ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


აცივდა და თვალებში მათოვს....

ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის.
ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს....
დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის:
რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ  ვთმობ....

სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ  დგანან.
ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ....
სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა.
საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.

არ მინდა, არ მსურს, არ ვიცხოვრებ არავის მსგავსად.
არც მეგობრობას შევთავაზებ შტერსა და რეგვენს,
ერთ ტყუილ სიტყვას არსად ვიტყვი, არაფრის ფასად....
ჩათვალოს ყველამ, რომ ბედისგან \\\"საჩუქრად\\\" ვერგე.

დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა.
მარტო დავდივარ....ან სრულიად უაზროდ ვდგავარ!
ვინც არას ითხოვს, არაფერი არ მიეცემა
და ეს სამყარო უმისოდაც იოლას გავა.

მე გთხოვ,შენ კიდევ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს დასთმობ,
გაგიღიმებ და.... თან უამრავ პირობას დავდებ.
მერე მე ვიტყვი: აცივდა და თვალებში მათოვს....
და უპირობოდ, პირობების დაგირღვევ ვადებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები