ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 თებერვალი, 2010


კრიტიკა პაოლო კოელიოს სტატიისა "50 წლის შემდეგ"

    ცნობილი ბრაზილიელი მწერალი, პაოლო კოელიო, თავის წერილში "50 წლის შემდეგ", სამყაროს მომავალს განიხილავს. ის მიიჩნევს, რომ ბევრი რამ უარესობისკენ მიდის და უახლოეს მომავალში შესაძლოა დიპლომსაც აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინაიდან ხალხი მიხვდება, რომ მათ მიერ მიღებული განათლება შორს არის იმ სფეროდან, სადაც მათ მუშაობა უწევთ.
      ეს მოსაზრება გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება, რადგან ნებისმიერი ადამიანი პროფესიას იმიტომ ეუფლება, რომ მიღებული ცოდნის გამოყენებით მომავალში შესაფერისი სამუშაოს მოძებნის იმედი აქვს, მაგრამ თუკი თაობები ნელ-ნელა დარწმუნდებიან, რომ კარგი სამსახურის მოძებნაში განათლებაზე დიდ როლს ხანდახან გავლენიანი ნაცნობობა თამაშობს, ისინი ხელს აიღებენ სწავლაზე. ადამიანს სწავლის სურვილი და სტიმული იქამდე აქვს, სანამ მიღებული ცოდნით რაიმე სარგებელს ელოდება, უმოტივაციოდ კი ცოდნის მიღებაზე ხელი აქვს ჩაქნეული.
      ის, რომ როგორც ავტორი ამბობს, სულ მალე მხოლოდ სამი - სამედიცინო, იურიდიული და საინჟინრო ფაკულტეტი დარჩება, ქვეყნებს ნელ-ნელა უარესობისკენ წაიყვანს, რადაგან შეუძლებელია ადამიანები მხოლოდ იურისტები, ექიმები ან ინჟინრები იყვნენ. ყველა პროფესიას თავისი გამოყენება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რაც უფრო ვითარდება ტექნიკა, მით უფრო მეტ სამუშაოს ასრულებენ ავტომატები. თუკი კოელიოს სიტყვები გამართლდება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა დამლაგებელი, მუშა ან მოსამსახურე იქნება, სხვა დანარჩენი ცოტა უფრო მიზანსწრაფული და იღბლიანი ადამიანებისთვის კი ზემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტები იარსებებს.
      ავტორი ინტერნეტის შესახებაც გვესაუბრება და მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა ადამიანებისთვის, რათა გემოვნებისა და მიდრეკილებების მიხედვით ჩამოყალიბდნენ. მისთვის უარყოფითი მხოლოდ ის არის, რომ შესაძლოა ადამიანებმა ვირტუალური ერები ჩამოაყალიბონ. გარდა ამისა, კიდევ შეიძლება რამდენიმე უარყოფითი მხარის მოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, კომუნიკაციის კარგი საშუალებაა და ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება მისი საშუალებით, მას ერთი ნაკლი აქვს - ადამიანს იჩვევს და აჯაჭვებს კომპიუტერს, რასაც, ალბათ სწორედ მისი დადებითი თვისებები განაპირობებს.
      ვირტუალურ მხარეს ავტორი მაშინაც ეხება, როცა ამბობს, რომ "ბანკების, მაღაზიების და სხვათა მომსახურება მთლიანად გადავა ვირტუალურ სფეროში", ეს კი მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს, რადგან უფრო მოსახერხებელი იქნება და ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებას.
      პაოლო კოელიო 50 წლის შემდეგ ცხოვრების სიადვილეს წინასწარმეტყველებს იმის გამო, რომ ჩვენ სიამოვნების მიღება მცირე თანხით, ან სულაც  უფასოდ შეგვეძლება. თუმცა სუსტად მიმაჩნია ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითი, რადგან ლამაზი პეიზაჟების ნახვა ან გავლა  პატარა ქალაქის ბაზარში  ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, თითქმის ყველა ეპოქაში. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტად ვითარდება ცხოვრების დონე და მატულობს შენობების, ქარხნების რაოდენობა, მით უფრო ნაკლები სიამოვნება გვრჩება პეიზაჟებით ტკბობისა. (თუ, რასაკვირველია ლამაზ პეიზაჟად მრავალსართულიან კორპუსებს არ ჩავთვლით)
        კოელიო რელიგიურ საკითხებსაც ეხება, მისი აზრით, უახლოეს 50 წელიწადში, თუ "ზეციური დედის იდეა გვერდით ვერ დაუდგება მამის დოქტრინას", სულ ცოტა იმას მაინც უნდა მოველოდეთ, რომ კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურებად ქალებს ვიხილავთ.
        ეს საკამათო მოსაზრებაა, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ქალებს რელიგიაში ყოველთვის დიდი როლი ეკავათ, ამ ნათქვამის განსამტკიცებლად საკმარისია თუნდაც მხოლოდ ღვთისმშობლის მაგალითის დასახელება, რომელიც როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი წმინდანია.
      წერილის ბოლოს კი ავტორი ენების შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ახალი ენები წარმოიქმნება და ადამიანთა უმრავლესობა 2055 წლისთვის ჩინურად ისაუბრებს.
      თუკი თვალს გადავავლებთ ჩინელთა რაოდენობას და მათ გავრცელებას სხვადასხვა კონტინენტზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოელიოს ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად გამართლდება (თუ უკვე გამართლებული არ არის)
        საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ წერილის ავტორს მოსაზრება კარგად აქვს დასაბუთებული და თავის შეხედულებებს, რომელთაც უმეტესად წინასწარმეტყველების ფორმა აქვს, კარგად აყალიბებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები