ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2008


უსათაურო

** *

რაღაცნაირად მიყვარდება ეს გაზაფხული-
თბილი, გულწრფელი სურვილებით,
ცოცხალი მზერით
და თითებს ვიწვდი მისი მწვანე მიმართულებით.
თავადაც ისე მაკვირდება,
თითქოს მისი ნაწილი ვიყო,-
მისი გულიდან ჩამოჭრილი-
ფოთოლივით გამძლე და სადა,
არ მაწუხებდეს ღამეები,
არ ვწერდე ლექსებს,
არ მივტიროდე ჭაობებს და საწუთროს ავდარს;

მაგრამ რადგანაც ფოთოლს ვგავარ-უნდა ვუძლებდე
ავდრებსაც, მზესაც, კალიებსაც, მიყვარდეს უნდა
ყოველი მწვანე გაზაფხული, ყოველი წვიმა,
სიოს ჩურჩული, აპრილების ჩვეული სურდო
და არასოდეს დამავიწყდეს ჩემი წარსული-
მიწის მადლი და შემოდგომის მარადი შიში
და დატოტვილი მდუმარება-ცამდე ასული
და ჩემს ძარღვებში მოთქრიალე გენი და ჯიში.

სანამდე ფოთლის დარდი მაწევს-უფლება არ მაქვს
ეს გაზაფხული გავაწბილო-ასე რომ მომწონს
და პოეზია-გულის შიგნით, ფრთხილად რომ დამაქვს,-
ვენიდან უნდა გადმოდინდეს ფოთლისფერ ლორწოდ.

2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები