ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?..

რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?
დასიზმრებული ფერები თეთრი და სისხლისფერი.
რა რჩება მკვირცხლი მოზეიმე აპრილებიდან?
გადაზნექილი ბერი იელი.
სად მიაქვთ ჩიტებს გაზაფხულის წიწკნა ბალახი,
რა რჩებათ ტოტებს ფოთლებგაცვენილს,
რად ახსოვთ ბავშვებს თოვლი სიზმრის დარად ნანახი,
რა ტკივა ირემს მარტოდ დარჩენილს?
რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?..

***
მე უსიტყვოდაც მესმოდა შენი,
სტუმრებს კარისკენ ეჭირათ თვალი,
და ვერც ამჩნევდნენ, რომ სახის ფერი
გქონდათ საოცრად სუსტი და მკრთალი.

მატარებელი კიოდა სადღაც,
მგზავრი პირველ კვალს სტოვებდა თოვლზე,
მაგიდის  ქვეშ კი მასპინძლის კატა
შაჰივით იჯდა ნებივრად ნოხზე.

და კონტრასტული ფერის ნივთები,
უცხო ჭაღების მბზინავი ალი,
და ეხლებოდნენ ფანჯრებს ფიფქები,
იანვრის მზარავ ყინვისგან მთვრალი...

* * *
ამდენი ბრძოლით,
დავიდარაბით, დავით,
ხაროში ხარ და
ცას ვეღარ უმზერ დავით.
შუა ტლაპოში
ურმის ჩამრჩალა თვალი,
ბედზე გამწყრალი
ცრემლით სავსეა თვალი.
მედროვეები
ოქროს გულდაგულ თვლიან,
კახაბერს არ ჰგავს,
კახაბერად კი თვლიან.
ქაფმორეული
არაგვი ლოდებს ახლის
თავს და ივერიც
მოლოდინშია  ახლის.
ამდენი ბრძოლით,
დავიდარაბით, დავით,
მაინც სამშობლოს
ღმერთს მსახურებდი დავით...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები