოვია ასეთი რამე.
ბავშვთა სახლიდან ეკლესია შორს არ იყო.
შესავლელი კარები სჩანდა კიდეც.
გაიქეცი და მალე მოდიო.
ხელში რა გაქვსო, გოგოს დაადევნა.
ნატვრაო.
გაიქცა.
გზაში ჩაიფიქრა.
თუ სირბილით მივალ, ისე რომ არ შევისვენებ, მაშინ მეც მეყოლება  დედა და მამაო.
მივიდა...
გოგოს მისვლამდე ნათელმოსილი ანგელოზი სწვეოდა სალოცავს.
უკვირდა.
უამრავი ხალხი იყო ტაძარში. ლოცვის ხმა არ ესმოდა.
მერე მოსულთა ფიქრს მიადევნა სმენა.
„მარტოხელა მეზობელი თუ მოკვდება, პატრონი არავინ ჰყავს, შეიძლება ბინა გავაერთიანო”.
„დღეს თუ მანჩესტერი მოიგებს ხუთას დოლარს ვიგებ”.
„იფ რა ქალია, იფ რა მკერდი აქვს.”
„ნახე როგორ გამოპრანჭულა და გათხუპნულა. თვითონ არაფერს იკლებს, ოჯახი მშიერი ჰყავს”.
წასვლა დააპირა ანგელოზმა.
უცებ სმენას ჩაწვდა ჩუმი ლოცვა.
„ღმერთო მაპოვნინე ჩემი დედა და მამა.
ღმერთო დამიბრუნე ჩემი მშობლები”.
მიჰყვა ამ ხმას.
ფერია იხილა ანგელოზმა.
ნატვრაც წაიკითხა, მუჭში დამალული.
ანგელოზს ხომ ყველაფერი შეუძლია.
და ორ ანგელოზს ცრემლი უბრწყინავდა თვალებს.
ერთს მაღლა ფრესკაზე.
ერთს ტაძარში...
გოგო დროულად დაბრუნდა.
ძია გიორგიმ გაბრაზებაც ვერ მოასწრო.
თუმცა მას არასდროს უბრაზდებოდა.
ამასობაში ჩამობნელდა.
ყველანი დარბაზში, დიდი ბუხართან ელოდნენ ახალ წელს.
თუმცა დაღლილობას და ძილს ვერ ართმევდნენ თავს.
რიგ-რიგობით გაჰყავდათ უკვე ჩაძინებულები აღმზრდელებს საძინებელში.
და თან მიჰქონდათ ნატვრა.
ზუსტად 12 საათზე, როცა ათასფერმა ფეიერვერკმა გაანათა ცა, ღრმა ძილით ეძინა გოგოს.
დილით ადრე გაიღვიძა... 
მუჭის ხელა ფანტელები ცვივოდა ციდან.
თეთრად იყო მოპენტილი მიდამო.     
ბავშვები ჟრიამულით მოედვნენ ეზოს.               
გუნდაობა გააჩაღეს.         
ზოგიც თოვლის პაპას აკეთებდა.
გაახსენდა გუშინდელი დღე.
ხელი უკვე აღარ ჰქონდა მუჭად შეკრული.
ფურცელს დაუწყო ძებნა.
ვერ იპოვა, ან რა აზრი ჰქონდა ძებნას.
გული დასწყდა, ნატვრა დავკარგეო.                                                 
თოვლიც აღარ უხაროდა უკვე.
საბანი წაიფარა და ტირილი დაიწყო.
ჩუმად, ისე რომ არავის გაეგო.                                                         
დილით ადრე მოასიგნალა მანქანამ ალაყაფის კარს.                                          თოვლის ფიფქებს მოჰყვა თითქოს.
ბუზღუნით გააღო ჭიშკარი ძია გიორგიმ, პირველი იანვარიც არ იციანო.
ახლაგაზრდა ქალი და კაცი გადმოვიდნენ მანქანიდან.
ქალი ნამტირალევი ჩანდა.
ძია გიორგიმ სადღაც მინახავს ესენიო.
ვერ გაიხსენა.
ეჰ, სკლეროზიო, გაიფიქრა.
კაცმა ხელმძღვანელობა იკითხა.
ძია გიორგიმ ადმინისტრაციის ოთახამდე მიაცილა ორივე.
იქაც ნაცნობებად მიიჩნიეს მოსულები.
მერე მიხვდნენ, რომ ვიღაცას ამსგავსებდნენ.
კაცმა ისტორია დაიწყო.
ჯერ ხუთი წლის წინანდელი ამბავი. ადვილად დასაჯერებელი.
მერე გუშინდელი. თითქოს დაუჯერებელი.
როგორ ჩაესმათ ხმა ორივეს ერთსა და იმავე დროს, ახალი წელი რომ დგებოდა.
ენატრებითო თქვენს შვილს.
ერთს - ქალაქის ცენტრალურ უბანში.
მეორეს - განაპირას.
ვისი ხმა? ახლაც არ იციან ვისი. 
აღმზრდელებს გოგო გაახსენდათ.
თუმცა მოსულები ერთმანეთს არ ჰგავდნენ, თუმცა ორივეს რაღაცით მიამსგავსებდი პატარა გოგოს.
საყვედურებით აავსეს ორივენი.
ქალი ტიროდა...
აღმზრდელებიც ტიროდნენ...
თვალზე ცრემლმომდგარი დაუბრუნდა საყარაულოს ძია გიორგი, ამას ვერ გავუძლებო.
მერე ერთი აღმზრდელი საძინებელში შევიდა.
გოგოს საბანი გადაეფარებინა თავზე.
აღმზრდელმა სძინავსო, იფიქრა.
ფრთხილად გადახადა საბანი.┘
- რატომ ტირი გენაცვალეო, - მოეფერა.
შერცხვა გოგოს, თავი შეაბრუნა.
შენთან მოვიდნენ შვილო. ადექი, გალამაზდი. თუმცა ასედაც ლამაზი ხარ. ან გასაკვირი რა არის. ადექი,  ნახე, რა ლამაზი დედ-მამა გყოლიაო...

23 იანვარი, 2006 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს