ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2010


შეგრძნებების მემატიანე...

გვიან ღამეებს გაუხუნდა  შავი სამოსი,
თეთრი თითები, ნერვიულად კალამს აწვალებს.
მინდა მიზეზი არსებობდეს შენი არ მოსვლის,
რომ უციფრებო საათების დაუთვლელ წამებს

ვითვლიდე, ვიდრე საბოლოოდ გადაგეჩვევი.
(ცოტას ვიფიქრებ, მერე ალბათ უბრალოდ გეტყვი.)
გათენებამდე გაგიქარწყლებ წყენას ეჭვივით,
რომ ბათილად ცნო სამუდამოდ ყველა ვერდიქტი

რაც კი როდისმე უსამართლოდ გამოიტანე.
დასანანია რომ ჩვენ სულში ვერ ვიხედებით,
რომ ასე ხშირად ცოდვიანი გვამძიმებს ტანი.
ადამიანი ცხელი  სისხლით, ცივი გონებით

მე სამუდამოდ  მეოცნებე  პოეტად დავრჩი.
თუკი იწამებ სასწაულებს ახდენს უფალი.
ის ყველგანაა, მაგრამ თვალით არასდროს არ ჩანს.
როცა უბრალოდ ერთად ყოფნით ვართ  კმაყოფილი

ეს, დედამიწა სიყვარულის ძალით  ტრიალებს,
ბერ-მონაზონთა გალობაზე თოვს სულთათანა.
დაუწერელი შეგრძნებების  მემატიანე,
გთხოვ, ენდე ქალს და  ნუ ენდობი პოეტის კალამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები