ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


სალი სულია

გაზაფხულია. დღე და ზეცა მწუხრს ექსოვება,
ბნელ სიცივეში უფრო მძლეა ფოთოლთ შრიალი.
გაფანტულია არასწორი გამოსწორება,
ერთი გული და ფიქრი ყველა–შორს ნატყვიარი.

დღეს სიზმარია უცხადესი გამოდარება,–
გუშინ ხომ ერთხელ ედემივით გამოიდარა!
ჩვენსა მწარეა წესები და  ქსელში გაება
ობობა, როგორც ჩაძირული ზღვაში – გიტარა.

უფრო, რთულია შედარება, ვიდრე მარტივი,
იმ სიმარტოვის, ზღვამ რომ ხმელი იუკადრისა.
გადარგულია,წყალმცენარეს ეხება ტივი,
ტივტივებს ტივის შორიახლო ჩრდილი ჭადრისა.

დამუსრულია ფიქრები და ენა ჩერდება,
გონება ფეთქავს და ფეთქდება სიტყვა გულიდან.
დასასრულია ეს სტრიქონი ქვენა ფერდების,–
დაიკივლა და გაივაკა სიყვარულითა.

ახლა ნულია ათასობით ღამე და ბინდი,
მილიონი და უფრო მეტი–განცდა ალალი.
დანამულია თუნდ მამული, გონება გინდა,
მათი შერწყმაა სიცოცხლე და გამოსავალი.

ცა კი წუთია,–ფრთაშესხმული მარადისობა,
ფრენა და ფრენა,წამ–წამი და განმარტოება.
ანგელოზია აკინძული წამების წყობა,
წყება სხივების რჩება ატმის თანარტოებად.

ჩაძირულია ზღვა და მაინც ტივტივებს ტივი,
უძიროა და ამოცანა მისი გამოცდა.
წამი რთულია; დრო აწმყოდან მაცილებს ცივი,
მომავლიდან კი გამოცდილი სხივი გამოკრთა.

უკვე ჩუმია დედამიწა, როგორც პოეტი–
თავისუფლებით დაქსოვილი ლექსის წერისას.
უხერხულია ამოუცნობ კოცონს მოედო,–
ცნობილი ხერხი სამყაროა ბედისწერისა.

თვითონ კაცია სამშობლოში მყოფი სამყარო,
წერა პოეტის და ბედისაც ამით კაცია.
გამიტაცია ეს ღამეც და რომ გავამყარო–
მთვარიდან უკვე გულს ცხრა სვეტი ჩამიკეცია.

საფიცარია დაკარგული წელი ყოველი,
ჩაიტვირთება ოღონდ ლექსი ჩემს სიცოცხლეში:
ათი ცალია რაც ცხრა იყო და ველი, ველი,
თავისუფლებას, ვრცელს, რომელიც ჩანს ვიწრო წრეშიც.


სალოცავია ოკეანის ვრცელი მორევი,
მშვიდია იგი თუ მღელვარებს; ან მოჩანს დილა.
სალი სულია, კლდე–რბილი და ზეცის მშოველი,
ცაზე კი ლურჯი  ვარსკვლავები გამოჭედილა.

სრული ნიჭია ჰპოო ხედვა ფოთოლცვენისა,
ოღონდ დაუდგე წუთისოფელს, ვით გაზაფხული.
სული მშვიდია; ზღვა მღელვარებს როგორც წესია:

ჩვენსა ანაზდად გაიქროლებს წინ დასასრული...

ანგელოზია აკინძული წამების წყობა,
წყება სხივების რჩება ატმის თანარტოებად.
ცა კი წუთია – ფრთაშესხმული მარადისობა,
ფრენა და ფრენა, წამ–წამი და განმარტოება.

                                                            ავტორი: მუხრან აბაშიძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები