ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2010


მიწისქვეშა ბოდვები

როცა მე ვდგავარ მეტროში და ზურგით ვეყრდნობი
კარებს, რომელიც იმუქრება: „ნუ მიეყრდნობით”
და გაფრთხილება, ცხადია, რომ მკიდია ფეხზე,
რომელიც ახლა ეყუდება იმავე კარებს,
ჩინურ კეტებით შემოსილი, რაც ქალურ კარეს
და ქალურ პალტოს არ უხდება,  მივდივარ სახლში.

სახლში, რომელშიც უშენდარდო კუთხეც არ დარჩა,
ჩემს ოთახში კი, სამუშაო კუთხის მაგიდას
ჩამოყრდნობია დაჩაგრული კომპიუტერი,
რომელიც შენით მოძალებულს, ფიქრებს კი შველის
დასუსტებული თვალებისთვის პირველი მტერი
რომ არა მყავდეს.

მის ზემოთ კი პლუშის ბეკეკა,
ჩვენი სიმბოლო, ხან მაწყნარებს, ხან ნერვებს მიშლის,
რომლის მარაგიც შემათავდა როგორღაც ისე,
ძლივს ეყო ბოდვით შეგროვებულ სტრიქონებს...
შიმშილს,
ლექსების შიმშილს ვერ მოიკლავ ვერაფრით, ხვდები,
და ზოგჯერ თითქოს ბედნიერი დღეებიც გზარავს...

და ასე, როგორც დაღამდება, თენდება ისე,
დრო გამყავს თრევით, ვმუშაობ თუ ვუყურებ ფილმებს,
კომპიუტერი, ჯამბაზივით გამომყავს ბისზე
და ეს ცხოვრებაც დაემსგავსა ჩანაწერს ფირზე,
რომელსაც ისევ და ისევ და ისევ ახვევენ...
სულის ჭრილობებს, შეახორცდა ძველი სახვევი,
ბედნიერებამ გამოცვლა რომ გადამავიწყა...

როდესაც ვდგავარ მეტროში და ზურგით ვეყრდნობი,
კარებს, რომელსაც აწერია “ნუ მიეყრდნობით”
მე პანიკურად, პანიკურად ვეძლევი ფიქრებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები