ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 ივნისი, 2008


მარიამ წიკლაურის საღამო - საგზური ბავშვობისკენ

ბავშვობაში დაბრუნებას ხშირად უშედეგოდ ვცდილობთ, არადა, კარგად თუ დავუფიქრდებით, ის აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე. სწორედ ახლახანს ვიმოგზაურე ბავშვობის ქვეყანაში - მარიამ წიკლაურის დახმარებით.
„წიგნის ზეიმი“ რომელიც 175-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მოაწყვეს, საოცარი პროფესიონალიზმით იყო დადგმული. ფერადი დეკორაციებიც დიდი გემოვნებით შეერჩიათ - ვარსკვლავებით მორთული უღრუბლო ცა, რომელსაც სწორედ ბავშვები აღიქვამენ ყველაზე ჯადოსნურად, წიგნის ფერადი „ქვეყანა“ და ამ ქვეყანაში ერთი დიდი „სახლი“ რომელშიც პატარები ცხოვრობენ და სწავლობენ კითხვისა და ცოდნის სიყვარულს...
სცენარი მარიამ წიკლაურის ჯერაც გამოუცემელი წიგნის მიხედვით იყო შედგენილი, რომელიც ქალბატონ მარიამს ასევე პოეტის, ნინო სადღობელაშვილისთვის (რომელიც ახალგაზრდა მსახიობ ვანო ხუციშვილთან ერთად, ამ ზეიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო) ხელნაწერის სახით გადაუცია. პატარა „მსახიობები“ მთელი მონდომებით თამაშობდნენ, აშკარა იყო რომ მათ პატარა გულებს ეს ლექსები თამაშსა და რეპეტიციებში ნელ-ნელა შეყვარებოდათ.
სკოლის დარბაზი მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სტუმრებით იყო სავსე. საპატიო სტუმრებში იყვნენ მსახიობი ელდინო საღარაძე და საბავშვო მეზღაპრე გუგული ტოგონიძე.
სპექტაკლის დასასრულს მარიამ წიკლაურს პატარებმა წითელი ლენტი გააჭრევინეს და ბავშვობისა და წიგნის ქვეყანაში გადაიყვანეს.
პატარებისგან დაფასება ამქვეყნად ყველაზე დიდი დაფასებაა, რადგან მათ პატარა გულებს ჯერ არ უსწავლიათ ტყუილი და ორპირობა, ისინი მთლიანად განიცდიან სიხარულს და წყენას. ქალბატონი მარიამისთვის ეს სპექტაკლი ამითაც გამორჩეული იყო - პატარებს თვალები სიხარულით უბრწყინავდათ.
იმედია ამ მაგალითს სხვა სკოლებიც მიბაძავენ და წიგნის სიყვარულთან ასე თამაშ-თამაშ დააბრუნებენ ბავშვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები