ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


სული სხეულში აღარ მეტევა....

მე სიბრალული არ მჭირდება, -ეს ზუსტად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.

მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....

არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი  ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....

როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.

ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და... სული ამ სხეულში აღარ მეტევა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები