ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2010


***

წინაპრის დარდებივით
სულ ერთად არიან,
წინაპრის დარდებივით სევდიანი
მდუმარებით გვიხმობენ მთები.

***
როგორ აცივდებოდა სამზეოზე,
რომ არ იყოს ცრემლი დედისა-
ზეციერის სევდა და სიხარული.

***
ხან დღის თვალი ხარ
და ხან-ღამისა...
მზერა უსმენს სამყაროს ნათებას.

***
გონებას ეძინა და გულის ხმა
ესმოდა და აღარც ესმოდა
და სიზმრებს ხედავდა
როგორც ზღაპარს,გულისგან მოყოლილს.

***
სააქაოსა და საიქიოს
იისფერ საზღვარზე
მხოლოდ დედის აჩრდილი გადაჰყვა
და გზა გაუნათა...

***
გულის სიღრმიდან გაზაფხულის
ნიავი დაუბერავს
და ზამთრის სივრცეში წაიშლება
ბზარები ეჭვისა...

***
ხომ იყო წუთი,როდესაც მზე
პირველად ამოვიდა...
ეს დილა იმ წუთის ნათებაა,
იმ წუთის სითბოა.

***
ნამის წვეთებს დაეძებ უდაბნოში,
მაგრამ ამღვრეული ოკეანე
გაუტკბა ქვეყანას...
აღარავის სწყურია ნამი.

***
შვილიშვილი ბებიის კალთაში,
როგორც შემოდგომის ღრუბელში
მოკიაფე ვარსკვლავი გაზაფხულის.

***
შორს წასული შვილის ღიმილი-
დედის გულის შარავანდედი.
შორს წასული შვილის სიტყვები-
დედის გულზე ანთებული
ნამის წვეთებად...

***
სამოთხიდან ჯოჯოხეთში
წავიდა ერთი,
მეორე-პირიქით...
ორივეს უყვარდა და ენატრებოდა.

***
უთქმელმა სიტყვებმა გამიღიმეს
მისი თვალებიდან
და,როგორც სამოთხეში,
ჩამოთბა გარშემო...

***
თვალები...თვალები-
გულის ბინდში
ვარსკვლავთა გამოჩენა,
მელოდია სამოთხის ყანების.

***
ვით ჩრდილი მერცხლისა,
ჩანს ფურცელზე
პატარა ლექსი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები