ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2010


ორი ლექსი/ძველი დღიურიდან/

***
დედა, გამოხუნებული,
შენი კაბის ფერი,
დედა, მამის ნაქონ ყამას
დასდებია მტვერი.
დედა, ყორის ახლო ვნახე
იის სუსტი ღერი,
ყველა კენჭი და ბუძგატა
ბავშვობაა ჩემი.
ჰოდა, დედი, სიყვარული
ამ დაბორცვილ მიწის
მე კი არა, დამიჯერე
ქვის ყორემაც იცის...

ბედნიერება

მახსოვს პირველი ორიანი
მეათე კლასში.
თემა ზოგადი სათაურით  _ ”ბედნიერება”,
მე გამახსენდა დედაჩემი,
კერიის პირას ნაღვერდალს ჩხრეკს და
შემოდის მამა, ერთს გაგვიღიმებს
და დაიწყებს გაზეთის კითხვას.
ჩემი დები კი ზამთრის
უმწეო ბახალებივით
მიყუჟულიყვნენ ბუხართან თბილად.
ბევრი ვიფიქრე...
ბოლოს დავტოვე მხოლოდ ერთი წინადადება:
_ ”ბედნიერებაა _  როცა ყველანი
შინ არიან”!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები