ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2010


მუზაც და ვნებაც

შენ არ იყავი მბზინვარე დარბაზს
აკლდა შენი ხმა, სათნო იერი,
და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში,
მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.

რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ,
და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ,
და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან,
რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.

ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს
მრევდა რაც ვნების მწველი მეხია,
რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე,
თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.

ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა,
ტაძარში ერთი ლოცვაც გშველოდა,
შენ არ გაზრდილხარ ამ ცივ ქალაქში,
შენ მოსული ხარ სოფლის მდელოდან.

ბათუმი...პორტი... ლიმუზინები...
და ვნებით მზერა მთვრალი კაცების,
შამპანურების დაღვრილი ქაფი,
ბროლის ჭაღები და დარბაზები.

არის ეგ მართლა შენი ცხოვრება?!
თუ სული ღამით ჩუმად იტირებს,
უღვთოდ ნაცემი პატიოსნება,
ზის და ბეთლემის ლოდთან ქვითინებს.

მწუხრის ლოცვა და მდუმარე მუზა
დამიბრუნდიო გევედრებიან,
და სოფლის მინდვრის ლორთქო იები,
ლარნაკში უწყლოდ როგორ კვდებიან.

როგორ დაძრწიან ახლა ქალაქში,
უსახური და მღვრიე ჩრდილები,
და ჩვენი გზებიც შორდება როგორ
გაჩენის დღიდან გაყოფილები.

ამდენ ჯგლეთაში შენც დაიღლები,
თუ წყება ჟანგთა სულს მოესია,
და ერთხელ მართლა მოგენატრება
ბეთლემის ღამე  და პოეზია.

ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის,
სევდაა მხოლოდ ამაოების,
შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც
და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები