ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


წვიმა და პიანისტი



პიანისტი კონცერტის დაწყებამდე
კლავიატურის თეთრად მოელვარე,
ჰანგების მარადიულ კუნძულზე
/შავი ბილიკებით რომ უკავშირდება
დანარჩენ სამყაროს/
თითებს მსუბუქად წაავარჯიშებს
და რომელიღაც მელოდიის
პატარა ნაწყვეტები,
ჰაეროვანი პაუზების  ძაფზე ასხმულნი,
უფრო ულამაზებს შემსრულებელს
წუთს მოლოდინისას,
რომლის მზერაც დარბაზისკენ
არის მიპყრობილი…
მერე კი,ფარდა რომ გაიხსნება
და ავანსცენის ნაპირებთან
ნისლივით შეცურდება კედლებში
და ნელი ტაში რომ ჩაიშრიალებს,
პიანისტი რბილად მოქანავე
და სხივოსანი ბილიკებით
აგიყვანს სივრცეში…

ასეა წვიმაც-
ჯერ აქა-იქ თითო წვეთს ჩამოაგდებს,
მერე წვეთების კუნწულებს მოაყოლებს,
ბოლოს კი თანდათან
/და ზოგჯერ ერთბაშადაც/
ლურჯად და თეთრად მოშრიალე
ნათებაში გაახვევს ქვეყანას.

თითქოს რომელიღაც
ბრძენი მასწავლებლის
ჭკვიანი შეგირდები არიან
წვიმა და პიანისტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები