ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2010


იავნანა მიმღერე დედა...

ბავშვის თვალებით იცქირება ქუჩაში სევდა,
მინას აჩნია პაწაწინა კვალი თითების...
მოდი ჩემთან და იავნანა მიმღერე დედა,
ახლა მიმღერე, ვიდრე მინდა, ვიდრე  მჭირდები.

მოთენთილია ყველაფერი უკვე საძილედ,
სათამაშოებს გაებუტა რადგან პატრონი.
წვიმას მაგ თმების სურნელება მოჰყვა ამ დილით
და მე და წვიმა, მერე ისევ დავრჩით მარტონი...

ქუჩის გადაღმა ძაღლი ლოკავს თავის ნაშიერს...
დრო უსაათო, სადღაც მკერდთან გულივით  ფეთქავს.
დედა, მე ხშირად მარტოობა ძილშიც მაშინებს.
მოდი ჩემთან და იავნანა მიმღერე დედა.

ოთახი, ჩემი სამყოფელი, თუნდაც სადგომი...
ცივია ახლა უშენობით საკანზე მეტად,
შენ არასოდეს არ იყავი როცა გნატრობდი.
მოდი ჩემთან და იავნანა მიმღერე დედა...

როცა ეჩვევი ტკივილიც კი კარგი გგონია
და რა ძნელია მერე ალბათ უკვე ღიმილი.
განა მანძილი ჩემს სახლამდე მართლა შორია,
თუ მოინდომებ ერთ საათში ფეხით გაივლი.

მე კი ლოდინი შევაჩვიე ქუჩებს ნაწვიმარს,
უიავნანო ბავშვობიდან სისხლივით წვეთავ.
მენატრები და ახლა მაინც ნუღარ გამწირავ,
მოდი ჩემთან და იავნანა მიმღერე დედა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები