ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დიაოხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ივნისი, 2010


სამი წერილი / იკა ქადაგიძე, სერგი ლომაძე, მარსიანი

იკა ქადაქიძე

რეპრესირებული პოეტის საიუბილეო საღამო

(რა მოხდა 2010 წლის 19 მაისს სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მწერალთა კავშირის ინიციატივით გამართულ საიუბილეო საღამოზე)


შალვა მჭედლიშვილის, რეპრესირებული პოეტისა და ზნეობრივი  გმირის ღვაწლის აღიარება ქართულ მწერლობაში უპრეცენდენტო მიზანმიმართულებით იკრძალება.
უთავბოლო საიუბილეო საღამოების გაჭიანურებულ ფონზე, სადაც ჩინოსან მწერალთა ტომეულების აღლუმს ბოლო არ უჩანს და  ყდის ფერსა და ხარისხში გაჯიბრებულ ფავორიტებს  მორიგი ტრიუმფით ტკბობისას ზომიერება აშკარად ღალატობს, ავბედითი დუმილი ჩამოწვება.
გადაულახავი დუმილი მაშინ ისადგურებს, როდესაც ქვეყნისთვის თავდადებული პოეტი გმირის სახელს თუნდაც მოკრძალებული სიტყვა ან წრფელი მადლიერება უნდა შევაშველოთ.
ჩვენ პირიქით ვმოქმედებთ. იმ ჩირაღდანს ვმალავთ, წყვდიადში გზა რომ უნდა გაგვიკვალოს და თანამდებობებზე გადაგებულ მედროვე ნარცისებს ერთხელ და სამუდამოდ შეაგნებინოს, რომ ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, რომ აქ კიდევ არსებობს პატიოსნება, ჯერ კიდევ სწამთ, რომ ქართული მწერლობა კასტური კატორღა კი არ არის, არამედ ნამდვილი კატორღიდან უფლის წყალობით გადარჩენილი პოეტის უიღბლო სამშობლოა, რომელსაც უთავბოლო სიყალბის მარწუხი მტრის ნაღმზე არანაკლები შეუბრალებლობით ასახიჩრებს.
ამ წერილის შექმნის მიზეზი მაფიქრებინებს, რომ ის დაუსრულებელი დაბრკოლებები და დაუმსახურებელი ინტრიგები, რაც შალვა მჭედლიშვილის სახელის აღიარებას წინ ეღობება, ერთი მოზრდილი, პარადოქსული შინაარსის რომანის თემატიკას თავისუფლად მოიცავს და მაინც მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ამა წლის 5 მაისს, რეპრესირებული პოეტის გარდაცვალებიდან მესამე წელს, მწერალთა კავშირმა შალვა მჭედლიშვილის საიუბილეო საღამოს გამართვა დაგეგმა. შესაბამისად, კავშირის ხელმძღვანელობა ბატონი შალვას ოჯახს საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა და საღამოს ჩატარების თარიღი 19 მაისი ოფიციალურად გააცხადა.
საზოგადოებამ ეს ამბავი უკვე 5 მაისს შეიტყო და წინდაწინ მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა. ცოცხალი მიცვალებულების სისხლნაკლული შეხვედრების შემდეგ რეპრესირებული პოეტის საიუბილეო საღამოს გამართვის იდეა მართლაც სახავდა იმედს, რომ ქართული მწერლობა გატკეპნილ გზაზე სიარულს სიახლის დამკვიდრებას ამჯობინებს, საბჭოურ მენტალიტეტს ნებაყოფილობით თმობს და სწორებას ეროვნულ მოღვაწეზე იღებს, რომლის ღვაწლიც ბოლოს და ბოლოს ერმა უნდა შეიტყოს, დაგვიანებით მაინც გაიგოს და გააცნობიეროს რათა ზნეობრივი კრიზისის მოძალებას როგორმე გაუძლოს, თანამდებობებისა და პრივილეგიებისადმი პათოლოგიურ წყურვილს ლაგამი ამოსდოს და ხმამაღლა განაცხადოს რას ირჩევს: მონობას თუ თავისუფლებას.
მონობას, რომელსაც საკუთარ თავს თვითონვე უხანგრძლივებს (როცა სიყალბის რღვევა აზრადაც არ მოსდის) და ამას მხოლოდ გარეშე ძალას აბრალებს თუ თავისუფლებას, რომლის საზღაურიც გაცილებით მსუბუქია ვიდრე სიყალბეში გატარებული წლების შემზარავი შედეგი.
მართალია მოსალოდნელ იუბილეს კავშირი მხოლოდ გაზეთში გამოქვეყნებული 9 პოეტური თხზულებით გამოეხმაურა, მაგრამ ნათქვამია, „ყვავს კაკალი გააგდებინეო“.
ასე იყო თუ ისე, საიუბილეო საღამოს ყველა სულმოუთქმელად ველოდით. ცოდვა გამხელილი სჯობს და წინასწარ თადარიგიც დავიჭირეთ: მწერალთა კავშირის დემოკრატიულ წეს–წყობას რომ ვიცნობთ, თავი დავიზღვიეთ. ოჯახის უფროსმა კავშირის მდივანს სთხოვა, რომ საღამოზე ბატონი შალვას მეგობრებისთვის სიტყვა არავის დაეკავებინა.
თხოვნას სათანადო პასუხი მოჰყვა: ახალგაზრდებს (მათ შორის თქვენს მონა–მორჩილს) რა მოპატიჟება სჭირდებათ, ოღონდ გვიკადრონო თითქოს საიუბილეო ციებ–ცხელების დროს შერჩევით გამოსვლებს თვითონ არ აკანონებდნენ და ოდესმე ვინმეს აზრი რამედ ჩაუგდიათ.
მოკლედ, დათქმულ დღეს საგანგებოდ მოვემზადე, რომ მეგობრის დაუგეგმავმა ზარმა ყველაფერი უკუღმა შეატრიალა. მისგან გავიგე, რომ 4 საათზე კი მწერალთა კავშირი ლეგენდარული პოეტის, მუხრან მაჭავარიანის პანაშვიდზე მისასვლელად უნივერსიტეტთან საგანგებოდ იკრიბებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა გააფრთხილეს, რომ შალვა მჭედლიშვილის საიუბილეო საღამო აღარ ჩატარდებოდა. ვთხოვე ეს მოულოდნელი ინფორმაცია სხვებთან გადაემოწმებინა. მისი ნათქვამი დადასტურდა: კავშირის წევრების უმრავლესობა პანაშვიდზე წასასვლელად დაერაზმათ. საქმის გასარკვევად ბატონი შალვას ოჯახში გადავრეკე, მათთვის ეს ცნობა სიახლე გამოდგა. აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ. საიუბილეო საღამოს სუფრის ხარჯიც  გაეწიათ. ახლობლებიც დაეპატიჟათ და გაუთვალისწინებელი ცვლილებით დაბნეულები სიტყვებს ვეღარ პოულობდნენ.
ყველაფრის გასარკვევად კავშირის მდივანთან დაკავშირება ვურჩიე და მალე დადებითი პასუხიც გვაღირსეს.
5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში რომ შევედი ორმაგმა გრძნობამ დამრია ხელი: არც თუ ხალხმრავალ დარბაზში, რეპრესირებული პოეტის საიუბილეო საღამოზე ძირითადად პატიოსანი მწერლები შეკრებილიყვნენ, ფავორიტებსა და ლაქიებს ვერსად წააწყდებოდა ცნობისმოყვარე თვალი. კავშირის მდივანმა ხელი საქმიანად ჩამომართვა და იდუმალი ტონით მამცნო, რომ მაინცდამაინც დღეს, ღონისძიებები ერთმანეთზე წაეწყო, მუხრან მაჭავარიანის პანაშვიდიც არაორაზროვნად ახსენა და დაასკვნა, რომ საიუბილეო საღამო  ნახევარ საათში უნდა დაესრულებინა.
მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მან დაბეჯითებით გამიმეორა, რომ ჩვენი გამოსვლები ტკბილი (ზუსტად ეს სიტყვა იხმარა) და მოკლე უნდა ყოფილიყო, რადგან დრო არ ითმენდა და მორიგ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე უნდა გადაეპატიჟა.
კავშირის ავბედით იერარქიაში ჩემს მიმართ ნეიტრალურად განწყობილ მდივანს უსიტყვო ღიმილით გავეცალე. ჩვენი გაერთიანების ლიდერებს ვთხოვე, საღამოს დაწყების დრო დაემახსოვრებინა. 6–ის ნახევარზე კავშირის მდივანმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. მისი მჭევრმეტყველების დონე ჩემი წერილის თემატიკას სცილდება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ურიგო დასაწყისი არ იყო. სხვა გამომსვლელებმა 2 წუთიანი რეგლამენტი თვითნებურად გამოიყენეს. რატომღაც მიიჩნიეს, რომ ბატონი შალვას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მათი საქმიანობის რეკლამისა და სიძლიერის დემონსტრირების აუცილებელ პირობად ექციათ.
დარბაზში უცნაური ატმოსფერო შეიქმნა; გამომსვლელები თითქოს იმ ერებს განასახიერებდნენ. თავიანთი ეროვნულობის დასაცავად უკან არაფერზე დაიხევდნენ, ბატონ შალვას კი ინტერნაციონალების თაიგული გაემეტებინა. მხოლოდ რეპრესირებულ პოეტს უნდა ეტვირთა სიკვდილის მერეც ის გაუმართლებელი მიმტევებლობა, კაცს ყველაფერს რომ მოათმენინებს და სხვის თავგასულობასაც ისიც დაუწერელი ტაშისცემით შეეგებება.
როგორც ჩანს, გამომსვლელებმა რეპრესირებული პოეტი იმ  ძველი დაუვიწყარი და ამოუძირკვავი ინტერნაციონალიზმის სიმბოლოდ (თუ ნოსტალგიად) გააიგივეს და თავიანთ  მადლს  შესაბამისად  სრული გასაქანი მისცეს. იმ პიროვნებებზე გაიმეტეს ეს ტიტული, ვინც საბჭოური ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლის გამო იმპერიამ ცოცხლად დამარხა.
მართლაც, დუმილისა და ინტრიგების დიდოსტატებს ვერავინ ასწავლის როდის აიმაღლონ, როდის დადუმდნენ ან მართალი სიტყვის ჩასახშობად განყენებული, უწყინარი მუსიკალური ნომრები რა სიხშირით გამოიყენონ.
ამ საქმეში დახელოვნებულები მალე პოეზიის საღამოებზე მარტოოდენ ანსამბლებს მოიწვევენ და შეუსვენებლად ამღერებენ, სადღაც ვერ გაამტყუნებ, მჭლე და უნიჭო, ყალბი სიტყვის დაფარვა მიზნად რომ დაუსახავთ, მაგრამ მათ საუბედუროდ ჯერ კიდევ იბადებიან პოეტები, რომელთა შემოქმედება და ბიოგრაფია ეპოქალურ ჩარჩოს არ ექვემდებარება და საზოგადოებაში გავრცელებული ნიჰილისტური განწყობის გასაქარწყლებლად აქტიურ ქმედებას ეფუძნება.
ცნობილი პოეტებიდან თემურ ჩალაბაშვილის წრფელმა სიტყვამ ნიავივით დაუბერა და ეგოცენტრისტი გვამების მიერ აღმართულ სიყალბის დეკორაციას ბზარი დაატყო, მაგრამ კავშირის მდივნის რეფრენი შეუბრალებლად ჟღერდა: საიუბილეო საღამო თხუთმეტ წუთში უნდა დასრულებულიყო. აღშფოთებული მწერლების მღელვარება კიდევ ერთმა გაუთვალისწინებელმა „წვრილმანმა“ გაამძაფრა: დარბაზში უცხო ადამიანების ნაკადი შემოვიდა. დამთვალიერებლები (სტატუსის მოძებნა გაჭირდა) ხმაურობდნენ, თითქოს ვერ ამჩნევდნენ, რომ შეკრებილი საზოგადოება ღონისძიებას ესწრებოდა. სამების ახალგაზრდული ცენტრის განუხრელი წესრიგი უკვალოდ გამქრალიყო. უფრო მეტიც, შემოსწრებული ხალხი უბოდიშოდ მიმოდიოდა, საუბრობდა, საერთო ქაოსს აძლიერებდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა  თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ დაარიგა მაინცდამაინც ამ საიუბილეო საღამოზე გამოეჩინათ დაუდევრობა და უპატივცემულობა.
ამ გარემოებამ დამსწრე საზოგადოება უფრო გააღიზიანა. უკმაყოფილო სახეებს ვიღა დაეძებდა, შალვას მეუღლე ატირდა, ბოლოს როგორც იქნა, კავშირის მდივანმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა, რა თქმა უნდა იმის გამეორებაც (ათასმეესედ!) არ დავიწყებია, რომ 15 წუთში შეხვედრა უნდა დაგვესრულებინა. ახმაურებულ დარბაზს თვალი მოვავლე და ყელში მოწოლილ სათქმელს გასაქანი მივეცი.
– უპირველეს ყოვლისა თქვენ მოგესალმებით, ვინც ბატონი შალვა მჭედლიშვილის საიუბილეო საღამოზე იმის მიუხედავად მოვიდა, რომ წინასწარ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს შეხვედრა აღარ ჩატარდებოდა. ამისთვის, გმადლობთ.
ჩვენს თვალწინ გაუგონარი რამ ხდება: ზნეობრივი გმირისა და რეპრესირებული პოეტის საღამოს მხოლოდ ნახევარი საათი დაუთმეს. მაშინ როცა ყველას საღამო 2 საათზე მეტხანს გრძელდება და ამ წესის დარღვევა არავის აზრადაც არ მოსდის. ასე მოქცევა არ შეიძლება! დიახ, არ შეიძლება! კეისარს კეისრისა უნდა მივაგოთ! ნუთუ რეპრესირებულმა პოეტმა ეს მცირედიც არ დაიმსახურა, რომ ერთი ხსოვნის საღამო სავაჭროდ და სადავიდარაბოდ არ გაუხადონ! სად არის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა? ეს საიუბილეო საღამო მათი ინიციატივით დაინიშნა. აქ რად არ არიან?
ბატონი შალვას ღვაწლის წარმოსაჩენად მხოლოდ ოჯახი და მისი მეგობრები იბრძვიან. ეს მათი კერძო ინიციატივაა, კავშირის ორგანიზაცია კი იმასაც არ აკეთებს. საიუბილეო საღამო ღირსეულად ჩაატაროს, ბერკეტები მათ ხელშია და კეთილი ინებონ და ბატონი შალვას ხსოვნის პატივსაცემად ერთი წიგნი მაინც გამოსცენ. მხოლოდ საკუთარ ტომეულებს ზედიზედ რომ ბეჭდავენ!
დროა ხალხს მისი სახელი გააცნოთ! ან აქ რა ხდება? გამომსვლელები მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ. ეს მუსიკაც რა შეამა, როცა ბატონი შალვას ან მისდამი მიძღვნილი ერთი ლექსიც არ წარმოთქმულა! რა სიყალბეა!
ამას აღარ მოვითმენთ, აღარ შევეგუებით! დამთავრდა!
ქართულ მწერლობაში გამეფებულ სიყალბეს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ბატონი შალვას დარი რეპრესირებული პოეტი გმირი არა გვყავს და მისი სახელის დასაცავად ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მე მარტო აღარ ვარ, ახალგაზრდა თაობა მხარში ამომიდგა და ჩვენსას გავიტანთ! სიყალბის დრო დამთავრდა! მის ხროვას პატივი ეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ საქმეს ასე აღარ დავტოვებთ!
შოკირებული საზოგადოება აღელდა. რამდენიმე ადამიანმა ხელი ჩამომართვა და სიმართლის თქმის დიდი მადლობა გადამიხადა.
ჩემს შემდეგ ტრიბუნა მარსიანმა დაიკავა და პროტესტი გააგრძელა. მან თქვა, რომ შალვა მჭედლიშვილის დევნა საბჭოთა რეჟიმის შემდეგ მწერლობამ გადაიბარა და ზუსტად იმას აკეთებს, რაც მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმს ბრალდებოდა. ისინი თვითონ ჭედენ და ებღაუჭებიან ბორკილებს! ეს სირცხვილია! მარსიანმა წაიკითხა ბატონი შალვას შესანიშნავი ლექსი: „ციმბირის გზებზე“, სადაც საბჭოთა რუსეთის იმპერიული პოლიტიკაა გამოაშკარავებული. ორცეცხლშუა ჩავარდნილმა მდივანმა განაცხადა, რომ მე მართალი ვარ,  მაგრამ საიუბილეო საღამოს ხანგრძლივობა მათ (ე.ი. კავშირს) საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა შეუზღუდა. 6 საათზე აქ მორიგი ღონისძიება დაიგეგმა და შესაბამისად, მწერალთა კავშირიც იძულებული გახდა შეხვედრა ნახევარ საათში დაესრულებინა.
აყაყანებული ხალხის დასაწყნარებლად მდივანმა სიტყვა პოეტ ქეთი დოლიძეს გადასცა, რომელიც ყოველს სიმშვიდეს განასახიერებდა, მაგრამ ამჯერად მდივნის მოულოდნელად, ქეთი დოლიძემ განაცხადა, რომ მარტო ვარ და მხარს მიჭერს, რომ ეს პოეტის ხსოვნის შეურაცხყოფაა.
საბოლოოდ დაბნეული მდივანი აყვირდა, რომ მას ეპისკოპოსები (ზუსტად ასე თქვა) აძალებდნენ საღამო ადრე დაემთავრებინა, რადგან დარბაზში მორიგი ღონისძიების ჩატარებას გეგმავდნენ.
ამ დროს ჩვენი გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერი კახა ბაციკაძე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზატორებთან მივიდა. ორი წუთი არ იყო გასული, რომ ცენტრის ორგანიზატორებმა შემდეგი განცხადება გააკეთეს: აღნიშნული ღონისძიების შესახებ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა ერთი კვირით ადრე გააფრთხილეს.
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ცენტრი წამოყენებულ ბრალდებაზე პასუხს არ აგებდა. სიმართლის გამჟღავნებამ ისედაც აფორიაქებული საზოგადოება უარესად აახმაურა.
მართლაც, უპრეცენდენტო რამ მოხდა: მწერალთა კავშირმა ჩაშლილი საიუბილეო საღამოს გამო პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს დააკისრა.
იმ დაწესებულებას, რომელმაც ქუჩაში გამოძევებული მწერალთა კავშირი თავისთან შეიფარა და დღემდე უშურველად მასპინძლობს.
ვინც ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს ხშირად ესწრება, მოეხსენება, რომ აქ დროს თავისი ფასი ადევს და ჩაშლილ შეხვედრებს  ადგილი არასდროს ჰქონია.
დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია. როგორც ჩანს, მწერალთა კავშირს ნამდვილი მწერლების დაჩაგვრაზე დიდი, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ბოლშევიკურ კურსს განუხრელად იცავს: იმას სჯის, ვინც ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრა, ვისაც სიმამაცე ეყო მწერლობის თავისუფლებისა და ღირსების გადასარჩენად ყველა ჯერის ავანტურისტის გამოსააშკარავებლად თანმიმდევრულად ებრძოლა!
ბრავო! ასე გააგრძელეთ თუ გაგივათ!







„პოეტის ბედი ჯვარცმაა. . . “

სერგი ლომაძე

პოეტი. ჯგუფ „ზღვარის“ წევრი.

თბილისი. 2010 წელი

აქამდე მეგონა, რომ ადამიანის ტანჯვა–წამება მისი სიკვდილის შემდეგ მაინც სრულდებოდა.
დიახ, აქამდე ასე მეგონა.
მაგრამ როგორც ჩანს, პოეტები მართლაც ამოვარდნილნი არიან ყოველგვარი კანონზომიერებიდან, მითუმეტეს, ლეგენდად ქცეული პოეტები.
შალვა მჭედლიშვილი (1923 – 2007), რომლის პოეზიაც, და საერთოდ, მთელი შემოქმედებაც, დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, ორმოციანელთა თაობის ერთ–ერთი ყველაზე წამებული წარმომადგენელია. მან, როგორც დისიდენტმა, პოლიტპატიმარმა, ციხეები მოიარა და რამდენიმე ათეული წელი გაატარა გადასახლებაში. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა თბილისში დაბრუნება, სამწერლო „ფერხულშიაც“ თითქოს  ჩაერთო, მაგრამ რომელიღაც უხილავი ძალა მაინც ყოველთვის აბრკოლებდა მის წინსვლას. მოკლედ, რაღაც აუხსნელ მიზეზთა გამო (როგორც ამბობენ, ამ მიზეზთაგან უმთავრესი არის შური: როგორც ჩანს, ზოგს შალვას პოეტური ძალისა შურდა, ზოგს კი – მისი სუფთა, თანაც ლეგენდად ქცეული ცხოვრება ურღვევდა სულიერ სიმშვიდეს, თვითონ ესენი ხომ, უმეტესწილ, ყელამდე ლაფში ისხდნენ, თავიანთი „შემტენურ–პათხალიმური“ ბიოგრაფიებით). წითელი იმპერიის დამსჯელი მათრახი ჩვენმა ფსევდომწერლობამ გადაიბარა და დიდი პოეტი, ბრწყინვალე სამეულის უკანასკნელი  წევრი (სამადაშვილი, ჩანტლაძე, მჭედლიშვილი) ისე ჩავიდა საფლავში, რომ რაც ეკუთვნოდა, იმის მეათედი პატივიც არ ეღირსა.
წესით და რიგით, ჩემი წერილი აქ უნდა დასრულებულიყო, თუმცა რჩეული პოეტის ნამდვილი ცხოვრება მართლაც რომ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება. ასე მოხდა შალვა მჭედლიშვილის შემთხვევაშიც. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კაცი და მისი შემოქმედება ახლა უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ . . . მაგრამ მისი სახელის გარშემო ნელ–ნელა ნამდვილი ომი ჩაღდება. აბა, წარმოიდგინეთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ასეთი სიტუაცია: ორ ბანაკად გაყოფილი ადამიანები (თითქოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობა არ გვყოფნიდა, რომელმაც ასე დაგვაქცია, და ახლა ლიტერატორებს შორის გამკვეთრდა ბზარები, დიახ, უფრო გამკვეთრდა, თორემ ისე კი ეს ბზარები ყოველთვის იყო!), რომელნიც ლამის სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაპირისპირებიან ერთმანეთს. ერთნი შალვას გენიოს პოეტ – შემოქმედად თვლიან, რომელიც გამორჩეულად მიაჩნიათ მეოცე საუკუნის  მთელ მეორე ნახევარში, მოკლედ, გალაკტიონის ეპოქის შემდეგ ყველაზე ელვარე სახელებს შორის იხსენიებენ, ვერდანახულთა (თუ–არდანახულთა) პლეადის, შეუმჩნეველთა პლეადის ამ მრავალჭირნახულ წევრს, მეორეთათვის კი შალვა მჭედლიშვილი ისევ შეუმჩნეველ, არაფრისმთქმელ პოეტად რჩება, რომლის სახელიც, რატომღაც, თურმე საერთოდ უნდა გაქრეს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. მათ უკვე დაიწყეს სხვადასხვა ჭორის, მონაჩმახის გავრცელება გარდაცვლილი კაცის შესახებ. გასაკვირია: ზოგნი, იმ „წითელ“ დროში, კაბინეტებში ისხდნენ, ყველა უკუღმართობას შეგუებულნი, მორგებულნი, სხვანი კი ციხეებში, გადასახლებებში იტანჯებოდნენ, ხოლო მართლები თურმე...  კაბინეტებში მსხდომნი ყოფილან! ასეა, – დღეს პაოლო იაშვილზეც და ტიციან ტაბიძეზეც ჰყვებიან ჭორებს და ვითომსაბუთებსაც აფრიალებენ. იმათი შთამომავლები, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანა დააქციეს, პაოლო და ტიციანი კი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ! აი, შალვა მჭედლიშვილიც სწორედ მათი ჯიშის, მათი ფორმაციის ადამიანი იყო, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ჟიული შარტავას ჯიშ–ჯილაგის კაცი, მტკიცე რწმენის თანამოზიარე. არა, მე ხომ არ ვამბობ, რომ შალვა, გინდა თუ არა, რუსთაველის, ვაჟას, გალაკტიონის ტოლი პოეტი იყო–მეთქი, მაგრამ ის რომ ნამდვილი პოეტი და ნამდვილი ერისკაცი გახლდათ, ნამდვილი პატრიოტი, ამაზე, მგონი, დღეს მაინც აღარ უნდა ვდავობდეთ, არადა . . .
როცა გავიგე, სამების ტაძარში თავშეფარებულმა მწერალთა კავშირმა შალვას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დაგეგმა–მეთქი, მართალი გითხრათ, გამიკვირდა. ბოლოს ვიფიქრე, – ალბათ, როგორც იქნა, აღიარეს ეს კაცი დიდ პოეტად–მეთქი, და ფრთაშესხმული წავედი საღამოზე. თან მახლდნენ პოეტები კახა ბაციკაძე და მირანდა გოდერძიშვილი, – ორივე აშკარად აღიარებს შალვა მჭედლიშვილის სიდიდეს. დარბაზში შესვლისთანავე შევნიშნე პოეტები – იკა(ია) ქადაგიძე და მარსიანი, ასევე შალვას ვაჟი – ზაზა მჭედლიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს სამი ადამიანია, დღეს, გარდაცვლილი ხელოვანის სახელის ყველაზე მკვეთრი დამცველი. მეტსაც ვიტყვი: იკა ქადაგიძე, რომელიც პირადად იცნობდა პოეტს, თავს  თვლის სამადაშვილ–მჭედლიშვილის პოეტური ხაზის ყველაზე აქტიურ გამგრძელებლად. ახლაც მახსოვს მის მიერ რამდენიმე თვის წინ ნათქვამი სიტყვები: „კარგი იქნება, თუ ყველანი გავერთიანდებით შალვა მჭედლიშვილის სახელის გარშემო“. მაშინ ამ აზრს დაეთანხმა მარსიანიც, ოღონდ შალვას მან პოეტ გიორგი კორნაპელის სახელიც დაამატა . . .  მოკლედ, ვრცელ დარბაზში იყვნენ შალვას მიმდევრებიც, და, როგორც ჩანს, მისი მოწინააღმდეგეებიც, თუმცა ეს ჯერ არ ვიცოდი. არა, ეს ხალხი (მოწინააღმდეგეები) მარტო დარბაზში კი არა, ეტყობა, ისინი სადღაც, რომელიღაც სხვა წერტილიდანაც ზვერავდნენ სიტუაციას (ზუსტად ისე, როგორც ომიანობის დროს სნაიპერები მოქმედებენ, რომ საჭირო ჟამს აუცდენელი ტყვიები გაისროლონ), რათა, თუ შემოქმედებითი საღამო ნორმალურად წარიმართებოდა, მოულოდნელად, ერთ წამში აერიათ ყველაფერი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საღამოს დაწყებამდე პოეტმა ნუნუკა გურალიამ თავისი ახალი წიგნები გვაჩუქა მე და კახას, რითაც ძალიან გაგვახარა.
მოკლედ, დასაწყისი უცნაურს არაფერს გვიქადდა. ჩვეულებისამებრ, გამოვიდა წამყვანი, დადგა  ტრიბუნასთან. ცუდად არ უსაუბრია, თავისი ლექსიც წაიკითხა, არც ლექსი იყო ურიგო, თუმცა აშკარა გახლდათ, რომ იგი შალვას ნამდვილად არ ეძღვნებოდა, ხოლო ბატონ წამყვანს რატომღაც აეხირებინა, – გინდა თუ არა, სწორედ შალვა მჭედლიშვილს მივუძღვენიო. თუმცაღა ამ მხრივ მხოლოდ საღამოს წამყვანი არ სცოდავდა: პოეტ–გამომსვლელთაგან, ქეთი დოლიძის გარდა, არცერთს წაუკითხავს ისეთი ლექსი, რომელიც მართლა შალვას შესახებ ყოფილიყო დაწერილი. მხოლოდ ქარსიანმა წაიკითხა  შალვას ლექსი „ციმბირის გზებზე“ რომელიც ზუსტად ამ საღამოს სულისკვეთებას ესადაგებოდა. მოკლედ, საღამო ნელ–ნელა ფარსად იქცა, მაგრამ თურმე მთავარი „სიურპრიზი“ წინ გველოდა. დაწყებიდან ჯერ ოცი წუთიც არ გასულიყო, რომ, მოულოდნელად, წამყვანთან უცნობი პირები მივიდნენ, და ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს. მერე იმანაც შეწუხებული სახით განაცხადა: სამწუხაროდ, რაღაც–რაღაცეები ვერ გავთვალეთ და საღამო სულ მალე უნდა დავასრულოთ გარკვეულ მიზეზთა გამოო. გაოგნდა ხალხი. აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ საღამო–ფარსს ესწრებოდა დიდი პოეტის ხანში შესული მეუღლეც, რომელიც არა მარტო მეუღლე იყო შალვა მჭედლიშვილისა, არამედ, მისი მეგობარიც, თანამოაზრეც. არ ვიცი, როგორ უნდა შეხედონ თვალებში ამ ქალბატონს საღამოს ჩაშლის მესვეურ–ორგანიზატორებმა!
სხვა გზა აღარ იყო. ასე  უცებ ვინ დაასრულებინებდა ზოგ–ზოგიერთებს ლეგენდარული პოეტი–დისიდენტის ხსოვნის დღეს და დაიწყო მართლაც ლიტერატურული კორიდა! ტრიბუნასთან მივიდა იკა ქადაგიძე. მისი მებრძოლი ბუნება ყველასათვის ცნობილია. იკამ სასტიკად გააკრიტიკა ის ფარსი, რაც იმ დღეს იქ ხდებოდა. იგი არ მოერიდა ცნობილთ თუ უცნობთ, ჩინიანებს თუ უჩინოებს, მწერლებს თუ არამწერლებს (თუ – ვაიმწერლებს) . . . გადაწვდა ყველას, ვინც ამდენი ხანი არ აღირსა გათენება კაცი–ლეგენდის სახელს. იკამ აღნიშნა, რომ დიდი სირცხვილი იქნებოდა ამ საღამოს ჩაშლა, ასევე სირცხვილი იყო ის, რომ ვერავინ გაიგო, აქ წაკითხულ ლექსთაგან ერთი მაინც თუ იყო მართლა შალვასადმი მიძღვნილიო!. . .  იკა, ასე აღელვებული, მგონი არასოდეს მინახავს. აშკარაა: მან თავი არ აარიდა სკანდალს და დაიცვა (მისი თავისი ერთ–ერთი) მასწავლებლის ღირსება, ამიტომაც დარბაზისაგან (მსმენელ–მაყურებლისაგან) კუთვნილი ტაში, და დიდი აღტაცება დაიმსახურა. მაშინ საღამოს ვითომმესვეურებმა ყველაფრის დასრულება გადაწყვიტეს, მაგრამ ტრიბუნასთან მაინც მივიდნენ ისეთი გულწრფელი პოეტი–ლიტერატორები, როგორებიც არიან მარსიანი და ქეთი დოლიძე. საერთოდაც, ეს სამეული (იკა–მარსიანი–ქეთი) იქცა ამ საღამოს მთავარ გმირად. ბოლო ორმა სოლიდარობა გამოუცხადა იკას. მარსიანმა და ქეთიმ გააგრძელეს უსინდისობის გამათრახება, ამიტომაც კუთვნილი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ეტყობა, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ ფარსის მესვეურები. როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იმ დღეს მათ თუმცა კიდევ ერთხელ აწამეს შალვას სული, მაინც ვერ დაამარცხეს იგი! მერე დაიწყო ტრადიციული წუწუნ–თავისმართლება. მწერალ–მესვეურები საპატრიარქოსკენ  იშვერდნენ ხელს, საპატრიარქოს წარმომადგენელმა კი, – ეს ადამიანები რამდენიმე დღით ადრე გავაფრთხილეთ, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე დარბაზი ჩვენ გვჭირდებოდა, მაგრამ ვინ მოგვისმინაო . . .  მოკლედ, აღარ ღირს დეტალებში ჩაღრმავება . . .
ერთ ეპიზოდს მაინც გავიხსენებ: როცა უცნობი პიროვნებები გამოჩნდნენ და საღამოს ჩაშლა დაიჟინეს, მათთან მივიდა კახა და კამათი გაუბა, უმტკიცებდა, – რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არასწორია, დიდი პოეტის ხსოვნას ნუ შებღალავთო. ამ დროს მობილური ტელეფონით პოეტი გიორგი ზუხბაია (ზუხბა) დაგვიკავშირდა და იკითხა, – მანდ რა ხდება, რა კამათიაო, – ჩვენი მეგობარია და აღელდა კაცი, – რამე ხომ არ გიჭირთო. ვუთხარით, რომ ეს ამბავი ჩხუბში არ გადაიზრდებოდა, მაგრამ უსიამოვნო სიტუაცია კი ნამდვილად იყო, შალვა მჭედლიშვილის ხსოვნის საღამოს ჩაშლას აპირებენ–მეთქი, გადავეცით; მწარედ გაიცინა და ჩაილაპარაკა:
ე, ბიჭო, ხომ გეუბნებოდით, რომ ყველა ნამდვილი პოეტის ბედი ჯვარცმააო.
დიახ, მართლაც ასეა: პოეტის ბედი ჯვარცმაა, მაგრამ ნუთუ მისი სიკვდილის შემდეგ მაინც არ უნდა დასრულდეს ეს წამება?! ნუთუ სულიც ჯვარს უნდა ვაცვათ?!
არ ვიცი . . .
და არც ის ვიცი, ასეთ უკუღმართ ცხოვრებას სადამდის ვაპირებთ!





                                       

                                  ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი     
           
                                             
                                                                                          მარსიანი

                                                                                          23 მაისი 2010 წ.

ჩვენ  დიდად უცნაურ დროში ვცხოვრობთ: რუსული იმპერიის ორასწლიან უღელქვეშ ყოფნამ ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი თუ მონობის სინდრომი ისე მყარად ჩაგვინერგა, რომ ერთეული ინდივიდების გარდა ჯერაც ვერავინ განთავისუფლდა ამ უმძიმესი სენისაგან. უკვე ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული იწურება და სულიერად ისევ საბჭოურ ეპოქაში ცხოვრებას განვაგრძობთ, მსგავსად ბიბლიური ებრაელებისა, რომელთაც, აღთქმული მიწისაკენ მიმავალთ, ხშირ–ხშირად  უჩნდებოდათ ნოსტალგია  ეგვიპტეში მონური, მაგრამ ასე თუ ისე მაძღარი ცხოვრების მიმართ; ეს სინდრომი არცთუ იშვიათად იმგვარ ადამიანებშიც იჩენს თავს, საბჭოურ პერიოდში რომ თითქოსდა დისიდენტური აზროვნებით გამოირჩეოდნენ; და რაღა ითქმის იმათზე, ვინც კომუნისტურად აზროვნებდა, შეხმატკბილებული იყო კომუნისტურ ნომენკლატურასთან და დღეს იმ მისთვის სავსებით ხელსაყრელ ხანას მხოლოდ  მოსაჩვენებლად თუ უწოდებს „ავადსახსენებელ კომუნისტურ ხანას“... ბევრი ვერც კი აცნობიერებს, თავისი მენტალობით სამუდამოდ რომ არის მიჯაჭვული მონურ წარსულზე და თავისი სიტყვითა თუ საქმით (თვითონ რომ ეროვნული სიტყვა და საქმე ჰგონია) ისევ იმპერიის წისქვილზე ასხამს წყალს, იმპერიისა, მომაკვდავი  დრაკონივით რომ ჯერაც კუდს იქნევს და ჩვენს საწყალ, ნატანჯ მიწას ძალიან მწარედ ხვდება ის კუდი ...
შეიძლება ეს შესავალი ზედმეტად ზოგადი, დაუკონკრეტებელი მოეჩვენოს მკითხველს, რადგან ამ წერილში სრულიად კონკრეტული ამბის მოყოლას ვაპირებ. მაგრამ ეს ამბავი მეტისმეტად ტიპიურია მონობის სინდრომისაგან ვერ გათავისუფლებული საზოგადოებისათვის და, ამდენად, მისი განზოგადება შესაძლებელიც არის და სასურველიც.
საქმე შემდეგშია:
ამა წლის 19 მაისისათვის სამების საკათედრო ტაძარში მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული იყო კომუნისტური რეჟიმისაგან რეპრესირებული მწერალი–დისიდენტის, შალვა მჭედლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. დათქმულ დროს, საღამოს 5 საათზე, დარბაზში ერთობ მეჩხრად იყო ხალხი, რადგან სწორედ იმ დროს დაემთხვა პანაშვიდი ჩვენი სახელოვანი სახალხო პოეტის, მუხრან მაჭავარიანისა, რამდენიმე დღის წინათ რომ მოულოდნელად გარდაიცვალა. დარბაზში ასეთი ხმაც გავრცელდა – შალვა მჭედლიშვილის საღამო გადადებულია, რადგან მწერალთა დიდი ნაწილი პანაშვიდზე დასასწრებად წავიდაო. მოგვიანებით დარბაზი რამდენადმე მაინც შეივსო ხალხით, თუმცა არასაკმარისად. საღამოს წამყვანი იყო მწერალთა კავშირის წარმომადგენელი დავით ტაკიძე. მის გარდა ხელმძღვანელთაგან არავინ გამოჩენილა: მიზეზი, რა თქმა უნდა, საპატიო გახლდათ – მუხრანის პანაშვიდი; ოღონდ ხომ შეიძლებოდა შალვა მჭედლიშვილის საღამო მართლა გადადებულიყო და მის ჩასატარებლად უფრო შესაფერი დრო შერჩეულიყო?
თუმცა ეგ არაფერი. საღამო დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო. წამყვანმა შესავალი სიტყვა წარმოსთქვა, საკუთარი ლექსიც წაიკითხა და შემდეგ სხვა გამომსვლელებს დაუთმო ასპარეზი. ისინიც გამოვიდნენ, ისაუბრეს, საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ცოტა უცნაურია, მაგრამ არცერთი აქ წარმოთქმული ლექსი არ გახლდათ შალვა მჭედლიშვილისადმი მიძღვნილი, თუმცა კი იქნებ რაღაც კუთხით შეიძლებოდა ამ ლექსთა დაკავშირება მიმდინარე საღამოს საერთო განწყობილებასთან. უფრო უცნაური ის არის, რომ თვით შალვა მჭედლიშვილის ლექსები არავის გახსენებია და ტრიბუნიდან მათი წაკითხვის მცდელობა არ ყოფილა. არადა, შალვა მჭედლიშვილი სწორედ თავისი დისიდენტური სულისკვეთების ლექსთა გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს! რამდენად ბუნებრივია პოეტის საღამოზე მისი პოეზიის იგნორირება, მკითხველმა განსაჯოს.
მაგრამ ეგეც არაფერი. მთავარი სიურპრიზი თურმე წინ გველოდა. საღამო სულ რაღაც ნახევარი საათის დაწყებული იყო, რომ წამყვანმა გამოაცხადა – თხუთმეტ წუთში უნდა დავამთავროთ, რადგან აქ უნდა ჩატარდეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული ღონისძიება, რომელსაც ეპისკოპოსები დაესწრებიანო. თავისთავად იგულისხმება, რომ საპატრიარქოს ღონისძიების დაგვიანებით დაწყება თითქმის გამორიცხული იყო, ამდენად, შალვა მჭედლიშვილის საღამო უნდა გაწირულიყო ნაჩქარევი დამთავრება – მიფუჩეჩებისათვის. დარბაზი უკმაყოფილოდ ახმაურდა. პროტესტის გამოხატვამ უკვალოდ არ ჩაიარა და სიტყვა მიეცა შალვა მჭედლიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საუკეთესო მცოდნესა და დამფასებელს, მწერალ იკა ქადაგიძეს, რომელსაც ბატონ შალვასთან თორმეტწლიანი მეგობრობა აკავშირებს და ერთგულად, შეუპოვრად, თავგამეტებით იბრძვის, რათა ეროვნული მრწამსისათვის წამებული მწერლის ღვაწლი გამოამზეუროს, ყველასათვის დასანახი და დასაფასებელი გახადოს. იკას გამოსვლამ ამ არსებითად ჩაშლილ საღამოს სულ სხვა ელფერი შესძინა – მისი სიტყვა იყო მომაკვდინებლად ბასრი, შეუვალად ლოგიკური და მამხილებელი: იკამ ყველასათვის გასაგებად დაასაბუთა, რომ დისიდენტი მწერლის, შალვა მჭედლიშვილის დევნა, შევიწროება და იგნორირება არა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დასრულებისთანავე არ შეწყვეტილა, არამედ გაგრძელდა მისი სიცოცხლის ბოლომდე და გრძელდება დღესაც – მისი გარდაცვალების შემდეგ; გამჭვირვალედ მიანიშნა იმ ძალებზე, რომლებიც ამ უკადრის კამპანიას წარმართავენ და მკაცრად მოუწოდა, რომ სანამ დროა, შეწყვიტონ მსგავსი ქმედებანი, შალვა მჭედლიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას სათანადო პატივი მიაგონ არა მარტო მისდამი მიძღვნილ საღამოებით, არამედ მისი ნაწერების გამოქვეყნებით და საერთოდ, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შორის მისთვის შესაფერი და კუთვნილი ადგილის მიჩენით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხილება გაგრძელდება და არაერთი პიროვნების უღირსი ქმედება გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ბატონი შალვა მჭედლიშვილის ღვაწლი კი დღეს–ხვალ მაინც გამოვა სამზეოზე, რადგან ამ საქმისათვის მზრუნველი ადამიანები არსებობენ.
იკას შემდეგ მე გამოვედი და შალვა მჭედლიშვილის ლექსის ტრიბუნიდან გაჟღერების პრეცედენტი შევქმენი იმ საღამოზე – დამსწრე საზოგადოებას წავუკითხე მისი ერთ–ერთი შესანიშნავი ლექსი „ციმბირის გზებზე“, რომელიც პოლიტიკური პამფლეტის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს და რომელიც წინამდებარე წერილის ზოგად შესავალს, სადაც მონობის სინდრომზეა საუბარი, ზუსტად ეხმაურება. მინდა მთლიანად მოვიტანო აქ ეს ლექსი:
„ ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!
სისხლიანი რომ ამკობს ალამი!
მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე
ბნელი რუსეთი . . .  ვრცელი რუსეთი
და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს
და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი . . .
წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი,
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს
და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,
რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე . . .
კაცი ჩალად ღირს, სიცოცხლე – გროშად,
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,
აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში
ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა . . .
და მაინც გულში ღვივის იმედი,
თუმც მწუხრი მოსავს მიწას და ზეცას
და მეც რა მეთქმის იმისი მეტი –
„ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც!“

ლექსის კითხვისას ძალიან ავღელდი, ერთ სტრიქონზე კიდეც წავიბორძიკე და როცა დავამთავრე, წონასწორობიდან საბოლოოდ გამოსულმა დარბაზს მივახალე, რომ სწორედ ეს „ბორკილები“ და ეს „რუსეთია“ მიზეზი იმისა, რაც დღეს, ამ წუთას აქ ხდება, ამ დარბაზში; რომ სულიერი მონობისგან დღემდე არა ვართ განთავისუფლებული და მონობის წინააღმდეგ მებრძოლი სპეტაკი პიროვნების სახელს ამიტომაც ვწირავთ მისავიწყებლად . . .  აღარ უნდა დამთავრდეს ყოველივე ეს ?!
შემდეგ პოეტი ქეთი დოლიძე გამოვიდა სიტყვით. მან უფრო რბილად ისაუბრა, მაგრამ სიტყვის დასასრულს გადაჭრით განაცხადა, რომ მთლიანად მხარს უჭერს იკა ქადაგიძის გამოსვლას, მის მოსაზრებებსა და წინადადებებს. ლიტერატურულ–მუსიკალური ჯგუფის წარმომადგენლები – სერგი ლომაძე და კახა ბაციკაძეც აპირებდნენ სიტყვის თქმას, მაგრამ წამყვანმა შეგვახსენა, რომ საპატრიარქოს ღონისძიების მესვეურნი მეტს ვეღარ დაიცდიდნენ. კახა ბაციკაძე გამოელაპარაკა საპატრიარქოდან მოსულ რამდენიმე ახალგაზრდას და უსაყვედურა, ამას რატომ აკეთებთ, საღამოს ბოლომდე ჩატარებას რატომ არ გვაცლითო. იმათ თავი იმართლეს – ჩვენ ერთი კვირის წინ ვაცნობეთ მწერალთა კავშირს, ჩვენი ღონისძიება რომ დღეს, ამა და ამ საათზე ჩატარდებოდაო. დარბაზში უკვე ინტენსიურად იწყეს შემოსვლა საპატრიარქოს ღონისძიებაზე დასასწრებად მოსულმა ახალგაზრდებმა და ბუნებრივია, ამ შემოსვლას გვარიანი ხმაურიც ახლდა, რაც  თავისთავად აზრს უკარგავდა საღამოს გაგრძელებას. ორცეცხლშუა ჩავარდნილმა წამყვანმა სინანული გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა – მოდით, სექტემბრისათვის კიდევ დავგეგმოთო შალვა მჭედლიშვილისადმი მიძღვნილი საღამო. ამას იკა ქადაგიძის რეპლიკა მოჰყვა – უმჯობესია, მწერალთა კავშირმა ბატონი შალვას წიგნის გამოცემაზე იზრუნოსო.
ასე დამთავრდა ეს ნაწვალებ–ნაჯახირევი საღამო. იკა ქადაგიძე წინასწარ ვარაუდობდა და მისი თანამოაზრეებიც (ჯგუფ „ზღვარის“ წევრები და მე) ვეთანხმებოდით, რომ შალვა მჭედლიშვილის საღამო ნორმალურად არ ჩატარდებოდა, გარკვეული ძალები იზრუნებდნენ, რომ დისიდენტი მწერლის ღვაწლი შეძლებისდაგვარად მიფუჩეჩებულ–დაკნინებულად წარმოეჩინათ. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს პროგნოზი ჩვენ აგვიხდა!
იკა ქადაგიძეს, სერგი ლომაძეს და მე უკვე გვაქვს დაწერილი შალვა მჭედლიშვილისადმი მიძღვნილი სტატიები, სადაც სწორედ ამ მომენტს გაუსვამთ ხაზს – შალვა მჭედლიშვილს დღესაც ებრძვიან! ოღონდ, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, კომუნისტური რეჟიმის „ესტაფეტა“ ამჯერად მწერლობამ გადაიბარა (ყველაფრიდან ასე ჩანს) და ჯერჯერობით წარმატებითაც ასრულებს ამ „მისიას“; აფერუმ თქვენს ქართველობას, ბატონებო!
ღმერთია მოწმე, კონკრეტულ პიროვნებებზე ჯოხის გადატეხა სულაც არ გვინდა, აქ უფრო ზოგად, დიდ პრობლემაზეა აქცენტი გასაკეთებელი, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას (ამ შემთხვევაში შალვა მჭედლიშვილს) სწორედ კონკრეტული პიროვნებები უპირებენ კვლავ და კვლავ ჩრდილში დატოვებას; ცოტა გაუგებარი კია, მაინც ასე რატომ ეშინიათ შალვა მჭედლიშვილის სახელისა, ვისთვისაა ამ სახელის პოპულარიზება ესოდენი ზიანის მომტანი! ზემოთ რუსეთი რომ ვახსენეთ, ახლა ამასთან დაკავშირებით ახალი აზრიც გაჩნდა: დღეს ხომ ჩვენი ვითომცდა ერის გულშემატკივარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები (რომელთაგან არაერთი სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებაში იყო) რუსეთში დაძვრებიან, პუტინს ეფლირტავებიან და ამ გზით (ანუ კვლავ რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს მოქცევით) სურთ ხელისუფლებაში მოსვლა; ჰოდა ჩვენი მწერლებიც ამაზე ხომ არ აკეთებენ გათვლას, საქართველოში კვლავ რუსული რეჟიმის აღდგენას ხომ არ ვარაუდობენ და რუსული იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი მწერლისა და მამულიშვილის, შალვა მჭედლიშვილის სახელს ამიტომაც ხომ არ ჩქმალავენ ასე საგულდაგულოდ? იქნებ ეს გადაჭარბებული ფანტაზირება იყოს, მაგრამ კომუნისტური მენტალობისგან თავდაუღწეველ ადამიანებს თუნდაც ქვეცნობიერად რომ ამოძრავებდეთ მსგავსი იმპულსები, მთლად გამორიცხულიც როდია!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები