ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2010


წარმოდგენა იწყება (XIII ნაწილი)

XIII ნაწილი


დავაშინე ლუკა, მივდივარ ამ სახლიდან-მეთქი...
ყველაზე საყვარელი ლარნაკი გატეხა დღეს...
საერთოდ რასაც წვდება ამტვრევს, ამიტომ რაც იზრდება, მაღლა და მაღლა  ვწევთ ნივთებს, რომ ვერ მიწვდეს...……
ლარნაკი მძიმე იყო და იატაკზე დაგვრჩა...
რა გადაარჩენდა...
საერთოდ მე რომ სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი ვიყო, გამოვუშვებდი იაფფასიან, დასამტვრევ სათამაშოებს, ერთჯერადს...
მაშინ შეიძლება ჩემი ლარნაკიც გადარჩენილიყო...
ლარნაკი გატეხეს, ახლა კიდე გუჩის სკოლაში სწავლის დროს დაწერილი სცენარი უნდა წავიკითხო...
ეჰ... …


ო, ჩემო ნონა

(შექსპირის `ოტელოს~ ქართული რიმეიკი, ტრაგიკომედია, ერთ მოქმედებად და ერთ სურათად)
მოქმედი პირები:
ნ ო ნ ა, თბილისელი ქალბატონი ოცდახუთ წლამდე;
ო ლ ე გი, მისი მეუღლე ოცდაათ წლამდე;
მ თ ხ რ ო ბ ე ლ ი.
             

მთხრობელი: მაშ ვიწყებთ ამბავს სიყვარულისა, ოხმოცდაათიანი წლებია, გაზი ან არის ან არა, შუქი შორი, მონატრებული ნათესავივით მოდის და ქურდივით მიიპარება,  ისე რომ არც გემშვიდობება. თბილისელი ოლეგი, წასული უცხოეთში  ფულის საშოვნელად, ბრუნდება სახლში არც თუ მჩატე ჯიბით, მისი მეუღლე ნონა კი სახლში არ არის...

- (ოლეგი -  გაბრაზებული ბოლთასა სცემს ოთახში)
  ო,  ჩემო ნონა, როგორ მიყვარდა ეს ქალი,
მისმა სინაზემ და სილამაზემ მე დამიმონა.
რა წამს ვიხილე, მის მშვენებამ,
მე ამირია  თავში აზრები,
როგორ მიყვარდა მისი ხაზები და ნახაზები.
მაგრამ რა მითხრეს, გიღალატაო,
ეს რა  ისმინეს ჩემმა ყურებმა
და ან საერთოდ რად მეყურება.
მითხარი ერთი ვით გაივლე ღალატი  გულში.
სადილობისას რად არ იყავ შენ სახლში გუშინ
ო, ჩემო ნონა...

(შემოდის ნავთის ბიდონით ხელში ნონა და ამბობს)

- (ნონა) აქა ვარ საყვარელო!

- (ოლეგი - გაბრაზებით) საყვარელოო, მე ქმარი ვარ შენი თუ საყვარელი,
  მითხარი ერთი, თან ახსენე მაღალი ღმერთი!

*  *  *


ლუკამ ჩამიარა, ჩემსკენ იყურება, გვერდულად, ბოდიშიო მითხრა...
დედამისმა ასწავლა ან ბაბუამისმა...
ხმა არ გავეცი...
ლარნაკი გატყდა, ახლა კიდევ სრული ბედნიერებისათვის ეს სცენარიღაA მაკლდა...
გუშინ ბარამი მეუბნება, ერთი ძმაკაცი მყავს, თეატრის გიჟია, შეუძლია ერთი და იმავე სპექტაკლს ოთხჯერ დაესწროს.  სკოლაში სწავლის დროს `ოტელოს~  ქართულად გადაუკეთებია  და საახალწლო კარნავალზე დაუდგამთ, რეპეტიციებზე დასწრება უნდა,  შეიძლება მოვიდესო?!
არ მითხრა ახლა, რომ შექსპირი შენი ძმაკაცია-მეთქი..
არა, გუჩია ჩემი ძმაკაცი... თავისი დაწერილი ციხეში ბიჭებს წაგვიკითხა,  ოღონდ დეზდემონას ნონა ქვია, ოტელოს კი ოლეგიო - იცინოდა...
სად არის ახლა შენი ძმაკაცი, არ მითხრა ახლა ისევ ციხეშია და ახლა ჰამლეტს წერს-მეთქი...
არა, ახლა გარეთააო...
და საერთოდ წერს მეთქი...
რა ვიცი ციხეში რომ იყო,  მხოლოდ კითხულობდა, სულ წიგნი ეჭირა ხელში, დაწერით თუ წერდა, მეც მერე გავიგე. რომ გადიოდა - პატარა გაცილებასავით მოვუწყვეთ  და მაშინ გვითხრა, გინდათ რაღაცა წაგიკითხოთო, არადა ზეპირად თქვაო...  – იცინის
თუ არ წაგიკითხავს რამე, აბა ისე ვერაფერსაც ვერ დაწერ, კარგი აბა მოიტანე ერთი რას წერდა შენი ძმაკაცი სკოლაში-მეთქი...
თვითონ მოვიყვანოო – მეკითხება...
თვითონ არა, ჯერ სცენარი მომიტანე-მეთქი...
კარგიო, ახლავე დავურეკავო... მერე გვერდით  გავიდა  და მესმოდა იმ ვიღაც გუჩის  როგორ ეჩხუბებოდა, რას ინაზები, ბიჭებს ხო მოეწონა, ხო არ დაგიჭერენ, თან რეპეტიციაზე დასწრება ხო გინდა, თუ მოეწონა და შეიძლება სცენარისტობაც გაინაღდოო...
მაგარია ეს ბარამი, უკვე ადგილებს ანაწილებს თეატრში...
არც კითხულობს სცენარისტის შტატი გვაქვს თუ არა...
არადა მართლა მაინტერესებს ერთი  რა დაწერა...
ნუ გეშინია ბიჭო არ გცემსო, ანუ ის ის იქედან ეუბნება, ამას რომ წაიკითხავს შეიძლება მცემოსო, ეტყობა ჭკვიანი  ბიჭია...
ბარამი ეუბნება, შენ არავინ გაკითხებს,  ამობეჭდილი მომიტანე, თუ არა მე გცემო...
დაითანხმა,  ეტყობა ამ ახალგამოჩეკილ სცენარისტს ბარამის უფრო ეშინია...
ხოდა ახლა ვკითხულობ...
თვითონ რომ წაეკითხა, შეიძლება მართლა მეცემა...


*  *  *


- (ნონა) ღმერთს გეფიცები, რომ ხარ ქმარი და  რომ მიყვარხარ.

- (ოლეგი) რა ლამაზია, ღმერთო  ნუთუ  ამ თვალთა პატრონს,

(აქ კარგი იქნება  ნუ ნონა თვალებს დაიელმებს...)
  შეუძლია რომ  გიღალატოს.
  რა უყავ ქალო ცვირსახოცი, მე რომ გაჩუქე ამას წინებზე,
  ოქროთ  ნაქსოვი, თხუთმეტ ლარად შეძენილი ლილოში,
  ზაფხული იყო, ცხელოდა ძლიერ,
  მახსოვს შენ იჯექ მაშინ გრილოში.
მე კი ხუთი წრე დავუარე მთელ ბაზრობას,
რათაA მეპოვნა  საჭირო ზომა,
თუმც მომიწია სამი საათი მე რიგში დგომა.

- (ნონა - გაკვირვებით) ცვირსახოციო, ნუთუ ცვირსახოცს შეუძლია,
რომ დაჩრდილოს სიყვარული ჩემი შენდამი.

- (ოლეგი) ჩუ, ჩუ, გაჩუმდი!
ვერ  მომხიბლავ ლამაზ სიტყვებით!
ვერ მომატყუებ, გინდაც რკინას მოკიდო ხელი!
რა უყავ ჩვენი სიყვარულის ხსოვნა პატარა?
რა უყავ ქალო ცვირსახოცი, თქვი,  თქვი, თქვი  ჩქარა!

- (ნონა) გუშინ საღამოს, რომ ვიყავი მე ნავთის რიგში,
მგონი მაშინ ამომაცალეს!

- (ოლეგი) ნავთის რიგშიო? ნუ ტყუიხარ! ღმერთს გეფიცები,
რადიომ თქვა, რომ შემოიტანეს ნავთის პარტია,
და აკეთებს ამას თურმე მმართველი პარტია,
და ამბობენ, რომ ახლა ნავთი არის ურიგოდ,
მასაც მბობენ, რომ არ არის იგი ურიგო.

- (ნონა) მაგრამ ვაგზალზე ის რვა თეთრით არის იაფი,
თუმცა რიგია.

- (ოლეგი) ვაი სირცხვილო,
ქალო ვაგზლად რამ წაგიყვანა?
იქნებ ცირკთანაც აიარე,
იყიდებაო თურმე იქ გაზი.
წარმოდგენებსაც აჩვენებენ,
ჩამოსულაო ფრანგული დასი.

- (ნონა) მე მინდოდა რომ გამეწია ეკონომია,
მსმენია შენგან ეს ცხოვრება ფულთა  ომია.


*  *  *


ეჰ, ბარამ, გუჩის კი არადა, ერთი შენი თავი მაცემინა, რას მაკითხებ...
თუმცა სკოლაში სწავლის დროს თუ დაწერა, პრინციპში კიდე არა უშავს...
ეს ჩართვები უფრო მომწონს... აი, თვალების დაელმებაზე რომ უწერია...
ბარამს უნდა ძმაკაცი რეპეტიციას დაასწროს და ამიტომ  ამ  სისულელეს მაკითხებს, თან ბოლომდეც უნდა წავიკითხო,  სიტყვა სიტყვაა – დავპირდი წავიკითხავ-მეთქი...
მეცინება...  საოცარია, როგორ შევეჩვიე ამ ხალხს...
თავს არ ვუტყდები, მაგრამ როგორ მაკლდა ეს ყველაფერი...
ახლა უკვე ვიცი, რომ სპექტაკლი შდგება...
კმაყოფილი არ ვარ...  დებილი კი არა ვარ, კმაყოფილი ვიყოო,  ერთი რეჟისორი ამბობდა...
(კითხეს, კმაყოფილი ხარ პრემიერითო...)
კარგი სიტყვებია, კმაყოფილებაზე და სიმაძღრეზე საშინელი არაფერია...
როგორ უწერია გურამს: და მოდიოდა კაცი, როგორც სიტყვა `გავძეხი~ და მე ვიდექი  როგორც სიტყვა `მაშასადამე~....
საით წავედი... ვბრუნდები...
ლამის ტატოზე რომ ვიყავი ორსულად და შეგრძნებები მქონდა იეთი შეგრძნებები მაქვს.... -  სპექტაკლი იბადება...
არადა როგორი შიშით იწყებოდა ყველაფერი...
ახლა კი  იმას ვშიშობ დამშვიდება არ შემამჩნიონ...
ხან მართლაც ქორივით ჩამოვუვლი ყველას...
რას ვერჩი ამ ბავშვებს, ზოგი თეატრის და ზოგი ერთმანეთის სიყვარულმა რომ მოიყვანა ჩემთან (ეს კიდე საკითხავია მე მივედი მათთან თუ ისინი მოვიდნენ ჩემთან)...…
აქ მთავარი იყო ის, რომ არავისთვის არ დაგვივალებია, თავისი სურვილით გადააბიჯეს ამ რუბიკონს ფეხი...
რუბიკონი კი გამყოფი ხაზია რამპასა და მაყურებლის დარბაზს შორის...
რა ეშველებათ ამათ სცენის მტვერი რომ შეისრუტეს უკვე...
ვითომ რატო არ ეშველებათ, მე თუ არ ვიქნები სხვას მოიყვანენ რეჟისორს, მთავარია  რომ უნდოდეთ...
ხან ელვასავით გამიკრთება ფიქრი, საკუთარი თეატრ-სტუდია შევქმნა...
მოვკრეფ (მაგარია, მოვკრეფ, თითქოს და მე დავამწიფე)  ამ ბავშვებს და წავიყვან ჩემთან...
თუმცა  რა, აქ არ არიან ახლა, ჩემთან... თუ მე ვარ იმათთან – რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ერთად ვართ...
დარბაზიც არის, ხელშეწყობა არის – რექტორი ხელს არაფერში მიშლის...
პირიქით, თუ რამე გვჭირდება  გვეხმარება კიდეც, ჩვენი თეატრის დირექტორს კი არ გავს!
ვნახოთ...
კითხვას ვაგრძელებ...

*  *  *


- (ოლეგი) წუხელ სად იყავ?

- (ნონა) მეტროში დენი გამოირთო, ვაგონში ვიყავ,
ნავთის ბიდონზე მედო ხელი  და მით ვთბებოდი.

- (ოლეგი) მეტრო ჯერ კიდევ არ მიაყიდეს ამერიკელებს?

- (ნონა) არა ძვირფასო, ჩვენი მეტრო
  ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი აღმოჩნდა მხოლოდ.

- (ოლეგი) ახლა ისიც თქვი ამ არჩევნებზე,
ჩემს არ ყოფნაში, ხმა ვის მიეცი?

- (ნონა) მე არავისთვის არ მიმიცია.

- (ოლეგი) ჰა, ჰა, ჰა და კიდე  ერთი ჰა.
ეს არის შენი პატრიოტული
სულისკვეთება და ფერთა გამა?!
ოოო, გული მტკივა,
ნეტა რაღირს კარდიოგრამა.
(გულზე ხელს იკიდებ, სახე ეჭმუხნება და ცალ მუხლზე იჩოქებს)

-  (ნონა- შეშინებული დატრიალებს თავზე)
არ გინდა კაპლი?
 

- (ოლეგი – წამოდგება, განრისხებული) კაპლიო? დედაკაცო,
  არარაობა უნდა გერქვას შენ! 
  მართლა რა გქვია, ან ვინა ხარ?
(აქ უკვე არეული სახით – სახეზე აქვს შეშლის ნიშნები,  იცინის)
აქ საიდან გაჩნდი?
იქნებ პატარა ყვავილი ხარ,
გინდა  მოგწყვიტო?
(ოლეგი ხტუნვას იწყებს, თითქოს უხარია რომ შეუძლია ნონას მოწყვეტა., თან ხელი თითქოს ისე აჩვენებს სტაფილოს თხრის)


*  *  *   

ხო ვუთხარი ჰამლეტს ხო არ წერს-მეთქი, იქედანაცაა აქვს ფრაზა...
საინტერესოა, თვითონ გუჩის მოწონს ახლა, რაც მაშინ სკოლაში სწავლის დროს დაუწერია...
თუ მოწონს, მაშინ ცუდადაა საქმე...
ვერც დაწერს ამაზე უკეთესს...
არადა მესმოდა უარს ეუბნებოდა ბარამს, არ მოვიტანო... ანუ ხვდება რომ დიდი ვერაფერი სცენარია და ამიტომ...
კარგი, ვეტყვი ბარამს რომ რეპეტიციებზე დაესწროს,  შეიძლება და მართლაც უკეთესი დაწეროს მერე...
ისევ ლუკამ ჩამიარა, მიღიმის და გვერდულად მიცქერს, ,,ბოდიში~ - მეუბნება, მე ყურადღებას არ ვაქცევ... 
ეჰ, ახლა ისევ  გუჩის სცენარი უნდა გავაგრძელო...
სად ვიყავი?!


*  *  *


- (ნონა) შენი ნონა ვარ.

- (ოლეგი – გონება უბრუნდება)
  ააა, გამახსენდა და ისიც მახსოვს
ამ ხელებმა უნდა დაგახრჩოს.
მაგრამ მოიცა, შენ არა ხარ ამ ხელთაგან
შეხებისA ღირსი,
შენ უნდა მწარე  წამებით მოკვდე!
აჰა, თურქული შოკოლადი,
ჭამე ორგულო - ნახევარი,
ნახევარიც მე დამიტოვე,
რაღა მინდა ცოდვილ მიწაზე!
    (აძლევს ნონას თურქულ შოკოლადს)

- (ნონა) რაკი არ გჯერა რომ უბრალო ვარ,
მიჯობს რომ მოვკვდე.
      (ნონა ჭამს ნახევარ შოკოლადს, მეორე ნახევარს ოლეგი აწვდის, ისიც ჭამს და ამბობს)

- (ოლეგი) გემრიელია, ტკბილიც არის,
  თუმც საწამლავი გინდაც ტკბილი საზიზღარია.
  მაგრამ მოიცა! რომ აღარ ვკვდები, შენც, შენც ცოცხალი ხარ,
იქნება  თურქმა დათუნია შემოგვაპარა?!

- (ნონა) ჰო, ცოცხალი ვარ, ოღონდ მომკლა შენმა ეჭვებმა!

- (ოლეგი) რაკი გადავრჩით არა მჯერა, ავი ჭორების და ჩურჩულების,
ო ჩემო ნონა მიყვარხარ და გეამბორები
(ბავშვებმა იქეთ მიიხედეთ – კოცნიან ერთმანეთს და ეშვება ფარდა)


(დასასრული)

ჰოლივუდური `ჰეპი ენდი~...
რა ვუთხრა გუჩის, რომ ვუთხრა ძალიან ცუდია-მეთქი,  გული გაუტყდება...
კარგია-მეთქი რომ ვუთხრა ტყუილი იქნება და მგონი თვითონაც ხვდება ამას...
მოკლედ იაროს რეპეტიციაზე...
ეს უნდოდა მასაც და ბარამსაც, სხვა პრინციპში არც რამე უთხოვიათ...
ხოდა მეც ამას ვეტყვი...
ისევ ლუკამ ჩამომიარა, ისევ გვერდულად  მიყურებს, უნდა რომ ვაპატიო, `კიდე ბოდიში~...
ამ სცენარის მერე ხო მინდა ცოტა განმუხტვა...
მოდი მეთქი...
გაუხარდა სირბილით გამოიქცა და ჩამეხუტა...
კინაღამ ვუთხარი,  შენ კარგად იყავი და თუ გინდა სულ დაამტვრიე ყველაფერი-მეთქი, ამის თქმა-ღა აკლია...
ლუკას თვალები უბრწყინავს, ახლა უკვე დარწმუნდა რომ არსად არ წავალ და უხარია...
სად უნდა წავიდე, სპექტაკლი მაქვს დასამთავრებელი....
პრემიერაზე ბატონ გურამს დავპატიჟებ... მოვა ალბათ, მთავარია კარგად  იყოს...
პრეზენტაცია იყო ამას წინათ მისი ახალი წიგნის...
პატარა მაღაზიაა რუსთაველზე, შემთხვევით წავიკითხე ერთ-ერთ გაზეთში, რომ იქ მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია ტარდებოდა.  დავიგვიანე... ტატომ მიმიყვანა მანქანით, გზაში უამრავი საცობი რომ იქნებოდა, ვერ გავითვალისწინე...
ერთი გამაგებინა რას აშენებენ  გმირთა მოედანზე  და იქნება ის საერთოდ აწი გმირთა მოედანი თუ არა...
ასეთი მასშტაბური რაღაცა რო კეთდება, მე, ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეს არ უნდა მკითხო შენ ვინცა ხარ, რას აკეთებ?!
იქნებ ძალიანაც კარგს აკეთებ რამეს და მოგიწონებ მაშინ...
იქნებ და ცუდს აკეთებ და ვერ ხვდები და გეტყვი ცუდია-თქო...
შენი თუა ეს ქვეყანა, ანო ხარ თუ ვანო ხარ, მიშა ხარ თუ გრიშა ხარ, ჩემიც ხოა - საკითხავად მაინც...
ჰოდა, მივედი ასე დაგვიანებით, ტატოს ვეჩხუბები, შენი ბრალია რომ დავაგვიანეთ-მეთქი...  მეგონა იმდენი  ხალხი იქნებოდა, ვერ შევიდოდით...
შევედით: თხუთმეტი-ოცი ადამიანი თუ იქნებოდა და ერთი ტელევიზიაც აშუქებდა...
ასეა, მაინც და მაინც უნდა მოკვდეს კაცი და დააფასებენ მერე  (ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ბატონი გურამი ჯანმრთელად და მხნედ...) 
რო შევედი, ჯერ წიგნი შევიძინე  `არის და იყოს უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც~....
სათაურიც უცნაური და საინტერესო...
ეკითხებოდნენ რაღაცეებს, უფრო ძველ წიგნებზე, აბა ახალი წაკითხული  არ ჰქონდათ ჯერ...
ერთმა ქალმა, ბატონო გურამ, ბავშვს წიგნი ვერ შევაყვარე, კომპიუტერს არ ეშვება, კითხვით კი ვერაფერს ვაკითხებ,  რა მეშველება არ ვიციო...
აბა რა გითხრათ ქალბატონო, თქვენ რომ წიგნი არ გყვარებოდათ, აქ ხომ არ მოხვიდოდით, პირადი მაგალითი კი ბავშვისთვის გადამდებია, ალბათ ისიც შეიყვარებსო.  დრო და დრო რომელიმე პერსონაჟი უხსენეთ, რა მასავით იქცევვიო, მერე გკითხავთ ეს რომელიაო.... ამა და ამ წიგნში-თქო რო ეტყვით,  იქნებ  წაიკითხოს კიდეც მისი ამბავიო.. – იღიმოდა ისევ.
საერთოდ ერთი რეცეპტი,  ადამიანმა წიგნი როგორ შეიყვაროს არ არის... ალბათ მაინც ყველაფერი მაშინ იწყება, დედები და ბებიები ძილის წინ რომ ზღაპრებს უკითხავენ ბავშვებსო...
ერთმა უთხრა, ბატონო გურამ, წინასწარმეტყველება მგონია თქვენი `სამოსელი პირველი~,  ლამაზ ქალაქიც, კამორაც და კანუდოსიც ასე მგონია საქართველოა და მისი სხვადასხვა პერიოდებიო...
ღიმილით უპასუხა, ბევრი მეკამათებოდა, რა არის ეს იტალიური სახელები რომ გაქვსო...
მერე მე ვუთხარი, სამაგიეროდ `ლამაზ ქალაქში~ რომ მიდის ორი ქართველი, ისინი იტალიურად საუბრობენ, რადგან იტალიურ სახელებიანი ხალხი ქართულად საუბრობენ,  გამოდის რომ ის ლამაზ ქალაქიც საქართველოა-მეთქი...
ხო ასეაო და გაეღიმილა სახე ისევ...
მერე თქვა, `სამოსელ პირველს~ რო ვწერდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მაქვს კი მე უფლება, უბრალო მოკვდავს, გურამ დოჩანაშვილს,  ამდენი სისხლი ღვრა ვაჩვენო ნაწარმოებში, ამდენი ადამიანის დაღუპვა...
ახალი გამოსულია წიგნი და მწერლები სტუმრად ვართ ერთ მონასტერში... ჯერ წირვას დავესწარით, მერე ეზოში გამოვედით ყველა. იმ დღესვე უკან ვბრუნდებოდით, საათი არ მქონდა და მეგობარ მწერალს ვეკითხები, რომელი საათია-მეთქი... ხოდა მეგობარს მონასტრის წინამძღვარმა დაასწრო პასუხი, `დღის ორი საათია და ყველაფერი გენიალურადააო~...
შეიძლება იმისთვის უბრალო ხუმრობა, მაგრამ ჩემთვის უზარმაზარი ნუგეში იყო ეს სიტყვებიო...
რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა უკვე, გული მწყდებოდა რომ მოვდიოდი, მაგრამ წამოვედი... მზე ანათებდა რუსთაველზე  და მიხაროდა,  რომ იმ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს... 

*  *  *

ნინი მეუბნება, მასწავლებელო (ვერ მოიცილეს ეს მასწავლებელო, სკოლიდან გამოჰყვათ ალბათ, არადა მე მსიამოვნებს - შეიძლება იაპონური კარატეს სკოლის მასწავლებლად წარმოვიდგენ უცებ თავს), სანამ რეპეტიცია დაიწყება ვღელავ, ლამის მაკანკალებს, სპექტაკლზეც ასე რო დამემართოს, რა მეშველებაო...…
ვეუბნები, მსახიობი, რომელიც სცენაზე გასვლის წინ არ ღელავს, უკვე მსახიობი არ არის-მეთქი...
შეიძლება მსახიობმა ექვსასჯერ ითამაშოს ერთი და იგივე როლი და თუ იგრძნო, რომ სცენაზე გასვლის წინ უკვე აღარ ღელავს, იქ კვდება როგორც მსახიობი-მეთქი...
რომ ღელავ,  ეს კარგია, მთავარია სცენის  შიში არ გქონდეს, პირიქით უნდა გეძახდეს სცენა და გიხაროდეს მასზე თითოეული გასვლა მეთქი...
უხარია...
შიში ნამდვილად არ მაქვს, ერთი სული მაქვს რეპეტიცია როდის დაგვეწყებაო...
ამათ გაუმართლათ – როლები აქვთ...
არ იციან, რა დიდი უბედურებაა მსახიობისთვის, როცა როლები ნაწილდება თეატრში და უროლოდ რჩება...
ერთი სიცოცხლე უთავდებათ მაშინ...
საერთოდაც ერთი სიცოცხლე არ გვაქვს - გინდაც მსახიობი იყავ, გინდაც რეჟისორი...
საოცარი ჯგუფი შემიგროვდა, ასე მგონია გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი... ხო განსხვავებულები არიან, მაგრამ ერთმანეთს ავსებენ და ფერთა მთელ პალიტრას მილაგებენ წინ... ხოდა მერე ჩემზეა უკვე სპექტაკლის დროს რომელ ფერებს ავარჩევ...
ვხვდები, თანდათანობით შემოდიან ამ სამყაროში... ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოვიდენ, ჩემთვის მთვარია რომ ახლა აქ არიან...
მე არ მინდა ვუთხრა - მინდა თვითონ იგრძნონ, თუ რა არის გარდასახვის სიხარული. რომ მოვა წამი თუნდაც სულ რამდენიმე,  როცა დაივიწყებენ  რეალობაში ვინ არიან, მოიცილებენ ყველა მიწიერ პრობლემას და მართლა იმ გმირებად იქცევიან ვისაც თამაშობენ...
და თუ ასეთი წამი არ დადგა, მსახიობები ვერ იქნებიან მაშინ, ყოველთვის  მოყვარულებად დარჩებიან...
ამიტომ  აქვს გრიმს, ტანსაცმელს, რეკვიზიტს,  სცენის გაფორმებას, მხატვრობას უდიდესი მნიშვნელობა...
ერთი რეჟისორის ექსპერიმენტი მახსენდება, - `ოტელო~ ჯინსებში...
ჩავარდა ის სპექტაკლი... იმიტომ,  რომ ოტელოს ჯინსები არ შეიძლებოდა სცმოდა...
იქნებ და ძალიან ბევრს ვითხოვ ამ ბავშვებიდან... მგონი სწორად ვიქცევი... უნდა ბევრი მოთხოვო, რათა მინიმალური მაინც მიიღო...
`დააკაკუნე და გაიღება...~ 
ხანაც ქარი გააღებს დაკეტილს. არ მინდა ქარის გაღებული, ქარის გაღებულს ქარივე დაკეტავს... 
სულ ორი კვირა იქნება, რაც ერთად  ვარ  და ასე მგონია შეიცვალა ეს ხალხი...
ზოგი ამბობს, ადამიანი არ იცვლებაო, თითქოსდა სოკრატეს 2 წლის ბავშვი მოუყვანეს აღსაზრდელად და დაგვიანებულია, ასე უთხრაო...
ეტყობა სოკრატეს მშობლები არ მოსწონდა ამ ბავშვის, კარგად იცნობდა ალბათ...
მე კი მგონია, რომ იცვლება ადამიანი, ისე იცვლება  როგორც დრო, როგორც ფოთოლი, როგორც სხვა ყველაფერი, გააჩნია საით წავა ეს ცვლილება, სიკეთისკენ  და ანგელოზებისკენ, ეშმაკებისაკენ და სკვარამისაკენ...
მთავარი მაინც გარემოა, სად ხდება, რა გარემოში ხდება ადამიანის გაზრდა და ფორმირება...
მაუგლი სანამ მგლებთან იყო, მგელი იყო, ადამიანებთან რომ დაბრუნდა მერე გახდა ადამიანი...
სადღაც წავიკითხე, საინტერესო მოსაზრებაა,  რაც უფრო ახლოს გავიცანი ადამიანები, მით უფრო შემიყვარდა ცხოველებიო... თუმცა მთლად სწორი არ არის...
იმდენი კარგი ადამინია ჩვენს ირგვლივ, იმდენი სიკეთე დადის ჩუმად, თავისთვის, არ  ყვირის, არ ბაქიბუქობს, თუნდაც იმიტომ რომ ანგარებითი სიკეთე, ანუ სიკეთეს უფრო მეტი კარგი მომეზღოსო, სიკეთე არ არის, თუმცა არც ბოროტებაა...
ხოდა დადის ეს სიკეთე ჩუმად, თავისთვის  და სჯაბნის ბოროტებას...
აბა ერთი წამით, რომ წარმოიდგინო  და დედამიწაზე ბოროტებამ აჯობა სიკეთეს, მაშინ მოხდება სწორედ წარღვნა და სოდომ-გორომი...
დააჭერს ვიღაც გამოტვინებული გვამი უბრალო ღილაკს და აიჭრება ცაში ატომურ ქობინიანი რაკეტები. მერე ვიღაც მეორე გამოტვინებული დააჭერს ხელ მის საპასუხოდ სხვა  ღილაკს  და... მრავალწერტილი... დარჩება მერე მრავალწერტილი... ჯერ მრავალწერტილი, მერე წერტილი – ბასტა.

*  *  *

სანამ რეპეტიცია დაიწყება, მეკითხებიან რაღაცეებს...
ქართველი მსახიობებიდან ყველაზე უფრო ვინ მოგწონდათ, ან მოგწონთო...
ეროსი-მეთქი...
ალბათ თქვენ არც სპექტაკლები გინახავთ, არ ფილმებში გიყურებიათ, `ავათარი~ გირჩევნიათ... ამ ადამიანში ერთად იყო თავმოყრილი დიდი ნიჭი, არაჩვეულებრივი ხმა, არაჩვეულებრივი აქტიორული ტალანტი და დიდი სიკეთე,  გინდათ ერთი ამბავი მოგიყვეთ, ჯერ ორამდე დრო გვაქვს-მეთქი...…
კიო-გაუხარდათ...
ერთი სპექტაკლის დროს, მაშინ ეროსი რუსთაველი თეატრში იყო,  გამოირთო შუქი, გაისუსნენ სცენაზე მსახიობები და  დარბაზში მაყურებელი და ამ სიჩუმეში ერთი მსახიობი ამბობს:  `განვაგრძოთ, განვაგრძოთო~. ეროსი ჩუმად პასუხობს: რადიო ხარ შე შობელძაღლოო~.  ეროსის ჩუმი ხმაც კი მთელ დარბაზს ესმოდა, ატყდა ტაში  და სიცილ-ხარხარი თურმე. 
ვთქვათ და ჩვენი სპექტლაკის დროს შუქი გამორთო, თქვენ როგრ მოიქცევით, ბარამს ვეკითხები აბა მალხაზ კაკაბაძეE რას იტყვის, ვთქვათ და შენი რეპლიკაა შემდეგი-მეთქი...
ბარამმა, მალხაზასავით მიპასუხა: ააა, შუქის გაპარვა გვაკლდა სწორედ... სადაა დირექტორი...
მერე რეზიმ უპასუხა: აქა ვარ ბატონო, ამ მინუტში ყოლიფერი იქნება ჩემი ბატონო, შუქი არ მოვა და `დვიჟოკს~ ჩართავთ, ოღონდ თქვენ არ შეწუხდეთ!
ყველანი ვიცინით. გამიკვირდა, მიხარია... ჩემები არიან...
აი ეს უკვე იმპროვიზაციაა  და რაც მთავარია მაყურებელმა არ უნდა იგრძნოს სიყალბე, მაყურებელი იფიქრებს, თითქოს საჭიროა, რომ შუქი ჩამქრალიყო-მეთქი...
რეზიმ კარგი შეგვახსენა, არ ვიცი, სანდოა კი ეს მთავრობა, მართლა რომ ჩაქრეს შუქი, მგონი დვიჟოკი მართლა დაგვჭირდება, დაზღვეულები ვიქნებით-მეთქი  - ჩავინიშნე...
ისევ ეროსიზე მოგიყვებით, სპექტაკლ `ხანუმაში~ ერთხელ აკოფას როლის შემსრულებელი რამაზ ჩხიკვაძე ეკითხება თავადს: `თავადო, ტანგო  იპოვნე?~
ტანგო ეროსის ძაღლს ერქვა, რომელიც ძალიან ყვარებია და დაკარგვია – ეს სინამდვილეში, ხოდა რამაზმა ეს რეალობა სპექტაკლში გადმოუტანა...
ეროსის გაბრაზებულს მიუხლია: `რა ტანგო, რის ტანგო, ბალვან...~
და შემდეგ ჩველებრივ გაგრძელდა სპექტაკლი, მაყურებელი რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდა...
იმპროვიზაცია შეუმჩნეველი უნდა იყოს, უნდა ალამაზებდეს სპექტაკლს, არ უნდა ამოვარდეს საერთო ნახაზიდან, თორემ ყველაფერი ისე ინგრევა როგორც დომინოს ქვები-მეთქი...
თუ რომელიმეს როლი დაავიწყდა,  საერთოდ იცოდეთ აქ მაშველი  ფუნქციას ის ასრულებს, ვინც რეპლიკას ელოდება...
ხედავ რომ პაუზაა, თქვი შენი რეპლიკა და მიანიშნე, რაც უნდა ეტქვა პარტნიორს... თან ეს ისე, რომ  სპექტაკლი არ გაწყდეს... მაყურებელმა  ვერ უნდა იგრძნოს,  რომ მსახიობს რაღაც შეეშალა,  და ამას ვერ იგრძნობს, თუ ერთმანეთს უხერხული არაფრის-მთქმელი ღიმილით არ მიაშტერდებით, უხერხულად არ დაიწყებთ მხრების ჩეჩვას ან უიმე ბოდიში, აქ შემეშალა და თავიდან ვიტყვის თქმას, მოკლედ სპქტაკლის დინამიკა არ უნდა დაირღვეს-მეთქი...
ამასობაში ორი საათიც გახდა:
რეპეტიცია დაიწყო...

*  *  * 


გუჩი რატომღაც სათვალებიან ყმაწვილად წარმომედგინა, დაახლოებით ისეთი, `ბეთჰოვენა~ რომ არის ან `შურიკა~...
ჩვეულებრივი ბიჭია, თითქოსდა არაფრით გამორჩეული, ოღონდ ღრმა, ჭკვიანი  თვალებით
ანუ წერ-მეთქი...
რაღაცას ჩემთვის ვჩხაპნიო... ეს სკოლაში სწავლის დროს დავწერე და ახლა უბრალოდ ბარამს უარი ვერ ვუთხარიო... – დაგვამადლა `პიესა~...
შენც ხო იცი რომ არ ვარგა-მეთქი...
კიო...
ანუ თეატრი გიყვარს-მეთქი...
კიო, ძალიანო, ვაბოდებ თეატრზე, მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვიტყვიო...
არადა თქვა... კაი ტიპია...
ბარამი დგას და იცინის...
მოკლედ შეგიძლია რეპეტიციებს დაესწრო და თუ კიდევ რაიმეს დაწერას გადაწყვეტ შეეცადე ისეთი რამე დაწერო, რაც სხვას არ დაუწერია... თუ კარგი გამოგივიდა და დაიტაცებენ შენს სცენარს, რეჟისორები ეძებენ ახალ  და კარგ სცენარს-მეთქი...
და დრო გაქვს რეპეტიციებზე რომ იარო-მეთქი,  ვკითხე...
იმდენი დრო მაქვს, სად გავფლანგო არ ვიციო...
აიღე მაშინ სცენარი და რეპეტიციას გაყევი, რეპლიკა ვის შეეშლება ან დაავიწყდება ჩაინიშნე-მეთქი...
მოკლედ ბარამის პროტეჟეს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციები შევუთავსე...

*  *  * 

დღეს ტატოსთან ვიყავი თეატრში, კოსტუმებს ვარჩევდი... უკვე დროა სასცენო კოსტუმებსაც შეეჩვიონ...
რომ მოვედი ორი ხდებოდა უკვე...
ინსტიტუტთან პატრულის მანქანა დავინახე...
მწერლები ალბათ დაწერდნენ, გულმა რეჩხი მიყოო...
ჩვენიანს ხო არ იჭერენ ვინმეს...
მეც დავანაწილე ხალხი ჩვენიანებად და არაჩვენიანებად...
პირველი რაც გავიფიქრე, ბარამი იქნება გარეული ამ ამბავში-მეთქი...
დარბაზისკენ მივდივარ, ყველანი არიან, ბარამი და რეზი არ ჩანს...
ნათიას ნამტირალევი თვალები აქვს და ნერვიულობს – ამას რაღაA ჭირს კიდე?!
ნინი შეშფოთებულია...
პირველი ფიქრი რაც გამიევლა, რეზიმ და ბარამმა იჩხუბეს...
ნეტა მის გამო ხომ არ მოხდა ჩხუბი?!
თუმცა გოგოები ამბობდნენ რეზის ვიღაც შეყვარებია, რომელიც მუნჯი იყო და რეზიმ აალაპარაკაო?! მაშინ კი ვიცინე...
რა ხდება-მეთქი...
გოგოები მოყვნენ,  ბარამს და რეზის უჩხუბიათ...
პირველი რაც ვიფიქრე, ცუდადაა საქმე...
მერე გააგრძელეს, ოღონდ ერთმანეთში კი არA სხვა ჯგუფის ბიჭებთან, უფრო სწორად ნათიას  ჯგუფელებთან...
ეს შესვენებაზე ხდებოდა თურმე, ატირებული ნათია მოდიოდა დერეფანში...  ბარამს უთქვამს, რა გატირებსო... ნათიას ტირილით უთქვია, ამ ბიჭმა შემაგინაო... ის ბიჭიც იქვე მოდიოდა სიცილითო... ბარამს უკითხავს, რატო შეაგინეო...  იმ ბიჭს უთქვია, მისთვის არ შემიგინებია, პროსტო შევიგინე ამის დედაცო  და ამ გოგომ თავის თავზე მიიღოო და ვაფშე რა შენი საქმეაო, საერთოდ ამ გოგოს სახელი თუ იციო. ბარამს უთქვია, შენი სახელი ვიცი, ყველი ხარ რუსულადო... იმ ბიჭს უთქვამს წამო აბა გარეთ ვილაპარაკოთო. მერე გასულან საქმის გასარჩევად ინსტიტუტის უკან...  ბარამს რეზი გაყოლია და სხვა ჯგუფელებიც... იმ ბიჭსაც თავისი ჯგუფელები გამოყოლია. იქ უკვე აღარ ვიცით რა ილაპარაკეს, შორიდან კი ვუყურებდით ლამის ჩხუბი ატყდაო. ვასო ძიას რექტორისთვის უთქვამს ეზოში ასეთი რაღაც ხდებაო... რექტორი მაშინვე ეზოში ჩასულა, ამასობაში იქვე პატრულიც გაჩენილა საიდანღაც... მოჩხუბრების წაყვანა ნდომებიათ და რექტორს არ გაუტანებია... ახლა ყველანი რექტორის კაბინეტში არიანო...
ნათიას ვეკითხები და რატო შეიგინა იმ ბიჭმა-მეთქი...
ლექტორმა ცარცისთვის გამაგზავნა, თურმე ის ბიჭი კარს უკან იდგა კარები რო გავაღე აუდიტორიის, მოხვდა... მე რა ვიცოდი თუ იქ იდგაო...
რა-მეთქვა, იმას ხომ არ ვეტყოდი რა ყველაფერი შენ უნდა დაგემართოს-მეთქი...
არიან ასეთი ადამინები, ხიფათი რომ თავისით ეძებს...
არა უშავს, უფრო უარესს ველოდი... კარგია რომ  ერთმანეთში არ იჩხუბეს, მაგრამ მგონი ვიღუპები, ორი მსახიობი მეკარგება, მეც რექტორის კაბინეტში წავედი...
მდივანმა შიდა ტელეფონზე დაურეკა,  რეჟისორს უნდა თქვენი ნახვაო...
თვითონ გამოვიდა, მობრძანდით ქალბატონო დალიო...
ქალბატონო დალი,  როგორ ბრძანდებითო, ერთ-ერთი პატრული მესალმება... ტატოს კლასელი იყო, ვანო...
რა ვიცი, აქამდე არა მიშავდა, ახლა არ ვიცი-მეთქი...
რეზი  და ბარამი და კიდე ორი ბიჭი იდგა მათ გარდა ოთახში...
ბატონო გივი, რეპეტიცია მეწყება და ეს ორი კაცი მჭირდება-მეთქი – ვეუბნები.
აი, თუ დაგითმო პატრულმა ამათი თავი, წაიყვანეთო.
ვანო, არის რაიმე პრობლემა-მეთქი.
ქალბატონო დალი, ჯერ კი არაფერი, მაგრამ შეიძლება ეს პატარა ჩხუბი უფრო დიდ პრობლემაში გადაიზარდოსო...
მერე და შევარიგოთ ეს ხალხი, ჩხუბი ვის არ მოსვლია-მეთქი... 
ხო ყველაზე კარგი ეს იქნება, ოღონდ ხელწერილებიც დაწერონ, რომ მეტს არ იჩხუბებენო, მეორე პატრულმა თქვა...
გივიმ, ახლა სიტყვიერ შეთანხმებასაც იურიდიულად აქვს ძალა  და კაცი თუ კაცობს, უფრო მეტიც ვიდრე ხელმოწერასო...
სტუდენტებს ვეუბნები, თუ შერიგებაა, ხელიც ჩამოართვით ერთმანეთს, ხოდა აქვე მოკვდეს ეს ამბავი-მეთქი...
შევატყვე არც ერთი არ იყო უარზე...
რექტორი გაკვირვებული მიყურებს...


XIII ნაწილის დასასრული

(გაგრძელება იქნება)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს