ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2010


ელდარი მე-?-ედ...

ელდარ,  სევდა  ადრე  მოდის...
ელდარ  -  ელდაც  მოდის  ადრე...
მიწისფერი  ადევს  ლოდინს...
გულით  მკვდრისფერ  ლოდინს  ვათრევ...

არც  მწყურია,  არცა  მშია,
მაგრამ  მეც  მხრავს  შენი  სენი...
სიმარტოვის  კარავში  ვარ...
აქ  სენს  ამას  ვერვინ შველის...

მეც  ის  ჯოჯო  ლანდი  მომდევს
(ის  წყეულიც  ადრე  მოდის...)...
-  ნეტავ  ახლა  ადგებოდე,
აუ,  როგორ  დავთვრებოდით!..

მერე  -  როგორ  ვიჯერებდით
გულს  უმიზნო  ხეტიალით!..
რა  შორი  ჩანს  სიბერემდის -
გამოვლილზე  მეტი  არი...

მაგრამ  -  გული  ისე  ჩქარობს,
წინ-წინ  ისე  გარბის  სული,
შეხვდებიან,  ვიცი,  ქარონს,
შუაგზამდის  არმისული...

და  ჩვენც  ადრე...
და  ჩვენც  მალე...
მერე  -  ყველა,  ისევ  ერთად...
ოღონდ  სულ  სხვა  არემარეს,
სხვა  ღამეთა  თევა  თეთრად...

თვალი  ვეღარ  მომიხუჭავს
მოსვენებით  რა  ხანია...
-  წაგვიგია  ომი  ფუჭდ,
მტერი  ხარობს,  მახარია!..

დაჰკარგვია  გემო  პურსაც
( ეგ  ოხერი,  რა  ხმელია!..),
ისე,  თითქოს  შხამი  უსვამს,
გულს  სპობს  სულ  სხვა  ,,პახმელია....

ჩქამსაც  ღამის,  ვაყურადებ
სულ  -  ფრთხილ  კაკუნს  კარზე  ველი...
წკაპიც  წვიმის  -  სახურავზე,
სიოც  -  ფოთლის  დამრწეველი,

იდუმალი  ნიშანია
სულის  შენის  -  უძინარის...
და  გულის  ხმაც:  -  გიცანიო
თვალისათვის  უჩინარი!..  -

შენც  გესმის  და  იმალები,
თანაც  ღიმილს  გულში  მალავ...
ღამე  ნელა  ინავლება...
რაღაც  ვერ  თენდება  მალე...

და  მეც  ვერ  ვარ  ლაღად,  ელდარ
და  ისევ  შენ  მოგინატრე,
ძმობის  გზათა  და  ღამეთა
მოუღლელი  მობინადრე...

შენებრ  ,,შარიანი’’  ვიყო,
შეგრაცხავდი  მოღალატედ!..
-  შე  რა  გითხრა,  ეგ  რა  გვიყავ,
თავი  როგორ  მოგვანატრე?!.

ძმურად  ლუკმა-მთვარეს  მიყოფს,
ღამე,  დილის  მოფენამდე...
-  ნეტავ,  ახლა  ტაქსში  იყო,
ტაქსი  ჩემსკენ  მოფრინავდეს!..

ანდა  სულაც  მეც  შიგ  ვიჯდე
(-  რა  სჯობს,  ძმასთან  ზიხარ  ოდეს?!.),
აყოლილნი  მთლად  სიგიჟეს,
ჩვენს  გიჟ  ძმებთან  ვიჩქაროდეთ!..

და  კვლავ  გვთანგოს  ღამისთევამ,
როცა  ცივა,  თანაც  ბნელა
(-  კაცს  კარდაკარ  ღამით  თრევა
რომ  გექცევა  სანატრელად...).

მაინც  რომელ  ყიამეთში
გაგებზარა  გული  ასე?!.
-  ოცნებისას  -  თიანეთზე,
თუ  ფიქრისას  -  გურიაზე?!.

გურიაშიც  ვიყავ,  მარა,
სულმა  წინ  ვერ  გეიპარა,
იქ  რომ  არ  ეგულებოდი
შე  შიგ  გულში  ხეიბარო!..

უკვე  ვეღარ  ვეძალები
ღვინოს  -  ვიქეც  ,,არყის  ჭირად’’...
უკვე  ვეღარც  გედავები,
ეს  ყოფაც  რომ  არ  ღირს  ჩირად...

ნაშვაღამევს  ვანთებ  სანთელს
და  ვიმოკლებ  ღამეს  ასე...
ვიცი,  ხვალაც  დავლევ  სადმე,
ჯერ  ნაკლულს  და  მერე  სავსეს...

და  ჩამესმის  -  ,,მალე,  მალე!..
მერე,  ბოლოს  -  ყველა  ერთად...
ოღონდ  სულ  სხვა  არემარეს...
სხვა  ღამეთა  თევა  თეთრად...’’

და  ეს  ღამეც  ასე  ვხარჯე,
დიდი  ღამის  სათეველად...
და  ეს  ლექსიც  ასე  დარჩეს -
,,ამხანაგთა  სათრეველად’’...


22.  9.  1994 წ.


11  თებერვალი  ღვიღვას  მოულოდნელად  გარდაცვალების  დღეა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს