ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


სამდურავი

ჩემო საბრალო ქართველო

ჩემო საბრალო ქართველო,
ხან შლეგო, ხან სულნათელო,
საწუთროს გერად გამხდარო,
სხვისთვის დამწვარო სანთელო.
ასჯერ და ასიათასჯერ
ათასი ფეხით ნათელო.
სხვათა მიწაზე როდემდის
უნდა აღამო, ათენო,
ან ეკლიანი შენი გზა
როდისღა გაინათელო?
სხვისი წყალობის ლოდინში
მუხლებზე ნახოხ-ნათრევო,
სხვისი წყლულების მოზარევ,
ძმისთვის სამარის გამთხრელო,
მტრის გულის გამლაღებელო,
მოყვრისთვის თვალთა დამთხრელო,
სხვისა იმედად როდემდის
უნდა აღამო ათენო?!

ვაი, შენ, წუთისოფელო...

ვაი, შენ, წუთისოფელო,
მართლა ყოფილხარ მზაკვარი,
სულ კომედიად მიქციე
ყმაწვილკაცობის ზღაპარი,
არა და არ მომაცილე
ტკივილის არტახ-აკვანი,
ერთი სიამის სანაცვლოდ
ლახვარი ცხრაჯერ დამკარი,
შენი წყალობის ლოდინში
თავს ჩამომექცა სახლ-კარი.
ერთხელ თუ მადლი მომაგე,
ათასჯერ დამეც მახვილი,
ვერა და ვერ მოგაწვდინე
ამ სულის ამოძახილი,
ვერა, ვერ  მოვმკე ბოლომდე
ტკივილთა შენთა სამკალი
ვაი,შენ , წუთისოფელო,
მართლა ყოფილხარ მზაკვარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები