ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: იუმორისტული
7 იანვარი, 2010


საახალწლო ზღაპარი 2007

  მე და გაერო (ჩემს ძმაკაცს ჰქვია ასე) 31 დეკემბერს აბანოში წავედით, ტრადიცია გვაქვს ასეთი, ამ დღეს  აბანოში ვთვრებით. იქ მაგრად ვიცინეთ, წყალი არ მოდისო, რომ გვითხრეს. წყალი  რად გვინდოდა? ლუდი რა თქმა უნდა იყო, ხმელი ტარანიც,  ჭაჭაც ჩავუფინეთ  და დავთვერით.
    მერე აბანოში წყალი მოვიდა და ვიღაც წვერებიანი კაცი შემოყვა. თოვლის ბაბუა გვეგონა,  სამიც იმას დავალევინეთ  და სიმღერა `ჯინგელ ბელს~ ვუმღერეთ,  `ჯინგელ ბელს~ რა ნიშნავსო, გვკითხა, ჩვენც ვუთარგმნეთ, `სამს დალევ შეირგებ, არ დაითვრები, საჩუქრებსაც თუ გვაჩუქებ, კაი იქნები~ ნიშნავს-თქო სიმღერით ვუთხარით. გაბადრული გვისმენდა, სიმღერა რომ დავამთავრეთ, საჩუქრები მოვთხოვეთ. არ მაქვსო, აბა რა თოვლის ბაბუა ხარო, ჩვენ ვუთხარით, იმან არა, თოვლის ბაბუა არ ვარ, წვერის ისე ვუშვებ,  მიხდებაო.
ვიფიქრეთ უსაჩუქროდ უნდა გამოძრომა და  ვუთხარით ახლა შენ ერთი კარგი ცემა უფრო მოგიხდება-თქო, იმან კი ცუდად გაიგო და მობილურით პატრული რომ არის გამოძახებით, ის გამოიძახა.  პატრული მოვიდა და აბა მომიყევი საქმის ვითარებაო, წვერებიან კაცს ჰკითხა. იმან ამათმაო ჯერ დამალევინეს, მერე სიმღერა შემომატყუეს, ახლა კი მეუბნებიან რომ თოვლის ბაბუა ხარ და საჩუქარი მოგვეცი თორემ გცემთო, მე ჯერ შვილიშვილი არ მყავს, ბაბუა როგორ ვიქნები, მით უმეტეს თოვლის, აბა წყალში ხო დავდნებოდიო. პატრულმა ეს საკენკი იმ ჩიტებს დაუყარე, რომელიც შეჭამს,  აბა ამას ვინ ჭამს,  მატყუარა ბაბუების დრო წავიდა,  ხალხი მართალია, საჩუქრები  დაურიგე და ისე საახალწლო საჩუქარზე არც მე ვიტყოდი  უარსო.
ამ წვერებიან კაცსაც რა ექნა,  ხურჯინი არ ჰქონდა, და ჯიბეები მოიჩხრიკა, მეზობლის სათვალე გამოჰყოლოდა და ის მე მაჩუქა, მგონი  პლუს ხუთი, თუ  მინუს ექვსი. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს? ნაჩუქარ სათვალეს ზომას არ უსინჯავენ.
გაეროს მობილურს ჩუქნიდა. იმან არ მინდა, გაგიჟდი, სულ სახლში გინდა რომ ვიყოო, მით უმეტეს საახალწლოდ  სიდედრი კონდოლისა აპირებს სტუმრობასო.  ჩემი შეშურდა და მეც სათვალე მინდაო.  წვერებიანმა სათვალე ერთი მაქვს და აბა გაიყავითო, გავიყავით  და გამოგვივიდა თითო თითო პენსნე, მე პლუს ხუთი, იმას მინუს ექვსი. მე მარჯვენა თვალის, იმას მარცხენა, იმიტომ რომ გაერო თვალით ცაციაა.
პატრულმა, რადგან მობილური არ გინდათ, მე ავიღებო. ჩემი ზისო, ალბათ უნდა ეთქვა დამჯდარიაო. გაერომ მიჩურჩულა, რას გადავრჩით? ესენი საკუთარ მობილურებსაც არ ინდობენ და  იჭერენო.
მერე  პატრულმა,  შეტყობინება შემოვიდა,  ახალ წელს ძარცვავენო. პრინციპში რა უნდა მოპარონ, დიდი-დიდი რამდენიმე დღეო, მაგრამ რა ვქნა ბიჭებო,  უნდა გავიდეო, ცოტა წაურეპა რა...  მერე აბა  ჰე, `ჯინგელ ბელსო~ და წავიდა. 
მერე წვერებიანმა  თოვლის ბაბუა თუ ვარ, ფიფქია მომიყვანეთო,  `თოვლის ბაბუა ფართის~ მოწყობა მინდაო,  მოლარემ 20 ლარი გადაიხადეო და ფიფქიაც მოვაო, მანაც  100 ლარიანი დააძრო. ხურდა არ მინდა, ოღონდ 7 ჯუჯაც გამოაყოლეთო. 
`თოვლის ბაბუა ფართი~ და 7 ჯუჯა არ გავაინტერესებდა, ფიფქიას თავი კიდე არც მე მქონდა არც გაეროს, მით უმეტეს საჩუქრები უკვე მივიღეთ, და სანამ უფალი მიგვიღებდა,  სახლში წამოვედით. 
ჯერ გაერო მივაცილე, გაეროს მეუღლემ, ნატომ სახლში არ შეგვიშვა, იმიტომ რომ თავიდან კარგად ვერ გავაგებინეთ რა გვინდოდა. მერე მეკვლეები ვართო, შევძახეთ  და ნატომ გამოგვძახა  მთვრალი მეკვლე არ მჭირდება ისედაც შარშან ჩემი ქმარი სულ მთვრალი დადიოდაო.
მერე გაერომ, ნატო, გაერო ვარ, თან სტუმარი მომყავს და კარი გამიღეო,  ნატომ მაშინ პაროლი მითხარიო, შენამდე უკვე ხუთი იძახოდა გაერო ვარო. გაერომ პაროლი ვიცოდი მაგრამ თავიდან ამომივარდაო, ნატომ თუ ამოგივარდა შენ თავს დააბრალე, იარე  ახლა ასე ამოვარდნილმაო და შამპანური გახსნა (ხმაზე მივხვდით), ამ დროს კიდევ მაშხალები გავარდა...
ახალი წელი დგებოდა, გაეროს ვუთხარი, წამო ჩემთან წავიდეთ სანამ პაროლს გაიხსნებ მეთქი, არაო, აქ მირჩევნია, ოჯახი  ხრამია, გინდა გადავიჩეხო,  უნდა დავრჩეო და  დარჩა.
... მოვდიოდი და გზაზე ფასადშეღებილ შენობების ფონზე  ხორუმის  მოცეკვავე ფანტანები მხვდებოდა. ცა ათასფერი ფეიერვერკით იყო განათებული და უზარმაზარი ჭაღს ჰგავდა,  მიწა არ ვიცი რას ჰგავდა, იმიტომ რომ ძალიან იყო დაპატარავებული, მე კი გაყინული გაერო და მისი მეუღლე ნატო მედგა თვალწინ, რომელმაც სახლში არ შეგვიშვა...

ლხინი აქა, გაზი აქა,
შუქი აქა და ბარაქა.

5 დეკემბერი, 2006 წელი 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები