ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც  მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი  თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.



თეთრი სევდა...

დაზამთრებულა,თითქმის ძვლამდე ატანს სიცივე,
უკვე ფრთის ქვეშაც ვერ ითბობენ ნისკარტს ჩიტები.
დღეს არაუშავს, ავაზაკ ფიქრს მოიგერიებს-
მაგრამ ღამეებს  ძველებურად ისევ  სჭირდები.

საღამოხანმა შეაყარა  ქალაქს ნამქერი,
ნაფეხურები უპატრონოდ ყრია ქუჩებში.
ღამის ფანტელებს ანგელოზის კვალი დაჰყვება,
მერე ეს თოვლიც ყინულივით ხდება უხეში.

ღამემ ოთახში სიმყუდროვით თვალი მოქანცა,
ცხელი წვეთები მთვარის შუქზე ღაწვებს მილოშნის.
ახლა ტაბლაზე უშენობის დარდი აწყვია-
და თეთრი სევდა ჩავარდნილა წითელ ღვინოში....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები