ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2008


მიწა მონატრებოდა ღმერთს…



მიწა მონატრებოდა ღმერთს.
სოფლის განაპირას, გზის პირას ჩამომჯდარიყო.
გზაზე არავინ არ მოდიოდა.
ბოლოს გლეხი  გამოჩნდა ერთი.
ღმერთს რომ გაუსწორდა შეჩერდა და მოიკითხა:
- გამარჯობა ძმობილო, ხომ არაფერი გაგჭირვებია?
გაუკვირდა  ღმერთს:  „ნეტა თვითონ რა გააჩნია, რომ მე მეხმარებაო”.
- შენი არაფერი არ მინდა, შენ თვითონ რითაც გინდა დაგეხმარები, რადგან ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ!
- აბა შენ რითი უნდა დამეხმარო?
- რას ინატრებდი?
- ჯერ მითხარი ვინ ხარ რომ ჩემს ნატვრას აზრი ჰქონდეს?
- ღმერთი ვარ!
- მერე  არ გეშინია?
- რისი უნდა  მეშინოდეს!
- რაც ქვეყანაზე უსამართლობა ხდება, ასე მშვიდად როგორ დადიხარ?
- უსამართლობა თუ არ მოხდა, სამართლის გემოს ვერ გაიგებს ხალხი!
- რით დამიმტკიცებ, რომ ღმერთი ხარ? - მაინც დაეჭვდა გლეხი.
- აბა მთხოვე რაც გინდა და შეგისრულებ!
- ნატვრას სიფრთხილე უნდა ახლდეს, შეიძლება  ნატვრა ახდეს და სანატრელი არაფერი დარჩეს! - უპასუხა გლეხმა.
  გაუკვირდა ღმერთს. კიდევ ჰკითხა, „მაინც რას ინატრებდიო” და მერე გუნებაში სხვადასხვა მიწიერი გვამების საბანკო ანგარიშებს გადაავლო თვალი, ფული რომელს მოვუხსნა, აბრალონ მერე ჰაკერებსო.
- ვინატრებდი ღმერთი ვიყო ერთი საათით! 
- რას იზამდი ღმერთი რომ იყო?
- მაინტერესებს რას გრძნობ, როცა ჩვენ, ადამიანები, მუხლმოდრეკილნი რამეს გთხოვთ!
- მოდი მაშინ იყავი ღმერთი ერთი საათით და ზუსტად ერთ  საათში აქვე შევხვდეთ ერთმანეთს! - გადაწყვიტა ღმერთმა.
- კარგი ასე იყოს, -  დაეთანხმა გლეხი. 
- აჰა, ღმერთი ხარ აბა შენ იცი! -  დაუბარა ღმერთმა, შებრუნდა და წავიდა.
  გლეხს უცებ გაახსენდა, სახლში მშიერი ბავშვები და ცოლი რომ ელოდებოდნენ. ისიც გაახსენდა, მეწისქვილესთან რომ მიდიოდა პურის სასესხებლად. სასწრაფოდ გააგრძელა გზა.  თან გაიფიქრა,  რამდენი დრო დამაკარგვინა ამ კაცმა, თავი ღმერთი რომ ჰგონია, ახლა უკვე წისქვილში ვიქნებოდი, ვაითუ მივიდე და არ დამხვდესო. მერე იფიქრა, მაინც ვინ იყო ის საოცარი კაცი, ან  ასე სწრაფად სადღაA გაქრაო და წავიდა მეწისქვილესთან.
  მეწისქვილემ პური არ ასესხა. წამოვიდა დაღონებული. ახლა რა ვაჭამო ჯალაბობას, იმათ რა დაენახვებაო.  გზაზე ხიდი უნდა გადაევლო. ხიდზე რომ გადადიოდა, შუა ადგილზე მოზრდილი ნაპრალი შენიშნა. Dდაზიანებულ ადგილზე  ცხენიანი კაციAთავისუფლად ჩავარდებოდა. იფიქრა,  ერთ  კეთილ საქმეს მაინც გავაკეთებ. რა იცი, უცებ მგზავრმა გამოიაროს და ვერ შენიშნოსო.  ჯერ ნაპრალის ორივე მხარეს  მოზრდილი ქვები დაალაგა, მგზავრს რომ დაბრკოლება ადვილად შეენიშნა. შემდეგ იქვე ხიდთან დაყრილი ხეებით ხიდის შეკეთება დაიწყო. 
    ამ დროს  ხედავს ვიღაც კაცი მისკენ ყვირილით მოდის.
- შენა, აქ რას აკეთებ,  საქმე დაგელია?
- რას გაყვირი, აი ხიდია დაზიანებული და იმას ვაკეთებ! - არ შეეპუა გლეხი.
- მერე რა შენი საქმეა ამ ხიდის შეკეთება?!  წადი შენი გზით!
- მერე აქ რომ ადამიანი ჩავარდეს და  დაიღუპოს?
- მე ვიცი ვინც უნდა გამოიაროს და ვინც უნდა ჩავარდეს.
- მაინც ვინ უნდა გამოიაროს?
- ერთი მეწისქვილეა, პური არ მასესხა და იმისი ჯინი მჭირს.
- მერე რა, არც მე მასესხა პური, მაგრამ კაცი სასიკვდილოდ როგორ უნდა გავიმეტო, ღმერთს რა  პასუხი გავცე? – გაუკვირდა გლეხს.
გაეცინა კაცს და ისე მალე წავიდა,  თითქოს არც ყოფილიყო. დაამთავრა ხიდის შეკეთება გლეხმა და გააგრძელა გზა. თან ფიქრობდა, ეს რა უცნაური დღე გამითენდა. ან ის პირველი კაცი ვინ იყო, ან ეს მეორეო.
გაიარა ცოტა, ხედავს გზაზე მათხოვარი ზის. წინ ქუდი უდევს.
- კეთილო კაცო, გაიღე მოწყალება, – შეევედრა გლეხს.
- ფული არა მაქვს, სხვა აბა რით უნდა დაგეხმარო?
- სული მომეცი შენი, სხვა არაფერი არ  მინდა და დოვლათით აგავსებ. შენზე  მდიდარი ამ ქვეყანაზე არავინ არ იქნება.
- სული ღმერთმა მიბოძა და რა პასუხი გავცე ღმერთს! 
- სახლში რომ მშიერი ცოლშვილი გელოდება, აბა იმათ რა პასუხს გასცემ? – ჰკითხა მათხოვარმა.
- არა უშავს, დღეს  როგორღაც  გადავალთ, ხვალ ღმერთი იქნება მოწყალე, – უპასუხა გლეხმა, თან იფიქრა ამ მათხოვარმა საიდან იცის, მე ვინ მელოდებაო. 
    გაეღიმა მათხოვარს. დაიხურა  ქუდი და წავიდა.
  ამასობაში ერთი საათიც გასულიყო. მივიდა დათქმულ ადგილას. ღმერთი ელოდა.
- აბა რა გააკეთე, შენ ხომ ღმერთი იყავი? - ჰკითხა გლეხს.
- რაღაც ვერ ვიგრძენი, რომ ღმერთი ვიყავიო, - მიუგო გლეხმა.
- ეს იმიტომ რომ არ გჯეროდა. ეჭვი შეგეპარა. ეჭვით საქმეს ვერ გააკეთებ. თუ საქმეს იწყებ და არ გჯერა, სჯობს არც დაიწყო. აბა მომიყევი რას საქმიანობდი ეს ერთი საათი?
- რა უნდა გამეკეთებინა,  მეწისქვილემ პური არ მასესხა და სახლში ცარიელი მივდივარ! 
- აი, შენ ღმერთი იყავი და მარტო შენს ოჯახზე ფიქრობდი, მე კი მთელი ქვეყანა მაბარია. აბა მართალ-მტყუანს ყველგან როგორ  გავარჩევ?!
  გაჩუმდა გლეხი, ვერაფერი ვერ თქვა.
- ხიდს რომ აკეთებდი იმ ხიდის გაკეთებას ვინ გრჯიდა?
- ღმერთი ვიყავი, მაგრამ ადამიანობა კი არ დამიკარგავს?!
- მათხოვარს სული რატომ არ მიეცი, მდიდარს გაგხდიდა?
- იმ საცოდავმა ეტყობა ასე დაკარგა სული, სიმდიდრეში გადაცვალა და იმადაც გახდა მათხოვარი.
- შენ რა, ფიქრობ, იმ მათხოვარს სული არ ჰქონდა?
- ყველა იმას ითხოვს, რაც აკლია.
- რადგან ასეთი კაცი ხარ, მინდა დაგასაჩუქრო. სიმდიდრე გირჩევნია  თუ ბედნიერებაო? – შესთავაზა ბოლოს ღმერთმა.
- რად მინდა სიმდიდრე  თუ უბედური ვიქნებიო? – გაუკვირდა გლეხს.
- აბა შენ ჩემგან არაფერი არ გდომებია, ბედნიერი ისედაც ხარო, – უთხრა ღმერთმა და წავიდა.
  მიწა მონატრებოდა ღმერთს...
   

9.04.2004.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები