ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2010


***


ჯუჯა საძილე ტომარაში-
მობილური ტელეფონი.

***
რა მშვენიერია სინათლე
უთქმელი
საყვედურის თვალებში.

***
როგორც სივრცეში ვარსკვლავებმა,
როგორც მლოცველებმა ტაძარში,-
ფურცელზე თავისი ადგილები
კალმის აღებამდე იციან სიტყვებმა.

***
ნანატრი სიმშვიდე
ქარიშხლის შუაგულში.

***
როგორც ბაღში
აისის ნათელი,
ისე უნდა შეხვიდე ტაძარში.

***
რამდენი სევდაა ბოჩოლას თვალებში:
პაპა გუთანმა შეიწირა,
მამა-ნადირმა,
ძმა და დედა ბაზარში გაყიდეს.

***
სიჩუმევ,ნუ ხარ ასე ხმამაღალი,
ხეებო,მშვიდად იშრიალეთ,
მშვიდად იმოძრავეთ,ღრუბლებო,-
დედას ერთი წუთით ჩაეძინა
აკვნის სიახლოვეს...

***
მე-არა,
სიტყვები თვითონ დამეძებენ
და მალე მპოულობენ,
როგორც ფრინველები
მშობლიურ კუნძულს...

***
სამშობლოში სამშობლო მენატრება
და სახლში-სახლი,
მაგრამ ფიქრს მაინც ემღერება,
რადგან ეს ყველაფერი ღმერთშია.

***
წაიქცა ხე...
და ფრინველი ძალიან დიდხანს
ცრემლიანი ხმით უგალობდა
სივრცის იმ ნაწილს,
სადაც მისი ბუდე ფეთქავდა.

***
პირველი სიყვარული ნიავია,
ყველაზე მაღალი,
ყველაზე ნათელი ციდან მონაბერი.

***
ვარსკვლავები კი არა ქრებიან,-
უჩინარდებიან,როგორც დედის გულში
სიტყვები შვილისა...

***
კრავის სევდა მოისმის
მგლის ნაფუძარზე ამოზრდილი
ბალახის სიჩუმიდან...

***
მეწყერს გადაურჩნენ ჯაგები
წაქცეულ ხეს მოფარებულნი.

***
სინათლის და ჰაერის ქორწილი,
ჩვილის პერანგივით მსუბუქი წიგნი.

***
პატარა ნაპირები-
ჰორიზონტის შვილიშვილები.

***
ჩვენი ხმები
სივრცეში ჩერდებიან,
გზას უთმობენ სიჩუმეს ღმერთისას,
ტანჯული პლანეტისკენ მიმავალს.

***
სხვადასხვა მხარეს
გავიდნენ ნისლიდან
და მერე მზესთან ერთად გამოჩნდნენ.

***
მზეს გადაეფარა ყომრალი ღრუბელი-
ცამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა,
რა არის ცხოვრება...

მ ა რ ხ ი ლ ი
-----------
შვილმა დაივიწყა,
შვილიშვილმა
ღუმელში გახარჯა.

***
როგორც სამარეზე ყვავილი,
აპარატზე ყურმილი დადო.


 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები