ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


ნეკერას მანიფესტი (სრულიად აპოლიტიკური, აკონვენციურ-ავერლიბრისტური, და ყოვეგვარი მხარეების გარეშე)

ისევ არაფრისმთქმელი, უძილობის განწყობა,
საათს ემარცვლებიან რეალური წამები,
კრიალოსანს წააგავს ყველა ლექსის დაწყება -
თუკი სიტყვა-სიტყვაზე მტევანივით აგება.

ახლა როცა შური და ბოღმა ტანგოს ცეკვავენ,
ვნებით ეკლაკნებიან აღზევების მსურველებს,
ჩვენი სულებისათვის მცხეთას ზარებს რეკავენ
ბერები და იციან, როგორი სისულელე

არის ყველა დაფნის და გამარჯვების გვირგვინი,
როცა კი არ გეკუთვნის, იბრძოლე და წაგლიჯე,
მერე თუნდაც საქვეყნოდ იყვირე და იგრგვინე,
ამჩნევ - თურმე სიმტკიცე დაუკარგავთ ნაბიჯებს.

ამჩნევ, თურმე გრცხვენია მზეს თვალებში ახედო,
ამჩნევ, ვიღაც ზურგიდან დაჟინებით გიყურებს,
მოიხედავ - არავინ!  მაინც გესმის: "თავხედო!"
დამცინავი ჩურჩული უსწავლიათ რიკულებს

და თბილისის აივნებს, დაკლაკნილი ქუჩებით
შენი ცქერა აღარ სურთ, აღარ გეფერებიან,
აღარ გიჩურჩულებენ ხავსიანი ტუჩებით
ცაში რა რითმები და მტკვარში რა ფერებია...

ღამე... ლექსის ბაზარზე სიტყვა მოდის ბითუმი,
მითქვამს, გავიმეორებ - მუზა კურტნის ბიჭია,
რითმაში თუ ვერლიბრში, თბილისში თუ ბათუმში,
პოეზია ბედი და უფრო მეტად ნიჭია!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები