ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2010


იყო და არა იყო რა (გაგრძელება)


მამაჩემმა უამრავი ზღაპარი იცის, მაგრამ რატომღაც მე ის უფრო მომწონს, როცა  თავის ამბავს გვიყვება, ხელი როგორ დაკარგა ბავშვობაში. ”მამი, მამი, მიდი ის მოგვიყე, ხელი როგორ დაკარგე პატარაობისას”, ვეხვეწები მამაჩემს და თან იმ ხელზე დავყურებ, რომელზეც მტევანი არა აქვს. ”ეჰ, ნეტა რა არის შვილო, მოსაყოლი!,.. სევდიანად ოხრავს მამაჩემი და ცდილობს, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოს.”მიდი, რა, მიდი!.. ”  არ ვეშვები მამაჩემს. ...”როგორ დავკარგე, შვილო და პატარა ვიყავი, ვიქნებოდი ეგრე, ხუთი-ექვსი  წლისა, ბიძაჩემიაანთ  ბალკომზე ვიჯექი, სვეტს ზურგით  ვიყავი მიყრდნობილი და ფეხები წინა მქონდა გაშლილი. ეს ბალღები, ოლა და მიტუა ერთიმეორეს დასდევენ ამ ბალკომზე, აღარ მახსოვს, რომელი წამომედო ფეხებზე, უკან გადავვარდი და იმ ერთი მეტრის სიმაღლიდან დაცემულმა ეს მარჯვენა ხელი დავკარი პირიან ქვაზე თუ პალოზე, რომელზეც ბიძაჩემი ბოჩოლას აბამდა ხოლმე. ინდე ეგ გამიხდა მიზეზი, რო ამაყენეს, ამ მარჯვენა ხელს ვეღარ ვატოკებდი, არ ვიცი, ამომვარდა თუ მეღრძო. იმ ცხონებულმა მამაჩემმა მაშინვე ადუაანთ ნიკოსთან გამაქცია, ექიმბაში კაცი იყო, უშვილ-ძიროდ გადაირა, აძაღლდეს იმის სული, რაც მე იმას ვაგინებ ხოლმე!...  როგორც კი დამხედა, თქო,  ამ ბალღს ძარღვები აქ აყრილი და უნდა შევუხვიოვო. რაღაცა ფესვები დამადო იმ საფლავძაღლმა ამ ხელზე და იგრე მაგრად შამიკრა ნაჭრით, რო სისხლი ჩამეკეტა. მაშინვე გამიშავდა ხელი. წაიყვანეთ ეს ბალღი და ორ კვირამდე არ გაუხსნათო, უთხრა მამაჩემს. წამომიყვანა იმ ცხონებულმა, მაგრამ მოვდივართ და ვაი იმ წამოსვლას, ცეცხლი მიკიდია ხელზე, მთელი მკლავი დამიმძიმდა, მექავება და მჭამს გზაში, მაგრამ ვინ მომხსნის, ორ კვირამდე თითი არ დაადოთო, იმ სულაყეფებულმა ეგრე დაგვარიგა. სახლში რო მოვედით, ტირილით ვიკლებ იქაურობას. მთელი ღამე არა მძინებია. არც იმ ღამესა მძინებია და არც იმ ორ კვირას, როგორც იმ სულძაღლმა დაგვარიგა. ეს ხელი სუ გამიშავდა და გრძნობა დაკარგა. ერთი კვირის მერე ვგრძნობ, რო შიგ რაღაცეები ფუტფუტებენ. არ გინდა გაუძლო ამ ერთი ბეწო ბალღმა. ვგიჟდები ტკივილისაგან. ვეხვეწები მამაჩემს, მომხსენით, მტკივა-მეთქი, მაგრამ გაჯიუტდა ის საცოდავიც და არა და არ მომხსნა. მერე ამ ხელმა აყროლება რო დაიწყო, დედაჩემმა თავში წაიშინა ხელი, ვაიმე, ბალღსა ვღუპავთო და თელავში ლინეიკით წამიყვანა ექიმთან. რო მივედით, ღმერთმა აცხონოს ის კაცი, დედაჩემს ჩხუბი დაუწყო, ქალო, ეს რა გიქნიათ, ბალღი რაზე დაგიღუპიათო. იმ ცხონებულმა რო მომხსნა ეს სახვევი, მომწყდა ხელი და დაბლა ჩავარდა, მატლები მეხვია ხელზე. გამწარებული გავუსხლტი ხელიდან იმ უბედურ დედაჩემს და გარეთ გამოვვარდი და მეც არ ვიცოდი, საით გავრბოდი. საწყალი დედაჩემი ტირილით გამომიდგა და ხალხს ეხვეწებოდა, ეს ბალღი დაიჭირეთ არსად გადავარდესო. აი ეგრე იყო შვილო ჩემი ხელის ამბავი.
მე ამ მონაყოლზე გული უსაზღვრო სევდით მევსება, რადგან თვალნათლივ ვხედავ, როგორ გარბის უცხო ქალაქის ქვაფენილიან  ქუჩაში ხუთი-ექვსი წლის სოფლურად ჩაცმული, ატირებული, ცალხელა ბალღი, უკან როგორ მისდევს, ასევე სოფლურად ჩაცმული,  გრძელკაბიანი, ატირებული ქალი, რომელსაც თავშალი მხრებზე ჩამოვარდნია და, თმაგაწეწილი, საშველად  უხმობს უცნობ გამვლელ-გამომვლელთ. ისინი კი წამიერად ჩერდებიან და, გაოცებულები, გულგრილ  მზერას აყოლებენ ამ სანახაობას და  მხრებს იჩეჩავენ.
- აბა, ის როგორღა იყო, კოლექტივში რო შეგიყვანეს? არ ვეშვები მამაჩემს.
- როგორ იყო და,  მაშინ დასაქორწილებელი ვიყავი. ღორი გვყავდა იმდენი რო, რო გამოვუშვებდით,ჩოლოყაანთ გალავნის უკან სუ დააბნელებდა ხოლმე. აღარცკი ვთვლიდით. ცხონებული მამაჩემი ძაან მეღორე კაცი იყო და ჩვენც სუ უკან დავდევდით, სკოლა მაშინ არ იყო და წიგნი, რო რამე გვესწავლა. წერა-კითხვა ხეებზე ვისწავლე, დანით ამოვჭრიდით ხოლმე ასოებს და იგრე ვკითხულობდით. ჰოდა, მეცა და ეს ჩემი ძმებიც, მამაჩემთან ერთად, ამ ღორს დავდევდით და იმითა ვცხოვრობდით. მერე ეს თავადები რო გააქციეს და კომუნისტები მოვიდნენ, კოლექტივში უნდა შემოხვიდეთო, გვაძალებდნენ. ჩვენც აბა, რაღას ვიზამდით,  თავს ზევით ძალა არა გვქონდა,  გვინდოდა თუ არ გვინდოდა, შეგვრეკეს  კოლექტივში და ვისაც რა ებადა, საქონელი, საბძელი თუ გომური, ისიც წაართვეს და კოლექტივში გააერთიანეს. მარტო სამოცდათექვსმეტი სული ორი წლის ტახი წამართვეს, დედაღორებს და წვრილ ბურვაკობას აღარა ვთვლი, და შერეკეს კოლექტივში. ტახები იყვნენ, როგორც კამეჩები, სუ დაგრეხილი ეშვები ჰქონდათ და რო დადიოდნენ, დედამიწას აზანზარებდნენ. ერთი დასაკლავი  ტახი და ერთი გოჭებიანი ღორიღა  დაგვიტოვეს ამდენ ხალხს, დანარჩენი სუ წაიყვანეს და წაასხეს. მარტო მე კი არა, მთელ სოფელს ეგრე უყვეს, ზოგს ცხენი წაართვეს, ზოგს ძროხა, ზოგს კამეჩი და ხარი, ცხვარზე ხო აღარ არის ლაპარაკი. ამ ჩვენ ზაქარას დიდძალი ცხვარი ჰყავდა, სუ წაართვეს, ერთი აღარ დაუტოვეს, შეაშინეს ამხელა კაცი, ჭკვიანად იყავი თორე, მაგ წისქვილსაც წაგართმევთ და თან ციმბირიც უკან დაგრჩებაო, დაემუქრნენ. რაღას იზამდა ეს კაციც. მეორე პირ ცოლ-შვილს იყო მოკიდებული, ცოლი ახალი შერთული ჰყავდა, მგონი ბალღი ჯერაც არა ყავდათ. გააჩუმეს, გააჩუმეს და წაართვეს. ბაქა იყო ხოხობაანთი, ძაან ყოჩაღი და მშრომელი კაცი, კამეჩები ჰყავდა და ბლომათ ცხვარი, სუ თავისი ოფლითა ჰქონდა, რაცა ჰქონდა, წვრილშვილი კაცი იყო, დღე და ღამე მუშაობდნენ და ჰქონდათ კიდეც. ამ კაცს თუ რამე ებადა, ყველაფერი წაართვეს, წურბელა ხარო. აბა, რა წურბელა იყო, შვილო, სუ თავისი ოფლითა ჰქონდა, რაცა ჰქონდა. ორი ბიჭი ჰყავდა, უკვე კარგა წამოზრდილები, მამას ედგნენ გვერდში და დღე და ღამე შრომობდნენ, იმ კაცს რო ყველაფერი წაართვეს, გამოიყვანა ეს ბალღები, აქეთ-იქიდან ამოიყენა და უთხრა, ამათაც ხო ვერ წამართმევთ თქვე მათხოვრებო და არაკაცებოვო და ენდე ეგ სიტყვები გაუხდა იმ კაცს ბედისწერად. ისევ ჩვენმა სოფლელებმა შეუდგინეს აქტი, მთავრობასა ლანძღავსო, უჩივლეს და ცოლშვიალიანდ ციმბრში უკრეს თავი. ცოლი და ბალღები კი დაბრუნდნენ, როცა სასაჯელი მოიხადეს, მაგრამ ის საცოდავი იქ მოკვდა და უცხო მიწაში დამარხეს, თურმე იქაც იგეთი ყოჩაღად იქცეოდა, რო იქაურობა სუ ედემის ბაღად უქცევია!.
-აბა, ის როგორღა იყო, ქალაქში რო იყავით და სასადილოში ქაქუცაზე იმღერე? არ ვასვენებ მამაჩემს.
- ერთი დროა, შვილო, ქალაქში ვართ მე, დოხტურის ბიჭი შაქრო, კურკა და  შათირიაანთ კოკება, მაშინ ჯერ კოლექტიობა არ იყო, ქაქუცა ახალი გაქცეულია საზღვარგარეთ, იმის ხსენებაზე ხალხს აპატიმრებენ და ციხეში იჭერენ. ქალაქში ვართ და ღორები გვყავს დაკლული, ხორცსა ვყიდით, ერთ კვირაზე მეტია იქა ვართ. აბა, მთელი დღე ფეხზე ვდგევართ, ხალხს ვისტუმრებთ და საღამოთი სასადილოში შევდივართ, რო პური ვჭამოთ. ერთხელაც, ვსხედვართ, ვქეიფობთ და ნელ-ნელა ვსვამთ, არსად არ გვეჩქარება, ეს ფული ბლომადა გვაქვს და სასმელ-საჭმელი. ცოტა რო შევთვერით, გადამეკიდა ეს კურკა, მიდი კოლავ, ძმაო, იმღერე, რა ხანია, შენი ხმა აღარ გამიგიაო. იმდენი, იმდენი, რო მომაწადინებინა. დავიწყე ეს სიმღერა, ქაქუცაზე, ვმღერი, რაც ძალი და ღონე მაქ, მთელი ის უცხო ხალხი, ვინც სასადილოში იყო,  გაისუსა და სულგანაბული მისმენს, მეცა ეს დოხტურის ბიჭი, შაქრო, პირზე მაფარებს ხელს, გაჩუმდი,  შე ღმერთძაღლო, დაგვიჭერენ და გაგვაციმბირებენო, მაგრამ მე რაღა გამაჩუმებს, დაგვიჭირონ და დაგვიჭირონ მეთქი, უკვე ფეხებზე მკიდია და ხანჯალზე მიდევს ხელი.  ეს კოკება და კურკაც ჩემ მხარეზე არიან, აიჯაგრნენ, ფეხები არავინ მოგვაჭამოს, ვინც კაი ბიჭია, მოვიდეს და დაგვიჭირისო, ამ შაქროს კი ფერი აღარ ადევს სახეზე. ეს სიმღერა რო  ჩავამთავრე,  აქეთ-იქიდან ბიჭები დგებიან და მეძახიან,  შენ კი გენაცვალე, ძმაოო., დღესაც არ ვიცი, ვინ იყვნენ, ერთი სუფრიდან ადგნენ კარგა სუფთად ჩაცმული ბიჭები, ეტყობოდათ, რო უბრალო ხალხი არ იყვნენ, ჩვენ სუფრასთან მოვიდნენ, ის ერთი გადამეხვია, შავ წვერულვაშა ბიჭი იყო, გადამკოცნა, შენ კი გენაცვალე გულშიო, იმ დანარჩენებმა ზედ სტოლზე ბლომად ფული დამიყარეს და საჩქაროდ გავიდნენ გარეთ. ჩვენ არხეინად გავაგრძელეთ სუფრა, მაგრამ რა ვიცი, ბედი იყო თუ რა, ჩვენ დასაჭერად არავინ არ მოსულა.
- მამი, როგორი კაცი იყო ქაქუცა?
- ძაან ვაჟკაცი ბიჭი იყო, შვილო,მაღალ-მაღალი, ტანწერწეტა და მხარბეჭიანი. ის რო ყველიერში თამაშობას დაიწყებდა, მიწაზე კი არ აკარებდა ფეხს,  ჰაერში ცეკვავდა. გაქცეულ ცხენზე ეგრე შეხტებოდა, ღვინით სავსე ჭიქა რო დგმოდა თავზე, ერთი წვეთს არ დაღვრიდა. ლამაზი და მოხდენილი ბიჭი იყო, განიერი მხრები და იგეთი წვრილი  წელი ჰქონდა, ხელს შემოაწვდენდა კაცი. ის რო თეთრ ჩოხას ჩაიცმევდა, იმ ლამაზ წელზე  ვერცხლის ქამარ-ხანჯალს შემოირტყამდა, მერე თეთრ ცხენზე შეჯდებოდა და ვინმეს ქორწილში გამოჩნდებოდა, აი, ის იყო საყურებელი, თუ იყო! მთელი ხალხი ნეფე-პატარძალს კი აღარ აქცევდა ყურადღებას, იმისკენა რჩებოდა თვალი!... იმისი ჩოხით რამდენმა ბიჭმა დაიწერა ჯვარი, ვინ დათვლის!...მამაჩემს სადმე რო შეხვდებოდა, ძაან  ზრდილობიანად მოიკითხავდა ხოლმე, მიხა ძიავ, როგორა ხარ,  რამე ხო არ გიჭირსო. ცოლიც ძაან კარგი ქალი ჰყავდა, ის ბალღები კი არ მახსოვს კარგად, მაშინ ისინი სხვაგან იზრდებოდნენ და თან ჩემზე ბევრით პატარები იყვნენ. კუჭეჭაანთ ივანესთან ძმაკაცობდა, მეზობლები იყვნენ, სუ ერთად იყვნენ დღე და ღამე, ჩაჯდებოდა დუქნის წინ გლეხებთან და ათას რამეს ეკითხებოდა. ეგ რო ტყეში გავიდა თავის ბიჭებთან ერთად, მე მაშინ ღორი მყავდა თხილიწყაროზე, მაგისი ნაბინავარი ეხლაც არის, თვალდახუჭული მივალ, სოფლიდან რაღაც-რაღაცეები ამქონდა ხოლმე ჩუმად, რო არავის დავენახე, ღორიც ბევრჯერ დამიკვლია და გამიტანებია, რო ბიჭები მშივრები არა ყოფილიყვნენ... ძაან ცუდი დრო იყო, სუყველგან შპიონი იყო ჩასაფრებული. მატანშიც ბევრი ჰყავდათ გაშვებული და ბევრი უდანაშაულოც დაღუპეს იმათ ენაზე. რასაც მაგაზე ცუდსა ლაპარაკობენ, სუყველაფერი ტყუილია, კომუნისტების მოგონილია, რო ხალხს შეაჯავრონ.

შაქრო პაპა, როგორც კი შეთვრება, მაშინვე ტირილს იწყებს.მე ვბრაზდები და დედაჩემს ვებუზღუნები, ნეტა ამ კაცს რაღა ატირებს,  კაცის ტირილი ვის გაუგია მეთქი. ეჰ, შვილო, რაც მაგას უბედურება აქვს გადატანილი, ან ცოცხალი როგორ არის, ნერვები აქვს გაფუჭებული და პატარა რამეზე ტირისო, მიხსნის დედაჩემი და უკვე მერამდენედ მოყოლილ ამბავს კიდევ ერთხელ მიყვება. მაგას პატარა ძმა ჰყოლია, მიხა, თავისი გაზრდილი, ქაქუცასთან გაქცეულა, საქართველოს გასათავისუფლებლად უნდა ვიბრძოლოვო, ის საცოდავი დაუჭერიათ და თელავში, გიგოს გორზე დაუხვრეტიათ ეს პატარა თვრამეტი წლის ბალღი. კინაღამ გაგიჟებულა პაპაშენი, ძმის სიკვდილი რო გაუგია.წასულა თელავში, იმ სასაფლაოს ყარაული მოუსყიდია, ღამით თავისი ძმა ამოუთხრია საფლავიდან, ხანჯლით შუაზე გადაუჭრია, ხურჯინში ჩაუდვია და ფეხით წაუღია ეგრე, გომბორზე გადავლით, თავის სოფელში. მაშინ  თოლენჯში ცხოვრობდა პაპაშენი. მიუტანია, საბძელში გაუთხრია საფლავი და იქ დაუმარხია თავისი ძმა. არავის არა სცოდნია ქვეყანაზე. ჩემ ბალღობას მახსოვს, ეს კაცი შევიდოდა ამ საბძელში, ერთ პატარა, ოდნავ ამობურცულ ადგილზე სუფრას გაშლიდა, სანთელს აანთებდა და ტიროდა ხოლმე. ერთხელ ვკითხე, მამი, რა არის, რას აკეთებ მეთქი და მაშინ მითხრა, მამა გენაცვალოს, არავის უთხრა, თორე შეიძლება აქედან სუ გაგვასახლონ, აქ ბიძაშენია დამარხული, ქაქუცას თაობაზე დახვრიტეს  და იმის ბედობაზე ვშლი სუფრასო, როცა მე აღარ ვიქნები, ეს ადგილი სუფთად იქონიეთ და სანთელი აუნთეთ ხოლმეო.


იმა მთაზე, თოვლიანზე,
იმა მთაზედაო,
ია დავთესე, ვარლალო,
ვარდი მოსულაო.

მერამდენედ ვისმენ ამ სიმღერას. ზიზილოს  მყუდროზე გამოუტანია პატეფონი და მთელი სოფლის გასაგონად ამღერებს. შემოდგომის თბილი დღეა, მზე აცხუნებს  ქალის ნარნარი ხმით ავსებულ ხვნეშიაანთ ეზო-კარში.

ირმისა ჯოგი, ვარლალო,
ირმისა ჯოგიო,
შემოჩვეულა ვარლალო,
შემოჩვეულაო,

ამ ეზოს იქით, სულ ორიოდე ნაბიჯზე, ჩოლოყაანთ ციხე-გალავნის  ბურჯები და მაღალი კედლებია  წამომართული. ამ კედლების იქით კი, ძალიან შორს, თოვლით დაფარული მთები მოჩანს.  მე მთებისკენ ვიყურები და თავს ძალას ვატან, მის ფერდობზე ირმები დავინახო, მაგრამ არაფერი მოჩანს, მერე ვცდილობ წარმოვიდგინო, ია-ვარდის ბაღს შესეული ირმების ჯოგი, აი, ისეთი ირმებისა, ჩვენს ფარდაგზე როა ამოქარგული, დიდი, ქორბუდა ირემი, მშვიდად რომ წევს და არაფრისაც არ ეშინია. კიდევ სად მინახავს ირემი? ჩემი ძმის წიგნში, ლამაზი დიდრქებიანი  ირემი, მთიდან რომ სევდიანი თვალებით იყურება. და აი ახლა, მთელი ჯოგი ირმებისა იისა და ვარდის ბაღს შესევია, გარშემო ატეხილი ტყეებია და ისინი მშვიდად ძოვენ ვარდსა და იას. უეცრად თოფი დაიქუხებს და ერთი ქორბუდა მოცელილი დაეცემა მიწაზე. ალბათ ლამაზი თვალებიდან ცრემლი მოსდის. და მე ვხედავ ახალგაზრდა, თოფ-იარაღში ჩამჯდარ კაცს, ხანჯალამოღებული რომ ხტება ბუჩქებიდან და უჩვეულო ყიჟინით მირბის წაქცეული ირმისკენ, დანარჩენი ირმები დამფრთხალები გარბიან უბედურების ადგილიდან. მაგრამ კიდევ ჩამესმის თოფის საშინელი ხმა და ხანჯალმოღერებული და თოფით მკერდშენგრეული  სასიძო  ირმის გვერდით  ეცემა.

სტყორცნა სასიძომ, ვარლალო,
სტყორცნა სასიძომო,
სტყორცნა სასიძომ, ვარლალო,
მოკლა ირემიო.
სტყორცნა სიმამრმა , ვარლალო,
სტყორცნა სიმამარმაო.
სტყორცნა სიმამარმა, ვარლალო,
მოკლა სასიძოოოვო!

ზიზილოსთან მივდივარ და ვეკითხები: ”ზიზილო, ზიზილო, რატომ მოკლა იმ კაცმა სასიძო?
- შემთხვევით გაუვარდა, ჩიკო, თოფი, ძალით კი არ უნდოდა...
- მერე, ვეღარ გაააცოცხლა, მთაში ხო ხარობს უკვდავების ბალახი... თაგვმა ხო გააცოცხლა ასფურცელა?!...
- ეგ ზღაპრებში ხდება, ჩიკო, ზღაპრებში... სევდიანი ხმით მეუბნება ზიზილო და გულში მიკრავს.
-ჰო... ზღაპრებში, ზღაპრებში!... ვიმეორებ ჩემთვის და მაინცა და მაინც ბოლომდის ვერა ვხვდები, რას ნიშნავს ზღაპარი.
        თუმცა ეს სევდიანი ამბავი მალე მთავრდება და ახლა ბადრი მთვარით განათებული არე-მარე იშლება ჩემს თვალ წინ:

რა კარგია არე-მარე,
ჩვენ დაგვყურებს ბადრი მთვარე, ჰე, ჰე ჰე,ჰე!...

ვიღაც,  ჩემი წარმოდგენით, წრიპა ტანის,  საკმაოდ გადაბერებული და თავმოტვლეპილი კაცი  ახალგაზრდა ქალს უმღერის  სუსტი და უსიამოვნო ხმით. მინდა, ეს ხმა, რაც შეიძლება მალე, შეწყდეს და ქალმა თავისი ნარნარი ხმით პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს ეს კრუხის პალო..და აი, ქალის ის ხმა, წეღან სასიმამროს მიერ მოკლული სასიძოს სევდიანი ამბით რომ გვიმძიმებდა გულს, ახლა იმ თავმოტვლეპილ კაცს  სიმღერით პასუხობს:

პირველი სიყვარული ხარ,
ეს ნუ დაგავიწდება,
მე შენ ცოლად არ გამოგყვე,
თავი არ მომიკვდება, ჰე, ჰე ჰე ჰე!...



    ”იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა ერთი მზეთუნახავი ქალი”- უკვე მერამდენედ ჰყვება მამაჩემი  ამ ზღაპარს, მაგრამ  მე მისი ხმა აღარ მესმის, ჩემი ოცნების სამყაროს კარიბჭე იხსნება და მეც, ამ ზღაპრის  პატარა გმირად ქცეული, თავისუფლად დავრბივარ ზღაპრული ციხე-დარბაზის პალატებსა თუ ფერიებით დასახლებულ წალკოტში. ეს მზეთუნახავი ქალი ჩემი ბიძაშვილია, ხოლო ეს თვალშეუდგამი და ენით აღუწერელი სილამაზის კოშკი, რომელშიც მზეთუნახავი ცხოვრობს, ბიძაჩემის ჩუქურთმებით  შემკული, მოაჯირიანი, ორსართულიანი სახლია.
მზეთუნახავი კიბეზე ჩამოდის, წაბლის გულივით თეთრ ხელს  კიბის სახელურზე მოასრიალებს, წაბლისფერი დალალები კოჭებამდე ჩამოუშლია,  დიდრონ  შუბლზე პაწია კულულები უთამაშებს, გადაკალმული წარბები  მოუღუშავს, ლამაზი თვალები ძირს დაუხრია და  ბაგემოკუმული მძიმედ ეშვება კიბეზე. უკან მამის მრისხანე, მუქარით სავსე  ხმა მოჰყვება, კიბის თავზე მეფე დგა, უფრო სწორად მეფის გვირგვინით თავშემკობილი ბიძაჩემი, საოცრად ლამაზი და მკაცრი სახის ნაკვთები აქვს და მისი ხმა მეხის გრგვინვასავით გაისმის შიშით დაზაფრულ ეზოში. შეპასუხებას ვერავინ უბედავს, მის ყვირილზე სიცოცხლე ჩერდება სასახლეში: ”ამ ხანჯლით დაგაჭრი თავს, კაცს პირობა მივეცი და ეხლა თავი  გინდა მომჭრა?!...” კიბის თავზე, ხელმწიფის გვერდით, კუდიანი დედაბერიც გადმოდგარა, ზილფებს აცანცარებს და სისინებს: ”ეს  ვინ მიგდია, ჩემო მაზლო, დედ-მამის ჭკუაზე არ გაიაროს?.. კარგი ბიჭიაო, ქა, ყოჩაღიო, იმათთანა მაცხოვრებელი მთელ სოფელში არავინ არიო!..ოთხ-ოთხი კამეჩი ჰყოლიათ, სარწყავი თავითვინ ვენახში, მარტო თორმეტი ჩალის სკამი გაუხსნელი ჰქონიათ სხვენში, წყალი ბალკომქვეშ, იგეთი მდიდრები ყოფილან!... მე ცუდ მოვინდომებ ჩემი მაზლიშვილებითვინა?!...რა დროჲ სიყვარულია ქა?...”
საქმე იმაშია, რომ მზეთუნახავი უცხო ქვეყნის უფლისწულზე უნდა გაათხოვონ, ის კი უარს ამბობს, მამას ეჯიუტება, რადგან ვიღაც მწყემსი თუ მეწისქვილე შეჰყვარებია. მე მათი ტრფიალების მოწმე ვარ. არა, ის მწყემსი და მეწისქვილე კი არ არის, ქალაქელი ლამაზი, ტანწერწეტა ბიჭია, რომელიც ყველასგან გამორჩეული  და მეტად  ალერსიანია. საოცარი ღიმილი აქვს, მომაჯადოებელი, დიდრონი, შავი თვალები ბედნიერებისგან უელავს  და ყოველთვის სუფთად და ლამაზად არის ჩაცმული, ქალაქურად, სოფლელები ასე შნოიანად ვერ იცვამენ და არც მასავით თამამები და მიმზიდველები არიან. შავი კულულები დიდრონ შუბლზე ჩამოშლია და მის მარილიან სახეს უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს, ულვაში ახალი ამოყრილი აქვს, ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლისაა, მე კი ძალიან დიდი მგონია, ჩემი ფერია ჩვიდმეტი წლისაა და უზომოდ არის შეყვარებული. სულ ერთად არიან, სულ ერთად დასეირნობენ, სულ ხელი ხელსა აქვთ ჩაკიდული, სულ ერთიმეორეს შესციცინებენ. ღმერთო, რა ბედნიერები და გახარებულები არიან, ძალიან მალე ქორწილიც ექნებათ, მაგრამ აი გამოჩნდა კუდიანი დედაბრის მიერ  ნაქები ”უფლისწული” და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ქალაქელ სასიძოს ახლოს აღარ იკარებენ, ჩემი ფერია რამდენიმე ხნით სადღაც გაუჩინარდა,. როცა დაბრუნდა, ნამტირალევი და დაღონებული იყო.
მე იქვე, კიბესთან ვთამაშობ ბავშვებთან. ბიძაჩემის სიტყვებზე  სისხლი მეყინება ძარღვებში. ჩემი ბიძაშვილი მეცოდება, ცოტასღა მიკლია, ავღრიალდე, თამაშს თავს ვანებებ და მისკენ გავრბივარ, მუხლებზე ვეხვევი და სულმოუთქმელად ვეუბნები:” ნუ გეშინია, არასად  გაგიშვებ, ჩვენსა წაგიყვან და იქ დაგმალავ!..” მას  ხელში ავყავარ,გულში მიხუტებს და  მეჩურჩულება: ”წავიდეთ, დავიმალოთ!..”
ამაო გამოდგა ჩემი  თავგამოდება. ვერსად  დავმალე ჩემი მზეთუნახავი. კუდიანმა დედაბერმა გვაჯობა ყველას. მისმა ნაქებმა, უცხო ხელმწიფის შვილმა მოგვტაცა მისი თავი და შეყვარებული მეწისქვილე  პირშიჩალაგამოვლებული დატოვა. ჩვენმა საბრალო  მზეთუნახვმა კი, სასახლის ნაცვლად, ქოხში ამოყო თავი და მთელი ცხოვრება, ცოლქმრულ უღელს დამორჩილებული, სიღარიბესა და უსიყვარულობას ებრძოდა ნაქებ ”უფლისწულთან” ერთად. შემდეგ, შემდეგ კი,  დროის ულმობელმა სვლამ მისი სილამაზეც გააქრო და წელში საცოდავად მოხარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს