ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


ვალსი პეჩორაზე...( მას. რეპრესიების დროს ყაზახეთში, აკმოლსკის ქალთა ბანაკებში 7000 ქართველი ქალი იხდიდა სასჯელს. ლექსი ეძღვნება მათ...)

                                                                                            " აკმოლი" ყაზახურად თეთრ სამარეს ნიშნავს
                                                                                              და ალჟირსაც უძახიან ამ ადგილებს...

თეთრი ალჟირი, ვაგონები, გზებზე "აკმოლის."
ვიღაცამ ქალის სილამაზე დააპატიმრა.
უგერგილონი რკინის კაცებს გუნდრუკს უკმევდნენ
და მათ  სტატუსი "მოღალატის" ერგოთ პატივად...

ისევ მარტია-მიძინებულს გვანან ქალღმერთებს
ყაზახეთური ჯოჯოხეთის თეთრი სამარის....
აქ კი ვიღაცა უსტატუსო თავს რომ გამეტებს
და როცა გრძნობ რომ მათი ფრჩხილის ფასიც არა ღის,

მე მაგონდება უცნაური ვალსი პეჩორის,
რუსული ჩექმა წყვეტილ წრეებს კაწრავს ყინულზე.
ერთიც არავინ აღარ დარჩა მაშინ მათ შორის
სიყვარულის წილ, სიძულვილი რომ არ მიუზღეს.

იქ, ალჟირული ღამეები მარტებს ათოვდა
და გამძლეობა და იმედი შვიდიათასი....
"ბარგით" აკმოლსკის ბანაკები ცოტამ დატოვა
და ყაზახეთის მიწა დედის გულით ნათესი,

ახლაც აპურებს თავთავებით მაძღარ ქვეყანას.
ვაგონებიდან მოფარფატე ფურცლებს ანდობდნენ
სევდას, რომელიც უსაშველოდ მეც შემეყარა.
ალჟირს შემოჩა ნეგატივი  სულთა ლანდების.

აქ კი მარტია, ხვალ წვიმები ხნულებს დატბორავს,
მანდ შემოდგომებს თავთავებად დაუბრუნდებით.
დაობლებული საქართველო ახლაც მარტოა
და ყაზახური მიწა  ფეთქავს დედის გულივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები