მთელი რიტუალი იყო ბიძაჩემის საძილედ მზადება. ოჯახში ყველა ჩერდებოდა და მის ”ძილად განდგომის” სამზადისს ადევნებდა თვალყურს. ჯერ ხელ-პირსა და ფეხებს დაიბანდა საგულდაგულოდ, მერე ხილაბანდს წაიკრავდა თავზე, პირჯვარს გადაიწერდა, რაღაცას წაიბურტყუნებდა თავისთვის და, ასე თეთრებში გამოწყობილი, უსიტყვოდ მიაშურებდა თავის საწოლს, რომელსაც აკრძალული ნივთივით მთელი დღის განმავლობაში ვერავინ მიეკარებოდა. უხმოდ ჩაწვებოდა და ცოტა ხნის შემდეგ მშვიდ სუნთქვას ამოუშვებდა.რაც უნდა სიცხე-პაპანაქება ან ყინვა ყოფილიყო, სულ თეთრ-საცვალ პერანგში გამოწყობილს ეძინა.
წრიაპა ტასია ჩხიკვს მეძახის. გამხდარია და იმიტომ ვეძახიო, სიცილით პასუხობს დედაჩემს, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ასე დამცინის ტასია. არადა ჩხიკვი თვითონ არის, გამხდარი და ქერამწუტა, ერთი თვალი თაფლისფერი აქვს, მეორე კი ლურჯი, უფრო სწორად, ჭროღა. თვითონ სიცილად არა ჰკმარა თავისი სიმახინჯე, ერთი დედისაა, მეორე მამისაო, ამბობს სიცილით. ზიზილო მოფერებით ჩიკოს მეძახის, ესეც წრიაპას ბაძავს, ვითომ ჩხიკოვო, მაგრამ ამის დაძახილი არა მწყინს, იმიტომ, რომ როცა მეძახის მართლა მოფერებით მეძახის, ტასია კი ჯიბრით მეძხის და სულ ცდილობს გამაღიზიანოს. მეზობლის ბავშვებიც, როცა ჩხუბი მოგვდის, ჩხიკვს მეძახიან და ჩემი ძმებიც ჩხიკვს მეძახიან. დედაჩემი ყველას უწყრება, ჩხიკვს ნუ ეძახით, პირს ნუ აჩვევთ, თორემ რომ გაიზრდება, მაშინაც ჩხიკვს დაუძახებენო.
მშვენიერ გასართობს მივაგენით. თოვლს ვაგუნდავებთ და სერგიას ცოლს საკვამურიდან ვუყრით ბუხარში, რომელიც გზის პირას, ზედ მიწის პირზეა ამოშვერილი. ჩავყრით გუნდებს და იქიდან გავრბივართ. გამოვარდება გაცეცხლებული სერგიას ცოლი და რაც ძალი და ღონე აქვს ხმამაღლა იწყევლება. ჩვენ ცოტა მოშორებით ვთამაშობთ, ვგუნდაობთ, ვსრიალებთ მოლიპულ გზაზე და ყურადღებასაც არ ვაქცევთ სერგიას ცოლის წიწინს. როგორც კი სახლში შევა, ისევ მივცვივდებით ბუხარს და ვყრით გუნდებს შიგ. ისევ გამოვარდება ეს გამწარებული ქალი, მაგრამ ვერავის ვერ იჭერს ბუხართან, რომ, როგორც თვითონ იძახის, შიგ ჩააყუდოს და თვალები ამოსწვას და ხელები მოამტვრიოს. რა ჩვენი ბრალია, საკვამური ისე მაცდურად გამოიყურება, რომ გზაზე თუ გაივლი სურვილი გიჩნდება შიგ ჩაიხედო. თუ ყურადღებას დაძაბავ, შეიძლება იქიდან ამომავალი ხმა და საუბარიც კი გაიგონო. ერთი ორჯერ შიგაც ჩაგვიყვირია და გავქცეულვართ. გამოვარდნილა ის საცოდავო ქალი და უწყევლია, გული მოუოხებია წყევლით:” რას მიშვრებიან ხალხო, ეს გასაწყვეტები, ბალღებს გული დაუსკდათ შიშისაგან, აქედან ხო არ უნდა გადამასახლონ, სადღა წავიდე, შიშით ცეცხლი ვეღარ ამინთია, თოვლით გამივსეს ბუხარი, ეგრე სასაცილოდ აგდება ოჯახისა არ გამიგია, სერგიამ რომ მოასწროს ხო ის არის კედეც, ბუხარში ჩააყუდებს თავით, აგრემც დედებს არ გაზრდიან ვინც ჩვენ ეგრე სასაცილოდ გვიგდებს.
ოთახი ღამის ბინდბუნდშია ჩაძირული. ლამპის მკრთალი შუქი ძლივს სწვდება ბნელში მიყურსულ კედლებს. ირგვლივ სულის მზაფრავი, უცნაური ჩრდილები ირევიან. ახლა რომ ვიღაცამ დაიძახოს და მითხრან, აბა , გაიხედე, ვინ არისო, ალბათ გული გამისკდება შიშისაგან. თუმცა ამ განცდას მალე ვივიწყებ და მთელი ყურადღება ლამპაზე გადამაქვს. ის ხის მაღალ “შკაფზეა” შემოდგმული, სკამი თუ არ მივიდგი, ისე ვერ მივწვდები.ეს ლამპა ბიძაჩემს ომიდან წამოუღია, მსგავსი არსად მინახავს, ალბათ შუშისაა, რადგან მთლიანად გამჭვირვალეა, შიგ, თითქმის პირამდე, ნავთი ასხია და მოკეცილი მოყვითალო ფერის ფითილი ზღვაში გაწოლილ გველეშაპივით მოჩანს. პაწია, სამფეხა ზედადგარშია ჩაკიდული და გაოცებული ვარ იმის გამო, რომ ეს ნივთი ჩემსავით არავის აინტერესებს. ერთი სული მაქვს, ხელში როგორმე ჩავიგდო, მაგრამ ახლოს ვინ მიმიშვებს? ყურში ძალუაჩემის მკაცრი და მჭექარე ხმა ჩამესმის: ” ხელი არ ახლო, არ შეიძლება!...” ერთხელ, როცა სუყველა სხვაგან გავიგულე და მარტო დავრჩი ოთახში, მაშინვე სკამი მივარბენინე ”შკაფთან”, ზედ ავედი და ის-ის იყო ხელი უნდა შემეხო სანატრელი ნივთისთვის, რომ ძალუაჩემმა შემომისწრო და ასეთ ყოფაში რომ დამინახა, თავზარდამცემი ხმით დამჭექა: ”ხელი არ ახლო, არ შეიძლება!” შიშისაგან მუხლები ამიკანკალდა და ტაბურეტკიდან იატაკზე მოვადინე ზღართანი . მიკვირდა, რომ ჩემი ბიძაშვილები არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ ამ სანუკვარი ნივთის მიმართ. ლამპასთან ახლოს ერთი ჩარჩოში ჩასმული პატარა ნახატია ჩამოკიდებული. ორი პატარა, ბოყოჭა, ფეხებტოტყა ბავშვი თუ ქალი, მხრებზე რომ ფრთები გამოსხმიათ, ერთიმეორეს ეჩურჩულება და თან ღიმილით გაცისკროვნებულ თვალებს ჩვენსკენ მოაპყრობენ. რამდენი ხანია ეს სურათი კედელზე ჰკიდია და როცა ლამპა ანათებს უცნაურად ბრჭყვიალებს მის შუქზე. ძალუაჩემს როცა ვკითხე ვინა არიან მეთქი, მიპასუხა, ანგელოზები არიანო. მე, ცოტა არ იყოს, შემაშინა ამ პასუხმა და მას მერე ამ ორ არსებას მოკრძალებით ვუცქერდი. მეგონა, ღამით, როცა ვიძინებდით, სურათიდან გადმოდიოდნენ და თავზე დაგვფრენდნენ. რამდენჯერ დამინახია ღამით, პატარა ფრთების ფარფატით როგორ გადაუფრენიათ ჩემთვის თავზე და კედელში გაუჩინარებულან.
- ბიჯო, გაიგე, ის შენი გლახო ნათლია რო ქურაში ჩავარდნილა? მეკითხება ბებერძია და გამომცდელად მაკვირდება. - არა, არ გამიგია. ვპასუხობ და მიკვირს, რო დედაჩემს არაფერი უთქვამს. - ჰო, ჩავარდნილა და ძლივს გადაურჩენიათ, ორივე ფეხი დასწვია. რატომღაც სიცილით მეუბნება ბიძაჩემი ამ სამწუხარო ამბავს. მე გლახო ნათლია მეცოდება და დედაჩემთან გავრბივარ. - დედი, გაიგე, გლახო ნათლიას ფეხები დასწვია? - რას ამბობ, ბიჭო, ეგ ვიღამ გითხრა? - ვინა და ბებრძიამ!... ვპასუხობ და თან გულში ვნატრობ, მალე გათენდეს, რო სანახავად წავიდე. - ფეხები არა ისა... მეუბნება დედაჩემი, გაგეხუმრებოდა, შვილო, ბიძაშენი, ბაბლო ნათლია ამ საღამოს აქ იყო, ხო იტყოდა, ეგრეაო. - ალბათ დაავიწყდა, კაცო, ვებუზღუნები დედაჩემს, რადგან უკმაყოფილო ვარ მისი პასუხით, ბებერძიამ მითხრა, დაიწვაო... წავიდეთ, ვნახოთ!... დედაჩემი ყურადღებას აღარ მაქცევს, თავის საქმეს უბრუნდება. მე კი გული მეკუმშება, გლახო ნათლია მეცოდება, ვფიქრობ, როგორღა ივლის დამწვარი ფეხებით და მოუთმენლად ველოდები იმ ღამის გათენებას, რომ მეორე დილით სუ სირბილით წავიდე და მე თვითონ ვნახო. ირიჟრაჟა თუ არა, გამოვძვერი ლოგინიდან, ზაფხული იყო და გარეთ, ბალკომზე გვეძინა სუყველას. ჩემი ძმები მშვიდად სუნთქავენ, დედაჩემსაც სძინავს. ეგრევე, ნიფხავ-პერანგიანი და ფეხშიშველი ფეხაკრეფით გამოვედი ეზოდან და სირბილით დავეშვი გლახო ნათლიაანთკენ. გარეთაც კაცის ჭაჭანება არ არის. მივრბივარ და თან მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, ნეტა როგორ იქნება გლახო ნათლია. ჩვენიდან იმათ სახლამდე ნახევარი საათი მაინც უნდა იარო, სოფლის ბოლოში უნდა ჩახვიდე. მივრბივარ ქუჩაში, აქა-იქ ძროხები და კამეჩემები გამოსულან და ვიღაც იძახის, გამორეკეთ საქონელი, რაღას უყურებთო. სულ აქასქასებული მივედი გლახო ნათლიაანთა და მივუკაკუნე კარებზე. გამოიხედა ბაბლო ნათლიამ. რო დამინახა, თავში ხელი შემოიკრა, ბიჭო, ამ დილა ადრიან აქ ვინ გამოგიშვა ან ეგრე ფეხშიშველი რათ წამოხვედი, რო ფეხი რამეს დასცე და იტკინო, მე კი ვეკითხები, გლახო ნათლიდედა როგორ არის, ფეხები როგორ აქვს მეთქი, რა ფეხებიო, რა და ქურაში რო ჩავარდა და დაიწვა მეთქი. ვინ გითხრა, იმ ჩემი ცოდვით სავსემ, ან დედაშენს ჭკუა სადა ჰქონდა რო ამ დილა ადრიან მაგის გასაგებად აქ გამოგაგზავნაო., ვასო ძიამ მითხრა მეთქი ვეუბნები,. ბაბლო ნათლიას ეღიმება და თან თავს აქნევს სინანულით, ვასო იმასა და გაუხმეს თავიო. ეს საცვლებიანი გლახო ნათლიაც გამოფრატუნდა ჩვენ ლაპარაკზე, რა ფეხები, რის ფეხები, საღსალამათი მოდის კაცი, ეტყობა, ჩვენი ლაპარაკი მოისმინა და სიცილით მეუბნება, მაშ ვასომ გითხრა, ფეხები დაიწვაო, ოი, ეგ ღმერთძაღლი, ეს რამ მოაფიქრებინა და ეს ერთი ბეწო ბალღი ამ დილა ადრიან აქ გამოგაგზავნესო, მიდი, ქალო, ამ ბალღს მურაბა აჭამე, გლახო ნათლია რო ეგრე ჰყვარებიაო, მე კი გაოცებული ვუყურებ და ვეკითხები, მაშ გლახო ნათლიდედ, ფეხები არ დაგიწვია მეთქი, ის კი ცინის, იცინის და მეუბნება, ნათლიდედა არა ვარ, შე შამქნელძაღლო, შენა, ნათლიმამა მაინც დამიძახე!... ოი, შენ რა გითხარ, როგორ გამაცინე ამ დილა ადრიანო. ახლა არ იკითხავთ, რა ამბავი დატრიალდა ჩვენასა. დედაჩემი რო ადგა და ვერც ლოგინში დამინახა და ვერც ეზოში მიპოვა, გასკდომია გული, ბალღი გაქრა სახლიდან, მეზობლებო, მიშველეთო, შეყარა ქვეყანა. მეძებენ მაგრამ რას მიპოვიან, სულ გადააქოთეს თურმე იქაურობა, მე კი ამ დროს გლახო ”ნათლიდედასთან” ვჭორაობ და თან ბლის მურაბას შევექცევი. სახლში ერთი ალიაქოთია ატეხილი, თავს იკლავს დედაჩემი, ხმამაღლა ტირის და ვეღარ ამშვიდებენ, ვაიმე შვილო, სადა ხარ, დედა მოგიკვდესო, ჯერ ერთი წელი არ არის ერთი შვილი დავმარხე და ახლა მეორე გამიხდა სატირალიო. მგელი ხომ არ ჩამოვიდა ტყიდან და ბალღი გაიყვანაო, ეს აზრი იმიტომ გაუჩნდათ, რომ გაზაფხულის პირზე, სახლის უკან მგელი დასდევდა გოჭს დასაჭერად. ზოგი ტყეში გავარდა, ზოგი ვენახისკენ, ეკითხებიან ვინც ამ დილაუთენია გზაში შეხვდებათ, ეგეთ-ეგეთი ბალღი ხომ არ შეგხვედრიათო, ეგ უბედურები, ეგღა უნდათო, იძახიან თურმე, სახლიდან ბალღი გაქრა, უეჭველად მგელი ჩამოვიდა ტყიდან და იმან წაიყვანაო. არის ერთი აურზაური და აყალმაყალი ჩვენს ეზოში, თან დედაჩემს ამშვიდებენ, ნუ ტირიხარ, გამოჩნდებაო. მერე დედაჩემს მოსვლია აზრად, წუხელ რო ლაპარაკობდა, გლახო ნათლიას ფეხები დაუწვია... იქნებ... იქ ...წავიდა, ქა!... მერე ხმამაღლა დაუძახია, წუხელ ეგრე ლაპარაკობდა, აბა, ვინმე გაგზავნეთ, იქაცა ნახეთო!... მეორე ლამბაქი ამოვჭამე და ახლა ჩაის ადუღებასაც ველოდები, მესამე ლამბაქს მივაყოლო, რომ გარედან აფორიაქებული კაცის ძახილი მოისმა, გლახო, გარეთ გამოიხედიო. გავიდა გლახო ნათლია და ვიღაცას ეუბნება, ჰო, კაცო, აქ არის, კიდეც არ გამიკვირდა, დედამ როგორ გამოუშვა ეგრე გაუთენებელზე მეთქი. გავიხედე და რასა ვხედავ, გლახო ნათლია სოსია ძიას შემოუძღვა ოთახში, ოი, შე შობელძაღლო, შენი გულისთვის ქვეყანაა შეყრილი, დედაშენი თავს იკლავს, შენ კი აქ შენი ყველაყისას მიირთმევ, წამო, წამოხირდი სახლშიო. არა, ჯერ ჩაი უნდა დავლიო მეთქი, ჩაის მოგცემ მე შენ, ეხლავე ადექი და წამოდიო, დამავლო ხელი, კისერზე დამისვა და სუ სირბილით წამომიყვანა სახლში. ეზოში თავშეყრილმა მეზობლებმა შორიდნვე დამინახეს და მოჰყვნენ ძახილს, მოჰყავს, მოჰყავსო. იმდენ ხალხში თმაგაწეწილი დედაჩემი დავინახე, რომელიც ხელებს ჩემკენ იწვდიდა და ფეხზე წამოდგომას ვეღარ ახერხებდა . ეს ამბავი მთელ სოფელს მოედო და ყველა, ვინც კი შემხვდება, სიცილით მეკითხება, ”გლახო ნათლიდედა” როგორა გყავსო.
ამ ამბის მერე დაიწყო ჩემი დევნა-შევიწროება, ერთი წუთითაც აღარ მაშორებენ თვალს, კიდევ სადმე არ გაიპაროსო. მე კი სულ გარეთ გასვლაზე და ნათესავების მონახულებაზე ვოცნებობ. მინდა წავიდე, მაგალითად, ვალენტა ნათლიაანთა და ეთერა ნათლიაანთა. ჩემი ძმა რომ დაიღუპა, თითქმის მთელი წელიწადი, დედაჩემი ცუდად იყო, თან ჩემი და დაიბადა და ჩემთვის ვიღას ეცალა. თავისუფლად დავდიოდი აღმა-დაღმა. ვალენტა ნათლიამ რამდენჯერ გამაბანა და ბესიკას ტანსაცმელი ჩამაცვა. ეთერა ნათლიამაც ბევრჯერ გამაბანა და საჭმელიც მაჭამა. ისე თბილად და კარგად მექცეოდნენ, სულ მინდოდა იმათთან ვყოფილიყავი, მიყვარდა ხევგაღმა გასვლა, ჩემს მამიდაშვილებთან. სახლში წასვლა აღარ მაგონდებოდა. მოვიდოდა ჩემი ერთერთი ძმა და სულ ჯიკავ-ჯიკავით მივყავდი სახლში. თუ ეთერასთან და ტასიკოსთან ვიყავი, როგორც კი თავს დავიმარტოხელებდი, იმ წუთას გარეთ ვიპარებოდი, რომ თავისუფლად მეტანტალა, მთელი სოფლისთვის შემომევლო. უცნაური ქალია ეს ძალუაჩემი. სადაც დამინახავს, ქექილს მიქრობს. მაშინვე მკვახედ, ხმამაღლა მეუბნება, აქ რას აკეთებ? აბა, ეხლავე სახლში მოუსვი, დედაშენი რა ხანია გეძებს. მე ერთს დავუბღვერ და სახლში მივიძურწები. დედი, ვეუბნები დედაჩემს, ინდე ეგ თუშის ქალი ჩვენსა აღარ მოუშვა!... რათა შვილო? უკვირს დედაჩემს და იცინის. იმიტომ, რომ სუ დამჭყივის და დამკივის, საცა შემხვდება. დედაჩემი ახლა უფრო მეტად იცინის და ძალუაჩემთან ამბავი მიაქვს, ეს ბიჭი რაზე გამიბრაზეო და სიტყვა-სიტყვით ეუბნება ჩემს მონაყოლს. თუშის ქალი კი იცინის, იცინის ბჟირდება სიცილით. მე ვიცი მაგისი, ისევ მემუქრება, კიდევ ვნახო სადმე უპატრონოდ დადიოდეს!... რა უნდა თითის სიგრძე ბალღს, რო უპატრონოდ დატანტალებს გზაზე?... მეშინია, ვინმემ არა სცემოს, ან მანქანა არ დაეჯახოს!... ეგ უბედურება გინდათ კიდევ?... - ხვთისიავ, აბა, როგორ იყო, გლახუაანთა რო წახვედი? ღიმილით მეკითხება ბიძაჩემი და მეხვეწება, კიდევ ერთხელ მოვუყვე ვინ იცის მერამდენედ მოყოლილი ამბავი. - ძაან კარგად იყო, ვპასუხობ, სიცილით და თან ეჭვი მღრღნის, მართლა მეკითხება თუ დამცინის. - მიდი, ძიავ, მომიყე, მართლა მაინტერესებს, ხო იცი, როგორი ხათრი მაქ გლახუასი!... ეშმაკურად უცინის თვალები ბიძაჩემს. - როგორ იყო და... ბებერძიამ მითხრა, ის შენი გლახო ნათლია რო ქურაში ჩავარდნილა და ფეხები დაუწვია, ეგრე უნდა, რო არა ნახავო. ჰოდა, მეც ავდექი და წავედი, რო მივედი, კარებზე დავაკაკუნე და რო გამიღეს, ვკითხე, გლახო ნათლიდედა როგორ არის, ფეხები როგორ აქვს მეთქი. ბიძაჩემი იცინის, იცინის კვდება სიცილით. ეს კაცი ჯერ ეგრე გაცინებული არ მინახავს. - მერე, რა გითხრა, იმ შენმა გლახო ”ნათლიდედამ”? სიცილი არ შეუწყვეტია, ისე მეკითხება ბიძაჩემი. - რა ფეხებიო? მკითხა და მეც ვუთხარი, ვასო ძიამ მითხრა, რო ქურაში ჩავარდნილხარ და ფეხები დაგიწვია მეთქი. - მერე გლახუამ რაღა გითხრა?... სიცილით ბჟირდება ბიძაჩემი. - რა მითხრა და ბევრი იცინა და ბაბლო ნათლიას დაუძახა, მოდი ქალო, ამ ბალღს მურაბა აჭამე და სახლში გაუშვიო!...
ეს ბიძაჩემი მიხაკოც დიდი ვინმეა. მალმალე მეტყვის, მიდი მჩხავანა კატის სიმღერა იმღერეო და თან იცინის. მეც დიდი ხვეწნა არა მჭირდება და თუშურ კილოზე ვმღერი: ”ერთ სახლში თაგვები მომრავლდნენ, სახლის პატრონმა კატა გაიჩინა და ა.შ. ვმღერი რომელიღაც სახელმძღვანელოში ამოკითხულ პატარა ამბავს კატაზე. ბიძაჩემი ჩემს სიმღერაზე სიცილით კვდება, მე კი მიკვირს, ნეტა რა აცინებს მეთქი. ჩემი ძმა მეუბნება, შე უბედურო, ვის გაუგია, მოთხრობას რომ მღერიხარ, ლექსი მაინც იყოსო... მე ვერაფრით ვერ ვაცნობიერებ, რომ მოთხრობაა და სიმღერა მართლა არ შეიძლება.
გიორგობა დღეა, გვიანი შემოდგომა. დამასტურის ეზო სავსეა მლოცველებით. მოჩარდახული ურმები ერთიმეორეში არეულან სალოცავის პატარა და დაფერდებულ ეზოში, ჩვენ ყველას დავასწარით და კრამიტით გადახურულ ქოხს შევაფარეთ თავი. მამაჩემმა ორი დღით ადრე დაიჭირა თადარიგი, დიდძალი შეშა მოხერგა ქოხთან, რომ ღამე არ დავცივდეთ, რადგან შესაძლებელია, თოვლიც კი მოვიდეს. ჩვენი ქოხის უკან, სალოცავის სიახლოვეს, ყველაზე დიდი და კარგი ქოხი მონა დედაკაცებს დაუკავებიათ, ათი-თხუთმეტი ქალი იქნება, ყველას თეთრი ტანსაცმელი აცვია და თითები ბეჭდებითა აქვთ სავსე, ყელზე ჯვრები ჰკიდიათ. მლოცველები მოკრძალებით უვლიან გვერდს მათ სამყოფს, იმიტომ რომ იქ სხვანაირი ანგელოზი ტრიალებს, ყველა ფრთხილობს, მათი მყუდროება არ დაარღვიოს. გარშემო უამრავი კოცონი ანთია, თანდათან ბინდდება. ამაღამ საკლავი ღამეს უთევს სალოცავს და ხვალ დილით, როგორც კი მზე ამოვა, დაკლავენ. ყველა ქოხთან უაზარმაზარი ცეცხლი ანთია. ცეცხლის ენები ასწლოვანი ხის კენწეროებამდე ადის და უამრავი ნაპერწკალი იფრქვევა სიბნელეში. საყდრის თეთრი კედლები ცეცხლის შუქზე ელავს და ცახცახებს, უამრავი სანთელი იწვის მის კართან თუ შიგნით. რა საოცარი სანახაობაა! თბილი საღამოა, გაყვითლებული ფოთლები ჩუმი შრიალით ჩამოდის დაბლა. ყველგან ტაშფანდურაა გაჩაღებული. თავიანთ სუფრებზე ერთიმეორეს ეპატიჟებიან შემთვრალი მლოცველები. ბალღები იქაურობას ვიკლებთ, დავრბივართ, დამალობანას ვთამაშობთ, ვხმალაობთ, ათასნაირ გასართობს ვიგონებთ. პრახოიაანთ სუფრასთან დიდი დაკვრაა გაჩაღებული. რამდენი ხანია დაუღალავად ცეკვავს ზიზიკო. გაუშლია ხელები და ტრიალებს წრეში. გარშემო ხალხია შემოჯარული და ტაშის დაკვრით ახელებს დაუღალავ მოცეკვავეს. გვერდით დიდი კოცონი ანთია და ცეცხლის შუქზე ისე მოჩანს, თითქოს გორგოლაჭებით დაქროდეს.”ტაში, ტაში, ტაში!... ყვირიან მაყურებლები და აღგზნებული თვალებით შეჰყურებენ მის ნიავქარივით ქროლვას. ”კარგი, გოგო, არ დაიღალე!... სხვებსაც დააცადე თამაშობა!... ეძახიან აქეთ-იქიდან, მაგრამ ზიზიკოს რა დაღლის. ”ეჰ, რატო არ უნდა ითამაშოს, გენაცვალე, ბედნიერი ქალია, სუყველა კარგად და ჯანმრთელადა ჰყავს, სუყველა სახეზე ჰყავს და გახარებული ქალია!... სევდიანად ამბობს დედაჩემი. მონა ქალების ქოხთან უზარმაზარი ცეცხლი ანთია. ცეცხლის შუქზე თეთრად ელვარებს მათი ტანსაცმელი. გაშლილ სუფრას შემოსხდომიან და, უფროს-უმცრობის კვალობაზე, ერთიმეორეს მოკრძალებით ეპყრობიან. მონა ქალების კრებულში ოტიაანთ ქალი, მარია ბაბო ანუ როგორც სოფელში ეძახიან, ცხრაკაბა პირველობს. ის განაგებს სუფრასაც და ყველა აუცილებელი წესის დაცვასაც, რაც სალოცავის სუფრაზეა მიღებული. თეთრი თავშალი ახვევია და სასტიკი გამომეტყველებით აკვირდება ყველაფერს. ყველა მოკრძალებით ექცევა, ყველა მას ეკითხება, როგორ მოიქცეს. ისიც დაუღალავად და მთელი გულმოდგინებთ აძლევს თადარიგს ყველაფერს და მკაცრი ხმით იძლევა განკარგულებებს. მინდა, როგორმე მათ სუფრასთან მივიდე და მოვისმინო, რას ამბობენ, მაგრამ ცხრაკაბასი მეშინია. ბავშვებს განსაკუთრებით გვეშინია ამ დედაკაცისა. დედაჩემი მეუბნება, რომ დამასტურს მონადა ჰყავს დჭერილი. საოცრად მკაცრი სახე აქვს, შუბლი და წაწვეტებული ნიკაპი თავშალში აქვს შებურული, მგონია რომ სახე რკინისგან აქვს გამოძერწილი, თუ გვერდით გაგიარა და შეგამჩნია, მისი მზერა გსუსხავს. სულ გაბრაზებული, სალოცავივით მრისხანე და შეურიგებელი მგონია. ქუჩაშიც კი რომ ვხედავთ, ვემალებით. გვგონია, უკმეხად გვეტყვის რაღაცას. მე მაინც ვძლევ ჩემს შიშს და ფეხაკრეფით ვუახლოვდები მონა დედაკაცების სუფრას. სათო ნათლია მამჩნევს, ხელს მიქნევს და ჩურჩხლის ნაჭერს მთავაზობს. მეც ვთამამდები და ვუახლოვდები ხატის მონა ქალების სუფრას. სათო ნათლიასთან ვცუცქდები და ყურადღებით ვუსმენ მათ საუბარს. ძირეულიაანთ დათიკო პაპა მთელი მონდომებით ჰყვება რაღაცას: ” აი, წინ იშვერს მარცხენა ხელს, ორ თითს იკეცავს და სამ თითზე ამბობს, სამი ანგელოზი მყავს მამისაგან მოგზავნილი, სუ უკან დამდევენ და მაფრთხილებენ, მაგრამ სახეს არ მაჩვენებენ. იმ დღესაც ვენახში მივდიოდი, ერთი ანგელოზი ორღობეში წამომეწია და ვენახის კარებამდე მომყვა. ვგრძნობ, რომ გვერდზე მომდევს და ყურში რაღაცეებს მეჩურჩულება. მოვიხედე და გაქრა. დედაკაცები პირჯვარს იწერენ და შიშითა და ინტერესით უსმენენ. -მერე, ნათლიმამ, დანარჩენები სადღა არიან, როდის გეცხადებიან ხოლმე? ეკითხება სათო ნათლია. -ხან ტყეში, დამდევენ, ხან სამწყემსოში, ერთი წუთითაც არ მანებებენ თავს. - ბეეეშ!... ეეეშ!.. სლოკინ-ბოყინი ამოსდის მალ-მალ რომელიღაც მონაქალს პირიდან და სხვები კი გამალებით იწერენ პირჯვარს. - ბეეე!... ცხვარივით ბღავის სხვა თეთრკაბიანი დედაკაცი. - დიდება მამასა და დედასა !.. პირჯვრისწერით პასუხობს რომელიღაც მონა ქალი. უეცრად ცხრაკაბა მამჩნევს და პირგამეხებული წამოიძახებს: - ამ ბალღს აქ რა უნდა, ვინ მოიყვანა? არ იცით, რო აქ სხვანაირი ანგელოზი ბრუნავს? თითქოს უჩინარმა ქარიშხალმა გადაირა სუფრაზე. ყველა გაისუსა. - წადი, გაიქეცი, თავშემოგევლე!... ყურში მეჩურჩულება სათო ნათლია და მეც დაელდიანებული და დამუნჯებული, მორჩილად გავრბივარ დედაჩემთან. ცოტა ხნის შემდეგ მონა ქალების სუფრიდან ”იავნანას” საოცარი ჰანგები მოდის ჩვენს სუფრასთან:
იავნანა, იავნანა, იავნანა, ნანინაო. დაიძინე, დედოფალო უგალობე ანგელოზო, ანგელოზო, ანგელოზო, ანგელოზო, უფლისაო.
მონა ქალები ღვთისმშობლის მიძინებას უგალობენ. მთავარ ხმას ანია მამიდა ამბობს, ბადალი არა ჰყავს სიმღერაში, დანარჩენები ბანს აძლევენ. ახლო-მახლო სუფრებზე ხალხი ჩუმდება და მონაქალების სიმღერას უსმენს, მაგრამ სიმღერა უსაშველოდ გრძელდება და ვიღაც იძახის : ანია გაილახა და უხილავი ძალა ამღერებსო, მონა ქალები გაჩუმებულები არიან, მარტო ანიაღა მღერის, სახეში ხელებს ურტყამენ და შეშფოთებულები ყურში ჩასძახიან: ”ანი, ანი, აბა, გონზე მოდი, ქალოოო! მაგრამ ანიას არაფერი ეყურება. მთელი ხალხი მონა ქალების სადგომს აწყდება, წევს თმაგაშლილი ანია თეთრად შემოსილი ქალების შუაში და, ამქვეყნიურობას მოწყვეტილი, გულამომჯდარი მღერის. ცხრაკაბა და სხვა მონა ქალები, შეშინებულები, პირჯვარს სწერენ, შუბლსა და გულმუცელზე ვერცხლის პატარა ჯვრებს ადებენ, ხელ-ფეხს უზელენ და უფალს ეხვეწებიან, დაასვენოს, მაგრამ ამაოა მათი მცდელობა. ბოლოს სიმღერა წყდება და ანიას გული მისდის, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობა. ზოგიერთებს უკვე მკვდარიც ჰგონიათ და იცრემლებიან, მაგრამ ხმამაღლა ტირილს ვერ ბედავენ, ცხრაკაბასი ეშინიათ, რომელიც ქორივით დასტრიალებს გულწასულს და მკაცრად ამბობს, ტირილი არ გაბედოთ, ანგელოზი არ გაარისხოთო. სუყველას მოიშორებს, ანიას გულსაკიდ, ვერცხლის ჯვარს შეახებს შუბლზე, თან ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვება, ცოტა ხნის შემდეგ ანია შეტოკდება, შუბლი ჭირის ოფლით აქვს დაცვარული, ერთს ამოიძახებს მისუსტებული და სიქაგამოცლილი: ”დავიღალე, დეედავ!...” ცრაკაბა შვებით ამოისუნთქებს, ოფლს მოსწმენდს და საოცარი მზრუნველობით ეუბნება, დაისვენე, შე საცოდაო, დაისვენე, ქალები ანიას საბანს აფარებენ და კვალავ სუფრას უბრუნდებიან, რომ იფხიზლონ და ღამე გაათენონ. ანია მამიდა ხშირად ამბობს, ღვთიური დაავადება მაქვსო, ღვთიშვილებმა მონად დამიჭირეს და ვენაცვალე იმათ დიდ ძალას, ეგრე ადვილი არ არის იმათი მონობიდან თავის დახსნა,
ლუა პაპა უცნაური კაცია. იშვიათად მოდის მამაჩემთან. ჩვენები ამბობენ წმინდა კაციაო. ეგენი მამაპაპით ლაშარის წმინდა გიორგის ხეიბრები არიან, უხილავი ძალისაგან ილახება, სანთელზე მკითხაობს და ანგელოზისგან შეტყობინება აქვს. როცა ჩვენთან მოდის, სახლში არ შემოდის, ანგელოზი მიშლის შიგნით შემოსვლას, ვაითუ უსუფთაოდ იყოთო, თუ მოხდა და როგორმე შემოვიდა, ილახება და უხილავი ძალა ალაპარეკებს. ზამთარ-ზაფხულ, თავზე ხილაბანდი თუ ჩაბალახი ახვევია და სულ ცხენით დადის. შვილიშვილებთან როცა მოდის, აუცილებლად შემოივლის ჩვენთან. დედაჩემმა თქვა, ამ კაცმა წინასწარ იცოდა, რა უბედურებაც გველოდა, გაგვაფრთხილა კიდეც, მაგრამ მამაშენი იგეთი ჯიუტი კაცია, არავისი არა სჯერაო. როგორ გაგაფრთხილათ მეთქი- ვეკითხები დედაჩემს. როგორ და ის ბალღი სანამ მომიკვდებოდა, გაზაფულის პირზე სამხთო გადავიხადეთ. ამ ჩვენ კაცს ერთი თოფი ჰქონდა. ის თოფი ვიღაცა ქისტისთვის მიეცა და სამღთოსთვის ცხვარი გამოერთმივნა. საკლავის დასაკლავად და სუფრის საკურთხებლად ლუა მოვიყვანეთ, სანთელი რო აანთო და პირჯვარი გადაიწერა, ამ კაცს უხილავმა ძალამ კანკალი დააწყებინა და გალახა. მოუბრუნდა ჩვენ კაცს და ეუბნება, უხილავი ძალა საყვედურს გეუბნება, იუდით ნაყიდი საკლავი რად მინდა, რატო შენი შრომით ნაყიდი არ შემომწირეო. ამ ჩვენმა კაცმა კიდე უპასუხა, მიდი, შენ თავის დროზე დაკალი, ფერმიდან ბიჭები უნდა მომივიდნენ და კაი პური უნდა ვჭამოთო. მაშინვე გულში არ მესიამოვნა, მაგრამ შიშით ხმას როგორ ამოვიღებდი. მერე სუფრა გავშალე და დასალოცად მივიპატიჟე, სანთელი აანთო თუ არა, ტირილი დაიწყო და გვეუბნება, შვილო, ძალიან ფრთხილად იყავით, დიდი უბედურება და ცრემლი გელოდებათო, მერე ადგა ეს კაცი, გარეთ გავიდა, ერთი პატარა ფიცარი შემოიტანა, ზედ დაწვა, მთლად დაპატარავდა იმ ფიცრის ზომაზე, გულხელი დაიკრიფა და გონება დაკარგა. როცა გონზე მოვიდა, ვკითხე, ლუა ძია, რა უბედურება გველოდება მეთქი, მაგრამ გარკვევით არაფერი მითხრა, მარტო ისა თქვა, რომ ბალღებს გაუფრთხილდით, უპატრონოდ ნუ დატოვებთ თორე დიდი ცოდო-ბრალი გელოდებათო. მართლაც არ გავიდა ორი-სამი თვე რო ის ბალღი თოფით მომიკვდა სახლში. მაგ კაცს ძლიერი ანგელოზი დასდევს თან. თავის შვილთანაც რომ მიდის, ყინვაც რომ იყოს, სახლში არ დაიძინებს, გადამრევთო. გარეთ გააშლევინებს თივას, იმათ ლოგინშიც არ ჩაწვება, წაიფარებს თავის შინელს და ისე დაიძინებს ხოლმე. მამისაგან პასუხი აქვსო, ამის მოსმენა შიშით მსჭვალავს ამ კაცის მიმართ,
ალბათ შუა ღამეა. მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. გარეთ ნიავი უბერავს და ნათურას ათამაშებს. უფარდო ფანჯრიდან შემოჭრილი სინათლის ანარეკლი კედელზე თრთის და მთელი გულისყურით ამ უცნაურ თამაშს ვუყურებ. ჩემს თვალწინ, ჭერზე თუ კედელზე, რაღაც ფიგურები იხატებიან, არა ფიგურები კი არა, ცოცხალი არსებები, უფრო სწორად, მთელი სანახაობა, რომელიც ისეთი ცხადი და ხელშესახებია, რომ ხმასა და ხმაურსაც კი ვგრძნობ. აი, შავ-მწვანად შეთალხული მთების ქარავანი დაიძრა ჩემკენ და იმ მთებიდან სადღაც ხეობაში ამოვყავი თავი, ხეობა სავსეა აყვავებული ვარდებით. ირგვლივ ყველაფერი ყვავის, აყვავებული ხეხილის ბაღები გამალებით მოქრიან ჩემკენ, ღობეები ფერადფერადი ვარდებით არის დაფარული, იქიდან ქერათმიანი, ლამაზი ქალები იყურებიან, სწორედ ისეთები, ხვნეშიაანთ თათარომ რომ ჩამოიყვანა ჯარიდან, ერთი და ორი კი არ არის, მთელი გუნდია, ვერ დათვლი, ხელში ვარდის დიდრონი თაიგულები უჭირავთ და ღიმილით მიდიან ჩემს წინ, არა თვითონ კი არ მიდიან, აყვავებული ბაღები მისრიალებენ ჩემს წინ და ამ ქალებსაც მიაქანებენ. მომჩერებიან დიდრონი, ლამაზი თვალებით, სახეზე ღიმილი დასთამაშებთ და ასე უსიტყვოდ მიედინებიან ჩემს თვალწინ. მერე ყვავილების ზღვა დაიძრა, ყვავილები და ყვავილები, მოედინებიან და მოედინებიან, რა ფერისა და რა ფორმის ყვავილები, ამაზე ლამაზი და თვალწარმტაცი სანახაობა რა უნდა ნახოს თვალმა?...მე ძილი საერთოდ აღარ მეკარება, მივჩერებივარ ამ საოცარ სანახაობას და ვნატრობ, სულ ასე დაუსრულებლად მაყურებინა.
ალბათ დიდი ფერია მაშინ უკვე გათხოვილი იყო.. იმიტომ რომ ტახტზე ჩემს ორ ფერიასთან ერთად ვზივარ. ტასიკო გიტარაზე უკრავს რაღაც თუშურ მელოდიას და ეთერისთან ერთად გრძნობამორეული მღერის. მე მათ შუაში ვზივარ. ეთერისა ვარ მიხუტებული და მთელი გულისყურით ვუსმენ დების შეწყობილ სიმღერას:
აი, იმ მთაზე არწივმა ფრთას შემოჰკრა და გადასცდა, ჰეი, შენ ბიჭო, ლამაზო, მეც დამიწუნე, სხვაც აგცდა...
მთელი ოჯახი სულგანაბული უსმენს გულშიჩამწვდომ მელოდიას. პირველად ვხედავ წარბგახსბილ ბიძაჩემს, საოცრად ნათელი სხივი დასთამაშებს სახეზე და ჭაღარაშეპარებულ ულვაშებში ეღიმება. ძალუაჩემს კი თავი გვერდზე გადაუგდია და ღიმილით გაბრწყინებული, სევდიანი მზერით, სადღაც შორეთში იყურება. მე ოცნებებში ვიძირები. ... ახლა მთაში ია აყვავდა და ირმის ჯოგი საძოვრად შეესია. გალავნიდან მოჩანს მთა, ცადაზიდული და თოვლით დაფარული. ია კი არა, ვარდი, ვარდი მოსულა და აყვავებულა. ოთახი ვარდის სურნელით ივსება, იმ ვარდის სურნელით, რომელიც ეზოში ყვავის და ძალუაჩემი მიშლის დაკრეფას. ისრით კლავს სასიძო ირემს თუ თოფით? მე თოფის ხმა ჩამესმის და ვხედავ სასიმამროს მიერ მოკლულ სასიძოს. ნეტა რა ბედი ეწია სასიმამროს, როგორ დაბრუნდებოდა სოფელში, რას ეტყოდა თავის შვილს, ხალხს? რას იზამდნენ სასიძოს ნათესავები? ალბათ სასიმამროს ასული აღარ გათხოვდებოდა, მამის სახლიდან შორს გადაიხვეწებოდა და მთელი ცხოვრება ტანიდან ძაძებს არ გაიხდიდა. ამ ოცნებაში მყოფს თვლემა მერევა. ეთერი და ტასიკო ზურგით კედელს არიან მიყრდნობილი. მეც მინდა კედელს მივეყრდნო და უფრო მეხერხებულად მოვკალათდე. ჩემს უკან ძველი ბუხარია,რომელზეც თხელი ფარდაა ჩამოფარებული. უკან გადავიწიე და ოი, უბედურებავ, კედლზე მიყრდნობის მაგივრად, ბუხარში მოვადინე ზღართანი. მეგონა, ქვეყანა თავზე დამემხო. ეს ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, დაყვირებაც ვერ მოვასწარი. ეთერი და ტასიკო გულგახეთქილები წამოცვივდნენ. გიტარა იქვე მიაგდეს და ბუხრიდან ამომათრიეს. ”თქვე შობელძაღლებო, ე ბალღს არაფერი ატკინოთ!.. ”- უწყრება ბიძაჩემი. ეთერი გულში მიხუტებს და მამშვიდებს: ”ხომ არაფერი გეტკინა, ძმაო? ნუ გეშინია, გაიზრდები დაგავიწყდება!”
ერთხელ მართლა გავარდა თოფი და ერთი ლამაზი ბაღის სიციოცხლე გაიყოლა თან. მზიანი დილა იდგა. მე ასე მგონია, რადგან ახალი გაღვიძებული ვიყავი. ეზო მზით იყო სავსე. თამაზის შევუვლი მეთქი, ალაბთ ასე ვფიქრობდი, იმათ აღმართიან ეზოს შევუდექი, ”თამო” - ვეძახი თამაზს. უეცრად თოფის ხმა გავიგონე, არც თუ ხმამაღალი, რომ შიშის ზაფრვა მეგრძნო, ჩვეულებრივი, რომელიც ჩვენი ეზოდან უნდა ყოფილიყო. მერე აღარაფერი აღარ მახსოვს, უფრო სწორად მახსოვს ის, რომ მეორე თუ მომდევნო დღეებში ბევრი ხალხი ბრუნავდა ჩვენსა. მიხაროდა ამდენი ხალხი. მათ შემხედვარეს არავინ აღარ მახსოვდა. მახსოვს კიდევ იმ ოთახის კარის სიახლოვეს, სადაც ჩემს თავშეხვეულ ძმას ეძინა, პატარა კუბოს საფარებელი იყო მიყუდებული კედელზე. თუმცა მაშინ არ მესმოდა რა იყო კუბო და ის საფარებელი ფუტკრის გეჯის საფარებელი მეგონა. ვიღაცეები მეფერებოდნენ, მკოცნიდნენ, ქალაქიდან ჩამუსული ნათესავები მუხლებზე მისვამდნენ და რაღაც საალაერსო სიტყვებს მეუბნებოდნენ. მახსოვს ყველასგან გამოირჩეოდნენ ისინი, ყველაზე ლამაზები და სუფთად ჩაცმულები იყვნენ, სურნელიც კი განსხვავებული და მიმზიდველი ჰქონდათ. მერე ის მახსოვს, რომ ისეთივე პატარა ფუტკრის გეჯა გამოიტანეს ოთახიდან, შიგ მგონი, ვიღაც თავშეხვეული ბავშვი იწვა, ჩემი ძმის სახე ნამდვილად არ მახსოვს და ასე, იქ თავშეყრილმა ხალხმა ეზოდან გაიტანა და წაიღო.. მერე დრომ წალეკა ჩემი ძმა ჩემი მეხსიერებიდან, მხოლოდ ის ვიცოდი რომ სასაფლაოზე ერთი პატარა, მესერით შემოღობილი საფლავი ჩემი ძმისა იყო. იქვე გვერდით, ორი თეთრი კვადრატის ფორმის ქვა იდო და ვიცოდი, თუმცა საიდან, დღესაც არ ვიცი, რომ ჩემი პატარა, ბავშვობაში გარდაცვლილი დების, თამარისა და რუსუდანის საფლავები იყო
მართლა ფერიები იყვნენ, სხვანაირი კდემა მოსავდათ მაშინდელ გოგონებს. ახლანდელ გოგონებს კდემის ნასახიც აღარ გააჩნიათ, ისე ურცხვად და მოურიდებლად შემოგხედავენ და ისეთ უსულობასა და და რაღაც შემაძრწუნებელ მზერას დაიჭერთ მათ გამოხედვაში, გგონია რომ ქვეყანა დაიღუპა და რაღაც გაუცნობიერებელი სევდით თუ შიშით გაგევსება გული.
მე მინდა ეს ფერიები სათითაოდ გავიხსენო და ისეთები წარმოგიდგინოთ, როგორებიც დარჩნენ სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში: ზიზილო, სიცოცხლით სავსე, დაუდგრომელი, ტანმაღალი და შავგვრემანი ყმაწვილი ქალი, ყოველთვის ქუსლმაღალ ფეხსაცმლს რომ დააბაკუნებდა, შავი, კრიალა, ყორნისფერი თმა და თვალ-წარბი სულ რომ უბზინავდა და სულ სხაპასხუპით ლაპარაკობდა, თანაც ისეთი ხმამღლა და ისეთი დამაჯერებლად. მისი საუბარი ყოველთვის ღიმილით განგაწყობდათ მის მიმართ. ავად როცა გახდებოდა, ლოგინში მიირთმევდა საჭმელს. დედასავით ხმელ-ხმელი და პეიტარი, ყველას გამკითხავი და ყველაფრის მცოდნე, ყველას ჭკუაზე დამრიგებელი. ერთი პატეფონი ჰქონდათ, ყოველდღე, გათენდებოდა თუ არა, გამოიტანდა გარეთ, დადგამდა ტახტზე, დაქოქავდა, დაუდებდა რამე ”პლასტინკას” და ისეთი გაბრწყინებული სახით იყურებოდა გზისკენ, თითქოს დიდ დღესასწაულს პირდებოდა თავის სოფლელებს. არ გავიდოდა ხუთი წუთი, რომ მთელი ბერუაანთ უბანი მოგლეჯით დაეცემოდა იმათ ეზოში. მერე დადგებოდა რიგი, პატეფონის ”რუჩკის ” დასატრიალებლად. ერთი სული მქონდა, მეც დამეტრიალებინა ის ”რუჩკა” მაგრამ ვინ მიმიშვებდა იქამდე. მერე როცა ზიზილოს გავიგულებდით სადმე, უბნის ბალღებს ერთი რია-რია გვქონდა იმ პატეფონის გარშემო.
აი, ელიკოც. თავს გვახსნებს, ტანმაღალი და შავ-შავი ქალი, თუმცა თავი ძალიან ლამაზი და ყველაზე ეშხიანი რომ ეგონა, საბედოს მოლოდინში, ნიადაგ გზისკენ მაყურებელი. მას შემდეგ რამდენმა წელმა გაირა და ახლა, როცა შემთხვევით სადმე გადავეყრები, უკვე დაბერებული და ცხოვრებისაგან გაწამებული, კვლავ შემომანათებს იმ მეოცნებე, მაგრამ დიდი სევდით დამძიმებულ თვალებს, მამაკაცური ხშირი ჯიღა წარბების ქვეშიდან ბუს მართვეებივით რომ იჭყიტებიან. მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს უბანში ხმა გავარდა, ელიკო ვიღაც გადმოხვეწილ ლეკის ბიჭს გაჰყოლიაო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ამბავმა, სოფელს ხომ მეტი არ უნდა ხოლმე სალაპარაკოდ და განსაქიქებლად. ერთი ხანს მშობლები ნამდურავად იყვნენ მასთან არჩევანის გამო, მაგრამ ბოლოს შერიგდნენ და ელიკოც შეუდგა თავის ლეკის ბიჭთან ერთად მძიმე ცხოვრების ჭაპანის ზიდვას. ამ დილით ბაზარში გადავეყარე ელიკოს.დახლებს შორის მორიალე ბრბოში მიიკვლევდა გზას. რომ მოვიკითხე, დაღვრემილი თვალები შემომაგება ფიქრში ჩაძირულმა, ჯერ ვერ მიცნო, დაბნეულმა უცხოსავით შემომხედა, მერე ღიმილმა გაუნათა გაძვალტყავებული სახე, ფოლადის ჩაშავებული კბილებით შემომცინა და მის სახეზე წამიერად ისევ გაიელვა ორმოცდაათი წლის წინანდელმა ქალიშვილობის კდემის უბოროტო, ნათელმა სხივმა. მისი ნამარხულევი, წმინდანის დაწრეტილი სახისთვის ნახევარ საუკუნოვან სიღარიბესა და ცხოვრებასთან ჭიდილს თავისი წარუშლელი კვალი დაემჩნია. როცა ხვნეშიაანთ გურამამ გეურქას მანქანით სარა გამოიტაცა, მეზობლების თავშეყრის ადგილზე ელიკომ ფანქრით წააწერა, რომ დღეს გურამიმ ოსის ქალი მოიტაცაო. ან როგორ თავშესაქვევ ამბად ექცა უბანსა თუ სოფელს გურამას მიერ სარას მოტაცების ამბავი. კოჭლმა სიკომ გამოუგონა, მეორე დილით რო ავედით ნეფე-პატარძლის შესამოწმებლად, სარას გარშემო ბალახი აღარ იყო, გურამას მთელი ღამე სიარულით გაებილიკებინაო.
მახსენდება საცოდავი ხვნეშიაანთ მარგო, მთელი უბნისგან და არამარტო უბნისაგან, საკუთარი ოჯახისგანაც კი უმოწყალოდ აბუებული და სასცილოდ აგდებული. დიდიან-პატარიანად, დაცინვით მარგუცას რომ ვეძახდით, საოცრად კეთილი, მაგრამ ყველას მიმართ უნდობლად განწყობილი. მერე ქარხანაში მარგუშა რომ შეარქვეს. ერთი ტატლაშა და საცოდავი. პირის დაბანაც კი არ ეხერხებოდა ხეირიანად, რის გამოც სულ დავცინოდით და აბუჩად ვიგდებდით, ის კი გადმოდგებოდა ეზოში და გვეძახდა: ” ბალღო, ჭკვიანად იყავი თორემ, ძაღლს ჩავაკლავ შენს დედ-მამას!...” ჩვენ კი გაგულისებულები იმის გამო, რომ გვეგონა, ვაშინებდით და ეზოდან არ გამოვიდოდა, ვეძახდით: ”მარგუცა მოკვდა დილითა, მიასვენებდნენ ვირითა!...” ან ” ხვნეშიაო, ხვნეშიაო, გადავარდა ხევშიაო!” ”აი, ეხლა კი ძაღლი უნდა დავაკლა შენ დედ-მამას” დაგვიძახებდა მარგუცა და გამოექანებოდა ჩვენსკენ. თუ ბევრნი ვიყავით, იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდით, თუ ერთი ან ორნი ვიყავით, უკან მოუხედავად მოვკურცხლავდით ხოლმე, რომ დედამისს არ გაეგო. მერე, მეორე დღეს, ან გინდაც იმავე დღეს, სადმე თუ შეგვხვდებოდა, წინ გადაგვიდგებოდა და მკაცრად შეგვეკითხებოდა: ”რა დამიძახე გუშინ?” ჩვენ კი ვეტყოდით: ”არა, მარგო, გენავ, მე არა ვყოფილვარ.” ” ბალღო, შენ ცოტა ჭკვიანად იყავი თორე, შენ იქნებ არაჲ ნახო რა!” შემოღრენით გვეტყოდა საცოდავი და გაგვცილდებოდა. ჩვენ კი , როგორც კი სამშვიდობოზე დავიგულებდით თავს, მთელი ხმით დავუძახებდით: ”მარგუცა მოკვდა დილითა, მიასვებენდნენ ვირითა, უკან ხვნეშია მისდევდა ერთი ჩარექა ღვინითა, წინ ზიზილო მიუძღოდა გარმონითა და სტვირითა!” ერთხელ, იმდენად გვყავდა აბუებული ის საცოდავი, რომ ”დავმარხეთ” კიდეც. რა იყო ჩვენი ასეთი სისასტიკის მიზეზი? უბნის გოგო-ბიჭებმა ასმათიაანთ ბოსტნის თავში, საიდანაც უკვე პირდაპირ ატეხილი ჯაგნარი იწყებოდა, ერთი დიდი, მწვანე ქოხივით წამობურული ჯაგრცხილის ქვეშ ”სახლი” მოვაწყეთ და თუ კი ვინმეს შინ რამე სათამაშო და გასართობი ნივთი გვქონდა, იქ მივიტანეთ. დიასახლისი ასმათი იყო, როგორც ჩვენს შორის ყველაზე უფროსი და ყველა მის ბრძანებასა და განკარგულებას ვემორჩილებოდით. პატარ მაგიდებიც კი გვქონდა და ყველაზე პატარებს მეცადინეობასაც კი გვიტარებდნენ ხოლმე. ხან სკოლაობას ვთამაშობდით, ხან დედა-შვილაობას და მთელი ზაფხული ვერთობოდით ასე ამ დაბურული რცხილის ქვეშ, რომელიც მართლაც ზღაპრულ სამყაროს წარმოადგენდა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მარგუცას იქ ფეხს არ ვადგმევინებდით და ისიც, ჩვენგან ასე უარყოფილი,გასართობად სხვა უბანში, თავის დაქალთან, ბალიაანთ კატინასთან დადიოდა. ერთ მშვენიერ თუ ”საბედისწერო” დღეს, როცა მთელი უბნის ბავშვები, დიდ-პატარიანდ, შვინდის დასაკრეფად წავედით ტყეში, საღამოს, შინ დაბრუნებულებს, მთელი ”სახლი” თავდაყირა დაგვხვდა. ჯამ-ჭურჭელი დამტვრეული და აქეთ-იქით იყო მიმოფანტული, ხელითნაკერი თოჯინები დაგლეჯილ-დაფლეთილები, ხოლო ნაყიდები მოპარული დაგვხდა. ერთი სიტყვით, იმისთანა მდგომარეობაში დაგვხდა სახლი,რომ აღარ ვიცოდით, ხელი ვისთვის დაგვედო. ასმათიმ და ბაბულამ ტირილი დაიწყეს და იმუქრებოდნენ, ვინც ეს გააკეთა, შუაზე უნდა გავგლიჯოთო, ბოლოს, ყველამ დავასკვენით, რომ მარგუცას მეტი ამას არავინ იზამდა. რაკი დავრწმუნდით, რომ ის იქნებოდა, ჩვენს რისხვას წინ ვეღარავინ დაუდგებოდა.მაშინვე მარგუცას სახლს მივადექით, რომ გზაზე ”გამოგვეთრივნა” და მაგრად მიგვეტყიპა, მაგრამ სახლში არ დაგვიხვდა, თავის დაქალ კატინასთან იყო წასული. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ, შური როგორ გვეძია და ” მოდი, დავმარხოთო, ვიღაცამ წამოაყენა წინადადება და ჩვენც მაშინვე დავეთანხმეთ. მოვტეხეთ მტკაველზე ცოტა გრძელი ბროწეულის ტოტი, ვთქვით, მარგუცააო, ჩვენს ”სახლთან” მიწა ამოვთხარეთ და ის ტოტი შიგ დავმარხეთ. ასე ვიყარეთ ჯავრი ”ჩვენი სახლის დამაქცევარზე”. მერე ხშირად მივდიოდით იმ საფლავთან და ისე ვტიროდით, როგორც სასაფლაოზე იცოდნენ ხოლმე ჭირისუფლებმა. ერთ მშვენიერ დღესაც დაგვაინტერესა, მოდი ვნახოთ, მარგუცა რა მდგომარეობაშიოა, ამოვთხარეთ მიწა და ჰოი, საოცრებავ, ჩვენს ”მარგუცას” ფესვები გაეშვა და ორი თეთრი, ღინღილა ყლორტი ამოეყარა. სასწრაფოდ მივაყარეთ მიწა და გავანებეთ თავი, და საერთოდაც გავანებეთ თავი, ალბათ იმიტომ, რომ დაგვღალა ამგვარმა გართობამ ან სხვა უფრო კარგ გასართობს მივაგენით.ის ბროწეული კი დღესაც დგას იმ ადგილზე და ჩემი ბაშვობის მზიან დღეებს მახსენეს. გავიდა წლები და ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვალა მარგუცას მიმართ. მართალია, ხშირად და-ძმებისგან ცემა-ტყეპა არ აკლდა და ჩვენც ირონიულად ვეკიდებოდით მის ყველანაირ საქციელს, მაგრა უკვე დიდი გოგო იყო და იმდენი შეურაცხყოფის მიყენებას ვეღარ ვუბედავით, როგორც ადრე. ის კი არა და ხანდახან ვმეგობრობდით კიდეც და გულის საიდუმლოსაც ვანდობით ხოლმე. სკოლაში სამ კლასზე მეტი არ უვლია და მთელ დღეს უსაქმურობაში ატარებდა.სკოლაშიც აბანოს ჩემოდნით დაჰქონდა ხოლმე ცხვრის თავ-ფეხი და როცა მოშივდებოდა გახსნიდა და მადიანად შეექცეოდა ხოლმე. უაქმურობის გამო დედ-მამა ხშირად ეჩხუბებოდა და საყვედურობდნენ ქსოვა მაინც ესწავლა. ჯერ ძაფების კოჭებზე დაიწყო რაღაც სულელური თოკების ქსოვა, რომლებიც არავის არაფერში არ ჭირდებოდა. თვითონ თავის დაწნულ თუ მოქსოვილ თოკებს თმაზე რომ გადაიჭერდა და დიდი ხანი იქ ვერ აჩერებდა, მოიხსნიდა და ახლა წელზე შემოირტყამდა. იჯდა ხოლმე ეს თოთხმეტ-თხუთმეტი წლის, თმა გაწეწილ- დასავარცხნი, პირდაუბანელი, უკვე საკმაოდ წამოზრდილი გოგონა გახურებულ ღუმელთან და ისეთი სერიოზული სახით ქსოვდა ამ თოკს, რომ იტყოდით, ალბათ მთელი ოჯახი ამ თოკის დამთავრებას ელოდება, რომ ცოტა სიღარიბიდან ამოვიდესო. მთელი ერთი კვირის დასაგავ-დაულაგებელი სახლი კი, ნაგავში ცურავდა და მარგუცას სულ ფეხებზე ეკიდა ეს ამბავი. ”ადე, ქალო, დაიბანე პირი და დაივარცხნე თმა, შე არსაბოგინარო, თორე ა, ემ მაშით უნდა გაგიხეთქო თავი!” დაემუქრებოდა დედა. ”რა გინდა ქალო, გამანებე თავი, აააა!...” ეტყოდა მარგუცა ტირილნარევი ხმით, იმის გამო, რომ ასეთი სანეტარო მყუდროება დაურღვიეს და შეახსენეს საშინელი მოვალეობა, რომელსაც ვერაფრით ვერ დააღწევდა თავს. ბოლოს, დედა რომ ასე შეაწუხებდა, ადგებოდა, გავიდოდა გარეთ, ვითომდა პირის დასაბანად და გაქრებოდა სახლიდან. რომელიმე მეზობელს მიადგებოდა, მოიკალათებდა ღუმელთან და განაგრძობდა თავისი საყვარელი თოკების ქსოვას. მერე, ვინ იცის, როდის, როდისღა გაახსენდებოდა სახლში წასვლა, სადაც უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა, რომ პირი უნდა დაებანა. ერთ მშვენიერ დღესაც ფერადი კოჭის ძაფებითა და თავის მიერ გამართული, წვრილი მავთულის, დაგრეხილი წინდის ჩხირებით მოგვადგა და გვახარა, ნასკების ქსოვა უნდა დავიწყო და მაღაზიაში ჩავაბარო გასაყიდადო. შე უტვინოვ, მაღაზიაში ნასკების მეტი რა არის, შენი დაჯღლარდულები რო არ იყიდონო. უთხრა დედაჩემა. კარგა ხანი ქსოვა იმ საცოდავმა, ალბათ მთელი კვირა, და რომ მოეწყინა, მიანება თავი და სახერხ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ქარხანაში მუშაობამ რაღაც ქალურობა კი გააღვიძა მასში, მაგრამ ბოლომდის ვერ შეძლო მისი ქალად ჩამოყალიბება. მართალია, პირდასაბანი აღარ დადიოდა, მაგრამ მთელი თმა ნახერხით ჰქონდა გამოტენილი. რომ ეტყოდნენ, რატო თავს არ იბანო, პასუხობდა, დედაჩემი მიშლის, ხშირად რო დაიბანო, თმა გაგცვივაო. ერთხელაც წარბებგაწიწკნული მოვიდა ქარხნიდან, რაზეც ჯერ მამამისმა მიამკვდარა, მერე ზიზილო ეჯაჯგურა თმაზე და სუ წითელ კუბოში აწვინა და ბოლოს, ერთი კვირა, დედისაგან წყევლა-კრულვა არ მოჰკლებია, ის კი აინუნშიც არ აგდებდა მათ წყევლა-კრულვას და ამდენი ცემა-ტყეპის მერე, რაკი თავისი გაიატანა, თავდაჯერებული ქალივით სულ ღიღინითა და მომღიმარი სახით დადიოდა უბანში. მერე, რაკი მიხვდნენ, რომ ვერაფერს შეახდენდნენ, მიანებეს თავი, თავში ქვა გიხლია, რაც გინდა, ისა ქენიო. ამის მერე სარკე და წარბების გასაკეთებელი პინცეტი სულ ჯიბით დაჰქონდა და საცა დაჯდებოდა, იქ მოჰყვებოდა ხოლმე წარბების გამოწკეპას. ერთხელ პინცეტი ამოვტაცე ჯიბიდან და გარეთ გასულს სადღაც ჩამივარდა. ვეძებე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. რომ აღარ მივუტანე, მთელი ღამე მთავრის შუქზე ეძება ტირილით,მაგრამ ვერ იპოვა. მერე, კარგა ხანი, ხან ვის მიადგებოდა, ხან ვის, პინცეტი მათხოვეთო.
განსაკუთრებით მახსოვს მარიამი, ჩემი ბავშვობის გაუხუნარი ფერია, რომელიც ივლიტას მერე, ყველაზე ლამაზი მეგონა ამ ქვეყანაზე და ვის მიმართაც გულში ტრფიალი ჩამვარდნოდა. ამ სიყვარულს უკვე აღარ ვმალავდი, ყველგან, სადაც კი გადავეყრებოდი, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ძალიან მიყვარდა. ან რაღა დასამალი იყო. მთელმა სოფელმა იცოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით. მაგრამ თუ მოხდებოდა ისე, რომ ვინმე მაინც შემეკითხებოდა, ვინ იყო ჩემი შეყვარებული, მაშინვე ვპასუხობდი, რომ მარიამი მიყვარდა. ისიც მეფერებოდა და რაც შეეძლო, მანებივრებდა. როცა ეთერი ან ტასიკო მასთან მიმიყვანდნენ, სიცილით მომეგებებოდა და მეტყოდა : ვა, ჩემი შეყვარებულიც მოსულა!” მეც სიხარულით აღარ ვიყავი და რაც ძალი და ღონე მქონდა გულში ვიკრავდი. ის კი ხარხარებდა, რაც ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა და კანფეტებს ან ხილს მაძლევდა, რომ არ გავბრაზებულიყავი.
ბაბლე, იაპონური დედალივით ტანმცრე ქალბატონი, ბაბალეს ნუ მეძახით, ბაბულია ან ბაბულა დამიძახეთო. კაკაბივით რომ ჩაიგოგმანებდა ხოლმე თავიანთ დაფერდებულ ეზოში, ჩაკუჭკუჭება თუ ჩაკრიახებაც რომ კაკაბივით სჩვეოდა, შემპარავი და შემაგულიანებელი. მას შემდეგ, რაც საარშიყო ოქროს კბილი ჩაისვა, სულ მუდამ მომღიმარი რომ დაგოგმანებდა და თავი კი ისე ეჭირა, ვითომ ვერავის ამჩნევდა, ბოლოს თავის ვნებებს რომ ვეღარ მოერია და უკანმოუხედავად გადაეშვა ავხორცობის ბობოქარ მდინარეში და მთელი სოფლის საჯარე თუ ჯარმოვლილი ბიჭობაც თან გადაიყოლა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. უმაგრესად წერ,ზალიან ცოცხალი სახეებია და კადრებივით იხსნება ყველაფერი...+777 უმაგრესად წერ,ზალიან ცოცხალი სახეებია და კადრებივით იხსნება ყველაფერი...+777
14. მწყურვალისათვის წყლის მიწოდებასავითა ეს პროზა! ნიჭიერი კაცის სიტყვას მალამოს ძალა აქვს, უცებ გამოგიჯანმრთელებს სულიერ სნეულებებს! საიტზე დიდი პროზის ალი-კვალი ამ ავტორსაც დაკრავს სულ რამდენიმე ავტორთან ერთად! 55555555555555555555 მწყურვალისათვის წყლის მიწოდებასავითა ეს პროზა! ნიჭიერი კაცის სიტყვას მალამოს ძალა აქვს, უცებ გამოგიჯანმრთელებს სულიერ სნეულებებს! საიტზე დიდი პროზის ალი-კვალი ამ ავტორსაც დაკრავს სულ რამდენიმე ავტორთან ერთად! 55555555555555555555
13. ალაგ ალაგ წავიკითხე... დრო უნდა მოვნახო წასაკითხად ისეთი რამაა. "პროზა" ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით , იგრძნობა ფრაგმენტებშიაც კი... დამგვიანებია ამ გვერდზე, მაგრამ არა უსაშველოდ :)
ალაგ ალაგ წავიკითხე... დრო უნდა მოვნახო წასაკითხად ისეთი რამაა. "პროზა" ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით , იგრძნობა ფრაგმენტებშიაც კი... დამგვიანებია ამ გვერდზე, მაგრამ არა უსაშველოდ :)
12. ჩემი მოწონება ამ ავტორს!!! უღრმესი მადლობა, რომ წერ!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება ამ ავტორს!!! უღრმესი მადლობა, რომ წერ!!! გაიხარე შენა!!!
10. ჰო, ავტორი ნამდვილად კარგი შემოქმედია.
ჰო, ავტორი ნამდვილად კარგი შემოქმედია.
9. კაი, თამარ, აღარ წავშლი. კაი, თამარ, აღარ წავშლი.
8. არაჩვეულებრივად აცოცხლებ სურათებს... გაიხარე... და შენი ნაწერები აღარ წაშალო, თორემ მართლა ვიჩხუბებთ! :)))))))))))))) 5 არაჩვეულებრივად აცოცხლებ სურათებს... გაიხარე... და შენი ნაწერები აღარ წაშალო, თორემ მართლა ვიჩხუბებთ! :)))))))))))))) 5
7. ვაიმე როგორ წერ ელდარ///////55555555 ვაიმე როგორ წერ ელდარ///////55555555
6. მაგ კაცს ძლიერი ანგელოზი დასდევს თან. თავის შვილთანაც რომ მიდის, ყინვაც რომ იყოს, სახლში არ დაიძინებს, გადამრევთო. გარეთ გააშლევინებს თივას, იმათ ლოგინშიც არ ჩაწვება, წაიფარებს თავის შინელს და ისე დაიძინებს ხოლმე. მამისაგან პასუხი აქვსო, ამის მოსმენა შიშით მსჭვალავს ამ კაცის მიმართ, ლუა პაპა ძალიან შემიყვარდა...:) რა კარგი პერსონაჟები...სუფთები...ნამდვილები... ვისიამოვნე...კი არ ვკითხულობდი....ვყლაპავდი ყველაფერს...55555555555 კიდევ ერხელ ვიყავი შენ სოფელში...:) მაგ კაცს ძლიერი ანგელოზი დასდევს თან. თავის შვილთანაც რომ მიდის, ყინვაც რომ იყოს, სახლში არ დაიძინებს, გადამრევთო. გარეთ გააშლევინებს თივას, იმათ ლოგინშიც არ ჩაწვება, წაიფარებს თავის შინელს და ისე დაიძინებს ხოლმე. მამისაგან პასუხი აქვსო, ამის მოსმენა შიშით მსჭვალავს ამ კაცის მიმართ, ლუა პაპა ძალიან შემიყვარდა...:) რა კარგი პერსონაჟები...სუფთები...ნამდვილები... ვისიამოვნე...კი არ ვკითხულობდი....ვყლაპავდი ყველაფერს...55555555555 კიდევ ერხელ ვიყავი შენ სოფელში...:)
5. ეს ლამპა ბიძაჩემს ომიდან წამოუღია, მსგავსი არსად მინახავს, ალბათ შუშისაა, რადგან მთლიანად გამჭვირვალეა, შიგ, თითქმის პირამდე, ნავთი ასხია და მოკეცილი მოყვითალო ფერის ფითილი ზღვაში გაწოლილ გველეშაპივით მოჩანს.
მოვალ კიდევ...:) ეს ლამპა ბიძაჩემს ომიდან წამოუღია, მსგავსი არსად მინახავს, ალბათ შუშისაა, რადგან მთლიანად გამჭვირვალეა, შიგ, თითქმის პირამდე, ნავთი ასხია და მოკეცილი მოყვითალო ფერის ფითილი ზღვაში გაწოლილ გველეშაპივით მოჩანს.
მოვალ კიდევ...:)
4. ამ გვერდზე შემოსვლა მართლაც სიამოვნებაა. მოწიწებული5 ავტორს! ამ გვერდზე შემოსვლა მართლაც სიამოვნებაა. მოწიწებული5 ავტორს!
3. Tqveni prozis kiTxvisas mxolod sityva,,araCveulebrivia"amekviateba da morCa...ver vazrovne,imdenad vdaxunZluli var emociebiT,aRfrTovanebiT ,rom.. gamoTqmois unari mekargeba....arada Zalian midna gamovTvqa yoveli ,rasac vgrZnob roca gkiTxulobT.. TqvenTan erTad vmogzaurob,vicini,vsevdianob da nostalgia yoveli mSobliuris kidev ufro metad mtkiva,mewvis...
ufalma daglocoT da gagaZLieroT..... Tqveni prozis kiTxvisas mxolod sityva,,araCveulebrivia"amekviateba da morCa...ver vazrovne,imdenad vdaxunZluli var emociebiT,aRfrTovanebiT ,rom.. gamoTqmois unari mekargeba....arada Zalian midna gamovTvqa yoveli ,rasac vgrZnob roca gkiTxulobT.. TqvenTan erTad vmogzaurob,vicini,vsevdianob da nostalgia yoveli mSobliuris kidev ufro metad mtkiva,mewvis...
ufalma daglocoT da gagaZLieroT.....
2. ეგრეა ჩეგე ... მაგარი პოეტია, მაგარი მწერალი და მაგარი კაცი .... გენაცვალეთ ელდარ ძია ... ეგრეა ჩეგე ... მაგარი პოეტია, მაგარი მწერალი და მაგარი კაცი .... გენაცვალეთ ელდარ ძია ...
1. ვაააახხხხ მინდა მე ამ ავტორის წიგნი...ანუ შატილიონის...ანუ ძია ლდარ ჭიჭიაშვილის...ანუ ელდარ ჭინჭარაულის...მინდააააა....და ამ მაგარი და უმაგრესი კაცის გაცნობაც მინდა მაგრამ სადაა პატრონი?:) ვაააახხხხ მინდა მე ამ ავტორის წიგნი...ანუ შატილიონის...ანუ ძია ლდარ ჭიჭიაშვილის...ანუ ელდარ ჭინჭარაულის...მინდააააა....და ამ მაგარი და უმაგრესი კაცის გაცნობაც მინდა მაგრამ სადაა პატრონი?:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|