ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


''პერცოვკა'' ანუ გადახდილია

რა სჯობს, აქ იჯდე -
- აეროპორტის პატარა ბარში,
ასე უსმენდე წყნარ მუსიკას
ყელმოფონილი,
და შესცქეროდე  ლუდის კათხას,
შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ
ზოლებად რომ მოთამაშობენ
და საუბრობდე სანდომიან ქალბატონთან.
ერთია ცუდი -
- მოწევა რომ არ შეიძლება.
ნუ ნერვიულობთ,
რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი რეისი
და ტრანზიტული მგზავრი - უკვე კონტროლგავლილი
შუშის ციხეში ხართ უაზროდ გამომწყვდეული.

რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,
როდესაც იცი,
ადრე თუ გვიან,
ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,
ხოლო მანამდე
სრულიად უცნობს გაენდობი,
გადაეხსნები,
მერე გზებიც გაიყრება,
შენი ნათქვამიც, -
- გულის დარდს რომ ამოიყოლებს,
დაიკარგება,
გაიბნევა სამარადისოდ.

ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,
თავიდან კი მღვდელი ვიყავი.
პატიმრებთანაც დავდიოდი საპყრობილეში.
როდესაც რკინის ცივი კარი შენ წინ იღება,
მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,
''წმიდა წერილსაც''
ფურცელ-ფურცელ რომ გისინჯავენ,
წინ კი ისევ რკინის კარია,
არის კი ვინმე,
თუნდაც მოძღვრად იყოს მისული,
ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,
რომ აქ დასრულდა ყველაფერი და
ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

კაცი კი არა, მხეცი იყო,
ასე ვიცოდი.
არ ენდობოდა მიწის,
აღარც ზეცის სამართალს,
სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით
და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა
და სიკვდილმისჯილს
აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

საკანში,
დაბმულ მაგიდაზე
ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,
კარგი სადილი,
ქველმოქმედთა შემოგზავნილი.
თითქოს ვერაფერს და ვერავის ვეღარ ამჩნევდა.
შიში არ იყო,
არც იმედი,
რაღაც, სხვა,
უცხო,
უსახელო,
ის, რაც ამბობდა,
რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი
განაჩენის აღსრულებამდე.
არც ვჭირდებოდი,
არც არაფრის თქმას აპირებდა
და რაც კი ვცადე,
ყალბად გაისმა.
ის ჩუმად იყო,
მეც გავჩუმდი.

და სწორედ მაშინ,
კარზე ორჯერ  მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,
რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,
მე კი არ მითხრა,
თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,
გვერდზე გახედვით,
გულგრილად თქვა: ,,ყინავს მამა"...
უცებ  მწვდა ყელში,
დამითრია
და 
აღრიალდა  მთელი ციხის,
მთელი სამყაროს გასაგონად:

,,- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!
იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?
მწარეა,
ტკბილი, -
- პერცოვკაა",
ზედ - შავი პური,
თავზე - ლორი მარილიანი !
მე:
- ყელი,
ყეეეეეეე-ლი! - ვხრიალებდი,
რაც ძალი მქონდა, წიგნი ჩავარტყი
და მოხარხარე გაიყვანეს.

და ყურის დაბლა
ეს უცნაური ნაიარევიც -
იქიდან დამრჩა.

iudicium difficile!

აბა, მშვიდობით,
ნუ შეწუხდებით,
ყველაფერი გადახდილია!

- - - - - - - -
პერცოვკა - (რუს.) წიწაკიანი არაყი.
- (ლათ.) განსჯა ძნელია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები