ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2010


ტკივილი...

ასეა ხშირად.... და ყოველთვის.... ყველგან და ერთობ....
ღამე, ტკივილი, პალატაში.....  ითხოვენ მორფინს,
აღარ გინდა და მაინც ბოლო სუნთქვამდე ვერ თმობ
სიცოცხლეს, ხოდა გათენებაც არასდროს გყოფნის.

მიწყნარდა ყველა, ჩაიციკლა სიკვდილი დროზე.
სუნია მძიმე... ინექცია- წამლის ნაზავით.....
ჟანგბადი დააქვთ, არიგებენ პატარა დოზით.
სული ჰაერში დაფარფატებს  ფარვანასავით.

ტკივილის გამო, გიზოგავენ წუთობით გრამებს...
და სასაფლაო, ამ მარშრუტის ბოლო სამგზავრო...
გინდა თუ არა უეჭველად გახსენებს გრანელს
ძალა ელევა თხელ მაჯებზე გიშრის ავგაროზს.

დაბლა ძაღლები აყმუვლდნენ და რაღაც დალანდეს...
ასეა ხშირად და ყოველთვის აღწევენ  შედეგს.
აქ შენს ჯინაზე არ კეტავენ მაგრად დარაბებს,
მარტო გტოვებენ სიკვდილამდე და... იმის შემდეგ....

შენ არა!-ახლა სხვას სძიძგნიან ტკივილს სვავები.
ფანჯარა ისევ ღია დარჩა ღამით სანიტარს....
არ ეთანხმები არცერთ დოგმას უკვე სავსებით,
ერთ, უმორფინო გათენებას ვეღარ აიტან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები