ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2010


საუბარი ჯონი უოკერთან

ბოლო დროს, მგონი, სულ ვარსებობ,
ვცხოვრობ - ხანდახან...
ცუდი აზრები ქრონიკულად
ყურზე მასხედან.
ჰო, ყველაფერი რაც მიყვარდა
ზურგის ქარს გაჰყვა
და მარტოობაც ლამის
თვალწინ გამითავხედდა.
არაფერია უფრო მეტად
გულისმომკვლელი,
მთელი ცხოვრება ამაოდ რომ
ძვრები ტყავიდან.
მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ
მე და ჯონო უოკერი,
ორი დავლიეთ, რადგან ერთი
ცუდად წავიდა.
ვერ ვიტან ამინდს, ჩემზე მეტად
სახემოკერილს,
რაც არი, არი! ახლა უკვე
ფეხზე მკიდია...
ვსაუბრობთ დიდხანს მე და 
ჩემი ჯონი უოკერი
და ეს დღეები უჩემოდაც
სადღაც მიდიან...
უაზრობაა ყველაფერი,
მტკნარი მირაჟი,
მთელი ცხოვრება რაც იწვალე
და იფაფხურე.
შენი ოცნება გაიყიდა
მცირე ტირაჟით,
გადააგორე ჯერ ზამთარი,
მერე ზაფხული...
ზიხარ და შენს თავს მეათასედ
უხსნი რატომღაც
ამ ცხოვრებისგან გასაქცევად
შეკრულ ჩემოდნებს.
შენ არ იდარდო, ჩემო ჯონი,
რაც მე წამომცდა,
ფინალში ვარ და დასაწყისის
მინდა მჯეროდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები