ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2010


პასუხი სიცოცხლისშემდგომ მომავალზე

                  საოცარი რამ არის სიზმარი. ამ დროს ფანტაზია არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება და სადღაც მესამე თუ მეათე განზომილებაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ.

        მაგრამ წუხელ რაც მესიზმრა ეს სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა იყო, ეს არ იყო არცერთი განზომილება, რომელზეც დღეს ამდენს ვსაუბრობთ, მე თვით ზეცაში ვიყავი ან სამოთხეში, ან სამოთხესთან ახლოს (ყოველ შემთხვევაში, ჯოჯოხეთი ვერ იქნებოდა ალბათ ასეთი საოცარი) და წყდებოდა ჩემი მომავალი "ადგილსამყოფელის" ბედი, ვერ დაიჯერებთ და თვით ღმერთს უნდა დაესვა ჩემთვის კითხვები, მე ის ვნახე, მაგრამ გაღვიძებისთანავე დამეკარგა მისი „სახე“, ვცდილობ აღვიდგინო, მაგრამ ალბათ ასე სურს მას!

          რაც ნათლად დამამახსოვრდა იყო ფერი, რომელიც არ მინახავს არასდროს, თითქოს ყველა მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვუწოდე ვერცერთს ვერანაირი სახელი, გავდა ცისფერს, მაგრამ არ იყო ცისფერი, იყო ძალიან ღრმა და მის სიღრმეში მოჩანდა კიდევ სხვა ფერები, რაღაც არარეალური, არაამქვეყნიური, ისეთი, რომელსაც ძნელია ჩვენნაირი ჩვეულებრივი არსების - ადამიანის თვალთახედვა გაწვდეს!
          და სანამ უცნაური საოცრების ცქერით ვტკბებოდი, მენიშნა, რომ დრო დადგა, დრო იმ ერთადერთი კითხვის, რომელიც ღმერთს ჩემთვის უნდა დაესვა.

-  მხოლოდ ერთი? - გაოგნებული ვიყავი, ვიხსენებდი თითოეულ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, - ნეტავ როდის შევცოდე? რომელ დღეს გამახსენებს განსაკუთრებით ღმერთი? უამრავი აზრი ამეკვიატა, მეშინოდა კითხვის, მიუხედაავდ იმისა, რომ ვერ ვიხსენებდი რაიმე საშინელებას, რაც შეიძლებოდა ჩამედინა, ვცახცახებდი და აი, დადგა ის მომენტიც და საოცრება - მომესმა ყველაზე ჩვეულებრივი კითხვა, რაც შეიძლებოდა მომესმინა ოდესმე:
-  რომელი უფრო მტკივნეული იქნება შენთვის, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილი თუ იმ სრულიად უცხო ადამიანის რომელიც შენ მიერ იქნება მოკლული?

      კითხვის უბრალოებამ გამაოგნა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და რაღაც არაჩემეული სიმშვიდით ვუპასუხე:
-  საყვარელი ადამიანის და ნებისმიერი ახლობლის სიკვდილი „გულისტკივილი“ იქნება, რომელსაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანი გამოცდის, ალბათ, –თუ მას გული აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის მკვლელობა უკვე „სულისტკივილია“, იმ სულის რომელიც ბროლის ჭურჭელს ჰგავს და თუ ერთხელ გაიბზარა, რაც არ უნდა ეცადო ვეღარ გაამრთელებ ისე, რომ რომ ბზარი არ დარჩეს, ასევეა სულიც, თუ ერთხელ "გაიბზარა". აღარაფერი ეშველება, ამიტომ ვფიქრობ 'სულისტკივილს' უფრო უნდა მოვერიდოთ, 'გულისტკივილი' მაინც მოვა ნებისმიერ ადამიანთან.
    და დავინახე ღიმილი, უამრავ ფერში რომ გამოისახა, მაგრამ არა... ისევ დაიკარგა... ფერებიც გაქრა... და გაცრეცილ ამქვეყნიურ იასამნისფერს მოვკარი თვალი, ნუთუ ჩემი ოთახია? რაღა სწორედ ახლა, როცა პასუხი უნდა მომესმინა, სწორედ ახლა გამეღვიძა, დავითრგუნე და ფანჯრის მიღმა არსებულმა დედამიწისეულმა ჩვეულებრიობამ უფრო შემაწუხა.

-  ადექი დე, გაგვიანდება. - ღრმა ფიქრებიდან დედაჩემის ნაზმა ხმამ გამომარკვია (ნაზი რომ ჰქვია ეს ყოველთვის სასიამოვნო დამთხვევად მიმაჩნდა).

    უცებ დავფიქრდი ყველაფერზე რაც ვნახე, ჩემთვის გამეღიმა, სიზმარი რა თქმა უნდა არ არის ის ადგილი, სადაც მოვისმენთ პასუხს, იმ პასუხს, რომელიც ჩვენი სიცოცხლის თუ სიკვდილისშემდგომი, ყველაზე მთავარი „მომავლის“ პასუხი იქნება! მაგრამ მინდა კი ამ პასუხის გაგება? ამაზე ფიქრისთვის მთელი ცხოვრება მაქვს.

    ახლა კი წავედი, მაგვიანდება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები