ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2010


არაფერია ამ ქვეყნად ჩემი...

არაფერია ამ ქვეყნად ჩემი
სიზმრების გარდა,
არაფერია ამ ქვეყნად ჩემი
გარდა -იყო-სი.
მოგონებები ჰერბარიუმს
რაღაცით ჰგვანან,
და ისე ვუვლი, როგორც ყვავილს
ბოტანიკოსი.
არაფერია ამ ქვეყნად ჩემი
გარდა ტკივილის,
არც არავინ რომ გეცილება,
არც ვინმე გშველის.
ვერ ამოვიღე დარდი სიბრძნის
მტკივან კბილივით,
თუმც,ზოგჯერ წუხილს სიხარული
კარს იქით ელის.
არც მდიდარი ვარ და არც ვინმეს
კარზე მიმდგომი,
ჩემი მოთმენა-თავაშვების
ვიცი ჭერი და
მიზანიც მიზის ხელისგულზე,
თუ მოვინდომე,
ორი კურდღელი ერთადაც კი
დამიჭერია...
ამაოებას მერე ამჩნევ,
წლები რომ მიდის.
აზრი არა აქვს პირველობის
მწვანე პალმის რტოს.
მოკლე საბნის ქვეშ გრძელ ფეხებით
დავწვები მშვიდი
და საკუთარ თავს "ჩემი" სიზმრის
ნახვით გავირთობ...
      4.05.10


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები