ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო კახიძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


უსულო წარსულის პირისპირ

….....................................................................................

ვიწროა ქუჩა, მოაქვს ოჯახი,
მცივა და ვუყურებ დედას, რომელსაც
თბილი თვალები აქვს, ვუყურებ ბიჭს,
რომელსაც ხელში ფანქრები უჭირავს და
ვუყურებ გოგოს, რომელსაც ჩემსავით ცივა.
იგი არ უცქერს დედას, თუმც დედა უყვარს,
მამა ბერავს ბუშტს და გოგონას აწვდის,
მამის სულია ბუშტში, ცალი ლოყა და
ჟანგბადი, რომელიც დააკლდა..
დასაშვებია გათოვდეს…
ვსეირნობთ.. შენ ვერ ამჩნევ ოჯახს,
რომელიც მოაქვს ქუჩას,
რადგან მე მიცქერ... მე მეწვის თმები,
რომლებიც შენს ფილტვებში იწყებიან.
ისე ღრმად სუნთქავ, გეკითხები -
ხომ არ დაგავიწყდები, რომ გადაწყვიტო
ქვიშის ყოველი ნამცეცის დათვლა სანაპიროზე???
შენ მპასუხობ რომ არ გიყვარს მათემატიკა,
ვიცინით, ვსუნთქავთ... ვიცინით, ვსუნთქავთ...
- ცივა - მეუბნები და მიხარია,
ჯერჯერობით წვიმს... ჩვენ გვიყვარს წვიმა, რადგან
ეს ის დროა როცა ერთი ქოლგის ქვეშ
ვდგავართ და მე თმები მეწვის...
დასაშვებია გათოვდეს…
შიგადაშიგ ორსულად ვარ დროგამოშვებაზე და
ყოველ სამ წუთში საუბარს ვმშობიარობ,
შენ ბევრი შვილის მამა, მაიძულებ საუბრის აბორტს,
რომელიც კოცნით შემოიფარგლება,
ამ დროს მე მეკარგება დრო, შეგრძნება, ქოლგა და
ვერ აღვიქვამ თუ რამდენ ხანს გრძელდება ეგ პროცესი...
ჩვენ ორი შენი შვილი გვყავს,
ერთი მხატვარია, მეორე ჩვეულებრივი...
მხატვარს საპნის ბუშტების გაბერვა ხიბლავს,
ჩვეულებრივს - მხატვარი...
შენ ტელეფონის მავთულები გაგყავს ქალაქში,
ამბობ რომ, ბევრი კარგი ამბები რომლებიც
იმ ხაზებში მოძრაობს შენი დამსახურებით ვრცელდება,
ამბობ რომ ბევრი სიტყვა კიდევ ორჭოფობს
და სულის შებერვა უნდა, ისევე როგორც გადაყვლეფილ
მუხლს, რათა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას
ბედნიერად მივიდეს...
მაგრამ გავიწყდება ის, რომ შენი გარდაცვალებაც
ტელეფონით გამაგებინეს...
ახლა კი ვფიქრობ, ვფიქრობ და
ვუყურებ ნახატს, რომელიც შენმა შვილმა დახატა,
სადაც არის ქუჩა, სადაც ქუჩას მოაქვს ოჯახი...
დასაშვებია გათოვდეს...
არა, თოვს საშინლად... მე მცივა...…

............................................................................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები