ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2010


იყო და არა იყო რა (გაგრძელება)

ჩვენს სოფელში აბანო შაბათ-კვირას მუშაობდა. ერთი სამზადისი იდგა ხოლმე იქ წასასვლელად. საღამოს წასასვლელები დილიდანვე ვემზადებოდით ხოლმე. როგორც ჩანს, ეს აბანო არ კმაროდა ისეთ დიდ სოფელს როგორიც ჩემი სოფელია  და ხშირად, შუადღისით წასულები,  საღამოს ძლივსღა ვახერხებდით  შესვლას, ეს აბანოც სოფლის ერთ-ერთი თავშეყრისა და გართობის კერა გახლდათ. რიგის მოსვლამდე იყო ერთი ანეგდოტებისა თუ ახალი ამბების მოყოლა.
მახსოვს ერთხელ ეთერიმ აბანოში წამიყვანა და ქალების განყოფილებაში შემიყვანა. ვიქნებოდი ასე  სამი-ოთხი წლის. ჩვენთან ერთად მსუქანა ნინა და  გულნაზიც წამოვიდნენ. გზაში ორივე ებურტყუნებოდა ეთერის, ეს ბალღი რაღას წამოიყვანე, ამასთან როგორ გავიხადოთ ტანსაცმელიო, ეთერი კი ამშვიდებდა, გიჟები ხომ არა ხართ, ამ ერთი ბეწო ბალღმა რა იცისო.
მართლაც რომ საოცარი სანახაობა დამიდგა თვალწინ. ალბათ ეს იყო აბანოში ჩემი პირველი წასვლა. სადღაც თბილი ნისლით სავსე დარბაზში ამოვყავი თავი. მქისე ბურუსში არამიწიერი არსებებივით  მოჩანდნენ შიშველი ქალები. ჩემს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ამდენი შიშველი ქალი ერთად დავინახე, რომლებიც ნისლში ცურავდნენ და თან ხმამაღლა საუბრობდნენ. მაგრამ მთავარი ის კი  არ არის, რაც იქ ვნახე, არამედ ის, რაც აბანოდან წამოსვლის მერე დამემართა. მართალია, ეთერიმ გზაში გამაფრთხილა, რაც იქ ნახე, არავის მოუყვე თორემ ენა უნდა ამოგაგლიჯოვო, მაგრამ ერთი სული მქონდა, ვინმესთვის ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. სახლში მოსულმა ყველას მოვუყევი, რაც იქ ვნახე, რასაც ერთი სიცილი და ხარხარი მოჰყვა. წოპე მალმალე მეტყოდა, აბა, ძმისწულო, აბანოში რა ნახეო? და მეც , ვინ იცის, მერამდენედ ვუყვებოდი, რაც იქ ვნახე. ”ეთერიზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მსუქანა ნინასა და გულნაზას ამხელა ძუძუები ჰქონდათ მეთქი და  ჩემს მოკეცილ მუხლის თავზე ვიდებდი ხელს. სად იყო სიცილი და ხარხარი. ეთერის ყურამდე რომ მივიდა ეს ამბავი, ერთი კარგად გამახურა და დამემუქრა, აღარსად აღარ წაგიყვანო 
ფერიებიო! ნეტავ ფერიებში ვიღას ვგულისხმობდი, ალბათ იმ გოგო-ბიჭებს, ასე მრავლად რომ იყვნენ ჩემს უბანში, ან სხვა უბნებიდან რომ მოდიოდნენ,  საღამოობით, ცეკვა-თამაშის გასაჩაღებლად და თენებამდე  ერთი ტაშფანდურა და სიცილ-ხარხარი ედგათ ხოლმე. ერთხელ, მახსოვს, მათი ღრიანცელით შეწუხებულმა მამაჩემმა, ბრუციან შალიკოს დოლი გაუკრა ჯუღურას ეზოში, რატო არ მაძინებთო.  ამის გამო ძალუაჩემი ძალიან დაემდურა, ჩემს გოგოებს ბედს უფრთხობსო. მთელი სოფლის გოგო-ბიჭობა ჩვენს უბანში იყრიდა ხოლმე თავს. ეს იყო საოცარი სამყარო, სადაც შური და ბოროტება არ არსებობდა, სადაც მხოლოდ სიყვარული და სიკეთე სუფევდა. ახლაც არსებობს იმდროინდელი ფოტოსურათი, რომელზედაც სოფლის ახალგაზრდობაა გამოსახული. გიყურებენ ეს გაღიმებული და უზრუნველი სახეები და გული გწყდება, რომ მათგან ძალიან ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის. სწორედ მათ მოქარგეს ჩემი ბავშვობის ზღაპრული სამყარო თავიანთი თბილი და ალერსიანი ურთიერთობებით. მე ხომ თავისუფლად შემეძლო ნებისმიერ მათგანთან მივსულიყავი და მის კალთაში მოკალათებულს, განებივრებული კნუტივით, ტკბილად გამომეძინა. აღარცკი მახსოვს ეს ზღაპრული სამყარო როგორ დაინგრა ან სად გაქრნენ მისი ბინადარნი ან როდის შეწყვიტა არსებობა ამ ახალგაზრდულმა თავყრილობებმა. იქნებ იმის გამო დაინგრა, რომ ამ ფერიებმა ამგვარი თავყრილობებით ყველაზე სანუკვარი ოცნებები აღისრულეს და  თავიანთი ბუდეებიდან გაფრინდნენ  და ყველამ თავის გზას მიაშურა. მახსოვს, ცოტა რომ წამოვიზარდე ამ სოფლის  ახალგაზრდულმა თავყრილობებმა ჩვენი უბნის ქვემოთ, ბერუაანთ უბანში გადაინაცვლა. გათენებამდე ღრიანცელი და ცეკვა-სიმღერის ხმა ისმოდა. მახსოვს, იქაც, იმათი უბნის მედოლეს თავისმა ბიძამ დოლი გაუკრა ზაფხულის ერთ ღამეს, რატო არ გვაძინებთ, დაღლილ ხალხს ძილი გვინდაო. ტელევიზორების შემოსვლამ ხომ სულ მოსპო ასეთი ახალგაზრდული თავშეყრები და რატომღაც მეცოდებიან ის თაობები, რომლებიც ვერ მოესწრნენ იმგვარ საღამოებს.

ციკრიკიკი, ციკრიკიკი
ციკრიკიკი, ციკრიკიკი
ციკრიკიკი გოგო მყავდა,
ციკრიკიკი გავათხოვე...

მთელი დღე ამ თავის მოგონილ სიმღერას ღიღინებდა ჩემი საბრალო, გასათხოვარ ასაკს გადაცილებული ბიძაშვილი, ნადია.  რომ ვკითხავდით, ეს ციკრიკიკი რაღააო, გვიპასუხებდა ხოლმე, როგორ ვერა ხვდებით, ჩონგურს ვუკრავო. დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, მგონი, სკოლაშიც არ უვლია და წერა-კითხვაც არ იცოდა. თურმე ბალღობაში დედა ღაჟღაჟით გამოაძღობდა ხოლმე, რომ კარგად დასძინებოდა და ეტყობა ამან იმოქმედა მისი ინტელექტის განვითარებაზე. ჩვენ სიცილად არა გვკმაროდა მისი სიმღერა და, ძალუაჩემისა და ბიძაჩემის ჩუმად, მასხარად ვიგდებდით, რადგან მათ ძალიან სწყინდათ, რომ ასე ვექცეოდით. ხშირად ისეთ რამეს აკეთებდა ეს გასათხოვრად მოწადინებული ქალი, რომ მშობლების რისხვას და, რა თქმა უნდა, ჩვენს დაცინვას იმსახურებდა. ძალუაჩემი რომ დაიჭერდა  და ცემას დაუწყებდა, თან ეუბნებოდა: ”გამექე , ნადიავ, თორე გცემ, გამექე, ნადიავ, თორე გცემ! ”  თან სილას უქნევდა ყასიდად, ვითომ უნდა დაერტყა. ჩვენ სიცილით ვიხოცებოდით ამ სანახაობის გამო, ის კი, დედის ხელში ჩავარდნილი, გაქცევას ვერ ახერხებდა, მგონი, არც ცდილობდა, დაბორიალებული ბრუნავდა,  და  დედას შესტიროდა მავედრებელი ხმით: ” კარგი, დედიიი, ნუღარა მცემ ქალოოო!”
ერთხელაც მეზობლის ქალებმა ერთი ოინი მოუწყეს იმ საცოდავს. მოატყუეს, მანტიორ  ლექსიას ჰყვარებიხარ, დედა შეგვხვდა იმისი და  გვითხრა, უნდა ვითხოვოთო. გკითხულობდა, როგორი გოგოა, ოჯახში თუ გამოდგება, სისუფთავე  თუ უყვარსო. ის საცოდავი, თმის დავარცხნა ჭირივით რომ ეზარებოდა, მთელი დღე სავარცხელს აღარ იშორებდა და  წამდაუწუმ ჩამოშლილ ვარცხნილობას ისწორებდა,  ერთი კვირა მარწყვის საპნით იბანა პირი და იატაკი აკრიალა ჭანჭახი ტილოთი, სათხოვნელად რომ მოვლენ, სახლი სუფთად უნდა დავახვედროვოო.  ერთი კვირა ასე იცოდვილა, თან გზისკენ იყურებოდა, მაჭანკლის მოსვლა არ გამომეპაროსო, მაგრამ არავის გახსენებია და დაღონებულმა თანდათან მოუკლო თავის საქმიანობას და ბოლოს, როცა იმედი გადაეწურა, არავინ მოვაო, ამ მტანჯველ ჯაფას  სულ მიანება თავი.
მერე ვიღაცა შატაბუტა კაცმა წაიყვანა ცოლად და ისეთი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ, ბევრს შეშურდებოდა მათი.

... შუა გული ზამთარია. თოვს, თოვს გაგიჟებით, მთელი სოფელი, გზები, სახლები, ხეები და ჰაერიც კი თოვლშია გახვეული. მე და დედაჩემი ფანჯარასთან ვზივართ და გავყურებთ, როგორ უსაშველოდ ბარდნის, თოვლის მოხშირებული ფანტელები როგორ ტრიალებენ მოიისფრო, მონაცრისფრო ჰაერში, ჩემი ძმები ალბათ სკოლაში არიან და ჩვენ ორნი, მე და დედაჩემი ვართ სახლში. ასეთი ზამთარი იცისო ჩვენ სოფელშიც, მიყვება დედაჩემი, ეს რა არის, ამაზე უფრო დიდი თოვლიც მოდისო. მე უწადინოდ ვუსმენ, გულისყური გარეთ მაქვს, თოვლში მინდა გასვლა, თან ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, დედაჩემი მეუბნება, გარეთ რომ გაგიშვა, თოვლში დაიკარგებიო. ადამიანის ჭაჭანება არ არის გარეთ, ან რა უნდა დავინახო, ორიოდე მეტრის იქით ფანტელების ფარდა ფარავს ყველაფერს. ამ საოცარ სითეთრეში გვეჩვენება, რომ ვიღაც შემოვიდა ეზოში.  ”ძალო, ძალო! ყვირის რაც ძალი და ღონე აქვს. შენგელა ვიცანით. მოდი, შენგელ, მოდი! გასძახის დედაჩემი. ის შინელიდან თოვლს იფერთხავს, მიწაზე თოვლიან ჩექმებს აბრახუნებს რომ თოვლი გაიყრეინოს, მერე, შინელსაც და ჩექმებსაც ბალკომზე იხდის და თბილ ოთახში  ხელების ფშვნეტითა და ვიშვიშით შემოდის : გამარჯობათ, კაცოოოო!.. უუუუჰ, ეს რა თოვლია, ეს ოხერი, ლამის ყველაფერი შიგ ჩამარხოს!” მერე ღუმელთან ჯდება გასათბობად და იწყებს:” კოლა ძიამ გამომგზავნა, ძაღლების ჯერი უნდა წავიღო  და დამაბარა ერთი-ორი ბოთლი არაყი გამოგატანოსო...” ამ საუბარშია შენგელა, რომ გარედან ზიზილოს ძახილი მოისმა. მოდი ზიზილო, ეძახის დედაჩემი. ”შენგელ, მიდი კუშეტკის ქვეშ შეძვერი, ზიზლო შენზე უნდა ვალაპარაკო!...”. შენგელა გაქანდა და ტახტის ქვეშ შეძვრა. შეძვრა თუ არა შენგელა ეს ზიზილოც შემოვიდა  ოთახში. ”დადა,დადაააა, როგორა ცივაააა!.. ხელებს იფშვნეტს ზიზილო და იმ სკამზე ჯდება, სადაც  წუთის წინ შენგელა იჯდა. დედაჩემთან უკვე აღარაფერს მალავს და პირდაპირ საქმეზე გადადის:
- ქა, მითომ ის ტყიური აქ მოდიოდა, სად პაპიჩემი კვალზე წავიდა?
- ვინა, გოგო, ვისზე იძახი?
- იმ ვირზე გეუბნები, ძალო, შენგელაზე, წეღან აქ არ მოდიოდა, ქა?
-ჰოოო! იყო გოგო და მაშინვე წავიდა, ჩვენ კაც რაღაცეები დაებარებინა... მაშინვე გატრიალდა და წავიდა.
- მეე!... უკვირს ზიზილოს, ეგრე მალე სად მიწაში გაქრა ეგ ოხერი, ეგა?..  იმას იქით წასულა, ალბათ იმ კრუხი პალოჲ სანახავად ჩამომიწდებოდა. ნეტა რა გიჟივით დადის ეგ უბედური, ეგა?...
-იქნებ შენ სანახავად ჩამოვიდა გოგო, ამ თოვლში... მკითხა კიდეც, ზიზილო როგორ არისო....
-  ჩემ სანახავად არა!... მეტი საქმე არა მაქ!...ნეტა მე რაღასა მკითხულობს ეგ საცოდავი, მაგისმა დასაყრუებელმა ყურებმა ვერ გაიგო, რაც დავაბარე?.. მე რო მაგისთანებზე ვგიჟდებოდე, დღესვე გავთხოვდებოდი...
- რას უწუნებ, გოგო, მშვენიერი ბიჭია?
- მშვენიერი!... ისემც დიდი ჭირი ეცემა, მაგხელა ვირია და პირი ვერ დაუბანია... ნეტა ეგ უბედური სარკეში არ იყურება? მღვდელივით სუ პირგასაპარსი დადის... კოლა ძიას უნდა ვუთხრა, ფერმიდან გამოვაგდებინო.
- რას ამბობ, გოგო, კოლა ძაან აქებს, ძაან ყოჩაღი ბოჭიაო, ცივ ქვაზე იცხოვრებსო, ვიღაცა თიანელ კაცსა ჲდომნია თავი გოგოჲთვინ, ზესიძეთაჲ დომნია წაყვანა., ძაან მდიდარი ყოფილა ის კაცი, ის ერთი გოგო ჲყოლია, ის გოგოც ძაან ლამაზი ყოფილა, ვიღა არა თხოულობსო მაგრამ ეტყობა, იმ გოგოს ეს უნდა.
- წავიდეჲ ქა, წავიდეჲ, ნეტა ვინ ეჭიდება, კლდე ნახოჲ და გადავარდეჲ, მეტი ჯავრი არა მაქ. იქნებ ცოტა ტილები გაიყრეინოჲ, მაგი შესაფერისი აქ აღარავინ აღარ არი.
- თქვენები რას ამბობენ, გოგო?
- ჩვენებ კი მოჲწონთ, მაგრამ მე გული არ მიმდის. რას ამბობ, ქა, მაგი გვერძე გავივლი, ხო ქვეყანამ სასცილოდ ამიგდო, მარტო გარეგნობა ხო არ არი, ძალო, სახლი თავზე ენგრევა. აჰა, გავყვებოდი, მაგრამ სად უნა მიმიყვანოჲ, ჩემი დახატული სახლიდან მაგი გომურში როგორ შავიტანო ჩემი მზითი.
- რას ამბობ, გოგო, ყოჩაღი ბიჭია, ცივ ქვაზე გაცხოვრებს!..
- ქვა დეედოჲ გულზე, წაიყვანოჲ ეგ კრუხი პალო და მამშორდეჲ თავიდან, რა ჩემი შესაფერისი ეგ არი ?...
უეცრად გარედან ნადიას ( ეს სხვა ნადიაა, ჩემს ბიძაშვილში არ შეგეშალოთ)  ძახილი მოისმა: ” ძალო, შინა არა ხარ?”
- უი, ძალო, კრუხი პალო  მომიწდება, დამმალე სადმე და გეხვეწები, ჩემზე ალაპარაკე!...
- მიდი, ინდე, კუშეტკის ქვეშ შეძვერი!... ურჩევს დედაჩემი.
დედაჩემს დამთავრებული არა აქვს სიტყვა, რომ დაოთხილი ზიზილო ვირთხასავით შექანდება  ტახტის ქვეშ და ამ შენგელას არ დაეტაკა!...  სწორედ აქ მოხდა, რაც მოხდა და რაც მოხდა, მე ვერ აღგიწერთ, თქვენ თვითონ უნდა წარმოიდგინოთ ის ერთიმეორეში არეული სიცილი, ღრიანცელი, წივილ-კივილი, ტირილი და საყვედურები, რაც იმ მომენტში მოხდა.
მარტო ის მახსოვს, რომ დედაჩემს კინაღამ გული წაუვიდა სიცილით, ეს ზიზილო და შენგელა ძლივს გამოძვრნენ ტახტის ქვეშიდან, ნადია (კრუხი პალო) სიცილისაგან კარებშივე ჩაიკეცა, მერე ზიზილო გაბრაზდა, ჩემი ფეხი მძიმე იყოს ამ ოჯახშიო და გავარდა, აწითლებული  შენგელა კინაღამ იხრჩვება სიცილით და ნადია კიდევ ვეღარ ახერხებს გაჩუმებას.
იმ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, ნადიასა და შენგელას უკვე ერთად ახსენებენ იმიტომ, რომ ცოლ-ქმარი გახდნენ და უერთმანეთოდ არსად არ დადიოდნენ, ნადია ძალიან ენაკვიმატი იყო, რაც, პირველ რიგში, ყველაზე მატად შენგელას ახარებდა და ამხიარულებდა. ალბათ ორი-სამი წელი იცხოვრეს ერთად. მერე მათი ლამაზი ოცნებები მეხის ერთი დაცემით განადგურდა. საცოდავ ნადიას ერთ საბედისწერო დღეს, სწორედ იმ დღეს, ლაშარობა დღეს, რომელ დღესაც, სადღაც ოთხი წლის წინ, დაიღუპა ჩემი ძმა, ნადიას მეხი დაეცა და თან ერთი პატარა, ჯერ არდაბადებული სიცოცხლეც გაიყოლა იმ ქვეყნად.
ქვეყნიერების დასასრული ყველაზე ახლოს თუნიას გორზე მოჩანდა. ცა პირდაპირ მის წვერზე უერთდებოდა დედამიწას. იმის იქით აღარაფერი იყო და არც მაინტერესებდა, რადგან ერთი სული მქონდა, როგორმე თუნიას გორზე მოვხვედრილიყავ და ცისთვის ხელი შემეხო. მაგრამ იქ ვინ წამიყვანდა? თუმცა ჩვენ, უბნის ბავშვები ცას ცას კი არ ვეძახდით, არამედ ღმერთს და როცა ერთმანეთს ვემუქრებოდით, ვეუბნებოდით, შენ იქნებ ღმერთში აგისროლოვო, ან ვნატრობდით ხოლმე, ნეტა ღმერთში აგვიყვანაო.

კარგად არ მახსოვს, რაზე გამაბრაზეს. ყველა მე მტუქსავს და ცემით მემუქრება. ეს უკვე აუტანელია ჩემთვის, უკვე მერამდენედ ხდება ასე!  საშინელი გრძნობითა ვარ შეპყრობილი, ჩემზე მიუსაფარი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. ერთი სურვილი მაქვს, ამ სახლიდან წავიდე, თუნიას გორზე ავირბინო, ცას კიბე მივაყუდო და ღრუბლებში გავუჩინარდე. მერე მდიონ უკან, ღრუბლებში შეხვეული რომ გადავუვლი იმ მაღალ მთებსა და მინდვრებს, საითაც ეს ღრუბლები მიეშურებიან. ან სადმე, აქვე, ახლოს, თუნდაც ლელაანთ კაკლებთან გავიქცე, პატარა ქოხი გავიკეთო და ჩემთვის ვიცხოვრო ცალკე. მერე მიყურონ შორიდან, როგორ ვიცხოვრებ და რომც მეხვეწონ,  პირს აღარ ვიზამ აქეთ. ან იქნებ სჯობია, ამ ტახტის ქვეშ შევძვრე და მთელი ცხოვრება აქ გავატარო და როგორც არ უნდა მეხვეწონ, გარეთ ფეხს არ გამოვადგამ.

ერთხელ მე და უშიშა ჩვენს ვანახში, ვაშლის ქვეშა ვართ წამოგორებულები. რაღაცა თავგადასავალს  მიყვება და სიცილით ვიხოცებით. მერე მეუბნება, მოდი ძიავ (ჩემზე სამი წლით იყო უფროსი და მაინც ძიას მეძახდა),  ხვნეშიაანთ ვენახში გადავძვრეთ და ნესვი მოვიპაროთო. მე გაგონებაც არ მინდა, უარზე ვარ, მაგრამ ის არ მეშვება, ბეჩავი ნუ ხარ, ვერავინ გაიგებსო, ბოლოს, იმდენი მეხვეწა და მემუდარა,  რომ დამითანხმა და ღობიდან გადავძვერით. გადავძვერით მაგრამ, მეშინია თუ მეხათრება, არავინ დაგვინახოს-მეთქი, წელში მოხრილი დავყვები  უკან და მთელ ვენახს ვუვლით, რომ მწიფე ნესვი ვიპოვოთ. ის კი წელგამართული მიაბოტებს და ბებერი კაცის კილოზე  მეუბნება: ”ძიავ, ეგრე მაიქე, როგო შენ მამულში!”. მივყვები უკან მაგრამ ვერა ვბედავ წელში გაშლას. ეხლა რო ვალტერა ან ხვნეშია დაგვადგეს თავზე, რა უნდა ვქნა, ვფიქრობ ჩემთვის. ის კი მალმალე მომიბრუნდება და კაი ჭკვიანი მოხუცივით ჭკუას მარიგებს:”ძიავ,  გაიშალე წელში, ეგრე მაიქე, როგო შენ მამულში!” ბოლოს, როგორც იყო, სამიოდე ნესვი მოვწყვიტეთ და ისევ ჩვენს ვენახში გადმოვძვერით. სამშვიდობოზე რომ დავიგულე თავი, ძლივს შვებით ამოვისუნთქე. გავჭერით ნესვები, მაგრამ არცერთი არ გამოგვადგა. მოიქნია უშიშამ ეს გაჭრილი, უნდილი ნესვები და ისევ ხვნეშიაანთ ვენახში გადაყარა, თან მიაყოლა, რაც ჩვენზე თქვან ერთი არ ასცდეთო და სიცილ-ხარხარით წამოვედით ვენახიდან.
მერეც რამდენჯერ მომნატრებია და დამსიზმრებია მისი ღიმილი და სიცილით გაბადრული სახე, იუმორით გაჯერებული საუბარი, სულ რომ ხუმრობის ხასითზე იყო და სადაც ის იყო, მარტო სიცილ-ხარხარი ისმოდა. ჩვენი ერთად წასვლა აბანოში  ხომ განუმეორებელი ცირკი იყო! ზამთარში,  ახლად შეღამებულზე, როცა უკვე კაცის ჭაჭანება აღარ არის გარეთ, დავეშვებოდით ბერუაანთ უბანზე სამნი, ამირანა, უშიშა და მე. ”ეხლა, ძიავ, მაგრა უნდა ვიცინოთ”, მეტყოდა სიცილით. გავჩერდებოდით ხევის პირზე. მწარიაანთ გიოს სახლის პირდაპირ, უკვე ისე ბნელა, რომ გარეთ არაფერი არა ჩანს. დაუძახებდა:” ჯო, გიო,! ” პირველ დაძახილზე არავინ გვაგონებდა. მერე უფრო ხმამაღლა გასძახებდა: ”გიო, ჰეი, გიო!” რომელი ხარ, ბიჯო?” გააგონებდა გიო, ” აბა, ცოტა ხანს ხევში ჩამოდი!” ”ეხლავე, ეხლავე” ისმოდა გიოს აჩქარებული ხმა. ”აბა, ეხლა უნდა ვიძუძგოთ!” გვეტყოდა ღრეჭვით მე და ამირანას და ჩვენც, ერთი სიცილითა და ხითხითით, თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით აბანოსკენ. სანამ გიო ხევში ჩამოვიდოდა, ჩვენ უკვე ხევს კარგა შორს ვიყავით გაცილებული და ახლა ზიმლიხანას ვეპატიჟებოდით გარეთ გამოსასვლელად. სანამ ის გარეთ გამოვიდოდა, ჩვენ, სიცილისაგან გულამოვარდნილები, უკვე აბანოს კარებთან ვიყავით. აბანოდან წამოსულები ისევ იმ გზით ვბრუნდებოდით სახლში და ახლა ხალალაანთ სოსია და გალიაანთ ავთო გამოგვყავდა სახლიდან. მთელი ზამთარი ასე ვაწვალეთ ის საცოდავები და მერე თურმე სოსია ლაპარაკობდა უბანში და გიოც ემოწმებოდა, რომ მოძახურა მყავს, ღამე ხევიდან მეძახის გარეთ გამოდიო, რო გამოვდივარ, იქ არავინ აღარა მხვდებაო, ბოლოს სოსია ისე შეშინებულა, ეშმაკები მეძახიან ღამე გარეთო, რომ შიშისაგან  თურმე გარეთ ვეღარ გამოდიოდა ის საცოდავი.

ზაფხულის ცხელი საღამოა, მთელი უბანი გარეთ არის გამოსული, რომ ცოტა სული მოითქვას. უბნის გოგო-ბიჭები უშიშას ვეხვეწებით დიბირგაანთ თამარამ რომ ისა და ღაციაანთ შოთა მიასიკვდილა, ის მოგვიყვეს. იმასაც დიდი ხვეწნა არ სჭირდება და ვინ იცის, რამდენჯერ მოყოლილს კიდევ ერთხელ გვიყვება და ჩვენც, ყოველ მოყოლაზე, სიცილით ვიფხრიწებით:
”დიბირგაანთ თამარას გაკვეთილი გვაქვს,  დაიწყო უშიშამ, პირველი გაკვეთილია, დააბოტებს ეს ქალი მერხებ შორის  და დავალებებს ამოწმებს.  ვაი იმის ტყავის ბრალი, ვისაც დავალება არ უწერია, გადის მუშტი თავში და წელში, მუცელში და გვერდებში, ერთი სიტყვით, დიდი გლოვა-ზარია კლასში,  ხმის ამოღებას ვერავინ  ბედავს. არადა, ნახევარ კლასს დავალება არ უწერია.  გაცქნაფულები ვსხედვართ მე და ღაციაანთ შოთა, დავალება არცერთს არა გვაქვს შესრულებული  და ვიცით, რო თამარა ზურგზე ბოლს აგვადენს ცემით. კუნწრა და ბერუაანთ გოგა მერხში ჩაქოთა. ხელი რო დაეღალა, ახლა წიხლები მიაყოლა. ხალალაანთ სვიმანას კიდევ იმდენი ურტყა, რო შეწუხებულმა, იქნებ თავი გამანებოსო,  თავი მოიმკვდარუნა, მერხიდან გადმოვარდა და  გაბერილი ბაყაყივით  ასავსავებდა ფეხებს, შამამუკაანთ ნიკუშამ და პატრა კაცმა ცემას ვეღარ გაუძლეს და პირდაპირ ფანჯრიდან გადახტნენ ეზოში. პატრა სოლიკოაანთ მაყვალს ისეთი მაგრად დაჰკრა თავში, სიმწრისაგან დეკეულივით დაიბღავლა. ბუქიაანთ ნუნუას ლობიოს შეჭმა ვეღარ მოესწრო სახლში, ჯამით სკოლაში წამოეღო და იქ მიირთმევდა, მერხზე, რა დავალება, რის დავალება. ნუნუა რა დავალების დამწერი იყო, აბგა მარტო საჭმელებითა ჰქონდა გამოტენილი. თამარამ  სუ ბუქი ადინა ზურგზე, ის ჯამიანო ლობიო ზედ თავზე დააფარა და წიხლისკვრით მოისროლა გარეთ, დედაშენი მომიყვანეო. ნუნუამ კიდევ, ჯერ ეხლა როგორა ბლუკუნებს და მაშინ უარესი იყო, გარედან დაუძახა, მანამ პუი აა ჭამო, საამ დეეჩემი აქ ა ოგიყვანოვო, ინდე ეგ ხეები უდა დაგამტვიო, მერე ერთი დაგვეჯღანა ფანჯრიდან, რაზეც, რა თქმა უნდა, სიცილი წაგვსკდა სუყველას და  თამარას რისხვა დავიმსახურეთ და კალოშების ტყაპატყუპით წავიდა  სასკინსკილაოდ. დანარჩენები, სასტიკი განაჩენის მოლოდინში,  გაფითრებულები  და დამუნჯებულები ვსხედვართ. თამარას ამდენი მუშტი-კრივისაგან თმა ჩამოშლია და ლომივითა ბრდღვინავს. ვნატრობთ მე და შოთა, გასკდი დედამიწავ და თან ჩაგვიტანე, რო მოგვიახლოვდა, ხაფანგში გაბმული თაგვებივით  ვაცეცებთ თვალებს, მე უკვე  უიმედოდ გადავაგდე კისერი  და თვალით  ისეთ ვინმეს ვეძებ, ვინც დამიხსნის და გადამარჩენს, მაგრამ, ვაი, რომ ასეთი არავინა ჩანს.  წამებს ვითვლი, როდის  დაგვემხობა თავზე თამარას რისხვა. პირი გავაღე, მინდა, თავის გადასარჩენად ეს ტყუილი ვუთხრა: ”მასწავლებელო, გუშინ სახლში არ ვიყავი, დედაჩემმა დეიდაანთა გამგზავნა და  დავალების დაწერა ვეღარ მოვასწარი-მეთქი, მაგრამ  პირი მიშრება, ყელიდან ხმა არ ამომდის, შოთაც ცმუკავს ადგილზე და სადაცაა ტირილს დაიწყებს, თან დარტყმისთვის ემზადება, ხელს იფარებს ლოყაზე,  რომ  ძაან მტკივნეული არ იყოს. აი, თამარამ გახსნა პირი და  ველოდებით, თავზარდამცემი ხმით გვკითხოს, რატო დავალება არ გიწერიათო, ...ის კი დათაფლული ხმით გვეუბნება: ” ჭიჭიაშვილო და ღაციაშვილო,  წადით, გენაცველეთ ჩვენსა, ბალკომზე რო ახვალთ, იქვე, კიბის თავზე, მეშოკით სიმინდია, წისქვილში წაიღეთ და დააფქვევინეთ, მე აქ დაგელოდებით და ამბავი გამაგებინეთ”.რაო?... ლამის ჭკუიდან გადავირიოთ, ყურებს არ ვუჯერებთ!.. ”ეხლავე, მას...” ორივემ ერთად წამოვიძახეთ და ამ მოულოდნელი  სიხარულისაგან დაგიჟებულები  სუ ერთი ფუნდრუკაობით გავცვივდით კლასიდან. გზაზე სუ ერთი ყიჭინითა და კოტრიალით მივდივართ, ასეთი ბედნიერები არასოდეს ვყოფილვართ. ეს რა სასწაულს ვეწიეთ! ეს რა მოხდა? გაოცებულები და გახარებულები ვეკითხებით ერთიმეორეს და თან სიცილით ვიხოცებით  ჩვენი ნატყეპი კლასელებისა და თამარას  გახსენებაზე.
მივედით იმათა და რასა ვხედავთ, ერთი დიდი, პირწაკერილი მეშოკი არა გდია ბალკომზე!  ხელის მოსაკიდებელიც კი არ აქვს, რომ როგორმე ზურგზე მოვიკიდოთ.  ან ჩვენ იმას როგორ მოვერევით, ბალღები ვართ, პირველ თუ, მეორე კლასში ვსწავლობთ, მაგრამ უკან დასახევი გზა არა გვაქვს. რის ვაი-ვაგლახით ჩავავლეთ აქეთ-იქიდან ხელი და სულ თრევა-თრევით დავიძარით ზაქარა პაპას წისქვილისკენ. თქვენს მტერს, რაც ჩვენ იმ მეშოკის თრევაში დღე დავუყენეთ, როგორც იყო მივაღწიეთ წისქვილამდე, მაგრამ დაკეტილი დაგვიხვდა. ვფიქრობთ: რა ვქნათ, რა ვქნათ, იმისი უკან წამოღება სიკვდილი იყო ჩვენთვის. ბოლოს ისღა მოვიფიქრეთ, რომ მეშოკი ტახტზე დაგვედო, რომელიც იქვე ჰქონდა ზაქარას გამართული,  და ზაქარასთვის გაგვეგებინებინა სახლში, რომ სიმინდი იყო დასაფქვავი. ორივეს გვეზარება, არცერთს არ გვინდა ზაქარასთან წასვლა, ორივეს იქ დარჩენა გვინდა და რომ ზედმეტად აღარ ვიაროთ აქეთ-იქით. რაკი ვერ მოვრიგდით, ორივემ დავკარით ფეხი და მივადექით ზაქარას: ვეძახით, ვეძახით, გავიხეთქეთ თავები ყვირილით, ბოლოს როდის-როდისღა გამოიბამბღვლა ზაქარა. ვუთხარით, ზაქარა პაპავ, თამარა მასწავლებელმა სიმინდი გამოგვატანა დასაფქვავად და წამოდი დაგვიფქვიო. წადით, შვილო და მეც ეხლავე მოვალო. გამოვიქეცით უკან, წისქვილში  და რასა ვხედავთ, სადღაა თამარას სიმინდი? მიდით ტალანის ღორებო, (რატო ერთი ოცი ღორი არ იყო თავის გოჭებიანად) და მოულხინეთ,  ის მეშოკი  ჩამოუთრევიათ ზაქარას ტახტიდან და სანამ ჩვენ უკან მივბრუნდებოდით, სუ გადაუსანსლიათ მთელი სიმინდი, ჩვენ რო მივედით ერთიმეორეს მეშოკის ნახევებსა სტაცებდნენ პირიდან. დაგვეცა თავზარი. არ ვიცოდით, რა გვექნა, საიდან მოგვეთხარა თამარას სიმინდი!... კარგი ბიჭი ხარ და დაბრუნდი სკოლაში! რა ვქნათ, ვეკითხები შოთას, სკოლაში რომ წავიდეთ, ცემა არ აგვცდება, არადა მთელი დღე აქ ხომ ვერ ვიქნებით! სახლში წავიდეთ, ჩვენები ხო გვეტყვიან, წიგნები რა უყავითო. ვართ შავ დღეში. ბოლოს ესღა მოვიფიქრეთ, სანამ გაკვეთილები დამთავრდება, ვენახებისთვის შემოგვევლო და  ქარისაგან გაყრეინებული კაკლები მოგვეგროვებინა და  რო ვიდროვებდით გაკვეთილები დამთავრდაო,  სკოლაში წავსულიყავით,  ჩანთები აგვეღო და სახლში დავბრუნებულიყავით. მართლაც ეგრე მოვიქეცით და კაკლით შარვლის ტოტებდავსებულები სკოლის ეზოს მივადექით.  შორი-ახლოს გავჩერდით და  გაკვეთილების დამთავრებას ველოდებით.
როგორც იყო დამთავრდა გაკვეთილებიც, ვხედავთ სკოლა როგორ დაიცალა, კაციშვილის ჭაჭანება აღარ არის იქ, მაგრამ მაინც ვერა ვბედავთ  შესვლას, რადგან თამარა არ დაგვინახია იქიდან გამოსული. ბოლოს ვთქვით, ეტყობა თამარა იგრე წავიდა, რო ჩვენ ვერ დავინახეთო და ფეხაკრეფით შევედით სკოლის ეზოში,  მაინც გვეშინია თამარა არ გამოჩნდესო, ასევე ფეხაკრეფით შევიპარენით კლასში ჩანთების ასაღებად, ეს ჩანთებიც ავიღეთ და სუნთქვაშეკრულები ვაპირებთ გარეთ გამოსვლას, რომ თამარა დაგვადგა თავზე. ელდისაგან ადგილზე გავქვავდით. ის კი, მომღიმარი, ალერსიანი ხმით გვეკითხება: , ”აბა, რა ქენით, გენაცვალეთ, დაფქვით?” ეს ქვა იღებს ხმას, ისე ჩვენ, ეგრე ვართ დამუნჯებულები და თავზარდაცემულები, რო გატოკებას ვერა ვბედავთ. ” ჭიჭიაშვილო, დაფქვით?” მეკითხება თამარა. მე კი თავი მაქვს ჩაღუნული და თამარას ფრანცუსკების წვერებს ჩავყურებ, ენა მაქვს გადაყლაპული, სუნთქვითაც აღარა ვსუნთქავ.  ”ღაციაშვილო, დაფქვით?” ახლა შოთას მიუბრუნდა  ჩემი უპასუხობით აფორიაქებული თამარა. ის კი დუმს თითქოს იმას არ ეკითხებიანო. ”რა ხმა ჩაგიწყდა, ღაციაშვილო, დაფქვით?” არ ეშვება თამარა. ბოლოს, ამ საცოდავმა როდის, როდისღა ამოილუღლუღა: ” მასწავლებელო... ტალანის... ღორებმა... შეგვიჭამეს... ”  კისერი გვერდზე გადააგდო და ისეთი უმწეო, საცოდავი თვალები მიაპყრო თამარას, რო კინაღამ სიცილი წამსკდა. მეც თავი ავწიე, თამარას რაღაც შვებით თვალებში შევხედე, შოთა მართალს ამბობს მეთქი და მგონია, გვეტყვის, არაუშავრა, ეხლა სახლებში გაიქეცითო. ”რაო? გაშრა თამარა, ჯერ ვერ მიხვდა რა ვუთხარით, მაგრამ აზრზე რო მოვიდა, ერთი დაიჯღანა, ჭარხალივით გაწითლდა, აი, ღოკი და სატკივარიმც  გაგაჩნდეთო,  მოგვაწყევლა  და რო გვტაცა საყელოში ერთს ერთი  და მეორეს მეორე ხელი, სუ ერთმანეთზე გვახათქუნა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.  ჩვენც ისე ვიყავით შეშინებულები და ძალადაკარგულები, რომ ტირილი და წინააღმდეგობის გაწევა თავში აზრადაც  არ მოგვსვლია და როგორც უნდოდა, ისე  გვჩეჩქვა  და გვინაყა თავ-პირი, ხან ერთიმეორეზე გვახათქუნა თავებით, ხან კედელზე. ამ ცემა-ტყეპაში ეს შარვლის ტოტებიც გაგვეხსნა და თუ რამე კაკალი გვქონდა, სუ დაბლა მოიფანტა. კაკლის დანახვაზე სუ გაგიჟდა თამარა და უფრო მაგრად დაგვიწყო ჭანჭყარი და ერთიმეორეზე ხეთქება, თან ამ კაკალს მიადგა და სუ ფეხით გვიმტვრია და გვიზილა, ამის გულისთვის შეაჭამეთ ჩემი სიმინდი ღორებს, თქვე გასაწყვეტებოვო, თან ხელს არ გვიშვებს და სუ ერთიმეორეზე გვახათქუნებს. ბოლოს,  თვითონაც რო კარგა მაგრა დაიღალა და ჩვენი ცემითაც კარგა იჯერა გული, დაფაზე  მიგვაწყვიტა და კლასიდან გაალმასებული გავიდა. ჩვენც ისე ვიყავით ამდენი ცემისაგან დაოსებულები და არაქათგამოცლილები, რომ იმ დაბნეულ კაკლებზე თუ ვიდექით, გაგვიგორდა ფეხქვეშ და დაბლა მოვადინეთ ზღართანი. კარგა ხანი ვეყარენით ეგრე და როდის, როდისღა მოვსულიერდით და  ავდექით ფეხზე.
ჩვენ ვიხოცებით სიცილით, მეტი აღარ შეგვიძლია. ცოტა რომ მივწყნარდით, ისევ გააგრძელა უშიშამ:
”ერთხელ კიდე, სიმღერის გაკვეთილი გვაქვს. ზის ეს თამარა თავის მაგიდასთან და გვამღერებს. ერთი რო იმღერებს, ახლა დანარჩენებს  მოგვიბრუნდება და გვეუბნება:
- აბა, ბავშვებო. ახლა ვინ იმღერებს?
ამ პატრა სოლიკოაანთ  წრიპა მაყვალამ ასწია ხელი და ეუბნება:
- მასწავლებელო, მე ვიმღერებ!...
- აბა, გენაცვალე, დაიწყე!... გაღიმებული ეუბნება თამარა, მაყვალა იმისი  მეზობელი იყო და პოლებს აწმენდინებდა ხოლმე.
და დაიწყო მაყვალამ:

მამიკო კარგი კაცია,
კარგადა სჭამს კამფეტებსა,
ვისაც კარგი გოგო უნდა,
მამაჩემი აკეთებსა!

- აი, შენ კი მოუკვდი შენს დედ-მამას, შე ფრახო, შენა!.. მიაწყევლა თამარამ, -ჩაიწყვიტე ხმა და შენი პირიდან აღარ გავიგო ეგ სიმღერა!...
მაყვალამ მოკეტა და ბურტყუნით  დაჯდა.
-მასწაებეო, მაგე ა უნდა ეგ სიმღეა!... ხელი ასწია ბუქიაანთ ნუნუამ.
- რაო, შენც იცი სიმღერა, ჭამის გმირო? აბა, იმღერე, აგდებულად უთხრა თამარამ.
ნუნუა წამოდგა და დაიწყო ბლუკუნით:

მატაებელი მიდის-მოდის,
გაჩეებას აკეთებს,
ვისაც კაგი გოგო უნდა,
მააჩემი აკეთებს!..

ვიხოცებით სიცილით ნუნუას სიმღერაზე, თან თამარასი გვეშინია, არა გვცემოს, თან როგორი ძნელია, გაკვეთილზე რო სიცილი აგიტყდება. ამ თამარასც წასკდა სიცილი, ჩვენ რო დავინახეთ იცინისო, უფრო მოვუმატეთ და ერთი ღრიანცელი გადის კლასიდან.  ერთი უცებ ეს თამარა ჩუმდება და ბრაზდება ცალკე ჩვენ სიცილზე, ცალკე ნუნუას სიმღერაზე.
- ოი, სატკივარმა და ხუნაგმა გაგაკეთოს, შე მიწა დასაყრელო, შე ნეშომპალავ, ეგ არის სიმღერა? ვინ გასწავლა, აგრემც პირი გაუხმება ?... გაცოფდა თამარა.
-ეეეეე! გაოცდა და თან გაბრაზდა ნუნუა, პიიც გაგიხმეს და თავიც, დედაჩეა მასწავლა, დამაცა,  თუ ა უთხა!... დაემუქრა ნუნუა.
თამარა ნაწნავებში სწვდა ნუნუას და გარეთ გაათრია.
კლასში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ახლა მე ავწიე ხელი, ვიმღერებ მეთქი.
- რა უნდა გვიმღერო?  ბუზღუნით მეკითხება თამარა.
-დედის სიმღერაა, მასწავლებელო,- მინდა  თამარას ვასიამოვნო და როგორმე მისი გული მოვიგო.
- აბა, იმღერე!
      მეც ავდექი და  ვიმღერე:

გაიზარდე, გენაცვალე,
გახდი შოფერიო,
შენ გაკეთებას მოუნდა
სამი სოფელიო:
ქისტაური, არაშენდა,
ახალსოფელიო!...

სუ გაცოფდა თამარა:
- ეგ არის დედის სიმღერა, შე დნება ასატეხო შენა, მასეთი მოსწავლისთვის შეუფერებელი სიმღერები უნდა მიმღეროთ, თქვე მწურთნელგათავებულებო, თქვენა? წადი და დედაშენს უმღერე ეგ სიმღერა!... რა ოჯახებში იზრდებით, რა უნდა მიმღეროთ?...დაეგდე ადგილზე!... ფეხის ბრაცუნით მომაკეტინა თამარამ. რაღას ვიზამდი, დავჯექი სუდში გამტყუნებულივით.
ახლა ამ აბუეტმა, ბერუაანთ გოგამ ასწია ხელი, მე ვიმღერებო.
- აბა, გენაცვალე, შენ მაინც კარგი სიმღერა იმღერე, მიეფერა თამარა გოგას. -ხო იცით როგორი ქალი იყო, გოგას მამა ბუღალტრად მუშაობდა კანტორაში და ეგეთი ხალხის შვილებს სუ ეფერებოდა ხოლმე.
ადგა ეს აბუეტი და დაიწო:

აქეთ ყანა, იქით ყანა,
ერთმა გოგომ წამიყვანა,
იმდენი მელაპარაკა,
გუნებაზე მამიყვანააა...

თამარამ აღარ გააგრძელებინა სიმღერა, ქორივით ეცა და ერთი იგეთი აადო ნიკაპში იმ დაღებულ პირზე, რო გოგას  ენა მოეტანა კბილებში და მგონი იმის მერე ბლუკუნებს ეგრე.


მერე ამ ამბიდან რამდენმა წყალმა ჩაირა, ჩვენ უკვე დავიზარდენით და ახლა სხვა საზრუნავი დაგვაწვა მხრებზე. მერე საცოდავი ხარაჩოდან ჩამოვარდა, დაცემისაგან წელი მოსწყდა  და სამი თვე ვეღარ იცოცხლა, ოპერაციის დროს დალია სული. ვიცოდით განწირული იყო, მაგრამ მაინც ისე საშინლად იმოქმედა იმისმა სიკვდილმა, თავზარდაცემულები დავდიოდით. მერე თითქმის ყოველ ღამეს ვხედავდი სიზმარში. დაღუპვამდეც და სიკვდილის მერეც. ვიცოდი, რომ არ გადარჩებოდა, ისეთი საშინელი სიზმრები მქონდა. სიკვდილის წინ რამდენიმე დღით ადრე სიზმარში  ვნახე: ჩვენს ეზოში, გალავნის ნაპირზე მტრედების გუნდი დაფრინდა. ღუღუნებენ და თან ცეკვავენ, ცეკვავენ და საოცარი ის იყო, რომ ყველა მათგანს ადამიანის გამოხედვა ჰქონდა, მერე რამდენიმემ მათგანმა თითქოს ხელები გამოებათო, ჯოხები დაიჭირეს და იმ ჯოხებს ერთიმეორეზე დაუწყეს გამწარებულებმა ცემა. სცემენ ამ ჯოხებს და თან ცეკვავენ, მერე აფრინდნენ და იმათ კრამიტებზე გადაფრინდნენ და ახლა იქ გააჩაღეს ჯოხების ცემა და ცეკვა.
ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს სიზმარი, რომ მეორე დღეს, საღამო ხანს, დედაჩემს მოვუყევი. ანია მამიდა ჩვენსა იყო და უშიშას მისამართით, თავისებურად, მოთქმა-ღიღინით თქვა: ”უფლის ანგელოზები ყოფილან, შვილოოოო, დიდი სასამართლო ჰქონიააათ, დიდი დღე აღარ გიწერია, ვაი, შენ დედასაააა!”
მისი სიკვდილის წინა ღამეს კი ასეთი სიზმარი ვნახე: ზღვა ხალხი მომდგარიყო იმათ ეზოსთან, ზემოთა მხრიდან, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ვერავის სახეს ვერ ვხედავდი, თითქოს სუყველას ერთი მთლიანი, დიდი შუქ-ჩრდილის თავშალი ჰქონდა ჩამოფარებული თვალებზე. მერე ამ ზღვა ხალხს ერთი შიშველი, ლამაზმხარ-ბეჭიანი, ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო და უშიშასკენ წამოვიდა. სახეზე რომ დავაკვირდი იმ  ბიჭს,  უშიშას ორეული იყო, რომელიც მიმზიდველ სინათლეს გამოსცემდა.  უშიშასთან მივიდა, ხელი ჩაავლო და იმ ხალხისკენ დაუპირა წაყვანა. უშიშა გაუძალიანდა და ხელის კვრით იშორებდა. ვკითხე ვინ არის და რა უნდა მეთქი. არ ვიცი, ძიავ, ჩემი წაყვანა უნდაო. მერე უშიშას ორეული გზაზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. ამ დროს იმათი სახლის წინ კი ასეთი სურათი იყო. დიდძალი ხალხი, უჩვეულო ხმაურითა და დგანდგარით,  მიუყვებოდა სასაფლაოსკენ მიმავალ გზას. ისეთი გრძნობა მქონდა, ვიღაცას ასაფლავებდნენ, მაგრამ ეს ხალხი ცოტას რომ წაიწევდა წინ, რაღაც საოცარი ძალით, უკუსვლით, იმათი ეზოს გაღებულ კარებთან, ისევ უკან ბრუნდებოდა.
საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდებოდა. სწორედ იმ დღეს  უნდა გაეკეთებინათ  ხერხემლის ოპერაცია. მთელი დღე ვწრიალებდი, წუთი წუთზე  ველოდი, რომ ვიღაცა უბედურების ამბავს მოიტანდა და მართლაც,  ნაშუადღევს, იმათი ეზოდან ქალების ტირილისა და წიოკობის ხმა მომესმა. დაერეკათ, ოპერაციის დროს დალიაო სული.
დღესაც, როცა საუბარი ჩამოვარდება იმ საცოდავზე, მაშინდელი პატარა ბალღები, დღეს უკვე ასაკიანი მამაკაცები იხსენებენ ხოლმე, რომ უშიშა კარგად არ გვახსოვს, მაგრამ ის დღე გვახსოვს, როცა დაიღუპა, გენო ბაბო ეზოში გორავდა და თმებს იგლეჯდაო


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები