ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2010


შენც მოგცლია, რა...

ღამემ სიღრმეებში ეზოთერულ
დილის დადგომამდე მაყვინთავა.
დილა გამითვალა მეზობელმა,
კატისთვალებამ და ძაღლისთავამ...

დღემ კი ჩაიხვია უშნო კადრად
მჟავე სახეები თითო-თითოდ.
ფიქრის საიტიდან უხმოდ გაქრა
აზრი, გონს მოსულს რომ ჰგავდა თითქოს...

მყარად ზის ფორტუნა ლაყე კვერცხზე,
ვერგამოსაჩეკი წარმატების...
რაღაც, ვერ ავდექი წაღმართ ფეხზე,
აღმა ავდივარ და დაღმართს ვხვდები...

დღეა მეზობლისგან დანავსული,
ჩემს საფრენ ბილიკზეც ნისლი ბუდობს.
ჯერ კრინტიც არ ისმის გაზაფხულის,
ლამის მოლოდინით გავიგუდო.

გული გააწვრილა თებერვალმა,
უდღეურობით და პოხონდრიით.
თავი იმ კნუტივით შემეცოდა,
დედამ რომ მიაგდო მომყოლივით...

სახეახეული კალენდარი
დღეებს იმახსოვრებს ემოციად.
ფიქრის საიტზე კი კადრის ქალი
ამბობს დამცინავად: შენც, მოგცლია...

    12.03.10

*** 
მივყავარ დროს, რომ
ფასი ვიცოდე, რის?
ყველაფერს ვთმობ
მე, არაფერს თმობს ის...
ვიკიდებ ფეხზე თავს,
გულს დავუჯერო რომ,
სხვაში დავეძებ მსგავსს,
ვაწყდები ბადე ქონს...
სულ უფრო ხშირად წვიმს,
სულ იშვიათად თოვს.
ცხოვრება მაგრად მღლის,
მაინც ჩემზე დებს ფსონს...
აზრებს ვაზომებ თავს,
როგორც შესაკერ ქუდს,
დრო არ მაშორებს თვალს,
თითქოს ზვერავდეს ქურდს.
სულ მინდა ვიყო სხვა,
მაინც ისა ვარ, ვინც,
უსმენს ოცნების ხმას,
ხედავს სიზმრებში პრინცს...
დროს კი მივყავარ, რომ
ფასი ვიცოდე, რის?
სულ უფრო ხშირად თოვს,
სულ იშვიათად წვიმს...

    04.03.10



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები