ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


დუელი და დუელი



                  ნინოს

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

მომავალს ორსულ დღეებს ვუნახავ,
არის ზედმეტი უკვე ხეტებაც,
შენ ახლა ჩემი ყველა სუნთქვა ხარ,
ხშირად ფილტვებში რომ არ მეტევა.

გვტიხრავს ამინდი როგორც შერისხვა,
გაუცხოების თეთრი ტიხარით,
მაგრამ შენ ჩემი ყველა ნერვი ხარ,
რითიც მსურხარ და რითიც მინდიხარ.

ეს მარტი როგორც წესი მოხაზე,
კალენდარია დრო და ჯებირი,
ჩემი კოცნა კი შენს თეთრ ლოყაზე,
ჩნდება წითელა ბატონებივით.

როცა სუსტ ხელებს წელზე მომახვევ,
ძალგიძს რომ სუნთქვა ლექსად დათესო,
შენ ახლა ჩემი ერთი ცოლი ხარ,
მილიონ ქალზე ულამაზესო..

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.



დუელი და დუელი

დროა ოლივერ,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
თორემ შიგნით იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს საკუთარი
წარსულის რენტგენს
და სტრიქონები სასულეში
რჩებიან ასთმად.
დროა ოლივერ,
მოგიხადო ბოდიში რახან,
დროა ოლივერ,
მომიხადო ბოდიში - ორი,
წვიმით ევსება 
დედამიწას ცისფერი ხახა,
ჩვენ კი კვლავ ვდგავართ
ერთმანეთს და ერთმანეთს შორის,
რადგან ჩვენ ორნი, ერთი ვართ და
ვიყავით ასე,
გამოგონილი რომელი ვართ
ვკამათობთ ხშირად,
ვითვლით ნაოჭებს, არტერიებს,
გაწყვეტილ ხაზებს
და ხელის გულზე იკვეთება
აღდგომის კვირა...
დროა ოლივერ, ვაპატიოთ
სულ ყველას რაც კი,
აქამდე გვახსოვს,
როგორც სულში გაჩრილი ბოდვა,
სარკეში ჩანს რომ პიჯვარს ვიწერთ
მარცხნიდან მარჯვნივ,
ჩვენ კი პირიქით ვაკეთებ და
ერთერთი ვცოდავთ -
ჩემო ოლივერ
და ამიტომ შევუნდოთ ყველას,
თორემ დუელი შედგება და
შედგება უმალ,
მაგრამ ჩვენ ერთი თუ დავრჩებით
ცოცხალი მხოლოდ,
მაშინ მეორე რა სინდისით
აუხსნის უფალს -
რომ მართლა დროა,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
ვიბნევი და იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს
საკუთარი წარსულის რენტგენს
სტრიქონები კი სასულეში
მრჩებიან ასთმად...........................



   

            ორი პოეტის ერთი ქუჩა

      [მინდია ცეცხლაძეს (ველურს)]

ქუჩაა ლერმონტოვის და ორი გადაკვეთა
ნაბიჯი ორი ფეხის და ორიც კვარტალია,
ქალაქის დასაწყისში მთლიანი განაკვეთით,
პოეტი იკვეთება, ცხოვრობს და მართალია

დრო არის ისეთი რომ ათასჯერ მდომებია,
ქაოსში გადავარდნა, ახლა კი ასჯერ მინდა
ტკივილის სტრიქონები ჩვენში რომ გროვდებიან,
სახლიდან გაუსვლელად გავცვალოთ ფანჯრებიდან

სანამდის გადაგვაგდებს ეპოქა სამუდამოდ
წარსულში გაფრენილი დღეების შეკონებად,
მანამდის ერთმანეთი გვყავდეს და ვამუღამოთ
ლექსებით თვითმკვლელობა და ვიცი ეგონება

უამრავს უმცირესი, მცირედს კი უამრავი,
ბოროტი ყველა კეთილს, კეთილი ყველა ბოროტს,
ეს მთელი დედამიწაც სტრიქონი თუა რავი,
უბრალოდ წამოვდგეთ და რითმები გავუსწოროთ.

ქალაქის დასაწისში მთლიანი განაკვეთით,
პოეტი იკვეთება, ცხოვრობს და მართალია
ქუჩაა ლერმონტოვის და ორი გადაკვეთა
ნაბიჯიც ორი ფეხის და ორიც კვარტალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები