ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


ორი ახალი ლექსი

ჩანახატი
“იტყვიან-საცერში ფქვილივით არჩევდა ქატოსგან სტრიქონებს”
კატო ჯავახიშვილი

სურვილი თუ გაქვს, გადაფურცლე ჩემი დღიური,
იქ წერენ წლები, “დაირღვაო ჭრელი განედი”,
იქ მზის მხურვალე თითებია ჩასაფრებული
და საიდუმლო, რითაც ალბათ გაიხარებდა
ყველა ავდარი, რომ სცოდნოდა, რატომ მიდიან
მიწის გულიდან ცის გულისკენ, რატომ დარდობენ
ყველა საღამოს, ყველა სიზმარს,- ჭრელს და ბინდიანს,
რატომ კოცნიან ქალის თითებს-გრძელს და სანდოებს-
როცა უნდათ რომ მიატოვონ,- უთხრან “წავედი”
მაგრამ ქატოდან ვერ არჩევენ  მარცვალს სადავოს,
იშლება სულში ჩაკირული ჭრელი განედი
და წვიმა დასდის ქალის სევდას-ღრმას და გადამდებს.
2010.მაისი.



***
შენი ხმა.
მგონი გამოვიცანი.
გაგიხსენე.
წარსულისკენ გავწელე თვალები.
და ვფიქრობ:

-ჩემი მოგონების ნისლიან კუნძულს
ერთ დროს იმდენად უხდებოდი,
იმდენად სწამდა
შენი ღრუბლიდან ჩამოწვდილი
წყლით სავსეს პეშვის,
იმდენად ხშირად დადო ფიცი საკუთარ თავთან
რომ არასოდეს დაუშვებდა, დანამულ ხელში
ჩაედო მშრალი ბგერები და ბგერის ხაზები,
რომ… დავიბენი. და გავრბივარ, სანამდე ხრეშად
მექცევა ფიქრი და წარსულში ჩავირაზები.
2010.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები