ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ცირა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 მაისი, 2010


სანამ გვიან არ არის, მოდით, ვილაპარაკოთ



სალამი ურაკელებო,

ტელეკომპანია კავკასიის სტუდიაში დატრიალებულ ორომტრიალთან დაკავშირებით გუშინ მოზრდილი სტატია დავწერე, მაგრამ მოულოდნელად შუქი წავიდა და ნაწერი წამეშალა. საღამომდე უსინათლოდ ვიჯექით, შემდეგ კი ნაშრომის აღდგენა დამეზარა, ვიფიქრე, ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია და გარჯად არა ღირს-მეთქი. დღეს დილით კი ლიკა ოხანაშვილის წერილი წავიკითხე და მივხვდი, რომ ორიოდე სიტყვა მაინც უნდა მეთქვა.

იმ უმსგავსო წიგნისა და მისი უბადრუკი ავტორის შეფასებისას, რომელმაც ამ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თბილისს არჩევნების წინა ციებ-ცხელებაც კი დროებით გადაავიწყა, ყველა საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი: ქრისტიანი, სხვა რელიგიების მიმდევარი თუ ათეისტი, ერთმანეთის მხარდამხარ აღმოჩნდება. მე ამაში ღრმად დარწმუნებული გახლავართ. აქ პრობლემა სულ სხვა რამეშია და ძაღლის თავი ბევრად უფრო ღრმად არის ჩამარხული.

ვეჭვობ, რომ ბოლო დღეებში ატეხილი აურზაური ჭიქაში აბობოქრებულ ქარიშხალს უფრო ჰგავს და, როგორც მენზურაში ჩასახული ყოველი ქმნილება, ისიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგია, ამ შემთხვევაში კი კარგად გათვლილი პროვოკაცია. მისი მიზანი მართლმადიდებლობის შეურაცხყოფაზე მეტად დემოკრატიული ფასეულობების დისკრედიტაცია იყო. რასაც ვგულისხმობ, ახლავე აგიხსნით. აბა, გავიხსენოთ, ვინ დააფინანსა ეს წიგნი. ვინ და თავისუფლების ინსტიტუტმა. ვინ იცავს განსხვავებული აზრის არსებობის უფლებას? ლიბერალ/დემოკრატები. ესე იგი, ბოროტების წყაროც ნაპოვნია და დავცხოთ ლიბერალ-დემოკრატიას!!!
სქემა იმდენად მარტივია, რომ ზოგჯერ ვეჭვობ, დეისაძეს ეს პირწავარდნილად პროვოკაციული თემა ვინმემ საგანგებოდ ხომ არ შეუკვეთა-თქო. თუმცა, ცალსახად ამის მტკიცება არასწორი იქნებოდა: ვინ იცის, კაცნი ვართ, ადამიანის უგუნურებას ხომ საზღვარი არა აქვს...

ჩვენ მეტი ცოდნა და გამოცდილება რომ გვქონოდა, მსგავს პროვოკაციას ასე ადვილად არავინ წამოეგებოდა. მის გასაქარწყლებლად მხოლოდ იმის გახსენება იქნებოდა საკმარისი, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია სწორედ ქრისტიანობის წიაღში აღმოცენდა და განვითარდა. (მე ანტიკური პერიოდის დემოკრატიას არ ვგულისხმობ,). თავად ქრისტე პატრიარქალურ-ებრაულ საზოგადოებაში ნამდვილი პირველი დემოკრატი იყო. იგი მევახშეებს, ქალებსა და თვით უცხო ტომის წარმომადგენლებსაც კი ერთნაირად ეპყრობოდა. დღეს მასგავსი საქციელით ვერავის გააკვირვებ, მაშინ კი ასეთი ლიბერალობა თითქმის დანაშაულად ითვლებოდა. ამის გამო ქრისტეს ღვთის მგმობისა და ტრადიციების დამნგრევის ეპითეტი არაერთხელ დაუმსახურებია.

თანამედროვე დემოკრატიაც სამ ძირითად პრინციპს ემყარება: რასობრივ, სქესობრივ და რელიგიურ თავისუფლებას. მისი კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი სიტყვის თავისუფლებაა. დემოკრატიის ელემენტები განსხვავებული დოზირებით ჩვენი დროის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. როგორაც არ უნდა უარყოს მავანმა და მავანმა, ფაქტი ფაქტად რჩება: რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, იგი მით უფრო განვითარებულია. განვითარება კი, მატერიალურ წარმატებებთან ერთად, მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფასაც გულისხმობს.

ორ სრულიად განსხვავებულ მცნებას, “სიტყვის თავისუფლებას” და “მოქმედების თავისუფლებას” ხშირად ერთმანეთში ურევენ, (ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ მიზანდასახულად!). დემოკრატია მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. “სიტყვის თავისუფლება”კი მხოლოდ “სიტყვის” თავისუფლებაა და მეტი არაფერი. იგი ნამდვილად არ გულისხმობს მოქმედების თავისუფლებასაც. ვშიშობ, რომ ლიკა ოხანაშვილი თავისი ნორჩი ასაკისა და ახალგაზრდული სიფიცხის გამო სწორედ ამ გაგებათა აღრევაში გაიხლართა. იგი წერს:

“თუკი თავისუფლებაზე მიდგება საქმე, მაშინ კაცისკვლაც დასაშვებია, იმიტომ რომ მკვლელს აქვს თავისი შეხედულება და თავისუფალი აზროვნება, ამიტომ იქცევა ისე, როგორც მას მოსწონს,  მაშინ რატომ უნდა დავსაჯოთ იგი?”

გბასუხობ, ძვირფასო ლიკა: მკვლელი იმიტომ უნდა დაისაჯოს, რომ ამას ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს. სხვათაშორის, სიტყვის თავისუფლებაც გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. მაგალითად: იკრძალება ომისა და ძალადობის პროპაგანდა, არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებების პრესის ფურცლებზე გამოქვეყნება და ა.შ. სამწუხაროდ, არც ერთი კანონი სრულყოფილი არ გახლავთ და გამონაკლისს არც ეს უკანასკნელი წარმოადგენს. ურიგო არ იქნებოდა, რომ აკრძალული იყოს პირად საქმეებში უნებართვოდ ჩარევა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, ღირსების შებღალვა და ა.შ. და ა.შ., მაგრამ ამის პრაქტიკულად განხორციელება საკმაოდ ძნელია. მთავარ დაბრკოლებას თითოეული ტერმინის დეფინიციის განსაზღვრა, შემდეგ კი დამტკიცება და კონკრეტულ საქმესთან შეფარდება წარმოადგენს. ამიტომაც უმრავლეს დემოკრატიულ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლებას პირად უფლებებზე ზევით აყენებენ. ამ საკითხის უფრო ღრმად განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანდა, ამიტომაც ჩემი წერილის მთავარ თემას ვუბრუნდები.

დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება... გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ღირებულებები და ერგებიან თუ არა ისინი ქართულ ცნობიერებას? მე პირადად ვფიქრობ, რომ დემოკრატია და ქართული ეროვნულობა ძალიანაც თავსებადია. უფრო მეტსაც ვიტყოდი, რა ტრაგი-კომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ქართული დემოკრატია ბევრად უფრო ძირძველია, ვიდრე ნებისმიერი იმ ქვეყნის დემოკრატია, ვინც ჩვენ დღეს ცივილიზებურობას “გვასწავლის”. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ამჟამად ჩვენ დეკადენსის ფაზაში ვიმყოფებით. რატომ? ამას ბევრი მიზეზი აქვს და მათში ჩაღრმავება ამ წერილის მიზანს არ წარმოადგენს. მოკლედ ვიტყვი, რომ დემოკრატიას ჩვენ სოროსისა თუ თავისუფლების ინსტიტუტისაგან არ ვსწავლობთ, უბრალოდ ჩვენ იგი ცოტათი “გადაგვავიწყდა”. რასობრივი, სქესობრივი და რელიგიური უფლებები საქართველოში ოდიდგანვე, მართალია, იდეალურად არა, მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე, დაცული იყო. ასე რომ, გულაშვილი და მისი მიმდევრები ეროვნულები კი არა, ანტი-ეროვნულები არიან და მსგავსი ქმედებებით ქართულ მართლმადიდებლობას ვინმე დეისაძეზე ბევრად მეტ ზიანს აყენებენ. ეს იმდენად ნათელია, რომ ამაზე მეტი მსჯელობაც კი არ ღირს. ჩემში გულისტკივილსა და შეშფოთებას უფრო ლიკასნაირი გულწრფელი ახალგაზრდების დაბნეულობა იწვევს, რომლებიც სიკეთის ძიებაში ბოროტს უცდუნებია. ოხანაშვილი წერს:

“თურმე ჩვენ, ქრისტიანები და პატროტები ჯერ კიდევ საბჭოთა აზროვნებით ვცხოვრობთ და ცოდვასაც ჩავდივარათ, რადგან  ქრისტიანობა მშვიდობისმოყვარეობას გულისხმობს და არა ჩხუბს და ცემა-ტყეპას. იმისათვის, რომ სარწმუნოება და სამშობლო ჩვენამდე მოეტანათ, ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ, როცა საჭირო იყო ხმლითაც იბრძოდნენ რელიგიის დასაცავად და ახლა ეს ყველაფერი წყალში ჩავყაროთ იმიტომ, რომ ზოგ-ზოგიერთებს ეს ზედმეტად და ძველმოდურად მიაჩნიათ?! ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება იმ წმინდანების წინაშე, ვინც ქრისტიანობისთვის ეწამნენ, ყოველი იმ ქართველის წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ყოფილიყო საქართველო და ვყოფილიყავით მართლმადიდებელი ქართველები. ასევე პასუხისმგებლობა გვეკისრება მომავლის წინაშე, რომელთაც უნდა დავუტოვოთ წინაპრების დანატოვარი და ჩვენ არ გვაქვს უფლება ხაზი გადავუსვათ მათ ამაგს. ამას შეეწირა ილია ჭავჭავაძეც და მისი სახელის მატარებელ უნივერსიტეტს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მსგავსი წიგნების პრეზენტაციისას.
      მე, როგორც ქრისტიანი ქართველი და მითუმეტეს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ პროტესტი გამოვუცხადო ამ უმსგავსობას.”

პროტესტს რომ აცხადებ, ძალიან კარგადაც იქცევი, ლიკა. ეს შენი უფლებაც არის და მოვალეობაც. მეც ვუერთდები ამ შენს პროტესტს, მაგრამ ამასთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი რამეც მინდა გაგახსენო: ჩვენი წინაპრები რელიგიის დასაცავად ხმლით ხელში მხოლოდ მაშინ იბრძოდნენ, როდესაც მათ მტერი ხმლით ხელში თავს ესვმოდა. როდესაც ხმალს შემოგიქნევენ, ხმალი უნდა დაუხვედრო, უკეთესია ორი. როდესაც კალმით შემოგიტევენ, შენც კალამი უნდა აიღო ხელში და ერთის ნაცვლად ორი კონტრ-წიგნი დაწერო. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ადეკვატურები უნდა ვიყოთ. ხოლო, განსხვავებული რელიგიებისა თუ კონფესიების ადამიანებს: მუსულმანებს, ებრაელებს, კათოლიკეებს და ა.შ. ჩვენი წინაპრები არასოდეს ავიწროვებდნენ, რაღაც გამონაკლისი კრიმინალური შემთხვევების გარდა. ასე რომ, არც ამ საკითხში ვყოფილვართ ტრადიციულად აგრესორ-რადიკალები.

თავად ლიკა ოხანაშვილის მგრძნებარე სულისკვეთება ჩემში დიდ სიმპათიას იწვევს, მაგრამ მის მიერ დაშვებული უზუსტობები იმდენად ტიპიურია, რომ მაგალითისათვის მისი სტატიიდან კიდევ ერთი ამონარიდი უნდა მოგიყვანოთ:

“ ნარკოტიკის გამავრცელებელი ფიქრობს, რომ ნარკოტიკი უნდა გაავრცელოს და მოწამლოს ახალგაზრდები. მავან სულაკაურის გამომცემლობას კი მიაჩნია, რომ გარყვნილებით უნდა მოწამლოს ახალგაზრდის გონება. საინტერესოა, რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ უნდა დაისაჯოს ერთი და არა - მეორე. გამოდის, რომ დანაშაული კი არ უნდა დაისაჯოს, პირიქით, მხარი დავუჭიროთ, ისინი ხომ თანამედროვე ადამიანები არიან, მათ აქვთ უფლება მოიქცნენ ისე, როგორც მათ მოსწონთ და მერე რა, თუ ის ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება? მერე რა, თუ ამით ათი მცნება ირღვევა? არ უნდა დაგვავიწყდეს რისთვის დასაჯა უფალმა სოდომი და გომორი,”

გპასუხობთ: ნარკოტიკის გამავრცელებელი იმიტომ უნდა დაისაჯოს, რომ ამას ითხოვს სახელმწიფოს სისხლის სამართლის მუხლი. სისხლის დანაშაულებრივი ქმედების ბეჭდვით სიტყვასთან გაიგივება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. მე არ ვიცი, წერილის ავტორი სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ რომელ წიგნს გულისხმობს, მაგრამ მასში გამოთქმული აზრები თუკი ჩვენ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ამ განზოგადოებულ “ჩვენს” უფლება ჰქონდეს სხვას განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება ჩამოართვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი “ათ მცნებას” არღვევს. ეს დემოკრატიის ურყევი პრინციპია!!!

“თანამედროვე ადამიანი” კი აქ არაფერ შუაშია. გარყვნილება იმ დროიდან მოდის, რაც კაცობრიობა არსებობს. სხვათაშორის, თითქმის ყველა ჩვენს მეფეს ხარჭები ჰყავდა, ეს კი მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს, რომ ეკლესიას ისინი შეეჩვენებინოს. (ეს იმიტომ, რომ ბრძენი მამები ადეკვატურობას ინარჩუნებდნენ.) არა მგონია, რომ დღევანდელ რადიკალ-ქრისტინ ახალგაზრდებს შორის, ქუჩებში დედის გინებით რომ დარბიან და განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს “ლიბერასტების” ძახილით მუშტებს უღერებენ, ვინმე ქალწული-ბიჭუნა ერიოს. (ამ ვაი-ქრისტიანებმა, ალბათ, ისიც არ იციან, რომ ბიბლიის მიხედვით სოდომია და არაქორწინებაში ჩადენილი ნებისმიერი სახის შეჯვარება ერთნაირი სიმძიმის ცოდვაა და შესაბამისად ერთნაირადაც ისჯება. ძველი აღქმა უნდა იკითხოთ, მეგობრებო.) ეს ხალხი ქრისტიანობის რამოდენიმე დოგმას ერთდროულად არღვევს: მოყვასს ცილს სწამებს, ბილწსიტყვაობს, ძალადობს, თავად გარყვნილი, სხვებს პატიოსნებას უკიჟინებს.

დემოკრატია მორალს ძირს კი არ უთხრის, პირიქით, ამყარებს და უფრო მტკიცეს ხდის. არ შეიძლება ადამიანს მორალი და სარწმუნოება თავს ძალით მოახვიო. ქრისტეს მოწოდებაა “აირჩიე!” მუჰამედის კი - “დაემორჩილე!” სწორედ ეს პოსტულატია ამ ორ უდიდეს რელიგიას შორის პრინციპული განსხვავება. (სხვა ბევრ განსხვავებასთან ერთად.). ბევრმა ეს არ იცის, ან შეგნებულად უნდა რომ დამალოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთები ქრისტიანობაში მუსულმანური ელემენტების დამკვიდრებას ცდილობენ. ამას ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს. ქრისტიან-რადიკალები და ტერორისტ-მუსულმანები ერთმანეთს ტყუპი ძმებივით ჰგვანან. მეთოდებიც ერთნაირი აქვთ: დემოკრატიის ეშმაკთან გაიგივება და ამით ხალხის დაშინება, ხოლო ვინც ასე ადვილად ვერ ტყუვდება, იმის დაჩაგვრა, ფიზიკურად შევიწროვება, თუ საჭიროა, მოკვლა კიდეც. (ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ლიკა ოხანაშვილს მე რადიკალებთან არაფრის დიდებით არ ვაიგივებ. მხედველობაში მხოლოდ ქუჩაში მორბენალი და სხვებზე ფიზიკურად გამწევი ექსტრემისტები მყავს! მისი სტატიიდან ციტატები კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მომყავს, რომ ამავე საიტზე დევს და იმდენად ტიპიურია, რომ ოპონირებაში მეხმარება.)

დეისაძისნაირი ვაი-მწერალ-პროვოკატორები ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო ხერხია. დემოკრატიის პირობებში მათ პირს ვერ ამოუკერავ. მათ მიერ შეურაცხყოფილი ხალხი სრულიად სამართლიანად აღშფოთდება და მათ გაჩუმენას მოითხოვს; ლიბერალ/დემოკრატები, რომლებსაც ამ ვაი-მწერლების ნაჩხაპნები ასევე არ მოსწონთ, დემოკრატიული პრინციპების დასაცავად მაინც გაილაშქრებენ, ჰოდა, გამოჩნდება ამ დროს გულაშვილისნაირი “მხსნელი გმირი” და სიტყვის თავისუფლების დამცველებს, ყველას განურჩევლად, რუსული ტანკივით ზევიდან გადაუვლის. ხომ კარგი სცენარია? მაგრამ ვაი მასში მოყოლილ საცოდავ ადამიანებს, მითუმეტეს რო ქართველები სიდინჯითადა თავშეკავებულობით მაინცდამაინც არ გამოვირჩევით.

რელიგიურ-ტოტალიტარულ ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული სახელმწიფო, მნიშვნელობა არა აქვს, ქრისტიანული იქნება, მუსულმანური, ნებისმიერი სხვა რელიგიისა, თუ, როგორც საბჭოთა კავშირი, სულაც ათეისტური, საშინელებაა. რადიკალები კი სწორედ ასეთი ტიპის ფაშისტურ რეჟიმზე ოცნებობენ. სხვების არ ვიცი და მე ირან-ერაყის ტიპის საქართველო არ მესაჭიროება. მე ყოველთვის დემოკრატიას დავუჭერ მხარს.

იბადება ბუნებრივი კითხვა: სიტყვის თავისუფლების პირობებში ათასგვარი სიბინძურისა და გარყვნილებისაგან საკუთარი თავი და შვილები როგორ უნდა დავიცვათ? ძალიან მარტივად, მეგობრებო. ესეც დემოკრატიულად უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, განსხვავებული აზრის მატარებელ ხალხთან ცივილური თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ. მე და ჩემმა ოჯახმა თერთმეტი წელიწადი დემოკრატიულ საზღვარგარეთში გავატარეთ და სიტყვის თავისუფლებას იქ ჩვენთვის არავითარი პრობლემა არ შეუქმნია. არ იფიქროთ, რომ სადაც ჩვენ ვიყავით, ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი. უღირსი ლიტერატურაც იბეჭდებოდა, საეჭვო მორალის ფილმებიც გადიოდა და რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი არასასურველი რამ ხდებოდა. უბრალოდ, ჩვენ ვარიდებდით ყველაფერ ამას თავს. სახელმწიფო კი ამაში ხელს ყველანაირად გვიწყობდა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, სახელმწიფო და რეიტინგულ ტელე-არხებზე ბილწსიტყვაობას ვერ მოისმენ, პორნოგრაფიას ვერანაირი დოზით ვერ ნახავ, შეურაცხმყოფელ და გამომწვევ მუსიკალურ კლიპებს ვერ გადააწყდები. იქ ყველაფერი ბევრად უკეთ იფილტრება, ვიდრე საქართველოში. მსგავს “სპეციალურ” გადაცემებს ასევე “სპეციალური” არხები გადმოსცემენ, რომლებიც საგანგებოდ უნდა შეუკვეთო. ამით მათი არც თუ მრავალრიცხოვანი კლიენტები გარკვეული თვალსაზრისით “აღრიცხვაზე” არიან აყვანილები. საეჭვო ინტერნეტ-საიტებზე შემავალ მომხმარებლებსაც ფედერალური ბიურო და სპეც.სამსახურები უთვალთვალებენ. ასე რომ, დემოკრატია არც თუ ისე დაუცველია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. რაც შეეხება რელიგიურ თავისუფლებას, ჩვენ, უმცირესობაში მყოფი ორთოდოქსალი ქრისტიანები სხვებზე ნაკლები უფლებებით არანაირად არ ვსარგებლობდით: ეკლესიაც გვქონდა, ქალაქის მასშტაბით დღესასწაულებსაც ვმართავდით და მშვიდობიან მსვლელობებსაც ვაწყობდით. ამ თანასწორუფლებიანობაშია დემოკრატიის მთავარი ხიბლი. ვისაც იგი ოდესმე მაინც უგემია, თუკი ფანატიკოს-ექსტრიმისტი არ არის, სხვების მჩაგვრელ ავტოკრატიას არასოდეს დაუჭერს მხარს.

ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და ზუსტად იგივე პრინციპებით ვხელმძღვანელობ, რომელსაც საზღვარგარეთ ვიცავდი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მიუხედავად იმ წარმოუდგენელი რეკლამისა, რომელიც რადიკალ-ქრისტიანებმა დეისაძის წიგნს უფასოდ გაუკეთეს, მე იგი არ წამიკითხავს და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ. იგივე ეხება უამრავ კინო-ფილმს, საეჭვო ფასეულობების ტელე-შოუებს, მუსიკალურ კლიპებს, თუნდაც ამ საიტზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ ლექსს და ა.შ. და ა.შ. უმრავლესობაც თუ ასევე მოიქცევა, პრობლემა გადაწყვეტილი იქნება. ვერანაირი პროექტი ან იდეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე დიდხანს ვერ იარსებებს. იგი უბრალოდ გაკოტრდება და დავიწყებას მიეცემა. ხოლო გესლისა და შეურაცხყოფების მნთხეველ ინდივიდებს რაც შეეხება, მათ თავისივე ნაღვაწი, როგორც წესი, უკანვე უბრუნდებათ ხოლმე. ასეთი ადამიანები საბოლოო ჯამში საზოგადოებისაზან გარიყულები რჩებიან.
ჩუმი  იგნორირება სისულელესა და სიმდაბლესთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც წაყრუება არ ივარგებს და ხმაც უნდა ამოიღო. ზოგჯერ კი, უმძიმეს შემთხვევებში, იურისტებთან ვიზიტიც კი მოგიწიოს. რას ვიზამთ, ყველანი კაცნი ვართ, ხალხი კი ჭრელია...

როდესაც საკუთარ წარმოსახვაში დასავლურ დემოკრატიას ჩვენ ძირძველ ტრადიციებს ვუფარდებ, პერსპექტივები იმდენად მიმზიდველად და რეალისტურად მეჩვენება, რომ  ძალიან მიკვირს, მათზე სერიოზულად დღემდე რატომ არავინ არ მუშაობს? რა თქმა უნდა, სხვების კონსტიტუციებიდან ყველაფერი არ უნდა გადმოვაკოპიროთ. ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ზოგი უცხოური მიღწევა ჩვენშიც უნდა დავნერგოთ, ზოგი კი კატეგორიულად ვუარყოთ. ჩვენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის შესაყარზე ვცხოვრობთ, ამიტომაც მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას ბევრი ისეთი ორიგინალური მოდელიც შეიძლება შევთავაზოთ, რომელიც სხვებს თავშიც კი არ მოსვლიათ. ამ ყველაფრის განხორციელებას გამბედაობა და პრინციპულობა ესაჭიროება.

ჩემი ღრმა რწმენით, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანობა ყველაზე კარგად არის დაცული. ჩვენი პრობლემა დემოკრატიის უვარგისობაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ დემოკრატია ჯერჯერობით არა გვაქვს. რაღაც “ჭ” კლასის ლიტერატურის გამო ამოდენა ხმაური ამიტომაც არის ატეხილი. სამწუხაროდ, ზოგიერთ მართლმადიდებელს შეურაცხყოფების მოთმენაზე მეტად საკუთარი კონფესიის ექსკლუზიური არსებობის უფლება ადარდებს. ამ შემთხვევაში სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით. არსებობის უფლება ყველა არააგრესიულ რელიგიურ მიმდინარეობასა ერთნაირად აქვს. ეკლესიამ კარს მომდგარ სერიოზულ კონკურენციას მხოლოდ სათნოება, გულწრფელი სიყვარული და უსაზღვრო მოთმინება უნდა დაუპირისპიროს, დანარჩენს კი უფალი თავად მოაწყობს. ხოლო ექსტრემიზმს რა მომხიბლავი სახეცა აქვს, აგერ, კავკასიის პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველამ გარკვევით დავინახეთ.

ახლა არჩევნების წინა კვირეებია და გვიჯობს ჩვენი ყურადღება ამაზე გავამახვილოთ, თორემ ბევრი პოლიტიკოსი ფსევდო-რელიგიურ პიარზე აგორებული დივიდენდების შეგროვებასაც არ მოერიდება და ცეცხლზე ნავთს დაასხამს. მთავარია, მტერს არჩევნები არ ჩავაშლევინოთ და მაისის ბოლოსათვის დემოკრატიისაკენ ლტოლვაში მცირედ წარმატებას მაინც მივაღწიოთ.

ღმერთი გვფარავდეს ჩვენ ყველას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები